საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მხატვარი, რომელიც ჩარჩოში ვერ ეტევა
2010/03/09 12:20:54

ქუთაისელებისათვის კარგად ნაცნობი კოლორიტული პიროვნების, საქართველოს დამსახურებული მხატვრის ჯავა ჭეიშვილის ფერწერული ტილოები მთელ სახლში, ყველა კედელზეა განთავსებული. მისი სახლი ერთდროულად სახელოსნოცაა და მუზეუმიც. აქ ბევრ ისეთ ისტორიულ ნივთს თუ ნახატს ნახავთ, ნებისმიერ გალერეას და მუზეუმს რომ შეშურდება. სიძველეები და მათი შეგროვება ხომ ჯავა ჭეიშვილს ბავშვობიდან იზიდავდა. ჩვენთან საუბრისას იგი იხსენებს:

„დავდიოდი, სპეციალურად ვეძებდი. ერთხელ სომხეთში და აზერბაიჯანში ვიყავით - ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქებში პირველ დელეგაციას ჩავყევი. როგორც კი ჩავედით, ვიცოდი, სად უნდა მივსულიყავი, იქ ვიკითხე, სად იყო სამჭედლოები, მოვძებნე და ერთი „ფურგონი“ გავავსე ნივთებით. დელეგაციას ბოდიში მოვუხადე, დავემშვიდობე და წამოვიღე ეს ნივთები“.

სიძველეების და ხელოვნების ნიმუშების შეგროვება მისი ჰობი გახდა, თითოოროლა ნივთი მალე მდიდარ კოლექციად იქცა, სახლი კი - კულტურის ლამაზ კერად. ამიტომაც უყვართ მეგობრებსა და კოლეგებს მასთან სტუმრობა, უცხოელ სტუმრებსაც ამიტომ მიუძღვებიან ჯავა ჭეიშვილთან.

„სილამაზის და სიძველის სიყვარული ბავშვობიდან მაქვს. სასტუმროში რომ მივდიოდი, სხვა ქალაქში, მიმქონდა ხოლმე რამდენიმე ნივთი, რომ გამელამაზებინა ის გარემო, სადაც ვცხოვრობდი“.

სწავლა ქუთაისის სამხატვრო სკოლაში დაიწყო, ორწლიანი მცდელობის შედეგ კი, მესამე წელს, თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, მოსკოვში გასაგზავნ ორ სტუდენტს შორის მოხვდა. მოსკოვში ათი წელი სწავლობდა და ამბობს, რომ ეს ყველაზე ლაღი წლები იყო მის ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ „გამოყენებითი ხელოვნების“ ფაკულტეტზე პრობლემები ხშირად ექმნებოდა:

„პრობლემები ყოველი წლის ბოლოს მქონდა: კარგად მუშაობ, მხატვარივით, სხვა სტუდენტებს რატომ არ გავხარო. საქმე ისაა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ხატვა, კონკრეტულად კი რაიმეს შეკერვაზე რომ მიდგებოდა საქმე, რა მოგახსენოთ... ამიტომ სადიპლომო ნამუშევარს რომ ვაკეთებდი, გამომრიცხეს, ქალის კოსტიუმი უნდა შემეკერა...“

ჯავა ჭეიშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია, ფერწერის გარდა, წიგნის გრაფიკას, თეატრალურ-დეკორაციულ და გამოყენებით ხელოვნებასაც მოიცავს, თუმცა, მხატვრის ჭეშმარიტი მოწოდება, ალბათ, მაინც ფერწერაა. თავად ამბობს, რომ გრაფიკა მხოლოდ დამატებითი „გასართობია“ მისთვის. არადა, ამ ჟანრშიც საუკეთესო ნიმუშები აქვს შექმნილი.

დღეს სახლი სავსეა, მეგობრების წიგნებით, რომლებიც მისი თვითმყოფადი, საინტერესო გრაფიკითაა გაკეთებული. წიგნის ესკიზებზე მუშაობა სტუდენტობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ სტუდენტს ისეთი წიგნების გაფორმებას ანდობდნენ, როგორიც იყო: დოსტოევსკის „ყმაწვილი“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა...“

„1961 წლიდან ვიფინები. ვაჟა-ფშაველას 100 წლისთავი იყო და იქ მივიღე პირველად რესპუბლიკურ გამოფენაში მონაწილეობა, ვაჟა-ფშაველას პორტრეტი გავაკეთე. მაშინ ყველას უკვირდა, ასეთი რამ როგორ მანდეს ახალგაზრდას. ახლა, მაგალითად, აღარ გამაკეთებინებდნენ, ეს რომ გაბედო, ფიროსმანი მაინც უნდა იყო...“

განსაკუთრებულად საყვარელი ნამუშევარი არ აქვს. ამბობს, რომ მხატვარი, როგორც წესი, მისი ბოლო ნამუშევრით არის მოხიბლული რამდენიმე კვირის მანძილზე, მერე კი განხიბვლის დრო დგება...

თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს.

ჯავა, როგორც მხატვარი, ჩარჩოებში არასდროს ჯდება. ამიტომაცაა, რომ მის ნახატებში დარღვეულია: ზომა, ფორმა, დრო - ეს ჯავასეული სამყაროა. ფერებიც პერიოდების მიხედვით იცვლება, თუმცა მის ნამუშევრებში მაინც მწვანე და ლურჯი ფერი ჭარბობს:

„ზოგმა იცის, თბილის მერე ცივი ფერი უნდა დაადოო, - მე ასე არ შემიძლია, რეცეპტს ვერ გამოწერ, როგორ უნდა ხატო. ეს, ალბათ, ადამიანის კოდშია ჩადებული და ავტომატურად ხდება, შენში რაც არის, ის გამოდის“.

წესებს ვერც რელიგიურ თემატიკაში იცავს:

„საერთოდ, ხატწერა არის კანონიზირებული, მე კანონს ვერ ვურიგდები... ეს არის შემოქმედებითად გაკეთებული სურათები, ეს არ არის კანონიზირებული ხატები“.

ნახატებზე ერთი-ორი წელი, ზოგჯერ რამდენიმე დღე, ან თვე მუშაობს. ამ ბოლო დროს ცოტას ხატავს.

მისი ნამუშევრები ქუთაისისა და თბილისის გარდა, პარიზის, ლონდონის, ინგლისის, ნიუპორტის, გერმანიის, მოსკოვის გალერეების კედლებს ამშვენებდა. ერთი ასეთი ფაქტიც ახსოვს: მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე საბჭოთა კავშირის საუკეთესო მხატვრებს შორის ისე გარიეს, თვითონ ამის შესახებ არც იცოდა, მხოლოდ მეორე დღეს, გერმანიიდან ჩამოსულმა, გაიგო, როცა მეგობარმა ჰკითხა, საკუთარ გამოფენაზე რატომ არ იყავიო.

ერთადერთი, რასაც ეწინააღმდეგება ხოლმე გამოფენებზე, ალაფურშეტია. ღიმილით ამბობს: „ალაფურშეტის მომხრე არ ვარ გამოფენის დროს. გიჭირავს ჭიქა ხელში და დადიხარ. შეიძლება, დათვრე და სხვანაირად მოგეჩვენოს სურათი...“

ცდილობს, იუმორის თვალით უყუროს პრობლემებს. იმასაც, რომ ახლა სახლში აქვს სახელოსნო, იმ დროისგან განსხვავებით, როცა სახელოსნოში დილით მისული გამოიკეტებოდა და საღამომდე მარტო მუშაობდა. მარტოობა ხომ შემოქმედისთვის მუშაობის დროს აუცილებელი პირობაა. ახლა შვილიშვილები „უშლიან“ ხელს... უფროსი მეგობრის ოთარ მამფორიას „მაგალითს“ იხსენებს:

„ოთარ მამფორია ლექსს წერს და კარზე უკაკუნებს ცოლი: ოთარ, ხუთი მანეთი მომეცი, კალგოტკა გამეხა და უნდა ვიყიდოო. ოთარმა უპასუხა: შენი დედა, ღმერთებს ველაპარაკები, გოგო, და მიწაზე მაგისთვის ჩამომაგდეო?!“

შვილების, შვილიშვილების და მეგობრების გარდა, საკუთარი მეუღლის, უმშვენიერესი ქალბატონის, რამდენიმე პორტრეტი აქვს დახატული. ერთ-ერთ გამოფენაზე პორტრეტით სანდრა რულოვსი და ნანა ალექსანდრია დაინტერესებულან, ფასიც უკითხავთ.

„მე ვუთხარი, არ ვყიდი-მეთქი, მეუღლის პორტრეტია, თან - რა ფასი უნდა დავადო? მეუღლე გვერდით მედგა და ჩუმად მანიშნებდა - გაყიდე, გაყიდეო...“ მაინც ვერ გაიმეტა (საერთოდ, გაჩუქება უფრო არ უჭირს, ვიდრე - გაყიდვა).

ამ ნახატს მოგვიანებით ოთარ მამფორიამ ლექსიც მიუძღვნა: „მხატვრის მეუღლის პორტრეტი“. ნახატი ახლაც სახლში კიდია, სხვა პორტრეტებთან ერთად. ავტოპორტრეტი კი ჯავა ჭეიშვილს არასდროს დაუხატავს, თუმცა ყოველ მის ნახატში არის რაღაც ნაწილი...

როგორ წარმოუდგენია თავისი პორტრეტი?

„ხალხისთვის ძალიან ცუდად წარმომიდგენია, ჩემთვის კი, შეიძლება, ძალიან ძვირფასი იყოს. ფონად ირგვლივ იქნება ძველი ნივთები, მეგობრები, გოგოები - როცა ახალგაზრდა ვიყავი... ასეთი რამ რომ დავხატო, უხერხული იქნება,“ - ხუმრობს.

ახლა ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს. მისი ქალიშვილიც, ნანა ჭეიშვილი, საკმაოდ კარგად ხატავს, ნიჭი უკვე შვილიშვილებსაც აღმოაჩნდათ. უმცროსი შვილიშვილის, ოთხი წლის ჯავას ნახატები ჯერ კედლებზე არადა, ნაცნობ-მეგობრების თვალწინ კი წარმატებულად იფინება. ნახატს პირველად ბაბუას აჩვენებს ხოლმე.

„კარგად ხატავს, მაგრამ ჯერ არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ, რომ არ მინდა ჩავერიო“.

ახლა სახლში ორი ჯავაა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია