დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეზო ჭეიშვილი: „ბაგრატის ტაძარი უკანონოდაა შეტანილი იუნესკოს სიძველეთა დაცვის სიაში!“
2009/10/19 14:59:52

რეზო ჭეიშვილი: „ბაგრატის ტაძარი უკანონოდაა შეტანილი იუნესკოს სიძველეთა დაცვის სიაში!“

ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით მწვავე დისკუსიაში, კარგა ხანია, ერი და ბერი ჩაება.

საზოგადოებას, ბუნებრივია, აინტერესებს, რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ ჩვენი გამოჩენილი მწერალი, შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე რეზო ჭეიშვილი, რომელიც ყოველთვის და ყველგან წერდა და ამბობდა: სანამ ბაგრატის ტაძარი არ აღდგება, ვერც საქართველოს გავაერთიანებთ და ვერც აფხაზეთს შემოვიბრუნებთ, ჩვენი ხსნისა და გადარჩენის ერთადერთი გზა - აღდგენილი ტაძარიაო.

ბატონ რეზოს რომ მივაკითხეთ, მან თავის გაზეთში („ჩემი გაზეთი“, 2009 წ.) დასაბეჭდად გამზადებული ეს ინტერვიუ დაგვითმო და გვითხრა, რომ სწორედ აქ უპასუხა ყველა შეკითხვას...

 

- ბატონო რეზო, ტელევიზიის საშუალებით მოვისმინეთ საპატრიარქოს განცხადება ბაგრატის ტაძრის აღდგენის მშენებლობის შეჩერების თაობაზე, რას იტყოდით ამის შესახებ?

- უპირველესად, იმას, რომ ეს იყო ჩემთვის სრულიად, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი განცხადება.

- საინტერესოა, რატომ?

- იმიტომ, რომ სამუშაოთა შეჩერების საბაბად იუნესკო სახელდება და არა ხალხი, არა ქალაქი, რომელსაც საკრებულო, დედა ტაძარი არა აქვს. მთავარია, თურმე, რას იტყვის შორიდან იუნესკოს რომელიღაც წარმომადგენელი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ტაძრის ისტორიაზე და მნიშვნელობაზე და, როგორც ირკვევა, არა მარტო - მას. იგი დღემდე, ამჟამადაც ფუნქციონირებს, როგორც ეკლესია და არა როგორც ძეგლი; როდესაც ჩერენცოვის ნახატის მიხედვით ხელახლა, აგერ ჩვენს თვალწინ, მიაშენეს დასავლეთის კარიბჭე ახალი ქვებით და დამცრობილი ფორმით, რატომ მაშინ არ გაახსენდათ იუნესკო?

- აღადგინეს, თუ მიაშენეს?

- მიაშენეს, აღსადგენი იქ აღარაფერი იყო, მიაშენეს, როგორც ვთქვით, ჩერენცოვის ჩანახატის (XIX ს. 30-იანი წლები) მიხედვით. კიდევ კარგი, ჩახატა და დატოვა იმ კაცმა! იმუშავეს ცემენტით და არა კირხსნარით, არმატურაც გამოიყენეს, თუ არ ვცდები (არ გაიგოს იუნესკომ!). კარგი ნახელავია ნამდვილად, ბერძენი კირითხურონი მუშაობდნენ. რამდენიმე ძველი ქვაცაა ჩატანებული თაღედში და ეგაა. სამხრეთის კარიბჭე აღდგენილია, სვეტებიც, ტაძარიც - ნაწილობრივ, ეს ადრე. ცნობები ძუნწია და მწირი...

„საკრებულო, ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის არის, შიგ წინათ კედლის მხატვრობა ყოფილა (ალექსი იევლიევი - რუსი ელჩი. 1670-1652 წლები).“ ყოფილაო. ფრესკები თავისთავად ხომ არ ჩამოირეცხებოდა, რაღაც მოხდა და აღადგინეს, როგორც სვეტიცხოველი, როგორც სხვა ეკლესიები, იგი განაგრძობდა არსებობას, სანამ საბოლოოდ არ დაიქცა: „წელსა ჩქჟბ (1692 წ.) შემუსრეს ოსმალთა“. სანამ შეიმუსრებოდა (ოსმალებმა შემუსრეს თუ არა, ესეც საკითხავია), რუსი ელჩების გარდა ბევრმა კათოლიკე მისიონერმა და უცხოელმა მოგზაურმა იხილა იგი დაზიანებული, მაგრამ - მთელი. სხვათა შორის, გელათი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მათზე ვიდრე „ბაგრატი“. ამას ისიც განაპირობებდა, ალბათ, რომ იქაურობა უფრო ციხე-სიმაგრედ, ციტადელად აღიქმებოდა, ვიდრე მხოლოდ ტაძრად, სამეფო სახლებიც იქ იდგა და „წმინდა გიორგის“ ეკლესიაც. ახლაც დგას...

- და ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს ოსმალებმა, თურქებმა...

- უფრო ქართველებმა...

- ქართველებმა, ბატონო რეზო?.. ესეც ახალი ამბავი! თურქები ვიცოდით, რუსებმაო, ესეც თქვეს, პასკევიჩი ახსენეს, ახსენა ჩვენმა პრეზიდენტმა...

- შეეშალა... პასკევიჩის პაპის პაპაც კი დაბადებული არ იყო, ტაძარი რომ დაიქცა... ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა იმ დროს „იმერეთის სამეფოში“ (გურია, სამეგრელო, აფხაზეთი)... ყოველ მათგანს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდა აშენებული იუნესკოს დაუკითხავად. XVII საუკუნის შუა წლებში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიოდნენ პაპის „ლეგატები“ - იტალიელი მისიონერები. შეძრწუნებული იყვნენ ტყვეთა ვაჭრობით, ბავშვებს ყიდდნენ წონით, მტკაველობით, თვალებს ისე თხრიდნენ მეფე-ფეოდალები ერთმანეთს, როგორც არაფერი. სიბოროტე, სივერაგე, ღალატი და შედეგი სავალალო,-ტაძრის დაქცევა. არჩილ მეფეც, პოეტი, მონაწილეობდა ტაძრის ნგრევაში... ერთხელ ციხე-ციტადელს, სადაც ტაძარი და წმინდა გიორგის ეკლესიაც იდგა (დგას კიდეც) და სადაც თურქი მეციხოვნეები ბაირამობდნენ, ალყა შემოარტყა არჩილმა. იგი აღმოსავლეთ საქართველოდან გვიტევდა და სპარსეთის შაჰის ეგიდით მოქმედებდა. ისეთ დღეში ჩაცვივდნენ თურმე ძალად მეციხოვნეები, რომ საკუთარ ჯღანებს დაუწყეს ჭამა „...ჯღანთა ხარშვიდიან და სჭამდნენ სიმშილისათვის და ლამობდნენ მიცემას ციხისას“. ამასობაში მაშველი ჯარი მოუვიდათ თურქებს სამეგრელოდან ლიპარიტის მეთაურობით და არჩილმა დატოვა იქაურობა... ხუთჯერ გაამეფეს, ხუთჯერ გააძევეს... ბოლოს (დაწერა): „დავაგდე ქაჯთა ქვეყანაო“ და რუსეთში გადაიხვეწა. „ვეფხისტყაოსანში“ ქაჯებს გარედან ებრძოდნენ არაქაჯეთში იქ კი შიგა ქაჯებს გარექაჯები უტევდნენ და მოსპეს კიდეც იქაურობა ორთავქაჯებმა...

ქართველზე დიდი მტერი ქართველს და საქართველოს არ ჰყოლია, არც ჰყავს...

- და მაინც, გადავწყვიტოთ, ან დავადგინოთ: თურქებმა დაანგრიეს ტაძარი?

- რა გითხრათ, ისე კი, თურქები ქუთაის-ქალაქში შუამავლებად და გამზავებლად მოდიოდნენ, ყველა ისტორიაში ფიგურირებს ახალციხის საფაშო და ფაშა. ქართველები იყვნენ ისინიც და მშვიდობას ამყარებდნენ ერთგვარად, თავისებურად იმერეთ-სამეგრელო-გურიასა და „საქართველოს“ (ქართლი) შორის. იმავ შარდენის ცნობით, როცა დარეჯან „ცბიერი“ ბაგრატის ციხეში გამაგრდა თავის მომხრეებთან ერთად, იმერ-მეგრელთა „კოალიციურმა“ ლაშქარმა ამოაგდო ის საშინელი ქალი ბუდიდან. სამაგიეროდო, ამბობენ, „...სამეგრელოს მთავარმა იქიდან დიდი სიმდიდრე გაიტანაო, მათ შორის თორმეტი ურემი ვერცხლის ჭურჭელი“. ვერცხლის ჭურჭელსა და ვერცხლეულს მოსახლეობისაგან ვერ ამოიღებდა, - სასახლიდან და უფრო ტაძრიდან გაიტანდა საეკლესიო ნივთებს. ლევან დადიანი რომ გარდაიცვალა, მერე, ჩემო ბატონო, იმერეთის მეფემ დალაშქრა სამეგრელო, დაკარგული ალაფი, რამდენი ურმით, ცნობილი არ უნდა იყოს, უკან წამოიღო და რაღაც-რაღაცეებიც გამოაყოლა, თურმე, ხელს ამ ორომტრიალში, ძმათამკვლელ კინკლავში... კინკლავია ეს? თუ კინკლავია, ეკლესია-მონასტრებიც ზარალდებოდა, სტიქიური უბედურებანიც ზედ ერთვოდა. და მაინც: ინგრეოდა და შენდებოდა, აღდგენითი პროცესი არ ჩერდებოდა.

- რამდენადაც ვიცი, სანამ ეს, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი ატყდებოდა, ბაგრატის ტაძრის აღდგენას მოწინააღმდეგენი აქამდეც არ აკლდნენ. იყვნენ ხომ ტაძრის აღდგენის მოწინააღმდეგენი?

- ბლომად. იყვნენ და საკადრისი პასუხი გასცა მათ საქართველოს პატრიარქმა ილია II: ასე (მათსავით) რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, დღეს არც ერთი ეკლესია არ გვექნებოდაო. დაფიქსირებულია, დაბეჭდილია... მოვძებნი, მაგრამ რა მერე, მთავარი თურმე ჩვენ კი არა ვართ, არამედ - იუნესკო..

- ბატონო რეზო, ახლა ესეც ბრძანეთ, ვის ეკუთვნის ოფიციალურად ბაგრატის ტაძარი?

- საქართველოს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქუთათელ-გაენათელის სამწყსოს, ქალაქს, ქართველ ხალხს, უპირველესად, ქართულ კულტურას, აქამდე ასეც მეგონა, ასე მგონია, ახლა რა ხდება, იმ განცხადების შემდეგ, ვერ ვხვდები... შეიძლება შეჩერდეს მშენებლობა დროებით, მხოლოდ დროებით, მაგრამ ამ იუნესკოთი რატომ გვაშინებენ, არ ვიცი? კი ვიცი და ამასაც ვიტყვი...

- აქაც გარედან ვიმართებით, ბატონო რეზო, აქაც?

- შიგნიდანაც და გარედანაც. ასეა, დიახ, და ვერც ვერავინ შემიცვლის ამ შეხედულებას, ვერც თავისუფლების ინსტიტუტები და ვერც გლობალ-ინტერნაციონალისტები...

- ხომ არავინ გვართმევს, მსოფლიოს კულტურულ ისტორიულ ძეგლთა სიაში შეგვიყვანეს...

- რა ფასად მოხდა ეს შეყვანა თუ გარიგება, რა იჩალიჩეს და როგორ, მაგიც გასაგებია.

- რა გაგებით?

- მოგახსენებთ. დებულებითო, ამიხსნეს, ძეგლი აჰყავთ აღრიცხვაზე სიძველის მიხედვით („ძეგლი“ პირობითია). იგი შუა საუკუნეების X-XI საუკუნეებს განეკუთვნება. ძველი, სიძველე უნდა ადიოდეს 60-70 პროცენტამდე. იუნესკომ „ჩაიბარა“ სანახევროდ აღდგენილი, პირობითად რესტავრირებული, ამას კონსერვაციას ეძახიან ჩვენთან, სიძველე კი 50 პროცენტს არ აღემატებოდა... უკანონოდ არის იუნესკოს სიძველეთა დაცვის სიაში შეტანილი, რატომ და რა მიზნით, გასარკვევია.

- ვინ უნდა გაარკვიოს და რა მოსაზრებით? ალბათ, საჭიროა გარკვევა, თუნდაც სამართლიანობის აღდგენის მიზნით...

- ვერ გეტყვით, სხვათაშორის, რუსთხელმწიფობა, რუსეთის მაშინდელი საეკლესიო მმართველობა უფრო პროგრესულად აზროვნებდა ამ პრობლემაზე, ვიდრე დღევანდელი საეჭვოდ დაფინანსებული ინსტიტუტები...

- რუსეთი კარგი გახდა? ბავშვი არ გადავაყოლოთ ნაბან წყალს...

- კარგი არც იყო, არც გამხდარა, საჩვენოდ არც გახდებოდა. პუტინის რუსეთსაც არ ვგულისხმობ, მაგრამ საქმე ისაა, რომ სულ არ აინტერესებს რუსს, აღადგენ ტაძარს, დააკონსერვებ, თუ დაანგრევ. თუ დაანგრევ, უკეთესი, თუ დანგრეულს დატოვებ, მთლად უკეთესი...

- თქვა ჩვენმა პრეზიდენტმა, პასკევიჩმა დაანგრიაო...

- კარგი, რა, დოდო, რის პასკევიჩმა, ტოტლებენი მაინც მითხარი, მან და სოლომონ პირველმა ციხეს დაუშინეს ზარბაზნები მწვანეყვავილადან, ციხე დაანგრიეს, თურქები გარეკეს...

- ქართველი თურქები?

- თუნდაც... ბაგრატის ტაძრის დაქცევის შემდეგ იქაურობის, ეგრეთ წოდებული ზედა ქალაქის ქალაქური ფუნქცია რომ დაქვეითდა, ქვედა ქალაქმა, - რიონის მარცხენა სანაპირო, - სასწრაფოდ დაიწყო ზრდა-განაშენიანება. რუსთმმართველობამ ქალაქის ცენტრში ააგო სრულიად ახალი, ამას ითხოვდა დრო და სიტუაცია, მართლმადიდებლობა, საკრებულო ეკლესია. ვინც ფულს იხდის, მუსიკაც იმისია და მანვე დაარქვა ალექსანდრე ნეველის სახელი. სიდან სადაო, წმინდა საბაო. „ივერიისად“, - ივერიის სალოცავი ხატიც ხომ აქვთ - მაინც მოენათლათ, თუ არადა, იმდენი ზიარი წმინდანი გვყავს... მოკლედ, ალექსანდრე ნეველი. სოციალ-დემოკრატებმა, ამათებურად - მენშევიკებმა, საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადეს, ბევრ ეროვნულ ღონისძიებასთან ერთად რუსული საკრებულოც გადანათლეს და წმინდა დავით აღმაშენებელი უწოდეს, არ მოგწონს?

- ძალიან მომწონს...

- აი, სწორედ ეს ვერ აიტანეს ბოლშევიკებმა, ცოტა კი იყოყმანეს და პრობლემა მაინც მათებურად, კომუნისტურად „გადაჭრეს“: ნახევარი საუკუნე ძლივს მოათევინეს და მთლიანად მოსრეს, მოასარგალეს, მოასწორეს, მიწასთან გაასწორეს „სობორო“ (ასე  ეძახდნენ) და ლენინის მონუმენტი აღმართეს.            „სობოროზე“ ადრე აშენებული, იქვე ახლო მდებარე, ყოვლადწმინდის ეკლესიაც მიაყოლეს და არც ლენინს დასდგომია კარგი დღე. მიკეტ-მოკეტეს, საწყობად გადააკეთეს სხვა ეკლესიები და ახალი აღარ აუშენებიათ (ვინ ააშენებდა იმ დროს) და დავრჩით უეკლესიოდ; დასავლეთის დედაქალაქი (მე დავარქვი), მეორე დედაქალაქი (იმან დაარქვა), მოკლედ, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს დედაქალაქი და ერთიანი ქვეყნის ტაძარი, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს სიძლიერის სიმბოლო ისევ გაურკვეველ, თუ უიმედო არა, ვითარებაში აღმოჩნდა. გაერთიანებისაკენ მიმავალ გზებს, დროებითო-ღმერთმა ჰქნას! - აღსავლის კარი ჩაურაზეს. დროებით? ესემც ყოფილიყოს, კი არ მეშორება, ცოტა მეჭორება და მაინც ვიჯერებ - იუნესკოს კაპრიზებისა და თავისუფლების ინსტიტუტების, სოროსის ფონდების პატრონების დაუკითხავად...

- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, პარლამენტში გაიმართა სესია თუ ბიუროს სხდომა ბაგრატის ტაძრის კონსერვაცია-აღდგენის გარშემო და სხდომას, მგონი, ექსცესების გარეშეც არ ჩაუვლია.

- არა, ეს არ იყო სესია, არც ბიუროს სხდომა,-კულტურის კომისიის შეკრება, მე დავესწარი ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელობის თხოვნით. არანაირი შეხლა-შემოხლა, ექსცესები არ მომხდარა, სამაგიეროდ, ნათელი გახდა (ჩემთვის - ყოველ შემთხვევაში), რა ძალები ეწინააღმდეგებიან და რატომ ბაგრატის ტაძრის აღდგენას.

- რას ელოდით? ჯერ ამაზე გამეცით პასუხი, თუ შეიძლება!

- ანგარიშს, ვადებს - როდის, როგორ? და სხვას. გამოვიდნენ: ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი, - კარგად,მოკლედ, გასაგებად... ასევე ბატონი დავით ანდღულაძე, კონსტრუქტორი ლევან კურტანიძე, არქიტექტორი ვანო გრემელაშვილი; ბატონმა ვანომ ვრცლად ილაპარაკა, ველოდი, ვიცოდი კიდეც - რა, როგორი წინასწარი სამუშაოები იყო ჩატარებული. გოჯ-გოჯ, მისხალ-მისხალ ჰქონდათ საპროექტო ცენტრში გაზომილი, ათვლილი, კედლების ყველა ბზარი, ყველა წერტილი, კუთხე, სვეტის ძირი, ყველაფერი... ტაო-კლარჯეთის იმდაგვარი ყაიდის ძეგლების ზომა-წონასთან თანამედროვე კომპიუტერული საშუალებებით გადამოწმებულ-გადასინჯული. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მთქნარება დაიწყო, ბევრმა დატოვა დარბაზი, სხვას ელოდნენ, ის სხვაც შედგა და იჩქარეს...

- თქვენც მიიღეთ კამათში მონაწილეობა, სიტყვით გამოხვედით?

- გამოვედი, კი, ის ვთქვი, რასაც ვამბობ, ვწერ და ვაქვეყნებ ბარე ორი ათეული წელია...

- ჩვენს წინ დევს თქვენი წიგნი...

- წიგნუკა...

- წიგნი „III გზა“... წავიკითხე: არა ომით, არა მშვიდობით, არამედ საქმით, ბაგრატის ტაძრის, არამარტო ტაძრის, არამედ - აფხაზთა და ქართველთა სამეფოს აღდგენით, გაერთიანებით, ჯერ ერთიანი საპრეზიდენტო ეგიდით; ერთი პრეზიდენტი, ერთი კათალიკოსი... სწორად გავიგე?

- სავსებით..,

- ჰქონდა გამოხმაურება?

- პრესაში...

- ხელისუფლებამ თუ გაგცათ ხმა, ან მან-ვისაც ეხება პირადად?..

- არა. სხვა საქმე არა აქვთ?!. სად სცალიათ... ამ ჩემ წინადადებაზე, თუ იდეაზე-აფხაზთა და ჩვენს შორის მოსამზადებელი მოლაპარაკება, თუნდაც ფორმალური, რომ გამართულიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. პროცესი შეჩერდებოდა მაინც...

- დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რესპუბლიკებად აღიარებას გულისხმობთ?..

- დიახ. ზიზღი და სიძულვილი არ დაისადგურებდა. აქედან ენის ჩლექა, ძმები ვართო, ესეც აღიზიანებთ და იქიდან ლანძღვა შემცირდებოდა, თუ არ მოისპობოდა. დედას რომ 19 წლის ვაჟი თვალწინ თავზე დააკლეს, რა სიყვარულზე გვაქვს ლაპარაკი, ერთი იმ დედასაც ვკითხოთ, საჭიროა თუ არა ენის ჩლექა? კაცური ლაპარაკია საჭირო, მე ასე ვფიქრობ, და სხვამ სხვანაირად განსაჯოს...

- დავუბრუნდეთ ისევ ბაგრატის აღდგენის თემას. შეგროვდა ხელმოწერები...

- ორიათასი თუ ორიათასზე მეტი, ბევრი, - არ ვიცი, ნაკლებად მაინტერესებს, ამ წამოწყებას, თუ მოძრაობას „არ აშენდა“ უნდა ეწოდოს.

- ამ ხელმომწერთაგანს თუ გასაუბრებიხართ?... იცნობთ რომელიმეს?

- არა, ვერ გეტყვით, სია არ მინახავს. იქ კი ვთქვი: ამ ხელმომწერთაგან ნახევარს მაინც თუ აქვს ბაგრატის ტაძარი დღევანდელი ვითარებით ადგილზე ნანახი, ბოდიშს მოვიხდი-მეთქი... რის ნახევარი, მესამედი უნდა მეთქვა... გეგონება, გული შესტკივა რომელიმეს, არ მჯერა, ერთს ისიც უბრძანებია - ამშენებელიც რომ გაცოცხლდესო, - ალბათ, ხუროთმოძღვარი, შეიძლება, სულაც, მეფე ბაგრატ III, გურანდუხტიც, ანდა ყველა ერთად რომ გაცოცხლდეს, - ამ ტაძრის აღდგენას მაინც არ მოვაწერ ხელსო. ვიღუპებით... შემდეგ ერთმა ქალბატონმა - ის იყო, თუ სხვა - განაცხადა: მთლად ეგრე არაა საქმეო. მეო, ირონიით, ნამყოფი ვარ იქაო. საერთოდ, ქალბატონები აქტიურობდნენ.

- შეგიძლიათ, დაასახელოთ რომელიმე მათგანი?

- შეძლებით შემიძლია და შეიძლება, ალბათ, კიდეც, მაგრამ არ არის საჭირო. მაინც მეგონა, აღდგენილი ბაგრატის ტაძრის მნიშვნელობაზე, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოზე, აფხაზთა და ქართველთა გაერთიანებულ სამეფოზე იტყოდნენ. არაფერი მსგავსი. იუნესკოზე  და ცემენტის მდგრადობაზე იყო საუბარი, ბეტონისა და არმატურის მავნებლობაზე-როგორ შეიძლებაო, არათუ გამოყენება მათი, არამედ ფიქრიც კი მაგაზეო (რკინა-ბეტონი და არმატურა). არ მესმის, რკინა-ბეტონით არ შენდება დღევანდელი ცათამბჯენები და ეკლესიებიც! ვისი ფულის გამოთავისუფლება უნდათ მშენებლობის შეჩერებით? ქველმოქმედი პირი, როგორც ნათქვამია, „ვისიც არ ითქმის სახელი,“ - იღვწის, აშენებს და ხელს უშლით?

- ვის გულისხმობთ?

- ვისაც თქვენ.

- ბატონ ივანიშვილზეა ლაპარაკი, თუ არ ვცდები...

- შეიძლება. ბიუჯეტი ხომ არაფერს ხარჯავს. არჩევნები მოდის და ფული სჭირდება ვიღაცას. იუნესკო, ვინაა იუნესკო. თავის საქმეს მიხედოს, მიხედავს. ძაღლის თავიც აქაა დამარხული! ერთი იმათგანი - ქალბატონი სასოწარკვეთილი გულგრილობით: მე რა უნდა ვუპასუხო ჩემს შვილს, როდესაც გაიზრდება და მკითხავს: დედიკო, რატომ ამოიღო ბაგრატი იუნესკომ მსოფლიო არქიტექტურულ ძეგლთა სიიდან, რა ვუპასუხო?! მართლაც, რა უნდა უპასუხოს? მე მაინც მინდა ვანუგეშო:

ქალბატონო, თქვენი შვილი კარგად იყოს და კარგად იქნება და მადლობას ეტყვის აღმდგენელს და არა იუნესკოს, რომლისთვისაც არც ბაგრატის აგება შეუთანხმებიათ, არც - დაქცევა. თქვენთვისაც, თუ არ მეშლება (?), არც დანგრევა უკითხავთ, არც კონსერვაცია, არც აღდგენას შეგვეკითხებიან და არც ანტიეროვნული მოძრაობის ლიდერობას დაგაბრალებს ვინმე.

- ეს წამოწყება ანტიეროვნული მოძრაობაა?

- რასაკვირველია, თანაც ორგანიზებული მოძრაობა, ეჭვი არავის შეეპაროს, გარედან, ახლო-გარედან იმართებიან...

- კონკრეტულად, ვისი ეგიდით, ვისი მფარველობით „მოძრაობენ“ (მოძრაობა ჩემთვის ჯერ ბრჭყალებში), ვინ მართავს მათ?

- ფონდები, ქალბატონო დოდო, ფული შემოდის, გარკვეული რაოდენობით მათთვის, რათა ეროვნულმა იდეოლოგიამ ღრმად არ გაიდგას ფესვები ამ რეგიონში, ამ ანკლავში...

- ეს გარედან. შიგნიდან?

- შიგნიდან ისინი და ის, ვინც მღვდელ მკალავიშვილს ბორკილები დაადო კონტრაბანდული, იეღოვური ლიტერატურის განადგურებისათვის, უკანონო კონფესიების არცნობისათვის. დღემდე ციხეშია, თუ არ ვცდები...

- ეს მღვდელი ჩვენი ეკლესიიდან განკვეთილი იყო და არამარტო იეღოვას მოწმეებს უცხადებდა რელიგიურ ომს!..

- განკვეთილიც  იყო, კი, ალბათ, არც კონტრაბანდული ლიტერატურის დაწვა იყო იმისი საქმე, გეთანხმებით, მაგრამ ეკლესიას რომ თვითმკვლელების უკანალით, „ზადნით“ ანგრევდნენ და მლოცველებს, მრევლს, ქალბატონებს რომ თმებით ათრევდნენ და სცემდნენ, ისინი ვინ იყვნენ? აჭარაში ფერიის მთაზე ეკლესიას ვინ ანგრევდა?

- აშენდა ის ეკლესია, ბატონო რეზო, და წირვა-ლოცვა მიმდინარეობს იქ, რამდენადაც ვიცით...

- აშენდა, კი, - საზოგადოების ზეწოლით, სხვაც ბევრი აშენდა, მაგრამ ამ საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობითა და ცხოვრებით (ერის სულიერი ცხოვრებით) გაღიზიანებული გლობალიზაცია-ტოლერანტობის იდეოლოგები კი არ გამქრალან, კი არ თვლემენ, ან კი არ სძინავთ, ფხიზლობენ...

- საინტერესოა, თქვენგანაც მინდა გავიგო, ვინ ხელმძღვანელობს ამ ანტიეკლესიურ, კონკრეტულად - ანტიბაგრატულ მოძრაობას, როგორც თქვენ უწოდებთ?..

- ძალიან გაინტერესებთ? ალბათ, ბატონი ბოკერიას მეუღლე, ქალბატონი ბოკერია - პირველ ეშელონში: ქალთა ლეგიონს უჭერს მხარს, ასე ჩანს, ტელეარხი „რუსთავი-2“. ცივი წყალი გადაესხათ, როცა გამოკითხულთა (ვინაა აღდგენის მომხრე და წინააღმდეგი) 70 პროცენტმა აღდგენას დაუჭირა მხარი. ცივი წყალი გადაესხათო, კი ვთქვი, მაგრამ ამ შედეგს არ ელოდნენ-მეთქი, ვერ ვიტყვი... ისე კი სიხარული ვერ დამალა (შეეტყო აშკარად), „ცნობადმა“ ტელეწამყვანმა, როცა ეს შედეგი გამოაცხადა...

- და მაინც, ვის წინააღმდეგაა მიმართული ეგ აქცია, მოძრაობა, როგორც თქვენ უწოდებთ, ოპოზიციის თუ პოზიციის, - ხელისუფლებას, მთავრობას ხომ არ უთხრიან ძირს, ვთქვათ-კულტურის მინისტრს?

- შეიძლება. მეტსაც გეტყვით, პრეზიდენტ სააკაშვილს გაუჩნდა, აკლდა თითქოს, შიდა ოპოზიცია შიგ ნაც-მოძრაობაში.

- გართულდა სიტუაცია, შორს ხომ არ წავედით? ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ?

- რატომ? მან, დღევანდელმა პრეზიდენტმა, ვერ განახორციელა ის პროგრამა, რომლითაც მოვიდა. თუ გახსოვთ, ვთქვით კიდეც, ეკლესიიდან დაიწყეს. ეს აშკარა იყო, ქართული მწერლობის უგულებელყოფით... წმინდა ეროვნულ კულტურასაც გამოუცხადეს ომი, ბალეტი გაიპირველეს, ინტერნაციონალური ბალეტი, ყოფილი პიონერთა სასახლის ოკუპაციასაც აპირებდნენ ბალეტის სასარგებლოდ, რადგან იქ ეროვნული სულისკვეთებით, ეროვნული სიმღერით და, რაც მთავარია (?), ეროვნული ცეკვით ზრდიდნენ პატარებს. და ახლა ეს ბაგრატი საიდანღა გამოტყვრა, ეს უნდოდათ კიდევ!

- ტაძარი, რა, საფრთხობელა გახდა?

- ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის საფრთხობელაო, აკაკი ბრძანებდა. წარმოიდგინეთ, ქალბატონო დოდო, ერთ-ერთი დედა ეკლესია სამი საუკუნეა, მეტი, 317 წელი ზუსტად, თავახდილი დგას; ზოგმა მიწასთან გასწორება მოუნდომა, ზოგიერთმა, ეს საბოლოო ეგონათ, რესტავრაცია - კონსერვაცია, აღდგენა კი ვერავინ შებედა და... მოულოდნელად, აღდგეს! კონსერვატორ მეცნიერებს, ამ ტაძრის ხელის ხლება როგორ შეიძლებაო, რომ გვამუნათებდნენ, - ყოვლისმცოდნე უმეცრებს, სინამდვილეში, - ხასიათი წაუხდათ. ზოგი ძველ პოზიციას შერჩა იმ იმედით, მაინც არაფერი გამოუვათო. ზოგმა - ჩვენც ხომ მაგას გავიძახოდითო. არადა, გვახსოვს: - როგორ შეიძლება ხელის ხლება?!.

თითქოს ხელუხლებელი იყო. ყველას, - მტერს, მოყვარეს, ქრისტიანს, არაქრისტიანს, რჯულიანს, ურჯულოს, სწავლულს, უსწავლელსა და უვიცს ხელი ჰქონდა ნახლები... იმან დალია, ამან დალია, ვისაც არ დაულევია, ვისი ბრალია! გაძარცვეს, გაფცქვნეს, წაიღეს ქვები, ფერადი სვეტები, სტალაგმიტის (პეტრე ჭაბუკიანის ცნობით) ბოძები. აწი დააკლებენ ხელს, როგორ ფიქრობთ? რაც არ წაუღიათ, წაიღებენ,  უხარისხოდ  და  უსინდისოდ „კონსერვირებულ“ კედლებს ხუთბალიანი მიწისძვრაც მოერევა... ეკლესია თითქოს განზე (კი არ გადგა) დარჩა და იქ ვართო, შეგვახსენა თავი სავსებით სწორად, თუმცაღა ეს დიადი საქმე ერთ კაცს მიეწერა, ან მიეწერება და თუ ამ საქმის წამოწყებისათვის, თუნდაც დასტურისათვის - მარჯვენა არ მოჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო, არჩევნებიც ახლოვდება ნელ-ნელა, უკვდავება და ტანის სიმრთელეც (?) გარანტირებული აქვს!

- ისე არ გამოვიდეს, ბატონო რეზო, თითქოს ყველა პრობლემა მოხსნილია, ყველაფერი ზუსტად, განრიგით, წკრიალ-წკრიალით მიედინება...

- ეგრე არ არი, ცხადია. პრობლემები არის. სამუშაო ტემპმა არქეოლოგებიც ააჩქარა და სიჩქარე არ ივარგებს, ასე იყო, თუ გახსოვთ იგოეთის ტრასაზე, საგზაო სამუშაოების დროს სამარხები რომ აღმოჩნდა, აბა, ჩქარა და აბა, ჩქარა... აქ არ გამოვა.

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიცვალებულებს შიგ ტაძარში და კარიბჭეებში მარხავდნენ... იქ ახლა გათხრებიც მიმდინარეობს, როგორც იცით, აღმოჩენილი იყო ქუთაისელი არქეოლოგების მიერ (ხელმძღვანელი  ომარ ლანჩავა) ბაზილიკა... რაზეც ბაგრატის ტაძარი იქნა დაშენებული. წელს აღმოჩნდა ქვედა საამშენებლო შრე უფრო  ძველი ბაზილიკის ნაშთისა. იქვე აღმოჩნდა სარკოფაგი არაქრისტიანული წესით - სამკაულებით დაკრძალული ქალიშვილისა, რომელსაც სენსაციური აღმოჩენა ეწოდა. ის მიწა, ის ალაგი, გორა მთლიანად, ზედა ქალაქი, „ქვედა ქალაქი“ რიონის მარცხენა ნაპირზე, ტაძარი ბაგრატისა თავისთავად, წმინდა გიორგის ეკლესიის ჩათვლით, მრავალ აღმოჩენას გვპირდება. იქ, ზევით და ქვევით კაცობრიობის, კავკასიის, საქართველო-აფხაზეთისა და ქუთაის-ქალაქის ისტორიაა ჩამარხული.

ახლა ბაგრატი დგას და ელის, იგი აღარც ქვების გროვაა, აღარც ნანგრევი, აღარც ძეგლი, კონსერვაცია „ჩაუტარდა“: არც უდროოდ, არც დროულად,-უხარისხოდ, ქვები სულ ცვიოდა, კვლავ იკარგებოდა, კედლებში და კედლებზე ლეღვის ხეები ხარობდა, ყვავები ყრანტალებდნენ უგუმბათოში... მიუხედავად ამისა, ტაძრის ნარჩენებსაც კი ფუნქცია არ დაუკარგავს. ამიტომ მიშენდა მოგვიანებით დასავლეთის კედელს საეპისკოპოსო სახლი (იხ. „ფეხთა ბანა“), განახლდა სამრეკლო და სხვა. 1993 წლიდან დღემდე იქ წირვა-ლოცვაა, ნათლობაა, ჯვრისწერა. ვიღაც საზღვარგარეთელი, აქაურობისაგან შემცდარი უგუნური - ტაძრის შუშით შეგუმბათებას და შუშა კიტრივით შენახვას გვპირდება. ხუფი შუშის არ დაუდგამთ ბუდას უძველესი ქანდაკებისათვის, არც სფინქსისათვის, არც პირამიდებისათვის: ბაგრატის ტაძარი ბარბია? ბარბი შუშაში! ჭკვიანი კაცი იყო, ნაღდად, შულგინი, როცა განაცხადა, ლურჯი ვირის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე... გონიერი ქართველისა...

***

„...შეინძრა ქუეყანა ხუთშაბათსა ვნებისასა, კუალად პარასკევს და შაბათს ეგრეთვე, ...და დღესა აღდგომისასა ესრე შეირყა, რამეთუ დაეცნენ ეკლესიანი, მონასტერნი, მთანი, კლდენი და ციხე-ქალაქნი... აწყურს ლიტანიობისა შემდგომად ჩამოიჭრა გუმბათი და დაეხურა, ვითარცა ქუდი ხატსა მას დაუქცევლად. ესევითარი ძრვა იყო სამცხეს და არა სადა სხუაგან, თვინიერ დაიქცა მცხეთა“... წელიწადი იყო ჩსპგ (1283), XIII საუკუნე.     „ქართლის ცხოვრება“

იქცეოდნენ დროდადრო სტიქიის, მტრისა და შინაურის ხელით ქალაქები, ეკლესიები და მონასტრები; ხელახლა აშენებდნენ და აღადგენდნენ, სხვისი თანხმობისა თუ უარის გარეშე. ეს პროცესი ჩვენი თანმდევი გამოცდა იყო.

ყველაფერი ემორჩილება დროს, ენკენიას, - განახლებისა და აღდგენის ბრუნვას. ვიდრე ხვალ, უფალო!

 

რ. ჭ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია