დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ჩიხში
2010/03/01 13:43:08

წინადღით, სანამ ეს ინტერვიუ ჩაიწერებოდა:

სურწყუნისის წვიმიან კვირადღეს, 21 თებერვალს, ბატონმა რეზო ჭეიშვილმა გადაწყვიტა, პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა იმის საჩვენებლად, რომ მისი საყვარელი ქალაქი მთლად უპატრონოდაა ჩიხში მიგდებული. საექსპერიმენტო ობიექტად რკინიგზა და ის ერთადერთი ქუთაისური ვაგონი იქცა, რომელსაც ზუგდიდის მატარებელს მოუბამენ ხოლმე. თბილისში მიემგზავრები, თუ, პირიქით, თბილისიდან მოდიხარ, სულერთია - მწერლის დაკვირვებით, სადგურ რიონში მატარებელი გამუდმებით დგას სრული ერთი საათით და შუადღის პირველს რომ აკლია 20 წუთი („ვითომ გერმანელები არიან და პირველს აკლია 21 წუთიო, რო დაეწერათ, არ შეიძლებოდა, წუთზე და სეკუნდებზეა საქმე...“), აი, მაშინ თუ დაიძრება ხოლმე „შემადგენლობა“.

თუ ამ ერთადერთი ვაგონის მოცდა აუცილებელია, რიონში კი არა, აქ, ქუთაისში, მოიცადოს, არ შეიძლება? - გაკვირვებულია „ექსპერიმენტატორი“ და, იმის დასამტკიცებლად, რომ ქუთაისი ნამდვილ ჩიხში დგას, თავის უმცროს კოლეგებს შესთავაზა, ამ ვაგონთან ერთდროულად გასულებს, ლიანდაგების შპალებით ევლოთ და ფეხდაფეხ ჩაესწროთ მატარებლისათვის რიონში.

„ვინ და ვინ ვიყავით: მე, ელგუჯა თავბერიძე, გონერ ჭეიშვილი, თორნიკე ერისთავი და მერაბ გვაზავა. ელგუჯა ისეთი გაპრიალებული ფეხსაცმელებით მოვიდა, გეგონებოდა, თეატრში მიდიოდა. შევთავაზეთ, რომ თვითონ ვაგონში ჩამჯდარიყო, მაგრამ იუარა. ვიარეთ ასე, მასთან ერთად, შპალებზე. ჩვეულებრივი გზით რომ წავსულიყავით, ნამდვილად ჩავასწრებდით მატარებელს, შპალებზე სიარული - ეს ყოფილა საშინელება. ჯერ, ფეხი სულ ერთ შპალს უნდა დაადგა, ორზე ვერ გადააბიჯებ. მერე, სულ მოსრიალებული იყო ყველაფერი, წვიმდა... გალუმპულები მივდიოდით.

მატარებელს თითქმის ჩავუსწარით, თუმცა იმ ვაგონს -  ვეღარ და მე აღმოვაჩინე ერთი ჭეშმარიტება: თუ მატარებელმა გაგასწრო, ე.ი. წასულია „შენი მატარებელი“ (იცინის)!

მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ერთდროულად, 1-ს რომ აკლია 20 წუთი, შეიძლება, გავიდეს მოქალაქე და ფეხით დაეწიოს რიონში ქუთაისის ვაგონს.

...ახლა კი - გაცილებით სერიოზულად...

 

დედაქალაქი კი არა, რკინა-არმატურების ქალაქი!

 

რ.ჭ. - დიახ, ქუთაისი ჩიხშია! თანაც, ეს განუწყვეტლივ იმეორებს, რომ გზამ უნდა აუაროს ქუთაისს გვერდით, - იმ ტრასამ, ავტობანმა, ე.ი. ზესტაფონიდან გზა უნდა გადავიდეს სამტრედიაში! მთლად ჩიხში აქცევს! ეს რომ იძახის, ქუთაისი დედაქალაქი იქნებაო, ჯერ ერთი, ჩემია მაგი - მე დავწერე და წიგნი დედასაც მივეცი, ცოლსაც და მაგის თანაშემწესაც, შეიძლება, ჩაიხედა... მე ვწერდი: „დასავლეთის დედაქალაქი“, მაგან დაიჯინა: „მეორე დედაქალაქი“. ეს არის ცინიზმი! არავითარი დედაქალაქი! უნდა, გადააქციოს ახლა ჯართის ქალაქად! ჯართის! იმათ - ჩინელებს და ინდოელებს უხსნის რკინა-არმატურების ქალაქს! პერსპექტივა ჰქონდა აეროდრომების, ავტომობილების და გადააკეთეს უკვე ჯართის, რკინების ქალაქად, გზა აქ არ გამოივლის! დავაბარე კიდეც ერთ მინისტრს, რომ მაგას არ ესმის ქუთაისის მისია! არ ესმის, რა უნდა! და რატომ აკეთებს ბაგრატის ტაძარს, ეს უკვე გაუგებარია.

სულ ბაგრატზე ვწერ და მაგის მხარეზე ვარ, მაგრამ, მგონი, მნიშვნელობაც არ იცის, რატომ უნდა აშენდეს ბაგრატის ტაძარი: იმიტომ, რომ ერთადერთი გზაა აფხაზეთის შემობრუნების, ერთადერთი! მეტი გზა არ არის! აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფო უნდა გავხდეთ. ბაგრატის ტაძარი რომ დამთავრდება, უნდა მოვიწვიოთ აფხაზები აქ, ქუთაისში. ისინი იძახიან, ქუთაისი აფხაზეთიაო, ჩვენ ვიტყვით, რომ, პირიქით, აფხაზეთი იყო ქუთაისში. ჰოდა, ეს არ ესმის მაგას ბოლომდე. უბრალოდ, ისიც დავუწერე: გელათში რომ იდგამ გვირგვინს, გელათში ქართველი მეფეები იმარხებოდნენ, გვირგვინს კი ბაგრატზე იდგამდნენ-მეთქი. მეორე ინაუგურაციაზე მართლაც აქ მოვიდა, დანგრეულ ეკლესიაში...

 

ქუთაისში არ არსებობს საზოგადოება!

 

ახლა ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს ქუთაისს და მე აღარ შევუდგები იმის განმეორებას, რასაც ვწერდი გაზეთ „ბაგრატში“... ხომ გახსოვს?.. ამათ ეს არ ეხებათ. ახალი ხელმძღვანელობა, შეიძლება, უფრო საიმედო იყოს და ამას ვნახავთ, რასაც გააკეთებენ, ჯერ მაგათზე არაფერი მაქვს სათქმელი.

თუკი ესმით ქუთაისის მნიშვნელობა, - ეს მთავარია.

რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე ქუთაისში რომ ჩამოვიდა, საშინლად გაუჯავრდა თურმე გუბერნატორს და ხელმძღვანელებს: რას ნიშნავს, რომ ქუთაისში მატარებელი არ შედისო?!! სასწრაფოდ დატოვა ფული, რაღაცა დიდი თანხა, - 20 ათასი მანეთი ოქროთი (20 ათასად მთელ ქალაქს იყიდიდი!), რომ სასწრაფოდ შემოეყვანათ რკინიგზის ხაზი.

გააკეთეს, შემოიყვანეს.

ე.ი. რუსთ ხელმწიფეს ესმოდა ამის მნიშვნელობა - ქალაქი არ უნდა მოექცეს ჩიხში და არ უნდა აუაროს გვერდი გზამ! იმიტომ კი არა, რომ ძალიან ვუყვარდით მე და ან ვინმე, - იცოდა, რომ ეს სტრატეგიული დასახლება იყო, საოლქო ქალაქი იყო, საგუბერნიო ქალაქი იყო და ჯარი იდგა აქ, კაცო, გადაადგილების საშუალება ხომ უნდა ჰქონოდა!

ამათ არ ესმით!

ავტობანი უნდა გაკეთდეს და ქუთაისს გვერდი აუაროსო!

არავინ არის ქალაქში ხმის ამომღები! საზოგადოება არ არსებობს ქუთაისში, საზოგადოება!

 

ვირის ყურები ჩვენს რესტორნებში

 

ქუთაისის რესტორანში რომ შეხვიდე, ვირის ყურებია საჭირო, რომ გაუძლო, იქ რაც ხდება, რა დინამიკებიც დგას. ყველგან ასეა, მაგრამ განსაკუთრებით - რესტორან „ბაგრატში“. საშინელებაა, კოშმარი! ქორწილში ვიყავი იქ და ვერ გავუძელი. ერთი კაცი ჰყავდათ კიდო თამადად, ჯერ დაიწყო შოთა რუსთაველის სადღეგრძელო; მერე, თურმე, იმიტომ სჭირდებოდა, რომ მთელ თავებს კითხულობდა „ვეფხისტყაოსნიდან“. ეს ღრიალებს მიკროფონში, მერე ჩართავენ დინამიკებსაც, „ნამგალო, ჩვენო რკინაო“-ს გაჰყვირიან და კიდევ რაღაცეებს, - ხმას ვერ ამოიღებდი, ვერ დაელაპარაკებოდი გვერდით ვერავის.

ერთი ნორმალური იყო „ევროპა პლუსი“, თუ რაღაცა... სკრიპკა უკრავდა იქ, დაჯდებოდი, დაილაპარაკებდი. ისიც აღარაა. და აღრიალებენ და აღრიალებენ უბედურად ამ რესტორნებში                         „მუსიკას“.

 

კვლავ ინდუსტრიის ქალაქი?

 

მაინც, რისი ქალაქი უნდათ, ქუთაისი რომ გახდეს?

ჯერ იძახოდნენ: კულტურის ქალაქიო, ახლა კიდევ ამან დაიჟინა, გავხდი ქუთაისს ინდუსტრიის ქალაქადო. ინდუსტრიაზე გადავიდა...

დედაქალაქს და იმას უკვე აღარ ამბობს.

- ბატონო რეზო, გვახსოვს საბჭოთა პერიოდის ერთი ცნობილი სიმღერა: „ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი“... მაგრამ რომ ვერ გახდა?

- ვერ გახდა იმიტომ, რომ ქუთაისი იყო ქართული კულტურის კერა და იმათ ინდუსტრია მოინდომეს!

ყველაზე დიდი დანაშაული და უბედურება, რაც ქალაქისთვის გაკეთებული აქვთ, ეს არის რიონჰესი. „განთიადში“ რომ ვმუშაობდი, მოიტანა კაცმა პროექტი და მაჩვენა: თურმე, სადაც საგუბარია, სადაც წყალს კეტავენ, იმას იქვე მიადგებოდა იგივე სიმძლავრის, ისეთივე ჰესი და... მაგრამ არ გააკეთეს ასე! ქალაქს წაართვეს წყალი, რიონი...

- და დაამსგავსეს „უცხვირო მზეთუნახავს“...

- ჰო, ეგ მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის...

ეს იყო სუფთა მავნებლობა! კი მაგრამ, რას უპირებდნენ ამ ხიდეებიან, სვეტებიან დიდ ქალაქს?! „სულ უწყლოდ რომ დარჩეს, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, იმიტომ, რომ მთავარია ეს ინდუსტრია!“

და ამის ახალი ნიშნებია, მგონი, ახლაც! ინდუსტრიული ჯართის ქალაქი!

 

ხალხს რატომ არ აგებინებენ?

 

არ გარკვეულა მიზეზი, რატომ დაანგრიეს ბერძენიშვილის მემორიალი.

სულ არ მაინტერესებს ის, რომ გუშინ ერთს, ქუთაისელს, 4 წელი მისცეს, მეორეს კი - 4 წელი და ნახევარი, ვითომ ამფეთქებლებმა მოკლეს ის ბავშვი! რატომ არ ამბობენ, ვინ გასცა ბრძანება იმის დანგრევაზე, ვინ არის მთავარი! რატომ არ დასცდებათ ერთი და პასუხისმგებლობას რატომ არ იღებენ? ჰგონიათ, შერჩება ვინმეს 7-8 წლის გოგონას სიკვდილი და არ უწევთ მაგათ ოჯახებს?

შეიძლება, ასე საიდუმლოდ, - შენ რომ მოგეპრიანება, - უცებ დაანგრიო ეს ამოდენა ძეგლი? შეიძლება, არ უთხრა არავის, არ გააგებინო მოსახლეობას?  რატომ არ უნდა თქვან, რას ფიქრობენ ხოლმე.

თუ პარლამენტს აშენებდნენ, იმხელა ადგილია, იქ ერთი კი არა, სამი პარლამენტიც აშენდება და ერთი სტადიონი კიდევ. არ შეიძლება, ქალაქის მოსახლეობას არ უთხრა, შენ რატომ ანგრევ და რას აკეთებ. ხალხმა არ უნდა იცოდეს? ხომ არის აქ ვითომ „საზოგადოებები“, რომელთაც არავითარი უფლებები არ აქვთ?!

ქუთაისს არ უნდა ჰყავდეს მართლა საზოგადოება, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს და დაიცავს?

 

ბაღი მოკლეს!

 

ჯერ, ბაღი რას დაამსგავსეს, თვითონ ბაღი! ცნობილი ბულვარი! ის იყო საკრებულო ადგილი, მთელი ქუთაისის ინტელიგენცია, - აკაკი წერეთლიდან დაწყებული, ვინც იყვნენ: ეს კირილე ლორთქიფანიძე იყო, მაიაშვილი იყო,  მეველე (მიქელაძე) იყო... - სუყველა იქ იკრიბებოდა. „რომის ფორუმს“ ეძახოდნენ, ადარებდნენ. კი არის ცოტა განსხვავება, მაგრამ მაინც... ქუთაისისთვის იყო!

ეს ბაღი მოკლეს, ხომ?

ახლა მანქანების სადგომია შიგ და იმხელა გზები გააკეთეს, რომ ტროლეიბუსის გზას ჰგავს...

 

კვლავ მემორიალზე

 

უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა.

არავინ ადამიანად, მოქალაქედ არ ითვლება.

და იმათი პარლამენტი კიდევ! ის რომ უხსნის: პარლამენტი ქუთაისში გადავაო, სხდომები თბილისში იქნებაო... რაღაც სისულელეები დაიწყეს კიდევ. სხდომები თუ იქ იქნება და ბიურო, სექციები და განყოფილებები მაშინ რა გამოდის? წამოვლენ ავტობუსით, ჩაატარებენ სესიას, მერე ჩასხდებიან, წავლენ ისევ უკან და დაამტკიცებენ თბილისში?

მაგრამ, ჯერ ერთი, პარლამენტს აქ არავინ აშენებს, ესეც გასარკვევია, რა უნდათ. ხომ არ გაამხელენ ამას! მე მგონი, ისევ აეროდრომს აშენებენ.

- წამყვანმა ტელეარხებმა მემორიალის აფეთქებისთანავე ხაზგასმით გამოაცხადეს, რომ თურმე ბერძენიშვილის და კალანდარიშვილის ნამუშევარი „საბჭოური დიდების ძეგლია.“ არადა, ამ მემორიალს, რომელიც თავის დროზე 11 მილიონი მანეთი დაჯდა, დიდი ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოებად თვლიდნენ გამოჩენილი სპეციალისტები. თუნდაც, ყოფილი-ყო საბჭოური, ხომ შეიძლებოდა, ისტორიაში შემონახული სხვა კულტურული ძეგლების მსგავსად, ესეც დარჩენილიყო ეპოქის მონუმენტად? ამოდენა სიმდიდრე რატომ უნდა დაენგრიათ?

- ერთი აქაური გარემწერალი რომ გამოდის და ამბობს, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული 300 ათასი მებრძოლის ხსოვნას ეძღვნებოდაო, არ იყო ეს ძეგლი ფაშიზმთან და ბრძოლასთან დაკავშირებული! პუტინი და ისინიც რომ გაიძახიან ამას და ჩვენ ავაშენებთო, ესო ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო იყოო, - ვინ შექმნა ეს მითი? თვითონ ავტორს, მერაბ ბერძენიშვილს არ უწერია 1988 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დროს, გამოსულ ალბომში ამის შესახებ. იქ გარკვევითაა აღნიშნული, რომ ეს არი ალეგორიული ძეგლი - სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიბრძნის უმეცრებაზე გამარჯვების.

საბჭოთა ხელისუფლების დროს არ უთქვამთ, ეს ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოაო და ახლა საიდან მოიტანეს?

 

არ ვარ მე მაგის მოწინააღმდეგე

 

მაგას მე ისიც დავუწერე „მესამე გზაში“ (რეზო ჭეიშვილის წიგნი. ნ.ც.), - მაგი ხომ ტურისტებზე გიჟდება - ტურისტებისთვის სამი-ოთხი ძეგლი დგას ქუთაისში, გეგუთის ჩათვლით. აგერ ბაგრატი უნდა აღდგეს, გეგუთი უნდა აღდგეს, სადაც სანადირო ადგილებია, დათვი დაუბით მაინც-მეთქი ვიღაცას...

- უცნაურია, ბატონო რეზო, ყველგან ნაცვალსახელით მოიხსენიებთ ქვეყნის უმაღლეს პირს, ერთხელაც არ წარმოგითქვამთ გვარი და სახელი.

- (იღიმება) არა ვარ მე მაგის მოწინააღმდეგე და იმიტომ. არა ვარ მაგის ოპოზიციონერი. უფრო მეზარებიან ის ოპოზიციონერები! პარლამენტის წევრი რომ იტყვის: რა საპარლამენტო ადგილია ქუთაისი, ბარეღამ საღორიაში ააშენეთ პარლამენტიო! საღორია ამას ჰგონია ღორების ადგილი! საღორე კი არა, ეს იყო აჯამეთი, მეფეთა სანადირო, სადაც ქვეყნის უმაღლესი პირნი ტახებზე ნადირობდნენ.

და რამდენია კიდევ იქ საბჭოური რეპრესიების დროს დახვრეტილი! რამდენი  ობელისკი დგას!  ჯერ ერთი, იმას სახელი გადარქმეული აქვს და საღორიას ნაცვლად ვეძახით მუხნარის ტყეს!

 

არ ჰყავს ამ ქვეყანას პატრონი!

 

გუშინ რაც ყველაზე მეტად მომხვდა გულზე...

ეს საღორიაა თუ მუხნარი, - მანდ არის ენდემური ტყე. ამ ჯიშის მუხა მსოფლიოში არ არის არსად, აქაა მხოლოდ.

გუშინ რომ წავედით, ლიანდაგებით, რიონში  - სულ განადგურებული დაგვხვდა მუხები! სულ! ელექტროხერხის ხმაური აყრუებდა იქაურობას. წავასწარით, ჭრიდნენ რამხელა ხეებს! სურათი გადავუღეთ...

გზიდან არ ჩანს, ლიანდაგებს რომ გავყევით, მაშინ გამოჩნდა ის განადგურებული ხეები.

იმ მუხის გადანაჭერი, ჩვენ რომ გადავიღეთ, ამ ოთახის ხელა იყო და მისეოდა ერთი ხუთი-ექვსი კაცი ერთად, რომ სწრაფად დაეჩეხათ.

რას აკეთებს ის, რა ჰქვია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო? ეს არის, - ზუსტად ჩამიწერე! - გარემოს ძარცვისა და ბუნებრივი რესურსების განადგურების სამინისტრო... არა, სამეთვალყურეო!.. ყველაფერი იჩეხება, ნადგურდება...

ახლა იჭერენ ამ გარემოს დაცვისა თუ ძარცვის თანამშრომლებს, მაგრამ - იმაზე კი არა, რომ ხეები და ბუნება ფუჭდება და იძარცვება, - შენ იმას ფული რატომ მიეციო!..

ფული დაუჭირეს ხელში - მეტყევეს მისცა, იმან, მეტყევემ, ვიღაცას მისცა. ეს აინტერესებთ, ეს! ხეები რომ იჭრება და ბუნება ნადგურდება, არავის ენაღვლება და ამტკიცებს იმას, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი.

ეს გარემოს ძარცვის სამინისტრო გამოიტანს მერე ფიჭვის ჯოხებს, ჩაყრის და - 2 ათასი დავთესეო! იქვე ეტყობა, არც ერთი რომ არ ამოვა იქიდან, ან ამოვა ერთი - საუკუნის მერე... და ეს მიდის, მიდის, მიდის წლიდან წლამდე. პატრონი არ ჰყავს არავინ, არავის ეს არ აინტერესებს.

ხომ უნდა იცოდნენ, რომ ამ მუხის ჯიში არის ერთადერთი?

ჩამოვიდნენ და, უბრალოდ, გადანაჭრები ნახონ იქ, რკინიგზის ლიანდაგთან. მე გავყვები.

პატრონი არ არის!.. რა პატრონი, ეგერ, პირდაპირ ქალაქის ცენტრში გადაჭრეს ულამაზესი „ირმის რქები“.

მე ვიყავი ჭომაში, სპეციალისტებთან, სამეცნიერო-საკვლევი დაწესებულებაა, იქ გავიგე, რომ თუ გადაჭრი, მერე, თურმე, „ირმის რქები“ აღარ ვარგა ხედ, ხმება.

*** 

ბატონ რეზოსთან მრავალწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობის მანძილზე არაერთი ინტერვიუ მომიმზადებია ნაცნობი ბუხრის პირას და ყოველი მათგანი- ქუთაისის, მისი მარადიული პრობლემების თემაზე.

ამჯერადაც კრიტიკული და უკომპრომისო იყო რეზო ჭეიშვილი. როცა საკითხი მის მშობლიურ ქალაქს ეხება, ის ყოველთვის ასეთია.

პრეზიდენტმა ავტობანის მომავალი ზესტაფონიდან სამტრედიის მიმართულებით რომ განსაზღვრა, ქუთაისს კი გვერდი მშვიდად აუარა, დიდმა მწერალმა აღარც იგი დაზოგა.

P.S. ინტერვიუ დასაბეჭდად მზად იყო, როცა ბატონი რეზო რედაქციაში გვესტუმრა და გვთხოვა, დაგვეწერა:

- გუშინ, 24 თებერვალს, შევხვდი ქუთაისის ხელმძღვანელობას და გვქონდა კარგი საუბარი. ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მივხვდი, რომ მაგათთან საერთო ენის გამონახვა შემიძლია, საერთო ინტერესები გვქონია. შემდეგ ინტერვიუში, შესაძლოა, ზოგიერთ ჩემს ნათქვამში კორექტივიც შევიტანო, ვინაიდან ისინი ჩემს შენიშვნებზე გარკვეულ განმარტებებს მაძლევდნენ. 

- ?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია