დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგონა, ჯაზი და სიყვარული
2010/02/01 12:44:51

ქეთი კვიცარიძის ცხოვრება რომ ერთ დიდ სცენად წარმოვიდგინოთ, მისი პროფესია მხოლოდ ანტურაჟი იქნება, - თუმცა, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო. ირგვლივ ყვითელი ფოთლები და ფურცლები იქნება მიმობნეული, მისი დაწერილი ლექსებით. სცენაზე კი თვითონ იდგება - საოცრად ბედნიერი და იმღერებს უამრავი ხალხისთვის, არც ერთი წყვილი თვალი არ გამოეპარება სცენიდან... პირველ რიგში კი იმღერებს საკუთარი თავისთვის, რადგან სიმღერა და სცენაზე დგომა მისთვის მართლა ყველაფერია.

 

ასე დაიწყო...

ახლა 20 წლის ვარ, სამი წლის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე. მაშინ რუსული ესტრადა იყო მოდაში, სხვა არაფერი ჩანდა ტელევიზორში და, რატომღაც, ანჟელიკა ვარუმის და ნატაშა კარალიოვას სიმღერებს ძალიან დიდი გულისყურით ვუსმენდი. ერთ დღესაც, მაგული ბებომ შემამჩნია და მიმიყვანა ნიკოლოზ ედგარიძესთან. ბატონმა ნიკოლოზმა დაინახა ჩემი ნიჭი და მიმიღო, აქედან დაიწყო ჩემი სასიმღერო კარიერა.

ჩემებს არავის ჰქონია სურვილი, რომ ემღერათ, თორემ სმენა ყველას აქვს. მუსიკალური ოჯახი ვიყავით თავიდანვე, უბრალოდ, ასე გამოკვეთილად არავინ მღეროდა.

თავიდან ძალიან მეშინოდა მიკროფონის, როიალის ქვეშ ვძვრებოდი და იქიდან ვმღეროდი. ნიკოლოზ მასწავლებელი დამსდევდა, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე.

სცენა

ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა სცენაზე ვდგავარ. სამი წლიდან მოყოლებული დღემდე, არასდროს მქონია სცენაზე გასვლის შიში. ყოველთვის ვამბობდი, უკუღმა დაბადებული ვარ-მეთქი, იმიტომ, რომ უმეტესობას პუბლიკის ეშინია. ყველა მომღერალი ამბობს, რომ ღელვა მით უფრო იმატებს, რაც მეტია მაყურებელი, - მე პირიქით ვარ. ცოტა ხალხი თუა, არ მომწონს, ბევრი ხალხი როცაა, ბევრ თვალს და სახეებს რომ ვუყურებ, უფრო გახსნილად ვმღერი. იმ მომენტში ყველაფერს ვხედავ აბსოლუტურად, „ლოჟაში“ თუ ზის ვინმე ჩემიანი, იმასაც ვამჩნევ.

დედას ძალიან ეშინოდა, პირველ კონცერტზე რომ გამოვდიოდი, - ეს ახლა უკან გაბრუნდებაო, ფიქრობდა. იმიტომ, რომ  ბევრი ხალხი იყო მესხიშვილის თეატრში, მაგრამ არა. სამი წლის გოგო მაშინ ჩვეულებრივად გავედი სცენაზე და ვიმღერე. „ფასკუნჯი“ უნდა მემღერა, სპეციალურად ჩემთვის იყო დაწერილი ეს სიმღერა. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა.

პირველი განცდები არ მახსოვს, მაგრამ ის მაგონდება, რომ არ მეშინოდა, პირიქით, მაინტერესებდა, იქ რა იყო, ძალიან მინდოდა სცენაზე გავსულიყავი.

პირველი სოლო-კონცერტი რომ გავაკეთე ჩემი მშობლების და მასწავლებლების დაჟინებული თხოვნით, შვიდი წლის ვიყავი. მართლა ძალიან კარგი გამოვიდა იმ პერიოდისთვის.

სცენაზე იშვიათად ვცეკვავ, მელოდიას თუ ავყვები - ხასიათს გააჩნია. სცენაზე რომ გავალ, შეიძლება, ისეთ ხასიათზე დავდგე, თავზე დავიმხო მთელი სცენა, ან პირიქით, - საერთოდ გავჩერდე.

ფონოგრამით არასდროს მიმღერია.

 

პროფესია

ვსწავლობ თბილისში, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიულ ფაკულტეტზე, IV კურსზე. ბავშვობაში ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტში დავდიოდი და პროფესიის არჩევისას ერთ-ერთი ფაქტორი, ალბათ, ისიც იყო, რომ იქ სულ იურიდიული კუთხით ვსწავლობდი. ეს ყველაფერი მომწონდა, ახლაც მომწონს, იმიტომ, რომ საინტერესო სფეროა. მაგისტრატურის გაგრძელებას უცხოურ სექტორზე ვაპირებ.

6 თვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ვაბარებდე, ალბათ, სხვა რამეზე ჩავაბარებდი. PR-მენეჯერობა მინდა ძალიან და ვნახოთ, შეიძლება კურსები გავიარო, ძალიან მიზიდავს ეს სფერო.

ახლახანს, სტაჟიორად ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, სადაც იურისტის თანაშემწე გახლდით. პროკურატურაშიც ვიყავი პრაქტიკებზე. მარტიდან დაიწყება პროექტი „თბილისის ადვოკატი“ და სამი თვე თბილისის მოქალაქეებს გავუწევ იურიდიულ დახმარებას.

 

მუსიკა

17 წელია, ვმღერი... მუსიკას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. „ჯეოსტარში“ სამი ტური გავიარე, თუმცა ფინალში ვერ მოვხვდი.

რაღაც პერიოდი ქუთაისში ჩამოვედი და ყელი ამტკივდა. ექიმმა მითხრა: შენ გაქვს იოგებზე კვანძები და დაემშვიდობე სიმღერას, ვეღარ იმღერებო. როცა წარმოვიდგინე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, - სახლში ღიღინი და სიმღერა - იმასაც ვერ გავაკეთებდი, რა დღეში ჩავვარდი, ვერ გეტყვით. სახლში რომ დავბრუნდი, დისკები დავლეწე, ძალიან ცუდად გავხდი, უდიდესი სტრესი მივიღე და მერე უფრო დავაფასე სიმღერა.

მერე სხვა ექიმებთანაც მიმიყვანეს და ყველამ მითხრა, რომ სერიოზული არაფერი იყო. სიმღერისგან ორთვიანი იძულებითი დასვენების შემდეგ ყველაფერმა გამიარა. აღმოჩნდა, რომ პირიქით, სუფთა სიმღერის იოგები მაქვს - თაღი ჰქონია დიდი ჩემს იოგებს, რომელიც 1000-ში შეიძლება ერთს ჰქონდეს.

რეპერტუარი

ჩემს რეპერტუარში ძალიან ბევრია ჯაზი, იმიტომ, რომ მიყვარს ეს მიმდინარეობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ჟანრს არ ვცემ პატივს, ჩემს რეპერტუარში არის ფოლკლორიც, - ვთქვათ, „კრიმანჭული“, არის ქართული სიმღერები, მაგალითად, „რაჭა - ჩემი სიყვარული“, კახიძის ერთი-ორი სიმღერა, უცხოური სიმღერებიც, თითქმის ყველანაირი ჟანრი. ერთადერთი, რაშიც ვერასდროს მოვსინჯავ თავს და არც სურვილი მაქვს, ეს არის რეპი. ვცდილობ, ყველა ჟანრში ვცადო თავი, ჩემით ვსწავლობ, პედაგოგი არ მყავს ამ წუთას. ადრე თამუნა არჩვაძესთან დავდიოდი, ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ქართული სიმღერა სულ სხვა კუთხით დამანახა.

ნიკოლოზ ედგარიძეს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, პატარა რომ ვიყავი, ჩართავდა ორკესტრს და ვირტუოზებისგან შემდგარ ანსამბლებს მასმენინებდა. მაშინ, ოთხი წლისას, არ მომწონდა ჯაზი, მაგრამ მაინც იქონია გავლენა. ჩემი მეგობრები სხვა რაღაცას უსმენდნენ ყოველთვის, მე - სხვას. ჩემით ვპოულობდი რაღაცებს, დისკზე ვაწერინებდი, სანამ ინტერნეტი არ იყო. ახლა „ნეტში“ ვეძებ და მირჩევნია სულ უცხო შემსრულებელს მოვუსმინო, ვიდრე, ყველამ რომ იცის, ისეთს. ახალში რაღაც ახალს ვპოულობ.

ამ წუთას გადარეული ვარ ბიონსეზე. ბარბარა სტრეიზანდს ვუსმენდი, ვუსმენ და მოვუსმენ ყოველთვის. ლაიზა მინელის, რეი ჩარლზს, სტივ ვანდერს, უფრო ძველ თაობას.

 

მიღწევები

პირველი მიღწევა , 9 წლის ასაკში იყო - ტელეკომპანია „რიონის“ (საბავშვო გადაცემების წამყვანიც ვიყავი) ეგიდით ჩატარდა საბავშვო და საყმაწვილო ფესტივალი „გაზაფხულის ჰანგები“, სადაც გრან-პრის მფლობელი გავხდი. პირველი დიპლომი საესტრადო სიმღერის ჟანრში ავიღე; პირველი დიდი კონკურსი - „სალასპილსი“ იყო, მაშინ რვა წლის ვიყავი.  აქ ავიღე პირველი ადგილი.

მერე იყო ტელეკომპანია „რიონის“ კონკურსები, სადაც სულ პირველი ადგილი და გრან-პრი მქონდა. ყველაზე სერიოზული კონკურსი საქართველოს მასშტაბით იყო 2003 წელს „ბორჯომის ფესტივალი“, სადაც მივიღე „ბროლის ნაძვი“. 14 წლის ვიყავი; 2004 წელს ავიღე „ოქროს ვარდი“; 2005 წელს „ოქროს დისკი“; კონკურსში „გაზაფხულის ზარები 2001“ მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება მივიღე.

ამ კონკურსებიდან ყველაზე გამორჩეული ჩემთვის, ალბათ, უფრო „ბროლის ნაძვია“ იმიტომ, რომ იქ იყო შოუბიზნესის მთელი ელიტა ჩამოსული, ბორჯომში ჩატარდა ეს ფესტივალი.

ეს აღიარება იყო ჩემთვის!

მეორე გახლდათ ბათუმის ფესტივალი, რომელიც ჩატარდა 2006 წელს. მართალია, იქ მესამე ადგილი ავიღე, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო იმ ეტაპზე ის, რომ ალექსანდრე ბასილაია (კომისიის თავმჯდომარე), მე რომ დაბალი ქულები დამიწერეს, ადგა და გავიდა, საერთოდ აღარ გამოცხადდა დაჯილდოებაზე.

იქ უცხოელებიც იყვნენ, ჯეისონ ფლაუერი იყო ერთ-ერთი კანადელი, რომელიც ეძებდა ფოლკლორის ნიმუშებს. მე ვიმღერე მაშინ გურული „კრიმანჭული“ და ძალიან მოეწონა. წაიღო ჩემი ნამღერი. მერე რა ბედი ეწია ამ ნამღერს, არ ვიცი, მაგრამ, როგორც მითხრა, აკეთებდა მსოფლიო დისკს ფოლკლორული ნაწარმოებებიდან და ჩემი ნამღერიც უნდოდა რომ შეეტანა.

 

წერს...

ვწერ ლექსებს, როცა დრო მაქვს. პატარ-პატარა ლექსები ყოველთვის მქონდა, წერა არ ვიცოდი, ზეპირად რომ ვამბობდი და დედა იწერდა. მერე, რაღაც პერიოდი, პაუზა ავიღე ლექსების და ჩანახატების წერაში. ბოლო ორი წელია, რაც ისევ აქტიურად დავიწყე წერა. როცა დრო მაქვს და მუზა მომივა, ყოველთვის ვინიშნავ ხოლმე.

მუსიკაზე ძალიან ბევრი იდეები მომდის, ტექსტებს მე თვითონაც ვწერ.  შვიდწლედი დავამთავრე და ახლა უფრო ვაფასებ ფორტეპიანოს, მაშინ არ მიყვარდა, ძალით დამატარებდნენ, თუმცა, კარგად ვსწავლობდი.

საერთოდ, გარეთ მებადება წერის სურვილი, შინ რომ მივდივარ აღარ მახსოვს. ხშირად, გარეთ დიქტოფონზეც ჩამიწერია სიმღერის ტექსტი, მაგრამ ბევრჯერ ვერც მომიხერხებია, გარეთ ხომ არ დავიწყებ ღიღინს? ვიღაცას სულელი ვეგონები და ამიტომ, ძალიან ბევრი იდეა დამეკარგა.

6 წლის წინ რამდენიმე სიმღერა დავწერე, - რომანტიული სიმღერები გამოვიდა. მერე არა, მაგრამ თუ მექნა ამის სურვილი და, რაც მთავარია, სახლში თუ მომივიდა მუზა, დავწერ აუცილებლად.

 

ოჯახის წევრები

ოჯახის წევრები ყველანაირად ხელს მიწყობენ. ყველაზე აქტიური არის ბებია  - მაგული ცხვედიანი. მასწავლებლები სამადლობელ წერილებში სულ მიწერდნენ: მადლობა შენს მშობლებს და განსაკუთრებით - მაგული ბებიასო. ბებოს ახლა დეიდაც შეუერთდა, რომელიც ბოლო სამი წელია, რუსეთიდან ჩამოვიდა, და ბებიას და, - ვერ გეტყვით, რა დღეში ვარდება ჩემს სიმღერაზე, მე მგონი, ყველაზე მეტად მას უხარია. ყველა ჩართულია იმაში, რომ სიმღერით რაღაცას მივაღწიო, იურიდიული იმდენად არ აინტერესებთ. პროფესიით უფრო დედაა დაინტერესებული. ყველანაირად ხელს მიწყობს იტალიიდან, თუმცა, ამ საკითხზე ხშირად ვჩხუბობთ კიდეც, - მარტო ნიჭით რაღაცის მიღწევა არ ხდება, არც ფული გვაქვს მაგდენი და არც „პატრონი“ გვყავს ზევითო. ისეთი გამოსვლები როცა მაქვს, სადაც პროფესიონალები მისმენენ და მაფასებენ - მოსწონს.

 

***

ბოლოს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ჩატარებულ ჯაზის საღამოზე გამოვიდა, სადაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მოგვიანებით გაიგო, იმ საღამოს შემდეგ მისი სახელი ამერიკის საელჩოში გადაუგზავნიათ. იმედი აქვს, მალე გამოხმაურებაც იქნება...

ახლა ისევ თბილისში წასასვლელად და სასწავლებლად ემზადება, თუმცა მუსიკას ერთი წუთით არ ივიწყებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია