საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მკურნალობა ხატვით
2009/07/22 15:07:56

 

არტ-თერაპია დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, გამოხატოს საზოგადოებისთვის მიუღებელი და აგრესიული განცდები სოციალურად მისაღები ფორმით - ცეკვით, სიმღერით, ხატვით და სხვა. არტ-თერაპია ექიმს ეხმარება დიაგნოზის დასმაში, აჩქარებს განკურნების პროცესს, ადამიანებს უადვილებს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევას, რომლებიც მათ გადაულახავად ეჩვენებათ, ავითარებს ადამიანის შინაგან წესრიგს და საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი უნარი და ნიჭი.

არტ-თერაპიას, ფსიქიკურად აშლილი ადამიანების სამკურნალოდ, საზღვარგარეთ უკვე დიდი ხანია იყენებენ. საქართველოშიც რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა ამ მეთოდით მკურნალობა. არტ-თერაპიის ერთ-ერთი განყოფილება ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფუნქციონირებს. ჩვენ ამ განყოფილების უფროსს, ფსიქიატრ ლალი კემულარიას ვესაუბრეთ.

 

- როგორ მოხვდით ამ სფეროში?

- პროფესიით ფსიქიატრი ვარ. ხელოვნებასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, კარგად ვხატავდი. შემდეგ შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება ტრენინგში, რომელიც არტ-თერაპიას ეხებოდა. ასე დავინტერესდი ამ სფეროთი. სამწლიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაარსე არტ-თერაპიის განყოფილება და დავიწყეთ ამ მეთოდით მკურნალობა. სამწუხაროდ, ეს სფერო საქართველოში დიდად განვითარებული არ არის. მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ათამდე არტ-თერაპევტი ვმუშაობთ.

- რას ნიშნავს არტ-თერაპიის მეთოდით მკურნალობა?

- არტ-თერაპიით მკურნალობა ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლის მიზანია, მოახდინოს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხელოვნებით ზემოქმედება, რის შედეგადაც ადამიანს უბრუნდება ჰარმონია და სიმშვიდე.

- არტ-თერაპია მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანისთვისაა საჭირო, თუ ამ მეთოდით ერთგვარი რელაქსაცია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია?

- ვმუშაობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის პაციენტებთან. განსაკუთრებულად კარგი შედეგი გვაქვს ფსიქიკურად დაავადებულ მოზრდილებთან და ბავშვებთან. არტ-თერაპია, განსაკუთრებით კი ხატვითი თერაპია, ადამიანს ეხმარება, იპოვოს და შეიცნოს საკუთარი თავი. ნახატი ადამიანის სულია, იქ ჩანს ინფორმაცია, რომლიც ადამიანის ქვეცნობიერ სამყაროშია დალექილი.

- როგორ იწყება ამ მეთოდით მკურნალობა?

- ძალიან ჭირს პაციენტთან პირველი ურთიერთობის დამყარება. რა თქმა უნდა, ამ მეთოდით მკურნალობა ნებაყოფლობითია, მაგრამ ხშირად მოდიან აგრესიულად განწყობილი პაციენტები, რომლებსაც ხატვის კომპლექსი აქვთ და ჰგონიათ, რომ ჩვენ მათგან შედევრების შექმნას ვითხოვთ. არადა, ჩვენთვის ფურცელზე დახატული პაწაწინა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი ძალიან მნიშვნელოვანია და გვიქმნის წარმოდგენას ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. პირველი ნახატი, რომელსაც პაციენტები ხატავენ, არის სადიაგნოსტიკო ნახატი. თემა თავისუფალი, არ ვზღუდავთ პაციენტებს. ეს გვეხმარება, ზუსტად გავიგოთ, რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი. ნახატის მიხედვით დგინდება დიაგნოზი და შემდეგ გადავდივართ უშუალოდ მკურნალობის პროცესზე.

- რა არის დიაგნოსტიკის შემდგომი ეტაპი?

- შემდეგ ვაგრძელებთ მკურნალობას ისევ სახვითი ხელოვნების დახმარებით. პაციენტებს ვაძლევთ თემატურ დავალებებს. ხატვა ათავისუფლებს უარყოფითი ენერგიისგან. მოგეხსენებათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის ბრობლემის მქონე ადამიანები სუსტად აღიქვამენ თავის „მე“-ს, თავის ეგოს. ნახატი კი მათ საკუთარი თავის გაცნობაში ეხმარება. ხატვის პროცესის დასრულების შემდეგ ვატარებთ  განხილვას, ვსაუბრობთ ნახატის თაობაზე, სიმბოლოებზე, ფერების მნიშვნელობაზე. ეს ყველაფერი ადამიანებს „მე“-ს აღმოჩენაში და ქვეცნობიერ სამყაროში დალექილი ინფორმაციის გაცოცხლებაში ეხმარება.

- არის თუ არა შესაძლებელი, არტ-თერაპიამ სრულად განკურნოს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი?

- რასაკვირველია, არა. არტ თერაპია, უბრალოდ, ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს, ანუ დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს აქვს შედარებით მშვიდი პერიოდი. არტ-თერაპია ძალიან ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად.

- რამდენად ხშირად იყენებენ ამ მეთოდს მკურნალობისას, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

- ევროპაში მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა არსებობს არტ-თერაპიით მკურნალობისა. სამწუხაროდ, ჯერ საქართველოში კარგად არ არის განვითარებული ეს სფერო. თუმცა მალე შეიქმნება არტ-თერაპიის ასოციაცია და, ვიმედოვნებ, ეს სფერო თავის სიმაღლეზე დადგება.

 

ნათია მაჭარაშვილი

ნათია დავლაშერიძე

სალომე აჩბა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია