დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მათ არ აქვთ უფლება, გელათში მივიდნენ და იქაურობა წაბილწონ“
2010/02/08 13:44:51

8 თებერვალს ქუთაისს, შესაძლოა, ალექსანდრე ებრალიძე ესტუმროს! ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება, თუმცა ნაკლებად რეალური ჩანს. ალექსანდრე ებრალიძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც ახალი მოთამაშე, აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩნდა. ის საქართველოში არ ჩამოსულა. მეტიც, ალექსანდრე ებრალიძე რუსეთის მოქალაქეა და ქართულად საუბარიც კი უჭირს. მიუხედავად ამისა, იგი საქართველოს პრეზიდენტობასაც გეგმავს. ამისთვის კი, მინიმუმ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყო. ამ სტატუსის მინიჭებისთვის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო.

გაპრეზიდენტებამდე ალექსანდრე ებრალიძემ ქართველი ინტელიგენციის ნაწილის გულის მოგება განიზრახა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ მიერ დაფუძნებული პრემია - „დავით აღმაშენებელი“, რომელიც ქართველი მწერლებისთვისაა განკუთვნილი. დებულებაში აღნიშნულია, რომ პრემიის დამფუძნებელი საქართველოს მწერალთა კავშირიც იყო, თუმცა გარკვეული აჟიოტაჟის შემდეგ მწერალთა კავშირი პრემიას გაემიჯნა.

„საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ ვებ-გვერდზე სრულ ინფორმაციას მიიღებთ „სრულიად საქართველოს ისტორიული პრემია „დავით აღმაშენებლის“ შესახებ. აქ წერია, რომ პრემია ღია შემოქმედებითი კონკურსის საფუძველზე გაიცემა. მიზანი საზოგადოებრივი ინტერესის გაღრმავებაა საქართველოს ისტორიის და ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებებისადმი. კონკურსის ამოცანა ქართული ლიტერატურის პრესტიჟის ამაღლებაა. მასში ნაწარმოებთა წარდგენის უფლება ჰქონდათ კერძო პირებს, შემოქმედებით კავშირებს, გამომცემლობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურულ, ჟურნალისტურ და სარედაქციო საქმიანობასთან.

კონკურსის საპრიზო ფონდი 95 000 ლარია. ალექსანდრე ებრალიძემ ბრიფინგზე, რომელზეც ის სანკტ-პეტერბურგიდან ჩაერთო, განაცხადა, რომ ეს თანხა მისი პირადი ანგარიშიდან დაიფარება, რომელსაც პოლიტიკასთან და ფსბ-თან საერთო არაფერი აქვს.

კომისიის წევრებმა - გურამ გოგიაშვილმა, ნუნუ დალაქიშვილმა და ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძემ უკვე დაასახელეს პრემიის მფლობელები. პირველი სამი ადგილი ასე განაწილდა: ნოდარ წულეისკირი - ისტორიულ-აგიოგრაფიული ნაშრომისთვის „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი“, რევაზ ამაშუკელი - პოეტური კრებულისთვის „მარტოობა“ და ელიზბარ ჯაველიძე - პუბლიცისტური კრებულისთვის  „ავაჰმე, ჩემო მამულო“. ისინი 60 000 ლარს თანაბრად გაინაწილებენ. ხოლო ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულებს და სპეციალური პრიზის მფლობელებს 5-5 ათას ლარს გადასცემენ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე ქართული ინტელიგენციის ნაწილმა „დავით აღმაშენებლის“ პრემიის მოპოვებისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა. მათ შორისაა გამოჩენილი მწერალი რეზო ჭეიშვილიც. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ბატონო რეზო, თქვენ უარი თქვით „დავით აღმაშენებლის“ პრემიის მოპოვებაზე, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებს...

- მე ამ პროცესში არ ჩავერთე. შემეძლო, ნომინანტად მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ უარი ვთქვი. თუმცა, ვინც მიიღო მონაწილეობა, იმათგან ზოგიერთს არ ვამტყუნებ, რადგან ძალიან უჭირთ ეკონომიურად.

- 8 თებერვლისთვის ქუთაისში იგეგმებაო პრემიების გადაცემა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ამის უფლება მათ არა აქვთ, და ხელისუფლებამ ამის საშუალება მათ არ უნდა მისცეთ, მაგრამ ეს ხომ ქალაქი არ არის? მათ არ აქვთ უფლება, გელათში მივიდნენ და იქაურობა წაბილწონ. ეს ადამიანი არის რუსეთის აგენტი, რომელიც რუსეთის დავალებით მოქმედებს. მათ კარგად იციან, ქართველები რა გამყიდველები არიან თავისი სულით, ეს ფაქტი „ქართლის ცხოვრებიდან“ ცნობილია. ჩვენ მოღალატეთა ბუნება გვაქვს, ჰოდა, ეძებენ ამ მოღალატეებს, რომ აფხაზეთი და ოსეთი საბოლოოდ ჩამოაჭრან საქართველოს.

- როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებიც ამ ფულადი პრემიის მფლობელები გახდნენ, არიან ებრალიძისთვის საყრდენი ძალა?

- როგორც ჩანს... არ არის გამორიცხული, მალე მუსიკაში, მხატვრობაში და სხვადასხვა სფეროში დააწესონ ამგვარი პრემიები, რომლითაც ადამიანებს მოისყიდიან. ებრალიძე დივერსანტია, რომელიც ჩეკისტი პუტინის მიერაა შემოგზავნილი.

- ფულადი პრემია ნაკლები რომ ყოფილიყო, ეს ადამიანები პრემიის მოსაპოვებლად მაინც იბრძოლებდნენ?

- ვისაც პრინციპი არ აქვს, იბრძოლებდა.

- გამოდის, რომ ეს ადამიანები უპრინციპონი არიან!

- არა, ესენი ასეთები იყვნენ. მეტიც, ეს ადამიანები არჩეული არიან პოლიტიკური ორიენტაციით და არა როგორც მწერლები. ვინც ამ ხელისუფლებას აგინებდა, დღეს ისინი აღმოჩნდნენ მათ გვერდით - მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები - მათ სწორედ ესენი აირჩიეს. თუმცა ერთი თუ ორი პატიოსანი ადამიანიც გაურიეს.

- ეს შემთხვევითი იყო?

- ნოდარ წულეისკირი ოპოზიციონერია, რომელიც თითქოს გარიყულია, მაგრამ ნიჭიერი კაცია. ისიც ამ მოღალატე ჯაველიძესთან ერთად ამოაძვრინეს.

- თქვენ თუ გისაუბრიათ ელიზბარ ჯაველიძესთან ამ საკითხზე?

- არა. ეს ადამიანები იმ ინტელიგენციის ნაწილია, რომელსაც პრეზიდენტმა „ჩარეცხილები“ უწოდა...

ვინც ინტელიგენციაა, მათ„ჩარეცხილად“ თავი არ ჩაუთვლიათ, ხოლო ვისაც ეკუთვნოდა, ისინი აყვირდნენ. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ აფხაზეთი და ოსეთი სახელმწიფოდ დაკანონდეს. ეს არის დივერსანტი ებრალიძის მიზანი. პუტინი და მედვედევი აცხადებენ,  ჩვენ გვიყვარს საქართველო ოსების და აფხაზების გარეშეო. ახლა უნდათ ვიღაცეების გულის მოგება და მოღალატეებიც გამოჩნდნენ. ეს ქვეყანა მოღალატეებითაა სავსე. ებრალიძე ჯერ ქუთაისში არ ჩამოსულა, თორემ გაეკიდებოდნენ და გაეკიდებიან კიდეც სიხარულით - იქნებ რაიმე გადმოგვიგდოსო.

- არ შემიძლია, არ გკითხოთ „დიდების მემორიალზე“, აპირებენ ძეგლის მოსკოვში დადგმას...

- მათ ჰგონიათ, რომ ეს მემორიალი არის ფაშიზმზე გამარჯვების და დაღუპულთა ხსოვნისადმი აგებული. ეს ტყუილია. ეს იყო ალეგორიული ხასიათის ძეგლი - სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიბრძნის სისულელეზე გამარჯვების, ხოლო მზეჭაბუკი ზღაპრული რაშით - გამხნევების სიმბოლო იყო. ფაშიზმზე გამარჯვების და შინმოუსვლელი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკშია, სადაც მარადიული ცეცხლიც ანთია და თუ ამ სიმბოლოების დანგრევა უნდათ, ის გადააყირაონ, ოღონ, რა თქმა უნდა, მსხვერპლის გარეშე.

- მემორიალის დანგრევის ფაქტი რუსებმა თავის სასიკეთოდ გამოიყენეს.

- გეთანხმებით. იმიტომ, რომ ქვეყანას უვიცები განაგებენ. ვინმემ იკითხა ქალაქში, თუ რატომ ანგრევდნენ მემორიალს და რატომ დაიღუპა დედა-შვილი?

- ოპოზიციურმა პარტიებმა მემორიალის ნგრევისადმი პროტესტი აქციით გამოხატეს...

- არა, ისინი ჩამოცვივდნენ პანაშვიდზე თავიანთი ქულების დასაგროვებლად, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ რაღაცა აეგორებინათ.

- და ბოლოს, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებს ებრალიძე ქართული ინტელიგენციის ფულით გახლეჩვას?

- აქციები, რომლებიც იმართებოდა, რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. ძმებ გაჩეჩილაძეებს და რუსეთის დუმას იდენტური მოთხოვნა ჰქონდათ - გადადგეს სააკაშვილი. ლაყე ხელისუფლებამ ყურები უნდა გამოიჩიჩქნოს. ყველა მოღალატეა, რომელიც რუსეთში დადის და ამას ხელმძღვანელობს გამყიდველი არარაობა - ნოღაიდელი, მეტსახელად „ვირი“, მაგდანას ლურჯა. ესენი საქართველოს სახელმწიფოს მტრები არიან, სააკაშვილის საბაბით. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ფულისთვის მთელ ქვეყანას ვყიდით. ამ ადამიანებს ხელისუფლებამ კარგად უნდა მოჰკიდოს ხელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია