დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სპილოს აკადემია“ მხოლოდ ქუთაისელი ბავშვებისათვის
2010/02/08 13:49:50

რამდენიმე კვირაა, მუსიკოსი და კომპოზიტორი რომა რცხილაძე, ანუ  „სპილო“, ქუთაისშია. ახალგაზრდა თაობასთან მუშაობს, მსმენელს ახალ, გემოვნებიან მუსიკას ჰპირდება. თუმცა მას კიდევ მრავალი საინტერესო გეგმა აქვს, რასაც, ექსკლუზიურად, „P.S.“-ის მკითხველს გააცნობს.

- რას აკეთებს დღეს რომა რცხილაძე?

- მინდა გითხრათ, რომ რომა რცხილაძე თავის მსმენელს არასდროს ატყუებდა და ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება პატარებს, ბავშვებს. ექსკლუზიურად თქვენი გაზეთისთვის გეტყვით, რომ ახლა ქუთაისში ვხსნი „სპილოს აკადემიას“ - 6 წლიდან ზემოთ, განუსაზღვრელი ასაკის ადამიანებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს აკადემია იურიდიულად აქ, ქუთაისში, დაფუძნდეს. ვთვლი, რომ ამ ქალაქში ამ კუთხით დიდი პოტენციალია და ქუთაისი მალე სერიოზულ ადგილს დაიკავებს ამ სივრცეში. დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი ბენდი, სახელად „სპილო“. ბენდის შემადგენლობის ნახევარი 2001 წლიდან ერთად ვართ. ამჟამად ვართ 11 კაცი. მინდა გითხრათ, რომ თერთმეტივე ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, სერიოზულ ჯაზ-კლუბებში უკრავენ. მიმდინარე წლის მაისის თვეში მე, ჩემს ბენდთან ერთად, მესხიშვილის თეატრში ქუთათურებს ვაჩუქებ „სპილოს აკადემიის“ პრეზენტაციას ამ ბენდთან ერთად.

- რა გეგმები აქვს „სპილოს აკადემიას“ ქუთაისში?

- გააკეთებს მთავარს - აღზრდის კარგი მუსიკალური განათლების მქონე ახალგაზრდებს. ასევე ვიმუშავებთ ბავშვების მეტყველებაზე, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები დაეუფლებიან მუსიკალურ საკრავებს და, რაც მთავარია, კარგი, გემოვნებიანი მუსიკის შექმნაზე ვიმუშავებთ. დღეს ბედნიერი ვარ, რომ სასკოლო თეატრალური ფესტივალის ჟიურის წევრი ვარ, რომელიც ქუთაისში ტარდება. ამ ფესტივალმა 30 000 ბავშვის მოყვანა შეძლო თეატრში, თეატრი კი ანბანია სულიერების. ამან რეგრესი გააჩერა და უკვე პროგრესისკენ მივდივართ. ასეთი საქმეების კეთებით კი, კარგ თეატრალებს და კრიტიკოსებს თუ არა, კარგ მაყურებელს მაინც აღვზრდით.

- „სპილოს აკადემიაში“ პედაგოგებად ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან?

- ჩვენ ვეცდებით, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები დავასაქმოთ, რადგან ისე, როგორც არასდროს, ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან, მინდა,  გამოხატვის საშუალება  მივცეთ.   ასევე „სპილოს აკადემია“ იქნება ძალიან კარგი ბაზა კარგი სატელევიზიო გადაცემების, რადგან ტელევიზიებში პირდაპირ ეთერებს ვგეგმავთ. ასევე გვექნება გასტროლებიც. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ნიჭის საბადო. მე ამას გულწრფელად გეუბნებით და უკვე ერთი თვეა, რაც ბავშვებთან აქ, ქუთაისში, ვმუშაობ და 50-მდე ბავშვი ავიყვანე კიდეც. მე ამ თეატრალურ ფესტივალზეც აღმოვაჩინე რამდენიმე ბავშვი ჩვენი აკადემიისთვის.

- რას იტყოდით ქართულ შოუ-ბიზნესზე?

- უკაცრავად, რომელ შოუ-ბიზნესზე?

- ვგულისხმობ იმას, რაც დღეს არსებობს ქართულ რეალობაში...

- შოუ-ბიზნესი საქართველოში ჯერ არ დაბადებულა.

- თუმცა ძალიან აპიარებენ...

- უბრალოდ, მათ სხვა გზა არ აქვთ. ძალიან ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა კარგად ააწყო ინდუსტრია ჯანმრთელი ფინანსების კეთების და მუსიკალური არანჟირების. აქ რომ შოუ-ბიზნესის კანონით იმოქმედო, ისინი მაშინვე დაიმსხვრევიან. ჩვენი ტელეარხებიც კონკურენციას არ გვთავაზობენ. ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს პარავენ ჰარმონიას, მუსიკას. მეტიც, ისინი საკუთარი სიმღერებიდანაც კი იპარავენ მუსიკას. ვფიქრობ, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, რომ ახალი და კარგი აღმოცენდეს. ამას მოემსახურება „სპილოს აკადემია“ და ემსახურება კიდევ ძალიან ბევრი მუსიკალური ჯგუფი. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მუსიკოსები, მხატვრები და ხელოვანები, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც შოუ-ბიზნესის კანონები იკანონებს.

- დღეს შოუ-ბიზნესში ჩანან ის ადამიანები, რომლებსაც ფინანსური შესაძლებლობა აქვთ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უგემოვნო მსმენელი გვყავს?

- უგემოვნო მსმენელი უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბდა. მაგრამ კარგი ბენდი რომ გყავდეს და გემოვნებიანი მუსიკა რომ აკეთო, ამ ადამიანებს ანაზღაურება უნდა მისცე. ამიტომაც შემოვიდა ფონოგრამა და ცოცხალი ბენდი დღეს არავის უნდა. იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს პოპულარულები არიან, შექმნეს ის, რაც მათ შეეძლოთ. მათ ჰყავთ თავიანთი მსმენელი და ეს მსმენელი უცდის კიდევ ახალს. მე ეს კონტიგენტი მსმენელისა მეცოდება. ჩვენ რომ თაობა გადავარჩინოთ და კარგი მსმენელი ჩამოვაყალიბოთ, ისე, როგორც არასდროს, ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა გვჭირდება.

ბევრს   უკვირს,   რატომ   ვაკეთებ  „სპილოს აკადემიას“ ქუთაისში და არა თბილისში.  სწორედ იმიტომ, რომ აქ კარგი და გემოვნებიანი მსმენელია, თანაც კარგი არჩევანის გაკეთების საშუალებაა. მეორე მხარეც აქვს ამ ჩემს გადაწყვეტილებას   -   მე   თბილისი „დავუტოვე“ მათ და ვუთხარი: მიდით, იხანჯლავეთ და აწარმოეთ თქვენი შოუ-ბიზნესი; ჩვენ ვიქნებით ქუთაისში და გავაკეთებთ იმ მუსიკას, რომელიც გაცილებით გემოვნებიანი იქნება. ჩვენ უკვე ამაზე ვმუშაობთ და დღეს ვამზადებთ  რეკლამისთვის  ჩემს  სიმღერას  „ვარსკვლავები“. ეს იქნება პატარებთან ერთად ჩაწერილი, რადგან დიდებს ცოტა უჭირთ ათვისება. პატარებმა კი ეს სიმღერა ხმებში უცებ გაშალეს და კარგადაც გაითავისეს.

- ფაქტობრივად, ქუთაისში გადმოდიხართ?

- აუცილებლად და მე ვამაყობ ჩემი ამ გადაწყვეტილებით.

- როგორც კომპოზიტორი, რომელი მომღერლისთვის დაწერდით მუსიკას?

- ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მომღერლები და ადამიანები, რომლებისთვისაც დავწერდი მუსიკას. მაგალითად: სალომე დოლიძე, გიორგი მეფისაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი.

- ესე იგი „ჯეოსტარელებისთვის“?

- იცით, მე ვფიქრობ, რომ „ჯეოსტარი“ „ცეხია“. მერე რა, რომ გაიმარჯვა, რას სთავაზობენ შემდეგ ეტაპზე? ერთადერთი პერსპექტივა ის არის, რომ რესტორნებში იმღერონ. ამ პროექტში დაინტერესებაა იმ ადამიანების, რომლებმაც ეს პროექტი შექმნეს და ფინანსები სწორედ მათკენ მიდის.

- რამდენადაც ვიცით, თქვენი ბევრი ნაწარმოები მსმენელამდე ჯერ არ მოსულა, როდისთვის გეგმავთ ჩაწერას?

- მიმდინარე წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვგეგმავ კონცერტს ბენდთან ერთად, სადაც ბევრი ახალი სიმღერაც აჟღერდება. მე მიხარია, რომ დღეს შედარებით უფრო აფასებენ ცოცხალ შესრულებას და გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ფონოგრამით სიმღერას აპროტესტებენ, რადგან მკვდარი სიმღერა არ შეიძლება. მე კი ჩემი ბენდით ყოველგვარი ანგარების გარეშე დავდგები ყველა ნიჭიერი ადამიანის გვერდით, ვისაც ცოცხლად სიმღერის სურვილი გაუჩნდება.

- თქვენ საკმაოდ დიდი მუსიკალური ოჯახი გაქვთ. როგორი ურთიერთობაა თქვენს შორის, კამათობთ ხოლმე?

- მე და ჩემს ძმას, თემოს, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ კიდევ სამი წლით უფროსი და გვყავს. გეტყვით, რომ ჩემს მშობლებს არ აქვს ისეთი ამაგი თემოზე, რაც მე მაქვს მასზე. თემოს თუ რაიმე სიახლე აქვს შემოქმედების კუთხით, მე მეკითხება რჩევას. ეს ნორმალურია, ჩვენ ერთმანეთის კრიტიკას და რჩევას ვიღებთ. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა დედმამიშვილებს შორის. რადგან ხშირად გვიწევს ერთმანეთის პროდუქტის შეფასება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია