დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითდარწმუნებული სოზარ სუბარი საარჩევნო ბრძოლის მოსაგებად ემზადება
2009/12/14 14:28:10

გასულ კვირას ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კრიტიკის ობიექტი გახდა. თუმცა მას ამ კრიტიკაზე კომენტარები არ გაუკეთებია. ამჯერად მას იეღოველთა მფარველობა დასწამეს. მასთან ინტერვიუ ეროვნულ-დემოკრატების ახალ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ჩავწერეთ, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საუბრობს.

- ბატონო სოზარ, რატომ გადაწყვიტეთ ირაკლი ალასანიას გვერდით ყოფნა?

- ყველა პატიოსანი და წესიერი ადამიანის მოვალეობაა ან აკონტროლოს პოლიტიკოსები, ან მოვიდეს პოლიტიკაში, რათა თავად უკეთ აკეთოს ქვეყნის საქმე. დაახლოებით ბოლო 15 წელი არასამთავრობო სექტორიდან, როგორც ჟურნალისტი და როგორც სახალხო დამცველი,  ვცდილობდი, მეკონტროლებინა ხელისუფლება. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკა მიემართება ანტიდემოკრატიული გზით, ყველაზე სწრაფი და რეალური გზა არის პოლიტიკაში წასვლა, რათა ქვეყნის გადარჩენა შეძლო. გეთანხმებით, რომ ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ არის ყველაზე სწრაფი გზა. ამიტომაც როცა დავინახე, რომ არის ძალა, რომელსაც არ აქვს ამბიციები, მაგრამ აქვს შესაძლებლობა საქმის კეთების, მივედი მასთან.

 - თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერ შეძელით ამ ეტაპზე ხელისუფლების კონტროლი?

- მე სახალხო დამცველად მუშაობის დროს ვაკეთებდი მაქსიმუმს და არ დამრჩენია არაფერი ყურადღების მიღმა. მაგრამ, როცა ვეუბნებოდი, დასაჯე საკუთარი თავიო, ბუნებრივია, ისინი ამას ვერ გააკეთებდნენ.

- არ თუ ვერ გააკეთებდნენ?

 - არ გააკეთებდნენ და არ დასჯიდნენ.

 - თუკი ირაკლი ალასანია ქალაქის მერი გახდება, თქვენ რა ადგილს დაიკავებთ მის გვერდით?

- მე ვარ „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე. ალიანსმა მე დამასახელა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად. გამარჯვების შემთხვევაში აქ იმუშავებს ის მოდელი, რაც მთელ ქვეყანაში უნდა მუშაობდეს - სადაც პარლამენტი, საკრებულო და თვითმმართველობის ორგანო აკონტროლებენ აღმასრულებელ ორგანოს. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, სადაც კონტროლისა და ბალანსის სისტემა, დარწმუნებული ვარ, იმუშავებს. მე ალიანსში მივედი იმისთვის, რომ გვქონდა ერთნაირი ხედვა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ მარტო ხედვა არაფერს უშველის საქმეს, თუ არ არის ძალა, რომელსაც შეუძლია გამარჯვება.

- თუ ალასანია ქალაქის მერი, ხოლო თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე იქნებით, იმაზე მეტს გააკეთებთ, ვიდრე ეს სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში გააკეთეთ?

- სახალხო დამცველად როცა ვმუშაობდი, მე გავაკეთე მაქსიმუმი იმისა, რაც შემეძლო გამეკეთებინა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმაზე მეტს ვერც ვერავინ გააკეთებდა, რაც ამ 5 წლის მანძილზე გავაკეთე. მე საქმეში ვდებ მთელს ჩემს შესაძლებლობებს. თბილისს საკრებულოს თავმჯდომარეობის გარდა, ადამიანის უფლებების დაცვაც სჭირდება, ბიუჯეტის კონტროლიც. და ამ ბიუჯეტის შედგენის პროცესში გავაკეთებ იმას, რაც ქვეყანას სჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, იქნება ეს არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული?

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული. ამის გარანტიას მე გაძლევთ. მაგრამ ხალხის ნებას წინ ვერავინ დაუდგება. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, თუ რამდენად აქტიური იქნება იგი.

- როგორ ფიქრობთ, გაუწევს თქვენი კანდიდატი უგულავას კონკურენციას?

- ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები გამარჯვებაში და თბილისის მერი ირაკლი ალასანია იქნება. ერთადერთი, ჩვენი დამარცხება მაშინ მოხდება, თუ პირდაპირ დანიშნავენ თბილისის მერს. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა ბრძოლის საშუალებები გვრჩება და ამისთვისაც მზად ვართ.

- რამდენიმე კვირის წინ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გააკეთა განცხადება, რომ თქვენ ომბუდსმენად მუშაობის პერიოდში პოლიტიზირებული იყავით, რას იტყოდით?

- მე ეს არ მომისმენია, მაგრამ ამ ვერსიების შემდეგ თავად ტუღუშმა დამირეკა და მითხრა, რომ ეს არის ტყუილი.

- ფაქტია, რომ გავრცელდა.

- გეთანხმებით, მაგრამ ეს მას არ უთქვამს. ისე, პირველი ჟურნალისტი ხართ, ვინც ეს კითხვა დამისვა.

- გმადლობთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია