დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მე ასეთი მარგო ვითამაშე, სხვისი - სხვაგვარი იქნებოდა...“
2010/03/09 12:17:59

საქართველოს სახალხო არტისტების - მედეა ჩახავას და კოტე მახარაძის შვილიშვილი; წარსულში ცნობილი ბალერინას მაკა მახარაძის და ცნობილი მხატვრის მურაზ მურვანიძის შვილი, ასევე ცნობილი მსახიობების იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის რძალი.... 

თეატრის სცენაზე თუ კინოში განსახიერებული არაერთი დაუვიწყარი როლი...

ნატა მურვანიძე პირველ მარტს პირველად წარსდგა ქუთაისელი მაყურებლის წინაშე, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე.

 

„სამწუხაროდ, პირველად მომიწევს ქუთაისელი მაყურებლის წინაშე წარდგენა. როცა ქალაქს, ასეთი მაღალი დონის თეატრი აქვს, - ეს ძალიან დიდი ხნის ტრადიციაა,“ - ამბობს ნატა.

ამ თეატრის ისტორიაზე ბევრი სმენია, თუმცა ის ფოიეში შესვლისთანავე იგრძნო, როცა კედელზე „ურიელ აკოსტას“ აფიშები დაინახა. ეს კოტე მარჯანიშვილის ის ისტორიული სპექტაკლია, რომლის პრემიერაც ზუსტად 80 წლის წინ, ქუთაისში შედგა და რომლის თანამედროვე მესამე თაობის ვერსიაშიც ნატა მურვანიძე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დღეს თამაშობს.

„ამ სპექტაკლს, როგორი ბიოგრაფიაც არ უნდა ჰქონდეს, მისი დაბადების დღე შედგა აქ, ამ ქალაქში, ამ მაყურებლის წინაშე. ეს არის ტრადიცია და ისტორია ყველაზე სანუკვარი სპექტაკლისა, რომელიც ქართულ თეატრს გააჩნია დღეს და, მე მგონი, მსოფლიოში ერთი-ორი ანალოგი თუა, რომ ამდენი ხნის სპექტაკლი თამაშდება.

თუკი რაიმეს ვისურვებდი, ვისურვებდი, რომ ეს სპექტაკლი ერთხელ მაინც ვითამაშო აქ, ამ სცენაზე. ეს დღესაც ისეთი სპექტაკლია, რომელსაც მაყურებელი არასდროს აკლია, პირიქით, - ძალიან დიდი ინტერესია ახალგაზრდებში და დიდ მოწონებას იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კოტე მარჯანიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, უშანგი ჩხეიძის, პეტრე ოცხელის სახელები დღესაც ცოცხლობს, - 80 წელი რომ გაუძლეს, ესე იგი უკვდავია უკვე“.

მცირე სცენის მაყურებელთა ადგილას ვსხედვართ და ვსაუბრობთ. სცენაზე მზადებაა, ნატა ძალიან ღელავს.

„მართლა პირველად ვაკეთებთ ამ ყველაფერს და არ ვიცი, როგორი გამოვა...“

თვალი სცენისკენ გაურბის, სადაც სიძველეშეპარული სურათების ალბომებთან ერთად, ძველი ზარდახშები აწყვია. შიგ ბეთჰოვენის, ბრამსის, გოეთეს, შილერის, ბიუჰნერის, ბიორნეს სასიყვარულო ბარათები აწყვია. სწორედ, მათი კითხვისთვის ემზადებიან ამ საღამოს...

საკუთარ თავზე ვეკითხები:

- გარდა იმისა, რომ ძალიან ცნობილი ოჯახის წევრი ხართ, ვინ არის ნატა მურვანიძე?

- მსახიობი! დედა, მეუღლე, შვილი, სამწუხაროდ, უკვე შვილიშვილი აღარ...

- ის, რომ ასეთი ცნობილი ოჯახის წევრი ხართ, რა გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე?

- ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რაც, რაღაც მხრივ, შეიძლება, პირიქით - გბოჭავდეს. ყოველი ნაბიჯი ასჯერ უნდა აწონ-დაწონო, რომ არ მიაყენო ჩრდილი შენს საყვარელ ადამიანებს, რომლებმაც არცთუ ცოტა გააკეთეს თავისი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს პასუხისმგებლობა დღემდე მომყვება. ერთადერთი, რასაც ვერ ვაკეთებ, - სიგარეტისთვის თავის დანებებაა. დიდი სიამოვნებით არ მოვწევდი, მაგრამ...

ხელში სიგარეტის კოლოფი უჭირავს და ნერვულად ათამაშებს, თან დრო და დრო სცენისკენ იხედება.

- მინდა თქვენს ერთ-ერთ ბოლო კინო-როლზე ვისაუბროთ, - მარგო... რამდენად რთული იყო თქვენთვის მისი განსახიერება?

- ისევე, როგორც ყველა, ალბათ, განსაკუთრებული არაფერი.

- როგორი იყო, თუნდაც, იმ ორი განსხვავებული სახე-ხასიათის შექმნა, როგორიცაა მარგო და დედის როლი კინოფილმში „იავნანამ რა ჰქმნა“?

- „იავნანამ რა ჰქმნა“ ერთ-ერთი ჩემი პირველი როლი იყო ფილმში. საერთოდ, პარალელს ვერ გავავლებ ვერაფერთან.

კინოს როცა ამთავრებ, ამთავრებ ურთიერთობას ამ მასალასთანაც. ანუ, ეს არ გრძელდება, არ მეორდება. თეატრთან უფრო მეტი ურთიერთობა გაქვს, შემდგომში უფრო ცოცხალია, ვიდრე კინო. როგორც კი მთავრდება გადაღება, ის უკვე რეჟისორის საკუთრებაა, თეატრში კი როლი არ არის ასე, თეატრში თავიდან არის რეჟისორის საკუთრება და მერე უკვე დიდი წილი გადადის მსახიობის ხელში, თუ კარგად მოუვლის, ხანგრძლივია ეს საკუთრება, თუ არა და - არა.

- ადვილი იყო იგივე ურმის სცენის გადაღება?

- გადაღებაში ყველაზე იოლი რაც იყო, გაგიკვირდებათ და სწორედ ურმის სცენაა. ყველაზე მარტივი გადასაღები აღმოჩნდა, იმდენად, რამდენადაც ძალიან გასაგები ამოცანები იყო, - ერთის მხრიდან დაუფლება და მეორეს მხრივ - წინააღმდეგობის გაწევა. იქ გაქვს ამოცანა და არ ფიქრობ იმაზე, რას აკეთებ. სხვა სცენები ბევრად უფრო რთული იყო.

- მაინც რომელი?

- დანარჩენი ყველა, იმიტომ, რომ ფილმში უფრო განსხვავებული ფსიქოლოგიური ხაზი იყო, ნაწარმოებთან მიმართებაში ცოტა შეიცვალა. მე არ ვიცი, რამდენად გამოვიდა ეს, მაგრამ აი, იმ ხაზის დაწყება და ბოლოსკენ გატანა ძალიან რთული იყო.

- როგორ ფიქრობთ, ეს მიხეილ ჯავახიშვილის მარგო უფრო გამოვიდა, თუ რეჟისორის?

- კინოს საერთოდ ახასიათებს ასეთი რამ - რეჟისორი ხდება თანაავტორი და ინტერპრეტატორი. მე ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს და მომისმენია კიდეც, რომ ეს არ არის ჯაყო, ეს არ არის თეიმურაზი, მაგრამ არავინ იცის, როგორი იყო მარგო, როგორი იყო ჯაყო და როგორი იყო თეიმურაზი. ამაზე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც ბაბუაზე ან ბებიაზე, იმიტომ, რომ არარსებული პერსონაჟები არიან, ეს არის ავტორის მიერ შეთხზული და რომც ჰყავდეს პროტოტიპი, ისეთი ავტორი, როგორიც არის მიხეილ ჯავახიშვილი, არამგონია მხოლოდ პროტოტიპის ანაბარა ტოვებდეს ლიტერატურულ გმირს. აქედან გამომდინარე, როგორც, ვთქვათ, ვიღაცის წარმოდგენაში არის ასეთი მარგო, ჩემს წარმოსახვაში ასეთია, სხვის წარმოსახვაში - სხვა არის და რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მარგოა. რა თქმა უნდა, უკვე წინასწარ ვიცოდით ჩვენ, რომ ეს იქნებოდა ამოუწურავი თემა, რაც არ უნდა წარმატებული ფილმი ყოფილიყო.

- ამაზე მართლაც ძალიან ბევრს საუბრობენ და ამიტომ უფრო საინტერესოა თქვენი, მარგოს აზრი: შედგა თუ არა თქვენი როლი?

- ჩემი აზრი ასეთია - ამ პირობებში, ასეთი სცენარით და ასეთი გადაღებით ჩემთვის ყველაზე ადვილი გამოსავალი, თუ ყველაზე სწორი ჩემს ვარიანტში - იყო ასეთი მარგო, სხვის ვარიანტში იქნებოდა სხვანაირი. რამდენი მსახიობიცაა, იმდენი შეხედულებაა ამ გმირზე და მერე ერთი რაღაც - კინოში 99 პროცენტი არის რეჟისორის სურვილი, თეატრში უფრო მსახიობისკენ მოდის. კინო არის რეჟისორის! რეჟისორისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სხვა რაღაცის კეთება გამორიცხულია, იმიტომ, რომ მას უჭირავს ხელში მაკრატელი და როგორც უნდა ისე ააწყობს მერე ფილმს. აქედან გამომდინარე, აკეთებ იმას, რასაც ის ითხოვს. შეგიძლია, არ აკეთო და საერთოდ არ დათანხმდე, მაგრამ მე პირადად არა მაქვს ის ფუფუნება ,ავარჩიო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ კინო საკმაოდ იშვიათობაა და ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირად, ასე თუ ისე, კინოში დაკავებული ვარ.

 

***

სცენაზე მზადება მორჩა, ეძახიან...

„მარად შენი,

მარად ჩემი,

მარად ჩვენი...“

ასე ჰქვია საღამოს.

ეკრანზე ერთმანეთს გოეთეს, ბეთჰოვენის, შილერის, ბიუჰნერის, ბიორნეს და მათი სატრფოების ფოტოები ცვლის, მათ მიერ შესრულებული მელოდია ჟღერს, სცენაზე კი ნატა, სტუდენტებთან ერთად, მათ სასიყვარულო ბარათებს კითხულობს...

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე, ნატა მურვანიძის შემოქმედებითი დებიუტი შედგა. წინ კიდევ ბევრი გეგმაა - სამეფო უბნის, მარჯანიშვილის თეატრი... ზაზა ურუშაძის და დიტო ცინცაძის ფილმები... წინასწარ არაფერზე საუბრობს, მთავარია, რომ დაკავებულია და ფილმებშიც იღებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია