დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სუბოქსონის პროგრამა - სიახლე ჩანაცვლებით თერაპიაში
2009/07/31 20:12:23

საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფომ პრიორიტეტად აღიარა და ჩანაცვლებითი თერაპიების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

 

გასულ წელთან შედარებით კიდევ რამდენიმე ცენტრი გაიხსნა, სადაც წამალდამოკიდებულებს მეტადონით მკურნალობენ. პარალელურად კი ახალი პროგრამის დაწყებაც იგეგმება, სადაც ახალ პრეპარატს გამოიყენებენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოების ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი აკაკი გამყრელიძე ჩანაცვლებითი თერაპიის სიახლეებზე გვესაუბრება. 

- ბატონო კაკო, რამდენად გაამართლა მეტადონის პროგრამამ საქართველოში?

- საქართველოში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა, სადაც 750 ავადმყოფია ჩართული. დაახლოებით 150-მდე ავადმყოფმა ეს პროგრამა გაიარა, ზოგი კი თავისით გავიდა. ეს დაახლოებით 30%-ია. თუმცა რამდენიმე დაკავებულია რეჟიმის დარღვევის გამო. საერთო ჯამში, პროგრამა მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობდა და შეიძლება შეფასდეს დადებითად. სოროსის ფონდმა რამდენჯერმე დააფინანსა ეს პროექტი და შემდეგ შეაფასა. მათ მიერ გაიცა რეკომენდაციები და ამ თვალსაზრისით მოხდა გაუმჯობესება პროგრამის. 150 ავადმყოფი, რომელიც დილას იმისთვის იღვიძებდა, რომ ჯერ ფული ეშოვა და შემდეგ ნარკოტიკი, პარალელურად კი მთელი დღის განმავლობაში ჩადიოდა ანტისაზოგადოებრივ და კრიმინალურ საქციელს, ამას აღარ ჩადის და აგრძელებს მკურნალობას. ჩვენ გამოვიკითხეთ ავადმყოფები. აღმოჩნდა, რომ მეტადონის პროგრამის მონაწილე პაციენტების 40% მუშაობს, ანუ ინარჩუნებს იმ სოციალურ კავშირებს, რომელიც ჰქონდა. ისინი კერძო სექტორსა და საჯარო სამსახურებში მუშაობენ. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ეს პროგრამები მუშაობს ისე, როგორც მუშაობს მთელ მსოფლიოში. წელს, დამატებით, კიდევ გაიხსნება თბილისში სამი და ზუგდიდში ერთი პროგრამა. თბილისში ეს იქნება დამატებით 150 პაციენტზე და ზუგდიდში - მოთხოვნის მიხედვით, მინიმუმ 60 პაციენტზე.

- როგორ უნდა განისაზღვროს, ვის ეკუთვნის, ან არ ეკუთვნის პროგრამაში მონაწილეობა?

- ამას საზღვრავს საექიმო კომისია 3-4 ექიმის შემადგენლობით. საექიმო კომისია ადგილზე იქმნება, რომლებიც შემდგომ ამ პროგრამაში იმუშავებენ. თუმცა მერე ჩვენ ჩავდივართ და ვამოწმებთ. ჩვენთან არის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი და ექსპერტთა პანელი, რომელიც მუდმივად მივლინებებში იმყოფება და ადგილზე პრობლემებს ნახულობს. კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ 25 წელზე ნაკლები ასაკის წამალდამოკიდებული იყოს ჩართული ამ პროგრამაში. ასეთ შემთხვევაში ადგილზე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და სამინისტროში არსებული ექსპერტთა საბჭოს კომისიას მიმართავენ. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა 23 წლის ბიჭი, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროგრამაში ჩართვას ითხოვდა. ზოგადად ასეთი სახის ავადმყოფისთვის პირდაპირი ჩვენებაა პროგრამაში ჩასმა, მაგრამ ვინაიდან 23 წლის იყო, პრობლემა შეექმნა. მაგრამ ექსპერტთა საბჭომ მოგვცა ნებართვა და პროგრამაში ჩავრთეთ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ რეჟიმის დარღვევის გამო პროგრამას რამდენიმე ადამიანი გაეთიშა. იქნებ დააკონკრეტოთ, რას ნიშნავს რეჟიმის დარღვევა?

- ჩვენ პერიოდულად ვაკონტროლებთ პაციენტთა სიფხიზლის რეჟიმს, ხომ არ მიიღო დამატებით ნარკოტიკული საშუალება. თუ აღმოჩნდა, რომ მან ზედიზედ დაარღვია სიფხიზლის რეჟიმი და იმატებს ნარკოტიკულ საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში კომისია წყვეტს პროგრამაში მისი დარჩენის საკითხს. მასთან ტარდება პროფილაქტიკური საუბრები და მე, როგორც ექიმი, გეტყვით, რომ ექიმებმა აუცილებლად უნდა გაარკვიონ რატომ დაირღვა რეჟიმი. ეს არის ერთი მხარე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. მეორე მხარეა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იჭერენ ნარკოტიკული ნივთიერების ტარების დროს. ეს არის ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც პროგრამიდან ავადმყოფი ირიცხება. 750 პაციენტიდან რომლებიც პროგრამაში არიან, სამართალდამცველების 70-მდე მიერ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების ან ტარების მუხლით.

- უკვე საუბარია სუბოქსონის ჩანაცვლებით თერაპიაზე. ეს ასოციაციას იწვევს სუბოტექსთან. არის თუ არა ამ ორ პრეპარატს შორის საერთო?

- მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით - ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში 250 000 ავადმყოფია სუბოტექსის პროგრამებში. იქ სუბოტექსი გამოიყენება, როგორც ჩამანაცვლებელი პრეპარატი. ამან გამოიწვია, გარკვეულწილად, ის, რომ ევროპიდან თავისუფლად შემოედინებოდა საქართველოში სუბოტექსი და, პრაქტიკულად, ჩვენი თანამემამულე ნარკომანები „შესხდნენ“ სუბოტექსზე. ეს იქ იყო ძალიან თავისუფლად გამოყენებული, ვინაიდან ის არ შედის ნარკოტიკების ნუსხაში იმ ქვეყნებში და ჩვენ იძულებული გავხდით, დროულად მიგვემართა ამ ქვეყნებისთვის თხოვნით, რათა გაემკაცრებინათ სუბოტექსის დანიშვნის და გამოწერის პროცედურები. ეს ჩვენი ქვეყნის ინიციატივა იყო და ამ ქვეყნების მთავრობები დათანხმდნენ, რომ ამ დათმობებზე წასულიყვნენ.

- რა შემადგენლობის არის ახალი პრეპარატი და რამდენად მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს მისი გამოყენება სამკურნალოდ?

- სუბოქსონი, რომელიც სუბოტექსის და ნალოქსონის ნაერთია, გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის. როდესაც ავადმყოფი ამ პრეპარატს იღებს, რაც არ უნდა დაიმატოს სხვა ნარკოტიკული საშუალება, ვერ მიიღებს იმ ეფექტს, რასაც ის ელოდება ნარკოტიკული საშუალებისგან. ნალოქსონი, ეს არის ანტაგონისტი რეცეპტორებისა, რომელიც ბლოკავს მათ და მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდიცაა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს პრეპარატი შემოვიტანოთ და მივცეთ იმ ავადმყოფებს, რომლებიც სუბოტექსზე არიან დამოკიდებულები. ჩვენ დღეს ვერ ვრთავთ იმ ავადმყოფებს მეტადონის პროგრამაში, რომლებიც დამოკიდებულები არიან სუბოტექსზე. რადგანაც არასწორია ასეთი ავადმყოფების მეტადონის პროგრამაში ჩართვა. მეტადონი გაცილებით ძლიერი პრეპარატია, ვიდრე სუბოქსონი. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პრეპარატის შემოტანა სულ 100 პაციენტზე.

- ეს - მიმდინარე წლის განმავლობაში?

- არა, ეს რაოდენობა იმ წლის დასაწყისშიც გადაგვყვება. ეს არის ენის ქვეშ დასადები აბი, რომელიც უნდა გაიხსნას. პრეპარატის მიღების შემდეგ კი პაციენტი მომსახურების ოთახს ტოვებს.

- სუბოქსონის პროგრამა მეტადონის პარალელურად განხორციელდება?

- ეს არ იქნება ცალკე პროგრამა. ეს მოხდება მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის პარალელურად, თუმცა ამოვირჩევთ რამდენიმე ადგილს, სადაც პაციენტთა ნაწილი მიიღებს მეტადონს, ნაწილი კი - სუბოქსონს.

- ქუთაისში თუ იგეგმება სუბოქსონის გაცემა?

- ჯერჯერობით ქუთაისში არ იგეგმება. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში გაიცემა.

- რამდენად ძვირი სიამოვნებაა ამ პროგრამაში ჩართვა?

- სუბოქსონი ცოტა მეტი ღირს, ვიდრე მატადონი. მაგრამ ავადმყოფები არც ამ წამლის ღირებულებას გადაიხდიან და არც სამედიცინო მომსახურებისას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია