საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზოგჯერ სასწრაფოს ექიმებიც იღიმებიან...
2009/12/07 15:52:33

სასწრაფო დახმარების სადგურში სულ სხვა რამის გამო მივედი - ერთი უჩვეულო ამბავი უნდა მომესმინა - აფხაზეთის ომის დროს სოხუმიდან გადმოსვლისას დაკარგულმა და-ძმამ 18 წლის შემდეგ როგორ იპოვა ერთმანეთი...

„სად არის ახლა მაია ასათიანი?“ - მეღიმება და ამბის ერთ-ერთ გმირს, აქ მომუშავე ძმას ველოდები, დის სასწაულებრივად პოვნის ისტორია რომ მიამბოს.

მისი მხოლოდ გვარი ვიცი...

 

„18 წლის შემდეგ და რომ იპოვნა, არა? მართლა საოცარი ამბავია! - მეუბნება პირველივე შემხვედრი, რომელსაც ჩემი სავარაუდო რესპონდენტის შესახებ ვეკითხები, - გამოძახებაზეა გასული, დაელოდეთ, მალე მოვა“, - და მოსაცდელ ოთახში მეპატიჟება. თან, „დისპეტჩერს“ უხსნის, ვის ველოდები და, როცა მოვა, აუცილებლად გამაგებინოს. თვითონ გამოძახებაზე გარბის...

მოსაცდელ ოთახში, რომელშიც სულ ორი გრძელი სავარძელი და ერთი მაგიდა დგას, პატარა, დასვრეტილი ფანჯრიდან გამუდმებით ზარებზე მოპასუხე „დისპეტჩერი“ ჩანს. ოთახში მარტო ვარ, თუმცა, მალე, გამოძახებიდან დაბრუნებული ორი ექიმი შემოდის, ხმაურით და სიცილით. „დისპეტჩერს“ მხიარულად ატყობინებენ: „H1N1-იან პაციენტთან ვიყავით“.

ვიძაბები... მალე უცხო ადამიანს ამჩნევენ და განმარტებასავით აყოლებენ: „ყოველი შემთხვევისთვის, უკვე დავისპირტეთ და ნიღბებიც გადავყარეთ“.

ცოტათი ვმშვიდდები.

ორს გამოძახებიდან დაბრუნებული კიდევ ოთხი ექიმი ემატება, თუმცა ამათგან ორი მალევე ისევ გამოძახებაზე მიდის.

- მართლა H1N1-იან პაციენტთან იყავით? - ვეკითხები და, ყოველი შემთხვევისთვის, ასადგომად ვემზადები...

- არა, მორიგი ცრუ განგაში იყო. ამ ბოლო დროს ყველას ჰგონია, რომ ღორის გრიპი სჭირს - როგორც კი ოდნავ სიცხე აუწევთ, პანიკაში ვარდებიან, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში ეშინიათ და რეკავენ გრიპის შემთხვევაში...

- ყოფილა შემთხვევა, რომ მართლა დაგიდგენიათ ღორის გრიპი?

- ეგ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. არც გვევალება, დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, ჩვენი საქმეა, ეჭვი შევიტანოთ. ღორის გრიპს რაც შეეხება, თუ მართლა დაგვაეჭვა სიმპტომებმა, ჯერ უბნის ექიმთან ვუშვებთ და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, მხოლოდ ამის შემდეგ უშვებს სპეციალურ სამსახურში. იქაც მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი - ჯერ ანალიზი უნდა აუღონ, რომლის პასუხი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იქნება ცნობილი.

- დიდი ხანია, რაც აქ მუშაობთ? - ვეკითხები მოსაცდელ ოთახში დარჩენილ ისევ იმ ორ ქალბატონს.

- მე და გულიკო მამისეიშვილი 1988 წლიდან, უკვე 21 წელია, აქ ვართ. მე სადაზღვევო ექსპერტადაც ვმუშაობდი, მაგრამ ორივე ვეღარ შევუთავსე ერთმანეთს და სადაზღვევო კომპანიიდან წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური დაინტერესება იქ უფრო დიდი იყო. ძალიან გვიყვარს ეს საქმე, - მპასუხობს ნინო მახარაძე, თან აგრძელებს, - ფონენდოსკოპის, წნევის აპარატების და ზოგადად გასინჯვის მეთოდზე დამყარებული ჩვენი სამუშაო, ემოციურად, ფიზიკურად და გონებრივად ტიტანურ შრომასთანაა დაკავშირებული. სულ ექსტრემალურ სიტუაციაში ვართ, თან - სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენი დროული დახმარების შემთხვევაში, რამდენი ადამიანი აცილებულა რეანიმაციურ გართულებას...

- დღე-ღამეში, დაახლოებით, რამდენ გამოძახებაზე გადიხართ?

- პროცენტულად მეტი გამოძახება ღამის საათებში მოდის, რადგან ტკივილი და შიში ღამით უფრო იმატებს. ზოგჯერ უბრალოდ, თავის დასამშვიდებლად გვირეკავენ, წუწუნებენ ნევროზული ავადმყოფები. მთელი ღამე არ გვძინავს, ან უარესი, - ჩათვლემილიც კი არა ვართ, რომ გვაღვიძებენ. პირდაპირ ფორმებით და ფონენდოსკოპებით ვართ წამოწოლილი... ვწუწუნებთ კიდეც, მაგრამ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე.

- ბოლო პერიოდში, რა სახის დაავადებებით უფრო ხშირად გაწუხებენ?

- ვირუსული გამოძახებების რაოდენობას, წინა წლებთან შედარებით, არ მოუმატია, თუ ცრუ გამოძახებას არ ჩავთვლით (როცა ჰგონიათ, რომ ღორის გრიპი სჭირთ). კატასტროფულად იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა! დღეში 3-4 გამოძახება მაინც არის, განსაკუთრებით - წვიმიან ამინდში, ქვეითად მოსიარულეებს ეჯახებიან. შემდეგ, სიხშირის მიხედვით, გამოძახებები მოხუცებულობით გართულებებზეა.

ხშირად, პატრულთან ერთადაც გვეძახიან, როცა ნასვამ მდგომარეობაშია ვიღაც. ამ მხრივ კურიოზული სიტუაციაა, რადგან გამოსაფხიზლებელი არ არსებობს, სტაციონარიც ვერ იღებს ნასვამ ადამიანს, თუ კომაში არ არის... თუმცა, მაინც სტაციონარში მიგვყავს, გამოფხიზლდება და დილით მიჰყავთ სახლში, თუ თვითონ არ გაიქცა, როცა გამოფხიზლდება...

- კურიოზული სიტუაციები ხშირია?

- რამდენიც გინდა... ადრე, მაგალითად, სადისპეტჩერო და მისაღები ერთად იყო და, გარდა იმისა, რომ თვითონ გავდიოდით, ავადმყოფები თუ არა-ავადმყოფები, თვითონაც შემოდიოდნენ ჩვენთან. ერთხელ შემოვიდა ვიღაც წნევის გასაზომად. ამ დროს ექიმსაც გაახსენდა, რომ თვითონაც გასაზომი ჰქონდა წნევა, - ჯერ თვითონ გაიზომა, თან ხმამაღლა თქვა, - 110-80-ზეო. „აგაშენა ღმერთმა!“ - თქვა მომლოდინე პაციენტმა და დამშვიდებული წავიდა...

... ცოტა ხანში მთელი სასწრაფო დახმარების სადგური ჩართული იყო ჩვენს საუბარში... ჯერ ოთახში იხედებოდნენ და უცხო ადამიანის დანახვაზე - რა ხებაო? კითხულობდნენ. როცა იგებდნენ, იმ ისტორიის მოსასმენად ვიყავი მისული, რომელზეც იქ უკვე ყველა საუბრობს, შემოდიოდნენ და თვითონაც ერთვებოდნენ საუბარში.

- ის გახსოვთ, „ცაფამედის“ წამლის ლოგო რომ გვქონდა ჯიბესთან და ერთ პაციენტს ბერძენი ექიმი ვეგონე, გვარად ცაფამედი, - იხსენებს ახლახან შემოსწრებული ექიმი. ყველა მხიარულადაა.

- პრეზიდენტის პროგრამის შემდეგ ცვლილებებზე რას იტყვით?

- ვარდების რევოლუციამდე ცალ-ცალკე იყო ყველა სფეროს ექიმი, შემდეგ მოხდა ბრიგადების განზოგადება და ახლა მხოლოდ ერთი ტიპის ბრიგადაა, - ზოგადი. სულ 9 ბრიგადა ვართ, თითო ბრიგადაში: ექიმი - ექთანი - მძღოლი. ზოგჯერ ორი ექიმიც. თუ ისე მოხდა, რომ ადგილზე არავინაა, რაციით ვიღებთ გამოძახებას, ერთმანეთსაც რაციის საშუალებით ვუკავშირდებით, პაციენტს საათობით რომ არ მოუხდეს ლოდინი - ზოგჯერ წამებიც გადამწყვეტია...

- პრეზიდენტის პროგრამას ძალიან კარგად იყენებს ხალხი, - ამატებს მეორე, - როცა არ არის საჭირო, მაშინაც გვიძახებენ: გაგვასინჯინებენ ოჯახის ყველა წევრს და: რაღა გვინდა საავადმყოფოშიო, ამბობენ.

„მოვიდა!“ - ლამის შემორბის ოთახში ერთ-ერთი ექიმი და მიხსნის, რომ „ის“, ვისაც ველოდი, გარეთაა, მანქანაში ზის. ყველას ვემშვიდობები და გარეთ გავდივარ. არადა, რამდენი საინტერესო რამ აქვთ, ალბათ, კიდევ მოსაყოლი...

„იცით, დღეს მაია ასათიანმაც დამირეკა და უარი ვუთხარი... ძალიან მერიდება, მაგრამ თქვენც უარი უნდა გითხრათ. ნაბრძოლი კაცი ვარ, ჩემი და ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორიაზეა... ჯერჯერობით არ მინდა, ასე საჯაროდ გამოვჩნდე,“ - მეუბნება „საოცარი ისტორიის“ გმირი, რომელსაც თითქმის ორი საათია ველოდი.

„მაია ასათიანმა მაინც საიდან მიაგნო?“ - ისევ მეღიმება და იქიდან მაინც კმაყოფილი მოვდივარ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია