დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შორენა ექიმის „დეჟავიუ“
2010/03/09 12:16:08

ქალაქი, სადაც მრავლად არის სარდაფის, სხვენის თეატრები... ლამაზი, მოწესრიგებული ქუჩები და ქალაქური ცხოვრების ხიბლი, სადაც საღამოობით ცხოვრება დუღს... ურთიერთსიყვარულის, ურთიერთპატივისცემის გამოხატვის, ინტელექტუალური საუბრების, ან, უბრალოდ, მეგობრების თავშეყრის ადგილები, წიგნის მაღაზიები და უამრავი შესაძლებლობა, ნიჭი, რომელიც არასდროს რჩება გამოუმჟღავნებელი, - ასეთია ექიმი-რადიოლოგ, შორენა ჯანაძის მომავლის ქუთაისი.

საკუთარ ქალაქზე ბევრს ფიქრობს. მასზე უზომოდ არის შეყვარებული და ძალიან სტკივა, სტკივა, რომ ეს არის ქალაქი, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ როგორც რეზო გაბრიაძე იტყოდა: „ჩქარა და იოლად ქრება მეხსიერებიდან და, შეიძლება, სწორედ ეს იყოს მისი ერთადერთი და უკანასკნელი ღირსება“...

 

შორენა ჯანაძე დღეს მეუღლესთან მამუკა ნემსიწვერიძესთან ერთად (ექიმი-რეანიმატოლოგი) დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობს. ჰყავს ორი შვილი - 13 წლის გიორგი და 16 წლის მარი. სიყვარულთან პროფესიამ შეახვედრა. შეეძლო „ოჯახურ პროფესიასაც“ გაჰყოლოდა და ფილოლოგი გამხდარიყო, თუმცა, საბოლოოდ, პროფესიის არჩევა მაინც მისმა ინტერესმა და ალტრუისტულმა შეხედულებებმა განაპირობა.

„ექიმობა, ალბათ, იმიტომ ავირჩიე, რომ, მიუხედავად იმისა, ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი მთელი ცხოვრება, ეს არის ყველაზე ნეიტრალური პროფესია, - შენ ხარ ადამიანი, რომელიც აკეთებ სიკეთეს, ყველას სჭირდები და ყველას ემსახურები, როგორც შეგიძლია. კვალიფიცირდები, მუშაობ, რაღაცას აკეთებ, ან მიიწევ წინ, ან ვერა, ყოველ შემთხვევაში, შენს თავზე ხარ დამოკიდებული“.

თბილისში გატარებულმა სტუდენტობის წლებმა ძალიან აქტიურად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების საუკეთესო წლებიც ამ პერიოდს უკავშირდება, საკუთარი ქალაქის სიყვარულმა და პროფესიულმა ინტერესმა, საბოლოოდ, მაინც ქუთაისში დააბრუნა. მისი საუკეთესო მეგობრებიც იმ წლების დამსახურებაა. ახლა საკუთარ და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის ბევრ სხვაობას ხედავს.

„მე მომწონს თანამედროვე ახალგაზრდობა თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით. თქვენ ბევრად უფრო პრაგმატულები ხართ, ბევრად თავისუფლები. ჩვენს დროს მაინც იყო ბევრი რამ სტრესული, თითქოს დამაკავებელიც, მაინც ანგარიშს უწევდი რაღაცეებს, ბევრს ფიქრობდი, რომ რაღაცაზე შენი აზრი გამოგეთქვა. ახლა ახალგაზრდობას უფრო აქვს ამის საშუალება... მე თავისუფლება მომწონს ადამიანში. შეიძლება, ის ცდება (და ახალგაზრდობას არც შეიძლება, რომ შეცდომები არ ჰქონდეს, უშეცდომოდ ვერავინ დადის ამ ქვეყანაზე), მაგრამ, მთავარია, ისეთი შეცდომა არ ჩაიდინო, რითაც ზიანს მიაყენებ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს.

ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი. საუკეთესო პედაგოგები მყავდა: ცხონებული ეთერ თოფურია, ქალბატონი ლუიზა მურჯიკნელი, ბატონი გურამ ძოწენიძე - საოცარი ადამიანი! ნამდვილად არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების. საუკეთესო მეგობრებიც ამ პერიოდში შევიძინე. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა ერთად ბევრ საქმეს გვაკეთებინებდა. ეს სიყვარული ისე გამოგვყვა მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ მაშინდელი მეგობრები დღესაც არ ვკარგავთ ერთმანეთს, ვხვდებით, ვმოგზაურობთ, ვახლობლობთ...“

ოპოზიციური აზრებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ბევრ რამეს მაშინაც ეწინააღმდეგებოდა და დღესაც. 

„ოპოზიციაში ვგულისხობ დაფიქრებულ ადამიანს, რომელიც, რაც კეთდება, იმას არ ხვდება მარტო ხბოს აღტაცებით. ის ყოველთვის აკეთებს ანალიზს, რა უნდა მიიღოს და რა არა, - ამას ვგულისხმობ, თორემ არ მიყვარს ჩასაფრებული ადამიანი. ჩასაფრებული არ უნდა იყო, მაგრამ იმას უნდა აანალიზებდე, რაც ხდება. ჩასაფრებული პოზიციიდან ყურება არ მომწონს და, რაღაც, ახლანდელები ნამეტანი ჩასაფრებულები არიან...“

საკუთარი ქალაქის, ქვეყნის მდგომარეობაზე ანალიზს ხშირად აკეთებს და გული სწყდება, რომ ირგვლივ ამდენ მოუგვარებელ პრობლემას ხედავს. პირველ რიგში კი ჩვენს ქუთაისში ქალაქური ცხოვრების არარსებობა აწუხებს...

„ძალიან მინდა, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს ქალაქური ცხოვრება! ახლანდელ თაობას რა უპირატესობა გაქვთ კიდევ: თქვენ გახვედით, საზღვრები გაიხსნა. თქვენ გახვედით უფრო მეტ მასშტაბებში, ისეთ ქალაქებში, ისეთ ქვეყნებში, სადაც ხედავთ ქალაქური ცხოვრების ბევრ პრივილეგიას. ეს რომ არ არის აქ, არადა, შეიძლება, რომ იყოს - სწორედ ამაზე მწყდება გული.

ძალიან ლამაზია, მიყვარს ის ტერიტორია, სამეფო უბანი რომ დაარქვეს, მაგრამ ნამეტანი გაჩერდა ახლა და ეს არ მომწონს. ქუთაისს ყოველწლიურად 3-4 შენობაც რომ შეემატოს ახალი სიცოცხლით, ეს უკვე დიდი წინსვლა იქნება. ძალიან ლამაზი ქალაქი გვაქვს და, ასე მგონია, ცოტა უნდა, რომ კიდევ უფრო ლამაზი გახდეს.

არ მომწონს, რომ 6-7 საათის მერე ქალაქი ისეთი ჩამკვდარია, თითქოს ბომბი გავარდა. ერთადერთი თავშეყრის ადგილი რესტორნებია, არა ცუდი გაგებით. ახალგაზრდობა, ჩვენი თაობა, უფრო უფროსები, ერთმანეთის შეხვედრის ადგილებს ხედავენ რესტორნებში და სხედან იქ. მეტის გამოხატვის საშუალებები არის ამ ქალაქში. აქ ხომ უნიჭიერესი ხალხია, მე თუ მკითხავთ, გამორჩეულად უნიჭიერესი და გული მწყდება, რომ ეს ხალხი ვერ ახერხებს თავის გამომჟღავნებას.

ქუთაისი ყველას უყვარს, მაგრამ ყველას ადვილად ავიწყდება და ყველა გაბრაზებულია, რატომღაც, ამ ქალაქზე.

ხანდახან ვფიქრობ, რატომ არიან სულ გაბრაზებულები? ალბათ, იმიტომ, რომ ეს ქალაქი არ აძლევს საშუალებას მათ, რომ თავისი პოტენციალი აქ გამოამჟღავნონ და აიძულებს, სადღაც წავიდნენ.

ასეთ რამეებზე მწყდება გული...

მე მყავს მეგობარი ბექა ყურაშვილი და ხშირად მითქვამს მისთვის: გააკეთე, რა, სარდაფის მსგავსი თეატრი. მეუბნება:   „იცი, რა? ძალიან დამოკიდებულია ფინანსებზე და ეს ფინანსები არ არის.“ ხელოვან ხალხს არც არასდროს ექნება ფინანსები. ხელოვანმა, არტისტმა, მხატვარმა რა უნდა ქნას ისეთი, რომ იმდენი ფული ჰქონდეს, თეატრი შექმნას? ვინც ამ ქალაქს განაგებს, იმათი - ჩვენი ადგილობრივი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს ეს“.

ადგილობრივ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებას ქალბატონი შორენა სამართლიანად მიიჩნევს, თვლის, რომ თვითონ, მათ ადგილას, ბევრ რამეს შეცვლიდა...

„ბატონი ნუგზარი რისთვისაც მოხსნეს, მეც მოვხსნიდი მაგისთვის ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ამ ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი. ყოველდღე მიწევს მთელი ქალაქის ყურება. ცენტრში, წითელ ხიდთან, ის ულამაზესი სანაპირო რომ არის, იქ რომ ეს საშინელი ცელოფნები ფრიალებს - ცუდად ვარ. მე რომ მერი ვიყო, ფეხზე დავაყენებდი მთელ ქალაქს, რომ თუნდაც ყოველ შაბათს იყოს: დასუფთავება! დასუფთავება! დასუფთავება!

კარგია, რომ ახლა მიწიდან დაიწყეს ყველაფრის კეთება, ადრე ჯერ დაასხამდნენ ასფალტს და მერე თხრიდნენ. ინფრასტრუქტურას ძალიან მოვუვლიდი, ეს იქნებოდა ჩემი პირველი მიზანი“.

ქუთაისი მისთვის ყველაფერია: ჯერ ბავშვობა, ახალგაზრდობა, ახლა მისი ოჯახი, სიყვარული, შვილები, ახლობლები, მეგობრები...

„მე შემიძლია, დავიკვეხო, რომ ქუთაისში ბევრი ისეთი შენობის დაარსების თარიღი, ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც შეიძლება ბარეორმა არქიტექტორმაც არ იცოდეს. ბავშვობიდან მიყვარდა ფეხით სიარული, ვაკვირდებოდი ხოლმე და, რაც მომეწონებოდა, მერე ვცდილობდი, სადმე მომეძია და წამეკითხა ამასთან დაკავშირებით.

აქედან წასული ბევრი ადამიანი ძალიან დიდი გახდა, მაგრამ ვერავინ გახდა ისეთი დიდი, რომ ამ ქალაქისთვის მიეხედა“.

ერთი პერიოდი ქალაქს ფოტოებსაც უღებდა. დღეს თამამად შეუძლია, იამაყოს, რომ ქუთაისის ისტორიული წარსულის ფოტოები აქვს. მომავლის ქალაქს კი ჯერ მხოლოდ ოცნებებში ხედავს...

არის კარგი მკითხველი, მაყურებელი, კრიტიკოსი. უხარია, რომ ქალაქში წიგნის მაღაზია გაიხსნა და შეძლებს, მის მდიდარ ბიბლიოთეკას თანამედროვე ავტორების წიგნებიც შემატოს. გაზეთებს დიდი ხანია აღარ კითხულობს, ამბობს, რომ ყველანი უკვე ისედაც ძალიან კარგად არიან „გაშიფრული“.

ძალიან უყვარს მოგზაურობა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილებებით ტაო-კლარჯეთში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა. მაშინ გაიგო, როგორი იყო დეჟავიუს განცდა... აქვს ოცნება - იმოგზაუროს საფრანგეთში. ამ ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესი და სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თავის გიორგის ბავშვობიდან გადასდო ინტერესი - ახლა ერთად ოცნებობენ იქ მოგზაურობაზე.

მიუხედავად ბევრი უარყოფითისა, ქვეყანაში მომხდარ დადებით ცვლილებასაც ხედავს. თუნდაც, ჯანმრთელობის რეფორმა, რომლის დადებითი მაგალითი მისთვის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული სამედიცინო ცენტრია.

„მიმაჩნია, რომ რეფორმები უნდა მოხდეს არა ადამიანების ხარჯზე, არამედ ადამიანებისთვის. ანუ, სამედიცინო სფეროს მართლა ძალიან სჭირდება რეფორმები. აქ უნდა მოხდეს სწრაფი ხტომა ერთი ადგილიდან მეორეზე, აი, როგორც, მაგალითად, შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი, - მოხდა გიგანტური ნახტომი. ადამიანები არ უნდა მოკვდნენ იმიტომ, რომ შენ რაღაცას ვერ უკეთებ. სახელმწიფომ თავისი ზედამხედველობიდან არ უნდა გაუშვას ეს სექტორი. იქ, სადაც არის ფულადი ინტერესი (სადაზღვეო ინტერესებს ვგულისხმობ) - იქ ყოველთვის მეორეხარისხოვანი ხდება ადამიანი.

ამ სფეროშიც რეფორმირება უნდა წავიდეს ისე, რომ შიგნით, სპეციალისტების წრეებში მოგვარდეს ყველაფერი და არა გარედან - ვიღაცების უხეში ჩარევით“.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზსაც ხშირად აკეთებს, თუმცა აქ უფრო მეტი კითხვის ნიშნები აქვს:

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი არის ამ წუთში, რომ ჩემი ქვეყანა წავიდეს ევროინტეგრაციისკენ, ანუ მე გენეტიკურად, კულტურულად, მთელი ჩემი წასულით ვეკუთვნი ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურას. ეს - მინდა-არ მინდა - ასე იყო და ასე უნდა მოხდეს. ის 200 წელი იყო თუ რაღაცა, ჩრდილოეთიდან რომ ამოდიოდა მზე ვიღაც-ვიღაცებისთვის, მე ამ ვექტორის შეცვლამ დამხია ძალიან უკან. კულტურულადაც დამხია, პროგრესიც დამიკარგა და ყველაფერი. მე არ მიყვარს ჟორდანია! 21 წელში ჟორდანია ისე რომ არ მოქცეულიყო, როგორც მოიქცა, ჩემი სამშობლო დღეს იქნებოდა შვეიცარიასავით, ნორვეგიასავით. რაში მჭირდება ახლა მე სუპერსახელმწიფო? მე მინდა სუპერ სამშობლოში, ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ვიცხოვრებ თავისუფლად, ჩემს ნიჭიერებას გამოვიყენებ, ვიშრომებ, ჩემი სწავლის და შრომის შესაბამისად მექნება ანაზღაურება, იქნება საშუალება, რომ ადამიანი თავის შესაძლებლობებს გამოამჟღავნებს.

მე რუსეთის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, გავიზარდე რუსულ მწერლობაზე, ტოლსტოიზე და დოსტოევსკიზე კი ჭკუა მეკეტებოდა, ბოლოსდაბოლოს, ბიძაშვილები მყავს რუსები. მაგრამ მე იმას, რუსეთს, არ ვუნდივარ თავისუფალი, როცა ის მეუბნება, დამოუკიდებელია აფხაზეთი და ოსეთიო, და   „ოსეთს“  უძახის ყველაზე ულამაზეს შიდა ქართლს, საიდანაც წამოვიდა მიხეილ ჯავახიშვილი და შალვა ერისთავი - იმასთან როგორ უნდა ვიმეგობრო, არ მესმის! როგორ შეიძლება, მივიდე იმასთან და მადლობა ვუთხრა?

კოლაბორაციონიზმი რა არის? მტერთან თანამშრომლობა. ის ჩემი მტერია! თავისი სახელი ხომ უნდა დაარქვა ყველაფერს? შეიძლება, გავიდეს 30-40 წელი და როგორც ახლა გერმანია და რუსეთია ჩახუტებული, ასე ვიმეგობროთ, ისიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ ხალხის დონეზე ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი? ჩვენი ურთიერთობები უნდა დაალაგოს აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აბა რას გვიკეთებს ის ევროკავშირი, გაერო რას გვიკეთებს საერთოდ? რაში ვიხდით მაშინ ჩვენ ფულს? შევშფოთდით და დამთავრდა? აღშფოთების დონეზე დარჩა მთელი მსოფლიოს რეაქცია 2008 წელში. ეს უნდა გაკეთდეს საჯაროდ, ძალიან მიზანმიმართულად. ნაბუკო, სხვათაშორის, ამის იმედს მაძლევს. თუ ეს პროექტი განხორციელდა, თავისთავად მოჰყვება რაღაც დაცვის მექანიზმები... დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ მასზეგ ხომ იქნება, ჩემი შვილისთვის ხომ იქნება, მისი შვილებისთვის...“

როცა ქალბატონ შორენას უსმენ, არ შეიძლება მასში ქალაქის, ქვეყნის გულ წრფელი პატრიოტი არ დაინახო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია