დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იხეირებს თუ არა ხელისუფლება „წარა-მარა“ პოლიტიკოსების ხარჯზე(?)
2009/12/14 14:27:19

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კიდევ ექვსი თვე დარჩა, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს საარჩევნო კამპანია. რეგიონებში კამპანია არც თუ ისე აქტიურ ფაზაშია, თუმცა თბილისში პოლიტიკური პარტიების და მერის კანდიდატების რეიტინგებიც კი გამოქვეყნდა. ოპოზიცია ხელისუფლების ყველა ქმედებაში წინასაარჩევნო პიარს ხედავს. ქრისტიან-დემოკრატები ამ საკითხში ხელისუფლების მიმართ ოდნავ კორექტულები არიან და არც თავისი ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ იშურებენ კრიტიკას. პარტიის საარჩევნო იმედებზე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე გვესაუბრება.

 

- ბატონო გიორგი, გასულ კვირას გამოქვეყნდა რეიტინგი, სადაც მერის თანამდებობის მოპოვების ლიდერთა სიაში ზვიად ძიძიგური პირველობს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შეიცვალოს არჩევნებამდე და იქნება ეს არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი? 

- თუ ჩვენ სტანდარტად ავიღებთ განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების საარჩევნო სისტემას, აღმოჩნდება, რომ ამ სტანდარტებისგან შორს ვართ. აქედან გამომდინარე, არც თვითმმართველობის არჩევნები იქნება იდეალური. ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ და განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. დღეს ყველა ვხვდებით, რომ დემოკრატიის გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, წინ წავიწიოთ. ამ თვალსაზრისით მიღწევა და შედეგია ის, თუ მომდევნო არჩევნები იქნება იმაზე კარგი, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო. ახლა ამის რა წინაპირობები არსებობს - პირველ რიგში, საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით და უკვე არის გარკვეული შეთანხმებები მიღწეული, რომლებიც უკავშირდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების, ასევე მთლიანად საარჩევნო სისტემის რეფორმირებას. ასევე უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ოპოზიციურ ძალებს შორის შედარებით უკეთესი გარემოს შექმნას. მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ სრულყოფილი გარემო პირობებისაგან. რთულადაა საქმე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ უზარმაზარი დისკომფორტია მმართველ პოლიტიკურ ძალებს და კონკურენტ ოპოზიციურ ძალებს შორის არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე დისპროპორციაა მედიასაშუალებების კუთხით. ფაქტობრივად, მთელი ცენტრალური მაუწყებლობა მონოპოლიზებულია სახელმწიფო ძალების მიერ. თბილისში საზოგადოება პოლარიზებულია, რადგან ერთ მხარეს არის ტელევიზიები, რომლებიც საქართველოს სრულიად არარეალურ რეალობას აჩვენებენ და მეორე მხარეს კი - ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებსაც ასევე უჭირთ ბალანსის დაცვა გასაგები მიზეზების გამო. თუ ყველა ვაღიარებთ იმას, რომ არჩევნებს იქით გზა არ არის და ვითარების ექსტრემიზაცია, შეიარაღებული გადატრიალება და სამხედრო ამბოხი საქართველოს ისტორიიდან უნდა ამოიშალოს, ჩვენ გვრჩება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ქრისტიან-დემოკრატების ტაქტიკა ასეთია - უნდა გადავირჩიოთ ხელისუფლება და არ გადავაგდოთ, რადგან ნებისმიერი, ვინც გადაგდების გზით მოვა, რამდენიმე ხნის შემდეგ თავად გახდება გადასაგდები.

- საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში თქვენი პარტია აქტიურადაა ჩართული. რამდენად გეძლევათ თქვენი აზრისა და არგუმენტების საარჩევნო კოდექსში ასახვის საშუალება?

- ჩვენი წინადადებების ბოლომდე გატანის პრობლემა არის. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ორი მესამედი ოპოზიციის შეთავაზებებისა შეთანხმებული და გათვალისწინებული იყო, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად. განხეთქილების ვაშლად იქცა 50%-იანი ბარიერი, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატებმა, ალიანსმა და ფრაქცია დემოკრატებმა დავუჭირეთ მხარი. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ დადგნენ. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ხელისუფლების ხასიათს, ბუნებას და, აქედან გამომდინარე, არ მივცემთ იმის ფუფუნებას ხელისუფლებას, რომ იზოლირება მოახდინოს ოპოზიციური პარტიების აზრისა. რათა ყველაზე მცირე და უმნიშვნელო დეტალიც გამოვტაცოთ ხელიდან, რათა მომავალი არჩევნები ჩატარდეს უკეთესად. ამ მხრივ გაუმართლებლად მიმაჩნია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მუდმივად საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ან ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემაა. ეს აჩენს პესიმიზმს ამომრჩეველში და ხდის ინდიფერენტულს საზოგადოებას, ამით კი ხელისუფლება ხეირობს. ჩვენ, ერთის მხრივ, უნდა მკვეთრად, თანმიმდევრულად და გაერთიანებული ძალებით დავუპირისპირდეთ ხელისუფლების მცდელობას, შეინარჩუნოს ის საარჩევნო გარემო, რომელიც აქვს, და, მეორე მხრივ, არ უნდა შევუწყოთ ხელი არჩევნების წინ მოსახლეობაში ნეგატიური აზრის დანერგვას. ამით მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია დაზარალდება, ეს კი ჩვენს ინტერესებში არ შედის.

- ამ ეტაპზე ოპოზიციას ერთი კანდიდატი არ ჰყავს. ფაქტია, რომ ამ საკითხში ოპოზიცია ვერ შეთანხმდა. თქვენი კომენტარი...

- ეს არის ძალიან დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ნაწილი, როდესაც ყველა ოპოზიციურ ორგანიზაციას ჰყავს თავისი კანდიდატი. უბრალოდ, არ შეიძლება, ყველას ერთი კანდიდატი ჰყავდეს. მაშინ ყველა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდებოდა ერთ პარტიად. ჩვენ ვიღაცების მიერ დანერგილ ასეთ კლიშეებს თავი უნდა დავაღწიოთ და შევეჩვიოთ დემოკრატიის დემოკრატიულად აღქმას. დემოკრატია არჩევანის თავისუფლებას ნიშნავს. მე, ქრისტიან-დემოკრატს, რომელსაც მყავს ჩემი ამომრჩეველი და ეს საპარლამენტო არჩევნების დროს 150 000-ზე მეტი ადამიანი იყო საქართველოს მასშტაბი და კიდევ მატულობს, როგორ ვუთხრა, რომ შენ მხარი სხვა პარტიის წარმომადგენელს დაუჭირეო, რომელსაც სხვა პრინციპები და მიდგომები აქვს. ხელისუფლების ინტერესშია, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაყაროს და ერთად მოხარშოს. ეს ქართული დემოკრატიის ინტერესი არ არის. კარგია, რომ რამდენიმე კანდიდატია მერის პოსტზე, რადგან მხოლოდ შეჯიბრსა და ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში გამოიკვეთებიან და გაიზრდებიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერები. სხვანაირად კი დემოკრატიული სისტემა საქართველოში ვერ განვითარდება.

- თქვენ ამბობთ, რომ თქვენი მხარდამჭერების რიცხვი იზრდება, რატომ ხართ დარწმუნებული, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ კრახი განიცადა, მოსახლეობა კვლავ ოპოზიციას დაუჭერს მხარს?

- ჩვენ არ ვართ „წარა-მარა“ პოლიტიკოსების კატეგორია. ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ და არ ვიცვლით ტაქტიკურ ნაბიჯებს. ჩვენ არ ვატყუებთ ხალხს და არ ვუქმნით ილუზიებს, რომ ქუჩაში გამოსვლით შესაძლებელი იქნება სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა. ჩვენ სიმართლეს ვეუბნებით ხალხს, რაც ჩვენს რეიტინგზე აისახება. ჩვენი პოლიტიკური გზა იყო კონსტიტუციურად გარანტირებული და ასეთად დარჩება. 2010 წლის ბიუჯეტში ჩვენი ინიციატივით მხარდაჭერილი იქნება ჯანდაცვის ორი პროგრამა. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების პრობლემების მოგვარება და არ გვაქვს აბსტრაქტული მიზნები.

- თქვენი ინიციატივა იყო საქართველოს დიდ ქალაქებში მერის არჩევა, რაც არ დაკმაყოფილდა...

- მე მხარს არჩევითობის მაღალ ხარისხს ვუჭერ, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია ყველა ქალაქში მერის არჩევის მიღწევა. ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, იყო უფრო რეალური. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა ამ საკითხის გაზიარება მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ჩვენი აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობას მეტი ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებები უნდა ჰქონდეს, უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის ფორმირების კუთხით. მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ბიუჯეტი ადგილობრივი პრობლემების ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებლად. ასევე, არჩევნებამდე უნდა გაჩნდეს კონსტიტუციაში ცალკე მუხლი, სადაც კონკრეტული უფლებები, ექსკლუზიურად, თვითმმართველობას გადაეცემა.

- რას ელოდებით ამ არჩევნებიდან?

- თვითმმართველობის არჩევნებიდან ველოდები იმას, რომ საქართველო შეძლებს და ჩააბარებს ტესტს დემოკრატიაზე, რასაც გაფაციცებით აკვირდებიან უცხოელი, დასავლელი მეგობრები და პარტნიორები. მათ უნდათ, გაიგონ, საქართველო ადგას დასავლური დემოკრატიის გზას, თუ აღმოსავლური ტოტალიტარიზმის გზას. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. სხვაგვარად კი, მე პირადად, საქართველოს მომავალს ძალიან ცუდად ვხედავ და წარმოვიდგენ. როგორც პოლიტიკური ლიდერი, ველი, რომ ამ არჩევნებში საგრძნობლად კარგ მაჩვენებელს ვაჩვენებთ, ვიდრე ეს საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა. ჩვენ, სავარაუდოდ, ყველა თვითმმართველ ორგანოში საკმაოდ ძლიერად ვიქნებით წარმოჩენილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია