დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოჩა ლორია - დაუვიწყარი ყვავი - სამსახურს ეძებს
2010/02/01 12:42:52

გოჩა ლორია დღესაც ძალიან კარგად ახსოვთ. მისი სახელის ხსენებისას პირველ რიგში ის აგონდებათ, რომ მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილის“ პირველი და დაუვიწ-ყარი ყვავი იყო და კიდევ გასული საუკუნის, 80-იანი წლების ერთ-ერთი ჰიტის - „ახლა მოდაშია ჩურჩულების“ საუკეთესო შემსრულებელი. თუმცა, კიდევ ძალიან ბევრი ჰიტი იყო, უსაზღვრო ემოციები მის მიმართ და აპლოდისმენტები...

ბატონ გოჩას დღესაც უამრავი იდეა აქვს და ამბობს: „მერე რა, რომ სამოცი წლის ვარ, ბევრ მომღერალს კიდევ ვაჯობებ.“

სიმღერის ნიჭი რომ ჰქონდა, თვითონ არ აღმოუჩენია, სკოლის პერიოდში მასწავლებლები მიხვდნენ. არც არავის გაკვირვებია - მშობლებიც მღეროდნენ, დედმამისშვილებიც, უფრო მეტიც, გურიაში პირველ კრიმანჭულს მისი ბაბუა ირაკლი სიხარულიძე ამბობდა.

„არც მიფიქრია, რომ სერიოზული კარიერა მექნებოდა, თუმცა, ასე მოხდა...

ვიყავი ჯარში, ბალტიისპირეთში. როსტოველმა მუსიკოსმა „აღმომაჩინა“, როგორც კი ჯარი დავამთავრე, ხელი მომკიდა და როსტოვის ფილარმონიაში წამიყვანა. ადრე ძალიან კარგად ვმღეროდი. როსტოვში „რერო“ ჩამოვიდა, გენო ონაშვილმა მითხრა, რა გინდა აქ, ქართველი ხარ და იქ უნდა წამოხვიდე, როგორც კი ჩამოხვალ, მაშინვე მიგიღებთ „რეროშიო“. ასე მოხდა თბილისში ჩემი გადმობარგება.“

„რეროში“ ბიგ-ბენდთან ერთად მღეროდა. მერე ანსამბლ „75“-ში გადავიდა.

„რეროს“ რეპეტიციებზე დადიოდა რობერტ ბარძიმაშვილი და მან შემომთავაზა „75“-ში გადასვლა. „75“-ში სერიოზული პროგრამა მქონდა.“ ამ ანსამბლთან ერთად 9-ჯერ შემოიარა საქართველო და 9-ჯერ რუსეთი.

შემდეგ იყო ანსამბლი „ივერია“:

„მე თვითონ მივედი ბასილაიასთან და ვუთხარი, „ივერიაში“ მინდა გადმოსვლა-მეთქი. გადავედი კიდეც. 10 წელი ვიყავი ყვავი.“

ყვავის სიმღერა ივერიის მიუზიკლში „ჩხიკვთა ქორწილი“ გოჩა ლორიას შემდეგ რამდენიმე მომღერალმა იმღერა: სოსო პავლიაშვილმა, მერაბ სეფაშვილმა, სხვებმაც. თუმცა, დაუვიწყარ ყვავად, მხოლოდ ბატონი გოჩა დარჩა.

„ალბათ, იმიტომ, რომ ეს სიმღერა ჩემთვის დაიწერა. როცა კომპოზიტორმა იცის ვისთვის ქმნის მუსიკას, ეს უფრო კარგია. ყველაფერი გათვლილია: ხმის, ტემბრის შესაძლებლობა, ხასიათი.

ბატონი გოჩა განაგრძობს: „ძალიან წარმატებული ანსამბლი იყო, ყველა სატელევიზიო გადაცემაში გვიწვევდნენ, მაგრამ ვიღაცას არ მოეწონა და დაიშალა ეს ანსამბლი. არაჯანსაღი კონკურენცია იყო, ისეთი, ინტერესს რომ მოგიკლავენ და ყველაფერს დაანებებ თავს. ნარკობიზნესის შემდეგ შოუ-ბიზნესი ყველაზე ბინძური ბიზნესია.“

დღეს სახლში ზის. თუმცა, უამრავი იდეა აქვს, უამრავი გეგმა. „დღეს არავის სჭირდება არც ვოკალი და არც არაფერი. მომღერალი შინ არ უნდა იჯდეს, უნდა მღეროდეს, უნდა ხალხს სიამოვნებას ანიჭებდეს.“ სცენაზე დაბრუნება ბევრჯერ სცადა, არ გამოვიდა.

„რამდენჯერ უნდა სცადო, მოგბეზრდება, შეგრცხვება კიდეც. მეუბნებიან, რატომ არ მღერიო. მამღერონ და ვიმღერებ, მერე რა, რომ 60 წლის ვარ.“ ამ გადასახედიდან ამბობს, რომ „რეროს“ როსტოვიდან არ უნდა გამოჰყოლოდა. „კირკოროვზე ნაკლები მომღერალი არც ახლა ვარ, მაგრამ იქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო მაგარი კირკოროვი ვიქნებოდი. ლეონტიევი მოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდა, ასე გრძნობით როგორ აგრძელებ ამ ნოტსო. ლეონტიევის და ჩემი ცხოვრება შეადარეთ ახლა ერთმანეთს.“

მას მარტო ხალხის სიყვარული ჰქონდა და აქვს. „არც შემიმჩნევია, პოპულარული თუ ვიყავი. არაფერი განსაკუთრებული ყოფილა, უბრალოდ, ხალხი მცნობდა და სიყვარულს ვგრძნობდი. ჩვენთან რა არის პოპულარობა? შეადარეთ ქართველი პოპულარული ადამიანების ცხოვრება და საზღვარგარეთ მცხოვრები ვარსკვლავების,“ - ამბობს.

მთავარი მაინც ისაა, რომ დღეს ისევ ახსოვთ გოჩა ლორია - დაუვიწყარი ყვავი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია