დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის გამგებელი ჯერ საკუთარ თავს ირჩენს
2009/07/27 05:08:43

მხოლოდ სახელფასო საბარათე ანგარიში; ავტომანქანა - არა, ანაბარი - არა, დედაქალაქური ბინა და აგარაკი - არა; არც საჩუქრები - ეს ბოლო გრაფები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თორნიკე ავალიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში შეუვსებელი რჩება.

როგორც ჩანს, ოჯახში მთავარი „ხაზინადარი“ გამგებლის მამა გურამ ავალიშვილია, ხოლო ახალგაზრდა გამგებელი კაპიტალის დაგროვებას არ მისდევს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, როგორც თვითონ ამბობს, ჯერ მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავს სარჩენი, რისთვისაც 1700 ლარიანი ხელფასი, ჯერჯერობით, სავსებით ჰყოფნის. მისი ოჯახური შემადგენლობა დედ-მამითა და დით შემოიფარგლება.

ერთგვარ ტენდენციასავითაა, რომ 2009 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია, მეტწილად, შარშანდელის იდენტურია. ასეა თორნიკე ავალიშვილის შემთხვევაშიც.

მას უძრავი ქონების გრაფაში უწერია, რომ აქვს საცხოვრებელი სახლი ხარაგაულში, კიკნაძის ქუჩა ?36, სახლი მამამისის გურამ ავალიშვილის სახელზეა და ის 15000 ლარადაა შეფასებული. ასევე გურამ ავალიშვილის სახელზეა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი ფართით ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. ეს ნაკვეთიც 15000 ლარადაა შეფასებული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ფასიანი ქაღალდები არ აქვს.

2008 წლის დეკლარაციაში თორნიკე ავალიშვილის მიმდინარე ანგარიში „სახალხო ბანკში“ განულებულია, ხოლო გურამ ავალიშვილს ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5000 ლარი ჰქონდა.

ფულადი თანხის მესაკუთრეობის გრაფა თორნიკე ავალიშვილის შემთხვევაში ცარიელია, მაგრამ ოჯახურ ბიუჯეტში,  როგორც ჩანს, მთავარი შემტანი ისევ გამგებლის მამა გურამ ავალიშვილია. მის მიმდინარე ანგარიშზე 5000 ლარია.

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია ისიც, რომ გურამ ავალიშვილი 2001 წლიდან ინდმეწარმეა და საწარმოო საქმიანობით მიღებული  მისი შემოსავალი 10000 ლარია.

თორნიკე ავალიშვილს მთელი წლის განმავლობაში არც ისეთი ნივთი შეუძენია ან გაუსხვისებია, რომლის ღირებულება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას გადააჭარბებდა.

უფრო ადრე, ვიდრე თორნიკე ავალიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდებოდა, ის  შპს „ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 03-ის“ დირექტორი იყო. ამ დროს მისი წლიური შემოსავალი 2940 ლარი იყო, ხოლო  გამგებლის წლიური შემოსავალი  დღესდღეობით 10600 ლარია.

დეკლარაციაში ცარიელი რჩება გრაფები „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას.“

ცარიელია ასევე საჩუქრის, მიზნობრივი ხარჯებისა და მივლინებების გრაფაც.

თორნიკე ავალიშვილს გამგებლობის დროს მიღებული საჩუქრებიდან ერთი, გამორჩეული საჩუქარი ახსენდება „P.S.“-თან, ეს ორი ჭიქაა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უსახსოვრეს და მასზე  ადმინისტრაციის სურათია გამოხატული.

„2009 წელს რაიმე ღირებული არაფერი შემიძენია, შარშანდელი დეკლარაცია უცვლელად გადმოიწერა, არც ახლო მომავალში ვგეგმავ რაიმეს შეძენას, საკუთარი ავტომანქანა არ მყავს, სამსახურის მანქანით ვსარგებლობ, სულ ესაა,“ - ამბობს თორნიკე ავალიშვილი და, შესაბამისად, მორიგი საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაციაც აქ მთავრდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია