დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ სძინავს ღამით 17 წლის არქიტექტორს?
2010/02/01 12:46:02

17 წლის მოსწავლეს, გაბო ღაჭავას ინტერვიუზე შესათანხმებლად რომ დავურეკე, შუადღე იყო, როგორც მოგვიანებით მითხრა, ჩემს ზარს გაუღვიძებია: „მთელი ღამე სახლს ვაპროექტებდი და კომპიუტერთან ჩამძინებიაო“. ჩვენი ინტერესი სწორედ მისმა არქიტექტურულმა ნიჭმა გამოიწვია - გაბო 13 წლის ასაკიდან ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ინტერიერსა და ექსტერიერზე მუშაობდა. მისი დიზაინით ბათუმში არაერთი სახლი, სასტუმრო თუ ბაღი დაუპროექტებიათ. შემოსავალიც საკმაოდ სოლიდური ჰქონდა.

„მამამისი ამ ბოლო დროს დაასვენეს ჟურნალისტებმა, ახლა, როგორც ჩანს, შვილის ჯერი დადგაო“, - იხუმრა ჩემი დანახვისთანავე დედამისმა, ქუთაისში კარგად ცნობილი დევნილი მხატვრის, გელა ღაჭავას მეუღლემ. კედლებიდან მამის მიერ შესრულებული ნახატები იყურებოდნენ, მათ გვერდით, რამდენიმე - გაბოს მიერ ბავშვობაში შესრულებული. სახლების ხატვა მაშინაც ჰყვარებია. დავინტერესდი, გელა ღაჭავას შვილში არქიტექტურის ნიჭმა მხატვრობასთან ერთად გაიღვიძა?

გაბო: „არქიტექტურით თავიდანვე ვიყავი გატაცებული - ვხატავდი, თუმცა არქიტექტურული ნიჭი ჩემში მამას მეგობარმა მუხრან აბაიშვილმა გამოავლინა, რომელმაც ჩამიწერა პროგრამა „არხიკატი.“ თავიდან შემასწავლა ძირითადი: კედლის გაკეთება, ფანჯრის ჩასმა და ა.შ. მერე თვითონ შევისწავლე ეს პროგრამა და რაღაცები გავაკეთე. მოგვიანებით მოვიდნენ, ნახეს, მოეწონათ, მითხრეს: „კარგია!“ და ეს „კარგია“ მითხრა სწორედ იმან, ვინც შემდეგ ამიყვანა სამსახურში (დავით ჯაფარიძე). მან მასწავლა ბევრი რამ, მაჩუქა კომპიუტერი, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან შემიწყო ხელი. მამას მეგობარს, გიორგი ციხელაშვილსაც დიდი წვლილი მიუძღვის. ასე რომ, ცხოვრებაში მასწავლებელი ბევრი მყავდა. ხატვით მანამდეც ვხატავდი, კომპიუტერული პროგრამა 3D (ტრიდეთი) უფრო ადრეც დავინტერესდი. ტრიდე ის არის, ორ განზომილებაში გადმოცემული ნახატი გადაიყვანო სამ განზომილებაში: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. სხვა პროგრამებშიც ვაკეთებდი რაღაცებს, თუმცა „არხიკატი“ ჩემთვის საუკეთესო საშუალება გამოდგა, გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები. სამი წელი ვიმუშავე კერძო კომპანიაში, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ არსებობს, საკმაოდ დიდი პრაქტიკაც მაქვს. ბათუმში თუ ვინმეს უნდოდა სახლის აშენება, მოვიდოდა, გვეტყოდა და ჩვენ გვევალებოდა, მისი ნათქვამიდან გაგვეკეთებინა, რაც შეიძლება, კარგი და ლამაზი სახლი. ზოგადად, ქართველების სენია: უნდათ, რაც შეიძლება იაფად და ლამაზად“.

მისი წარმატების ფორმულაში პირველი ადგილი უჭირავს მამას, როგორც თავად გაბო ამბობს: „ფენომენ ადამიანს“, რომლის აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ითვალისწინებს. შემდეგ - მამას მეგობარს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.

გაბო: „მთავარია, ბავშვს ბიძგი მისცე თავიდან. რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა აინტერესებდეს, რასაც აკეთებს. მერე მთავარია, დამნახავიც გამოჩნდეს. მე გამიმართლა ამ შემთხვევაში“.

მალე გატაცება პროფესიად და  შემოსავლის წყაროდაც იქცა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამას თავისი მინუსებიც აქვს:

გაბო: „გატაცება თუ პროფესიად იქცა, უფრო სხვანაირად განვითარდება, ისეთი ლამაზი აღარ იქნება. თავისუფლად უნდა გრძნობდე თავს იმაში, რასაც აკეთებ, არ უნდა შეიზღუდო თავი არაფრით. არქიტექტურაში ბევრი რამ იზღუდება, მაგალითად. როცა მე ჩემთვის ვაკეთებდი სახლში რაღაცეებს, ის ისეთი გამოდიოდა, როგორიც მე მინდოდა და როცა აკეთებ ისე, როგორსაც სხვა გეუბნება, ის გამოდის ისეთი, როგორიც იმას უნდა. პროფესიას უკვე უნდა მოეკიდო ისე, როგორც ვალს“.

მისთვის მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო და საინტერესოა, ვიდრე შედეგი, რომლითაც თვითონ არასდროს არის ბოლომდე კმაყოფილი, - საშინლად არ უყვარს, როცა მის ნამუშევარს აქებენ. როგორც თავად ამბობს, ტრიდეში ფანტაზია უფრო მეტ როლს ასრულებს, ვიდრე აზროვნება, ცალკეა შესრულების მანერა... „მუზა“, ძირითადად, ღამე მოდის, ამიტომაცაა, რომ ბოლო დროს დღის რეჟიმი მთლიანად შეეცვალა: დღე სძინავს - ღამე მუშაობს.

გაბო: „იდეები, ძირითადად, მოდის ღამე, იმიტომ რომ, ამ დროს სიჩუმეა, სიწყნარე და გარეთაც არავინ არის. იდეა ისეთი რამეა, კაცმა არ იცის, როდის მოვა, მთავარია, არ დაგავიწყდეს და მალე გადაიტანო.

თვითონ პროცესია ძალიან სასიამოვნო: იწყებ ფურცელზე ხატვით, მერე ავითარებ, შეგაქვს წვლილი, ათასი რამაა... ჯერ ფურცელზე უნდა დახატო, გაიაზრო და მერე გააგრძელო ტრიდეში. ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, ტრიდეში აზროვნება დამღუპველიაო.

ადამიანი ტრიდეში თუ აზროვნებ, იზღუდები, რადგან ტრიდეში კეთების პროცესში დამოკიდებული ხარ პროგრამის შესაძლებლობებზე და არა - მთლიანად შენს ფანტაზიაზე. ამიტომ ჯობია ხატვით იმის მოფიქრება, რაც შენ გინდა და არა - პირდაპირ ტრიდეში“.

გაბოს განხორციელებულ იდეებს შორის (საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ოთახები, მანქანა, ავეჯი და ბაღების დიზაინი) დაპროექტებული აქვს საკუთარი ოცნების სახლიც. ძირითადად, მრგვალი ფორმები უყვარს, დატეხილი კუთხეები და სარკისებრი, როგორც თავად ამბობს - ეს უფრო ჰაეროვან შეგრძნებას ტოვებს. ნახატის პირველ ვარიანტში ძალიან ბევრი რამ იცვლება, საბოლოო სახეს კი, დაახლოებით, 48-ე ცდაზე იღებს - თითო ცვლილება თითო დღეში.

გაბო: „ყველაფერს მე თვითონ ვცვლი, მაგრამ თუ მე 10 რამეს ვცვლი, როცა მამა მეხმარება - 50-ს და ა.შ. კრიტიკა კარგია, ბევრ რამეში მეხმარება, ამის შედეგია, რომ წინ მივიწევ.“

სერიოზული გატაცებაც აქვს - რენდერინგი. როგორც თავად განმარტავს, ტრიდეს სამყაროში რენდერინგი იგივეა, რაც ცხოვრებაში ფოტოგრაფია. ფოტოგრაფიითაც სერიოზულადაა გატაცებული, იღებს ყველაფერს, რასაც თვლის, რომ ლამაზია, თუმცა აქ შენობებზე მეტად ბუნების გადაღება უყვარს. ტრიდეში რენდერინგი ეხმარება, რომ მისი გაკეთებული შენობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს: ფორმის მინიჭებით, სწორი განათების მიცემით, ფერების შერჩევით და ა.შ.

თბილისის 174-ე სკოლის მეთორმეტე კლასელი არქიტექტორი სკოლის დამთავრების შემდეგ არქიტექტურულზე აპირებს ჩაბარებას. დარწმუნებულია, რომ დიზაინი მთელი ცხოვრება ისევე გაიტაცებს, როგორც ახლა. უნდა შეისწავლოს რაც შეიძლება მეტი პროგრამულ სფეროში და მიიღოს მაქსიმალური პრაქტიკა.

გაბო: „ვისწავლო ბევრი და ვაკეთო ბევრი! - ეს არის ჩემი დევიზი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია