დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პოლიტიკური სიტუაციაც ძალიან ურტყამს შოუ-ბიზნესს“
2010/03/01 14:04:11

ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი ლელა წურწუმია ქუთაისს 20 თებერვალს ესტუმრა. სპორტის სასახლეში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც „SOS-ბავშვთა სოფელში“ მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მოეწყო, ლელასთან ერთად, ყოფილი ჯეოსტარელები და სხვა დამწყები მომღერლებიც გამოდიოდნენ. კონცერტის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, დავითანხმეთ ინტერვიუზე. გაგვანდო, რომ დიდი ხანია, ამ მშვენიერ ქალაქში არ ყოფილა და ამჯერად, ძველ რეპერტუართან ერთად, სიმღერის პრემიერაც შედგებოდა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა.

 

- ვფიქრობ, საკმაოდ თბილი და უშუალო საღამო იქნება. სიმღერის პრემიერა მინდა დიდი პატივით მივუძღვნა ნოდარ ქუმარიტაშვილს, სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადაზე გარდაიცვალა. სწორედ დღეს გაჟღერდება ეს სიმღერა პირველად.

- ვინ არის ამ სიმღერის ავტორი და კიდევ რა სიახლეებია თქვენს რეპერტუარში?

- ეს გახლავთ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერა ირინა სანიკიძის ტექსტზე, შესულია სპექტაკლში „გაყრა“. ეს სპექტაკლი დავით დოიაშვილმა დადგა მუსიკისა და დრამის თეატრში. მე ავტორისგან მოვიპოვე უფლება, რომ ყველა ის სიმღერა, რომელიც არის შესული ამ სპექტაკლში, შემესრულებინა ახალი ინტერპრეტაციით. ერთი სიმღერა მსმენელმა უკვე იცის, ეს არის „ალალ მე“. ასევე, მე ჩავწერე ახალი სიმღერა გიო ხუციშვილთან ერთად. ასე რომ, ვმუშაობ ამ ახალ პროექტზე. ამის გარდა, პარალელურად, ჩემი ტრადიციული სტილით ვწერ სიმღერებს, ვცდილობ, ის დრო, რომელიც ასე ვთქვათ, „პოლიტიკური სიტუაციების“ გამო გავაცდინე, მაქსიმალურად ავანაზღაურო.

- თქვენ თვითონ წერთ სიმღერებს?

- ერთი-ორჯერ დამიწერია. სხვათაშორის, სიმღერა, რომლის მუსიკაც ჩემია და ტექსტიც, შემდეგ ზურა გოშაძემ ოდნავ შეცვალა ტექსტი, - ეს გახლავთ „მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად“, რომელსაც ასრულებს „ქართული ხმების“ უმცროსი მომღერლების თაობა.

- საყვარელი სიმღერა გაქვთ რეპერტუარში?

- ყველა სიმღერა საყვარელია, იმიტომ, რომ სიმღერების არჩევის დროს მე საკმაოდ პრეტენზიული ვარ. სიმღერას როცა მოვისმენ, პირველი მოსმენისთანავე უნდა მომეწონოს მელოდია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტს, იმიტომ, რომ მე უკვე ამ სიმღერის საბოლოო ფორმას ვხედავ. ყველა სიმღერა ჩემს მიერ არის შერჩეული, დავალებით, რომ აი, ეს სიმღერა უნდა იმღერო - ასე ნამდვილად არ შემისრულებია სიმღერა. თუ არ მომწონს, მე იმას არ ვმღერი.

- თქვენს პატარას თუ აქვს სიმღერის ნიჭი?

- კი, სიმღერის ნიჭი აქვს, სმენაც, მაგრამ, მართალი გითხრათ, არ აინტერესებს. დიდად არც ვაძალებ, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჩემი პროფესია იმდენ დროს მართმევს, მისთვის დრო აღარ მრჩება და ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემს დეფიციტს განიცდის, ამიტომ, შეიძლება, იგნორირებაც აქვს. მერე, თუ დაინტერესდება და თუ ეს მისთვის სასურველი პროფესია იქნება, მე მაქსიმალურად ხელს შევუწყობ, მაგრამ ისე, რომ მე მინდოდეს, ის გაყვეს ჩემს პროფესიას - დიდად არა.

- როგორი დიასახლისია ლელა?

- ნორმალური, მაგრამ მაგისთვის დრო არ მრჩება.

- დიზაინის ნიჭს თუ იყენებთ თქვენს პროფესიაში, ან რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავთ ამ კუთხით?

- ძირითადად, ჩემს ნიჭს ვიყენებ საკონცერტო იმიჯში - კაბებს ვქმნი მე თვითონ. ასე რომ, ის ხატვის ნიჭი, რომელიც გენეტიკურად მამაჩემისგან გამომყვა, ძალიან გამომადგა ჩემს პროფესიაში.

- თქვენ სათვალეების საკმაოდ მდიდარი კოლექცია გქონდათ, რომელიც მოგპარეს. ახლა სხვა რამეს ხომ არ აგროვებთ?

- ახლაც მაქვს სათვალეების კოლექცია, მაგრამ იშვიათად ვიყენებ ამ ბოლო დროს სათვალეს. ვიცი ხოლმე ამოჩემება. უბრალოდ, მსიამოვნებს, რომ მაქვს. სპეციალურად არ მიზრუნია ამისთვის, უბრალოდ, დამიგროვდა ძალიან ბევრი სვაროვსკის პატარა ნივთი, ძალიან ლამაზებია.

- იმაზე რა აზრის ხართ, ბოლო დროს ჩატარებულ კონკურსებში სმს-ების საშუალებით რომ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა?

- ის პროექტები, რომლებიც გადის ჩვენს ტელე-სივრცეში, უცხოური პროექტებია, რომლებსაც ყიდულობს ჩვენი ტელევიზია. ეს არის იმათი მოგონილი, იმათი ფორმატია და ამიტომ ვერ შეცვლი. კომპეტენტური ჟიური ზის იმისთვის, რომ რეალობაში შეაფასოს კონკურსანტი და შემდეგ უკვე ამას მაყურებელი და მასა წყვეტს. თავიდან შეიძლება, რაღაც უზუსტობები იყოს და კარგები დაიჩაგრონ, მაგრამ ბოლოსკენ მაინც ძალიან ლოგიკურად მიდის და სწორედ ის ადამიანი იმარჯვებს, ვინც არის გამარჯვების მიღწევის ღირსი.

- რამდენად რთულია და რა შეიძლება დღეს გააკეთოს დამწყებმა მომღერალმა, რომ რაღაცას მიაღწიოს?

- ძალიან რთულია! იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან მწირია ბაზარი და ისე მოხდა, რომ პოლიტიკური სიტუაციაც ძალიან ურტყამს შოუ-ბიზნესს. ამ მოვლენებმაც შეანელა ის დინება, რაც ერთი პერიოდი ძალიან აქტიური იყო - გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი კონცერტი იმართებოდა, - შერეული თუ სოლო-მომღერლის საღამოები. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც დაწყნარდა, ასე თუ ისე, ჩვენი ბედი მაინც ჩვენს ხელშია.

ეს იმდენად ძვირი პროფესიაა, ძალიან ბევრი თანხის გაცემას ითხოვს. როგორც ვიცით, ყველაფერი კარგი ძალიან ძვირი ღირს და 100-200 დოლარად გაკეთებულ რაღაცაზე ვერ გამოედავები ადამიანს და ვერ დაელაპარაკები ხარისხზე. ასე რომ, ის ადამიანები, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობენ... მართალი გითხრათ, ჩვენს დროს ამის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა. ეს არის, ფაქტობრივად უფასო პიარი, უფასო ტელე-ეთერი, რომელსაც უყურებს მთელი საქართველო და ის ადამიანები, ვინც ნებისმიერ ქვეყანაში უყურებენ ქართულ ტელევიზიას. ასე რომ, ეს მათთვის ძალიან დიდი სამსახურია - იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ფუთავენ, ფაქტობრივად. თქვენ თუ დააკვირდებით, როცა ეს ადამიანები თავიდან იწყებენ, რამხელა განსხვავებაა და როგორ „იზრდებიან“: ცოცხალ ორკესტრთან მუშაობენ, პროფესიონალები მათ იმიჯზე მუშაობენ და ა.შ. მაგრამ მერე როგორ გამოიყენებენ ამ პოპულარობას, ეს არის მნიშვნელოვანი.

- ანუ ადვილია, დღეს გახდე პოპულარული?

- ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ძალიან სწრაფად გახდე პოპულარული, მიიტანო რამდენიმე მუსიკალურ არხზე საკუთარი სიმღერა, გადაიხადო თანხა და ამ სიმღერამ ინტენსიურად იტრიალოს და ეს იყოს ყურისთვის ძალიან მისაღები, მაგრამ მერე შენარჩუნებაა უკვე ძალიან ძნელი იმიტომ, რომ მომღერალს რისთვის გინდა ეს პროფესია, თუ კონცერტი არ გამართე, თუ ბილეთი არ გაიყიდა, არ გყავს თაყვანისმცემლები და ასე შემდეგ.ბევრი ადამიანი, მე როგორც მივხვდი, ამას გართობის მიზნით უყურებს, მაგრამ მერე მიხვდება, რომ, ფაქტობრივად, იხარჯება დიდი თანხა და შედეგი არა აქვს, შემოსავალი არა აქვს ამ ყველაფრისგან და რამდენხანს უნდა აკეთო ის საქმე, რომელსაც შენთვის შემოსავალი არ მოაქვს? ასე რომ, მე ვფიქრობ, ძალიან კარგ რამეს აკეთებენ ამ დამწყები მომღერლებისთვის, უბრალოდ, მერე ძალიან ბევრი თავის ადგილს ვეღარ პოულობს და ვეღარ აგრძელებენ, ალბათ, უსახსრობის გამო.

- საქართველოდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ამის სერიოზული შანსები, - არასდროს მიფიქრია.

- დღეს მომღერლებს ორ ნაწილად ყოფენ - მიშას და ოპოზიციის მომხრეებად, იმაზე რას იტყვით, რომ თქვენ საზოგადოებაში მიშას პიარ-კამპანიის ნაწილად მოიაზრებით?

- ძალიან გთხოვთ რა, მე პოლიტიკაზე არ მიყვარს საერთოდ ლაპარაკი და ნუ მივაკუთვნებთ ასე - მიშასია, ვისია, რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ადამიანს, ყველა მომღერალს, ვინც თქვენ გიყვართ და ვისაც თქვენ იცნობთ, თავისი ისტორია აქვს და ყველამ თავისი სახე შექმნა სცენაზე, ძალიან დიდი შრომა გაწიეს ამ ადამიანებმა და ძალიან გთხოვთ, ნუ დაყოფთ მათ კატეგორიებად. ეს ადამიანები ყოველთვის მღეროდნენ და იმღერებენ.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტ-ყვით?

- გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, დაგეგმილი მაქვს ძალიან ბევრი გასვლითი კონცერტი. დღეს ღამით მივფრინავ ვენაში, შემდეგ - ისრაელში.

...

წასვლამდე დაგვპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ქუთაისში და ქალაქს, ამჯერად უკვე თეატრის სცენიდან, სოლო-კონცერტს აჩუქებდა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია