დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მევიოლინე რომელიღაც რესტორნიდან
2010/02/01 12:49:12

„კადრი ჩაბნელებულია, ისმის მუსიკა შუაგულ ქალაქში. ნაცრისფერ ნათებაში, ქუჩის კუთხეში, შუახანგადაცილებული კაცი ვიოლინოზე უკრავს. მუსიკოსს ძველმოდური, კოკარდიანი, გაცვეთილი ქუდი ხურავს და ნაცრისფერი შარვალი და კოსტიუმი აცვია. უკრავს და ჰყიდის ყვავილებს გროშების ფასად, წინ თიხის თასი უდევს, შიგ გროშები უყრია...“

ეს ახლახან გადაღებული ფილმის ანოტაციაა.

„მრავალჯერ გადაფასებულები“, - ასე ჰქვია ახალგაზრდა რეჟისორის ვასო ჯანგებაშვილის ფილმს, რომელშიც მევიოლინის როლს აფხაზეთის სახალხო არტისტი ვაჟა ჩუბინიძე ასრულებს. აფხაზეთიდან დევნილი მუსიკოსი ახლა თბილისში ცხოვრობს და ორთაჭალაში, რესტორან „მასპინძელოში“ ვიოლინოზე უკრავს. ერთი შეხედვით, მხიარული და ლაღი ცხოვრების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ძნელი წარმოსადგენია, რომ, სინამდვილეში, მისი ბიოგრაფია ვიოლინოს ხმასავით ნაღვლიანი და სევდიანია...

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ფლორა შედანიას ვაჟისთვის კინოში ეს ფილმი დებიუტი იყო. პროფესიით მუსიკოსია. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მათთან სტუმრად ჩასულ ცნობილ მევიოლინეს - ლუარსაბ იაშვილს. ბატონი ვაჟა იმდენად მოეწონა, კონსერვატორიაში წაიყვანა და ორი წელი საკუთარ ბინაში ჰყავდა. სწორედ ლუარსაბ იაშვილის დასთან (ცნობილი მუსიკოსი იყო) გაიცნო მომავალი მეუღლე - ისიც ვიოლინოზე უკრავს.

ვაჟა ჩუბინიძესთან საუბარი ფილმში მისი დებიუტით დავიწყეთ. მან თავის საინტერესო ბიოგრაფიასა და იმ რთულ გზაზეც ისაუბრა, რომლითაც აფხაზეთიდან სამშვიდობოს გამოვიდა.

 

- ბატონო ვაჟა, როგორ მოხვდით ამ ფილმში?

- ორი კვირის წინ რესტორანში მოვიდა ორი ახალგაზრდა: მევიოლინეს ვეძებთ ერთ როლზე და თქვენთან მოგვასწავლესო. მე ვუთხარი, თბილისი მევიოლინეებით არის სავსე-მეთქი. არაო, ძალიან უხდებით ამ როლსო. კი მაგრამ, რა როლია ასეთი-მეთქი და - იცით რა, ეს მათხოვრის როლიაო. გამეცინა, - მაინც და მაინც მე ვუხდები მაგ როლს-თქო?

ვხედავ, რაღაცის თქმა უნდათ და ძალიან ერიდებათ, ბოლოს, როგორც იქნა, მითხრეს, - საკონკურსო ფილმია, ფესტივალისთვის ვიღებთ, მაგრამ... ფინანსები არა გვაქვსო. არანაირი ფინანსები არ არის საჭირო-მეთქი, ვუთხარი და შვებით ამოისუნთქეს.

მეორე დღეს მოვიდნენ, გადამიღეს სურათები, სინჯი. მესამე დღეს მივედი გადასაღებად, ჩასაცმელიც თვითონ მოვძებნე, არ გავაწვალე ესენი. გავედი რუსთაველზე და აი, იქ იყო ცირკი... თან ხალხმრავალი ადგილი აარჩიეს - ეშმაკობა იხმარა იმ ახალგაზრდა რეჟისორმა, არც მსახიობები დაჭირვებია მასობრივი სცენებისთვის, არც მანქანები და ავტობუსები, - ყველაფერი იქ იყო. ე.ი. რუსთაველზე ვდგავარ ამხელა კაცი, ვაჟა ჩუბინიძე, - წვერი მომაშვებინეს სპეციალურად, მანამდე მომასმენინეს რახმანინოვის ვოკალიზი, რომელიც ერთ დღეში უნდა მესწავლა, იმ მელოდიისთვის რომ მიმემსგავსებინა, რომელიც მთელი ფილმის მსვლელობისას ჟღერს. თვალს ვერ ვახელდი, იმდენმა ნაცნობმა გაიარა. ერთმა წაიკივლა: დიდუ! ბატონო ვაჟა, როდის დაიწყეთ აქ მუშაობაო? ავტობუსიდან კინაღამ გადმოცვივდნენ ნაცნობები. ერთმა ქალმა გამოიარა და: ბატონო, ეს ჩემი ადგილიაო. მერე კონსერვატორიიდან გამოვიდა ოთხი ახალგაზრდა, მათაც გაიარეს ერთი-ორჯერ, მკითხეს: როდის დაიწყეთ აქ მუშაობაო? დღეს დავიწყე და დღესვე ვამთავრებ-მეთქი. მერე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე.ისინიც უკრავდნენ თურმე ამ ადგილას, თან კონსერვატორიის პროფესორებს ემალებოდნენ.

სამ საათში იმდენი რამ ვნახე... თან, ჩემს წინ იდგა პატარა ფიალა, შიგ 20 თეთრი იდო, გვერდით, გადატეხილ ბოთლებში ჩაწყობილი ვარდები მეწყო, რომლებსაც                                „ვყიდდი“. საათნახევარში ფიალა გავავსე ფულით. ბოლოს მარტო ერთლარიანი წამოვიღე სიმბოლურად.

აი, ასე დამთავრდა ჩემი გადაღება.

- თქვენს ოჯახზე რას იტყვით?

- მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და 20 წლის ვაჟი - ისიც კარგად უკრავს გიტარაზე. ვიოლინოზე უკრავდა, შვიდი კლასი დაამთავრა, მაგრამ მე ვუთხარი: შვილო, იცი, რა? ჩემზე უკეთ თუ არ დაუკრავ, არ დაუკრა-მეთქი. გიტარაზე გადავიდა, ძალიან კარგად უკრავს და მეც კმაყოფილი ვარ, რომ ამას გაყვა, თუმცა, ხანდახან ვიოლინოსაც შევახსენებ. ძალიან მინდა ჩემმა ბიჭმა ნახოს ის, რაც მე გავიარე. სოხუმში რომ ვმუშაობდი, იქ იყო ანსამბლი „აფსნი-67“, სადაც მე ვიყავი ერთადერთი ქართველი 14 კაციდან, - ისინი უდიდეს პატივს მცემდნენ. დავდიოდით გასტროლებზე: გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ინდოეთში, კამბოჯაში... სხვათაშორის, რაც ყველაზე დამახასიათებელი იყო, სადაც ვიყავი, ყველაზე მეტად მე მცემდნენ პატივს - ეს იმ რეგიონებში, რომლებიც აფხაზეთთან იყო ახლოს. ერთხელაც, გასტროლიდან ჩამოვედი და ეს უბედურება დატრიალდა.

ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ეს ხალხის ბრალი არ არის, აფხაზები ძალიან კარგი ხალხი იყო, დიდ პატივს გვცემდნენ. ვიღაც 5-10 გიჟის გამო აურიეს, დაწამლეს ხალხი...

- სოხუმის დაცემის შემდეგ თქვენც ჭუბერის უღელტეხილით მოგიხდათ გადმოსვლა?

- ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა. გამოქცევამდე სოხუმის ფილარმონიის დირექტორი ვიყავი. იქნებ დაუჯერებელია, მაგრამ ბოლო წუთებამდე რეპეტიციას ვატარებდი. ქალაქში ყველგან ჭურვები სკდებოდა, ფაქტობრივად, ომი დაწყებული იყო, მაგრამ ამის დაჯერება არავის უნდოდა. შევკრებდი ანსამბლს ფილარმონიის სარდაფში და საათობით ვუკრავდით. ხშირად ამბობდნენ - ეს კაცი ნამდვილად გაგიჟდაო.

იმ დღეს - 27 სექტემბერს, რეპეტიციას მოვრჩი და სანაპიროსკენ წავედი. ვხედავ, მოდის სამხედრო მანქანა. კიდევ კარგი, მგზავრთაგან ერთმა მიცნო და დამიძახა - ვაჟა, აქ რას აკეთებ, უკვე ყველაფერი დამთავრდაო. ვერაფერს მივხვდი და ვუპასუხე - ცოტას გავისეირნებ და შინ დავბრუნდები-მეთქი. შენი სახლი აფხაზებს აქვთ დაპყრობილი, ჩქარა, თავს უშველეო! - მომაძახეს. მათ სოხუმიდან გამომიყვანეს და სვანეთის ერთ-ერთ სოფელში დამტოვეს. სწორედ იქიდან დაიწყო ის გზა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წარმოიდგინეთ ის საშინელი სიცივე და უკაცრიელი ტყეები.

ისე მოულოდნელად წამოვედი, რომ ჩემიანების ასავალ-დასავალიც არ ვიცოდი. ცოლ-შვილი რაჭაში მყავდა გაგზავნილი, მაგრამ დღე-დღეზე აპირებდნენ სოხუმში დაბრუნებას, დედაჩემიც - დასასვენებლად იყო წასული იქვე, აფხაზეთში.

დავადექი გზას, ღამეს საღორეებში ვათევდი ხოლმე. შიმშილისგან გული მიმდიოდა. სოფელ საკენს რომ მივადექი, ქალი შემომხვდა და პური ვთხოვე. სანაცვლოდ რას მომცემო, მკითხა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: დაცემული სოხუმიდან ფეხით მომავალ კაცს, რომელსაც არაფერი მებადა, ერთ ნატეხ პურში საფასურს მთხოვდნენ.

- თქვენი ოჯახის წევრებს რა ბედი ეწიათ?

- ცოლ-შვილი თბილისში ვნახე, ხოლო დედის ასავალ-დასავალი კარგა ხანს არ ვიცოდი. დედა - ფლორა შედანია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. სხვათა შორის, თემურ ბაბლუანის ფილმის„უძინართა მზის“ ერთ-ერთ კოლორიტულ პერსონაჟს ასახიერებს: მოხუცი, სკლეროზიანი ქალი, რომელიც გამუდმებით დაფარფატებს და უცნაურ შეკითხვებს სვამს - დედაჩემია.

ის ოჯახი, სადაც დედა დავტოვე, მერხეულიდან წებელდაში გადასულიყო. დედას არ ეგონა ასეთი არეულობა თუ იყო და სოხუმში დაბრუნებულა. იქ ერთ ჩვენს მეზობელს უნახავს, წაუყვანია ნავსადგურში, გემში ჩაუსვამს და ფოთში გამოუმგზავრებია. დედასაც და მეუღლესაც დაღუპული ვეგონე, მე კი ძალას და სიმხნევეს ის მმატებდა, რომ ესენი ცოცხლები მეგულებოდა. თბილისში ისევ ერთად შევიკრიბეთ.

- როგორ აეწყო ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი ცხოვრება?

- თავს გადამხდარი ამბების გამო თითქმის ერთი თვე შოკში ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი. შემდეგ თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან, მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. ერთ-ერთ ორკესტრში მივედი სამუშაოს სათხოვნელად, დირიჟორმა კი გულისმომკვლელი სიტყვებით გამომისტუმრა: „დაგაგვიანდა, გუშინ რომ მოსულიყავი, ადგილი მქონდა და აგიყვანდიო“. ეს იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, მეგონა, აქ დასრულდა ყველაფერი. ამ ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ მივიდა მასთან, რისი დაკარგვის შემდეგ რას ვითხოვდი - უბრალოდ, დავესვი ორკესტრში და ლუკმა-პურის ფული მოეცა. მოგვიანებით, რადიო-ტელევიზიის ორკესტრში ვცადე ბედი, სადაც მაშინ დირიჟორი გივი აზმაიფარაშვილი გახლდათ. არასოდეს დამავიწყდება მისი სიკეთე. მან გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა, ჩემი გასაჭირი. პირველ რეპეტიციაზე კონცერტმაისტერის ადგილზე დამსვა, რეპეტიციიდან 20 წუთის შემდეგ კი გააჩერა ორკესტრი და მითხრა: ბატონო ვაჟა, დღეიდან ჩემთან იმუშავებთო.მეორე დღიდან შევუდექი სამსახურს. ორი თვის შემდეგ უკვე წინ, კონცერტმაისტერის ადგილზე ვიჯექი. ბატონი გივის პატივისცემა ამით არ ამოწურულა - მეგობრებისგან შარვალი, პიჯაკი და ფეხსაცმელიც კი მომიტანა. რადიო-ტელევიზიის ორკესტრის დახურვის შემდეგ გივის ვაჟმა, ზაზა აზმაიფარაშვილმა (ამ დროს ბატონი გივი გარდაცვლილი იყო) მთელი ორკესტრი ოპერაში გადაიყვანა. მე ოპერის გარეთ დავრჩი. ძალიან მეწყინა, მაგრამ რას ვიზამდი. კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ ცხოვრება არც ამით დასრულებულა. ამის შემდეგ რესტორნებში ვუკრავდი. ამჟამად „მასპინძელოში“ ვარ.

- თქვენი დღევანდელი ცხოვრებით თუ ხართ კმაყოფილი?

- 30 წელი ორკესტრში ვუკრავდი. ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ დღეს ჩემთვის გაცილებით დიდი ბედნიერება იქნებოდა, ისევ ორკესტრში ვიყო, გვერდით მეჯდეს 20-22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ერთ წელიწადში ჩემგან ძალიან ბევრ რამეს ისწავლის, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს. ვერ წარმოიდგენთ, ეს რას ნიშნავს. სწორედ ამის გაკეთება მინდოდა, მათ კი ვერ გამიგეს. ამაზე ნამდვილად მწყდება გული. სხვა მხრივ კი, რა მაქვს გულდასაწყვეტი? ხალხს ვუყვარვარ, მაფასებენ, ფეხი არ მაქვს რესტორანში შედგმული, რომ ისინი ტაშით და ოვაციებით მეგებებიან.

ძალიან რთულია, როცა ყველაფერი გაქვს, უცებ კი აღმოაჩენ, რომ - არაფერი და ისევ თავიდან გიწევს ცხოვრების დაწყება, თავის დამკვიდრება. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ მთავარი გულია, რწმენა და იმედი. მაქვს პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის ამას ვამბობ: ჩემი იარაღი ვიოლინოა.

ყველაზე კარგი ის არის, კაცს ამაგი რომ დაგიფასდება. მთავრობამ არ დაგვივიწყა და ახლახან ღირსების ორდენით დამაჯილდოეს.

 

***

ღირსების ორდენთან ერთად აფხაზი მხატვრის - ბაძაღუას ნახატიც გადასცეს. ზეთით შესრულებულ ტილოზე, ერთი შეხედვით მხოლოდ კაცის სევდიანი პორტრეტი და ვიოლინო ჩანს, თუმცა, როცა ოჯახის წევრები კარგად დააკვირდნენ, მასზე სოხუმის დაცემის კადრები, ღვთისმშობლის სახე და სხვა ნიუანსებიც აღმოაჩინეს... ახლა ეს ტილო ვაჟა ჩუბინიძის სახლში, კედელზე კიდია, მისი პატრონი კი დარწმუნებულია, რომ სოხუმში აუცილებლად დაბრუნდება.

- ხშირად მეკითხებიან - ამდენი რამე გადაიტანეთ და მაინც უკრავთო? კაცი იმედით უნდა იყოს. მე დღემდე მჯერა, რომ დავბრუნდები სოხუმში, ჩემს ორ სახლში აუცილებლად დავბრუნდები!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია