დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ასეთი გაბრაზებული პიკასო, ალბათ, არავის ახსოვს...
2009/07/31 20:03:54

პიკასო“ - ასე ეძახიან ქუთაისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადმიანს - მერაბ ქაჯაიას. მბობს, რომ, როცა პირველად ეს სახელი დაუძახეს, არც კი იცოდა, ვინ იყო პიკასო, ახლა კი ის მისი საყვარელი მხატვარია. თავადაც ხატავს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტობა, მისი ოცნება იყო, მაგრამ ეს ოცნება ვერ აიხდინა... თავისთვის ხატავს... წინასწარ არასოდეს იცის, რას და როგორ დახატავს. ცოტა უცნაური, ცოტა ქაოსური ნახატები აქვს, თვითონაც ასეთია. როგორც თავად ამბობს, მისი ნახატები მისივე შინაგანი სამყაროს ექოა.

 

უცნაური საგნები, სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პორტრეტები, ნახატები, სიგარეტის კოლოფები, სასმელის ბოთლები და მეგობარი ქალების საცვლებიც კი, პიკასოს ოთახის კედლების განუყოფელი ატრიბუტებია... „აქ ჩემი სულიერი სამყაროა. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, ყველაფერი თავის ემოციას ინახავს“ (პიკასო). მის ოთახს ფანჯარა არ აქვს... ზოგჯერ გარეთ გახედვაც კი არ მინდაო, ამბობს... ეს ერთადერთი ადგილია ქალაქში, სადაც პიკასო თავს თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს...

სწრაფი, თავისუფალი, უკომპლექსო  საუბრის მანერა აქვს, ხშირად უცენზურო სიტყვებსაც იყენებს, მისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამაა. უცნაურად აცვია - დახეული ჯინსები და კედები მისი ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილია. როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად ჰალსტუხიანი ტიპები ეზიზღება. 

„ბავშვობა გავატარე ისეთ დროში, როცა ყველაფერი იკრძალებოდა: ჩაცმა, მუსიკის მოსმენა, აზრის გამოხატვა, თავისუფალი აზროვნება, თუმცა მაშინაც იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ახლაც ასე ვარ... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და არ მიმონებს საზოგადოებრივი აზრი, თავისუფლებაა იმის კეთება, რაც გსიამოვნებს... ჩემთვის ბედნიერება თავისუფლებაშია.“

ერთი შეხედვით უზომოდ თავისუფალი, უკომპლექსო, „არაქართული“ ტიპაჟია, მიუხედავად  ამისა, საათობით შეუძლია ისაუბროს საქართველოზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე, თავისი ქალაქის კოლორიტზე. „მე ვარ ქართველი“ - წერია უზარმაზარი ასოებით პიკასოს „ოაზისის“ კედელზე... როგორც თავად ამბობს, მას ქართველობა სხვებისგან განსხვავებულად ესმის, ის კოსმოპოლიტიცაა და პატრიოტიც, მისი აზრით, ერთი ცნება მეორეს არ გამორიცხავს:

„მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ძალიან ბევრს შევეჯიბრო ჩემი ქვეყნის სიყვარულში, თანაც - საქმით, და არა მხოლოდ სიტყვით, დღეს ჩემი ოცნება საქართველოდან წასვლა და იმ ყველაფრის წაშლაა, რაც აქამდე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. მინდა გადავიკეთო სახელი და გვარიც კი. მინდა მეხსიერებიდან წავშალო ყველაფერი, რაც აქაურობასთან  მაკავშირებს. არ მინდა, საქართველოში მოვკვდე. ჩემი სამშობლო დედამიწაა, ჩემი რელიგია კი - სიკეთე. რატომ ვფიქრობ ახლა ამას, არ ვიცი... უბრალოდ, ასე ვგრძნობ, შეიძლება ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ არ მაინტერესებს საზოგადოების აზრი.

- რატომ გინდათ საქართველოდან წასვლა და რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება?

- მართლია. ასეთი გაღიზიანებული და გაბრაზებული პიკასო, ალბათ, არავის ახსოვს. აქ ჩემს შრომას არავინ აფასებს. ქუთაისში დაიდგა პიკასოსა და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი და ერთხელაც არავის უხსენებია, რომ მე იდეის ავტორი ვარ. არც ჰონორარი მომითხოვია ვინმესთვის და არც არაფერი, უბრალოდ, მინდოდა ეხსენებინათ ჩემი სახელი. რატომ არ უნდა მიფასდებოდეს ჩემი შრომა, ხომ ირღვევა საავტორო უფლებები, არა?! არ მიყვარს, როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს და არ უფასებენ. აი, მაგალითად ჩვენმა პრეზიდენტმა რამდენი რამ გააკეთა, თუმცა ხალხი მისგან მაინც უკმაყოფილოა. ის კი აღარავის ახსოვს, რას ჰგავდა ქუთაისი მიშას მოსვლამდე. „ჩარეცხილები“ დაუძახა ინტელიგენციას  და ატყდა ერთი ამბავი. რა, არ უნდა დაეძახა? არ არიან ჩარეცხილები?! მე რომ ძალაუფლება მქონდეს, სულ ყველას კედელთან მივაყენებდი და დავხვრეტდი..

- ამის თქმის უფლება ჰქონდა? ის ხომ მთელი საზოგადოების პრეზიდენტია და არა კონკრეტული ჯგუფის?

- მე არ ვაპირებ იმ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანი ყველას - პატიოსანსაც და არაპატიოსანსაც - თანაბრად სცემს პატივს. პიროვნების თავისუფალი ნება ყველაზე მაღლა დგას, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოთქვას საკუთარი აზრი. მერე რა, რომ ის მთელი საზოგადოების პრეზიდენტია, ჩარეცხილებისაც და ჩაურეცხავებისაც. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი, არ უნდა იყოს საზოგადოების მონა. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარ აზრი. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ აზრის გამოსახატად პოსტსაც კი დავტოვებდი.

- ზოგადად ქუთაისის საზოგადოებაზე რას გვეტყვით?

- ქუთაისის საზოგადოება ასეთია: აუცილებლად ერთნაირად უნდა ჩაიცვან, ერთი და იგივე ჭამონ, ერთი და იგივე იფიქრონ. აქ კარგ ბიჭობად ქუჩაში დგომა ითვლება. გამოკითხული ბავშვების უმრავლესობა ამბობს, რომ როცა გაიზრდება, ქურდი უნდა გამოვიდეს. საერთოდაც, რა უნდა ვილაპარაკო იმ ხალხზე, რომლებმაც ილო ფოტოგრაფის ძეგლს ცხვირი მოატეხა! ილო ხომ ყოველი ქუთაისელის საამაყო ადამიანია. ის ჩემთვის ადამიანის იდეალია. დილით ისე არ ჩავუვლიდი მის სარდაფს, რომ არ შევსულიყავი და არ ჩავხუტებოდი. მისგან იმდენ დადებით ენერგიას ვიღებდი, რომ მთელი დღე მიმდევდა.

მეზიზღება ფულიანი ტიპები. რომ აგროვებენ ფულს და არ იციან, რაში დახარჯონ. ილო კი სულ სხვანაირი იყო მთელი ცხოვრება უფულოდ ცხოვრობდა. ფოტოების გადაღებაში ფული არასდროს აუღია. მეც ვცდილობ, ილოსავით ვიცხოვრო. ფული არ არის მთავარი, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც...“

ნათია დავლაშერიძე, ნათია მაჭარაშვილი 

(სურათზე მერაბ ქაჯაია, პიკასო)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია