საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მწერლობის მოთვინიერება გრძელდება
2013/08/13 15:45:31

,,პოსტკრიპტუმს“ მხატვრული ლიტერტურის თანამედროვე პრობლემებზე ესაუბრა ლევან ბებურიშვილი, რომელიც ავტორია წიგნისა ,,მწერლობის მოთვინიერება გრძელდება“.

_ პოლ ვალერის აზრით, მწერლობა უნდა ,,ათვინიერებდეს პუბლიკას“, რატომ გახდა საბჭოთა პერიოდიდან მწერლობის მოთვინიერება საჭირო?

_ მწერლობის „მოთვინიერების“ პროცესი, ცხადია, საბჭოთა კავშირის შექმნამდეც არსებობდა და ყოველ ტოტალიტარულ რეჟიმს ჰყავდა და ჰყავს საკუთარი ფავორიტები ხელოვნებაში. საბჭოთა სინამდვილე ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი და ამიტომ შედარებით გვიადვილდება მსჯელობა მწერლობის „მოთვინიერების“ პროცესზე საბჭოთა საქართველოში. საბჭოთა პერიოდში მწერლობის „მოთვინიერება“ თავდაპირველად ძალზე ხისტი მეთოდებით მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი მწერლების დამორჩილებას უფრო ხშირად წახალისებითა და მოთაფლვით ცდილობდნენ, ვიდრე რეპრესიებით. აღნიშნული პროცესი, ცხადია, იდეოლოგიური მიზეზებით იყო განპირობებული. ყოველივე ეს კარგადაა ნაჩვენები აკაკი ბაქრაძის ცნობილ გამოკვლევაში „მწერლობის მოთვინიერება“.

_ ბატონო ლევან, თქვენს წიგნში ამბობთ, რომ ქართული მწერლობის „მოთვინიერება“ გრძელდება, ამის თქმის საფუძველს, ძირითადად, რა გაძლევთ?

_ არავინ დაობს იმ ფაქტზე, რომ ლიტერატურასა და ხელოვნებას საზოგადოებაზე ზემოქმედების უდიდესი ძალა აქვს, სწორედ ამიტომ ლიტერატურა ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი. თანამედროვე ეპოქაში მაინცდამაინც პოპულარული არ არის ლიტერატურის იდეოლოგიზებაზე მსჯელობა, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ ხელოვნების იდეოლოგიზაციის ეპოქა საბჭოთა კავშირთან ერთად დამთავრდა. თუმცა იგივე პროცესი ძალზე დახვეწილი ტექნოლოგიებით დღესაც მიმდინარეობს და ამის თქმის საფუძველს ჩემს წიგნში წარმოდგენილი არაერთი მაგალითი გვაძლევს.

 

_ თქვენი აზრით, როგორც ადრე, დღეს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მწერლობას? მაგალითად, ჩემზე დიდი გავლენა არ მოუხდენია (არც ემოციური, არც ესთეტიკური) თქვენ მიერ გაკრიტიკებულ მწერლებს...

_ ლიტერატურას აღარ აქვს საზოგადოებაზე ზეგავლენის იმგვარი მასშტაბი, რაც ჰქონდა თუნდაც 30-40 წლის წინ. ეს ძალზე ვრცელი თემაა. ადრე ლიტერატურა იყო ხალხის ესთეტიკური საზრდოც და ამავდროულად, გასართობიც. ამასთან, წიგნები დღევანდელთან შედარებით, უზარმაზარი ტირაჟით გამოდიოდა და საერთოდაც, არსებობდა წიგნის კითხვის კულტურა. ახლა უფრო მეტი გასართობია: მრავალფეროვანი სატელევიზიო პროგრამები, ინტერნეტი და სხვა. ამიტომ ახალგაზრდები უფრო იშვიათად იცლიან წიგნისათვის. ძალიან შემცირდა წიგნების ტირაჟიც და, შესაბამისად, მოიმატა ფასმა. ითარგმნება და გამოიცემა ათასი სისულელე. ერთი სიტყვით, დაეცა ესთეტიკური კულტურა, რაც დიდწილადაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უმძიმეს უახლეს ისტორიასთან და აღვირახსნილი კაპიტალიზმის დამყარებასთან.

მიუხედავად ყველაფრისა, ლიტერატურას მაინც აქვს თავისი მძლავრი ზეგავლენა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებზე და ეს არის მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ გავლილი ესთეტიკური აღზრდის სკოლა, მასმედია გამალებით შთააგონებს, რომ კონკრეტული ავტორები რაღაც განსაკუთრებულს და ღირებულს ქმნიან, ამ მახეში კი ბევრი ახალაზრდა ებმება და სრულიად უკუღმართი მსოფლმხედველობა უყალიბდება. ზრდასრულები, ასე თუ ისე, ახერხებენ ავისა და კარგის გარჩევას, მაგრამ ვიმეორებ, საფრთხე უმთავრესად ახალგაზრდა მკითხველს ემუქრება.

_ არაერთი თანამედროვე მწერლის შემოქმედებაში თქვენ  ნეოლიბერალური იდეოლოგიის მძლავრ გავლენას ხედავთ. რით უნდა ავხსნათ ეს გარემოება?

_ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან აღვირახსნილი ლიბერალიზმი შემოიჭრა საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველ სფეროში და, ცხადია, ლიტერატურაშიც. „დასავლური ღირებულებები“ მრავალს ექცა საცდურად. „წითელი ინტელიგენციის“ ადგილი დაიკავა „ლიბერალურმა ინტელიგენციამ“, კონფორმისტების ლაშქარმა, რომელნიც უცხოური გრანტების საფასურად გამუდმებით ოპოზიციაში უდგანან საკუთარ სამშობლოს და ტრადიციულ ღირებულებებს. ჩემს წიგნში გაკრიტიკებული მწერლების დიდი ნაწილი დასაქმებულია აღვირახსნილ ლიბერალურ გამოცემებში და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ე.წ. არასამთავრობო სექტორთან. გადაგვარებული ნეოლიბერალიზმი მათთვის არის არა იმდენად შინაგანი მრწამსი, რამდენადაც პრივილეგიების მიღებისა და მატერიალური კეთილდღეობის საშუალება.

_ საქართველოში მომრავლდა წიგნის გამოცემის შემთხვევები. ხშირად ვერ უძლებს კრიტიკას წიგნის ფორმატი, კორექტურა, რედაქცია, დაკაბადონება, და რაც მთავარია,   შინაარსის გამო, ამ წიგნების უმეტესობა ან სანაგვეზე აღმოჩნდება ხოლმე, ან სამუდამოდ თვლემს მტვრიან კარადებში.  რა არის გამოსავალი ასეთ შემთხვევებში?

_ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. ძალზე დაეცა ესთეტიკური გემოვნება, კულტურა. დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სწორი ესთეტიკური და ეთიკური ორიენტირები მისცეს აღსაზრდელებს. ჩემი აზრით, მთავარი მაინც სახელმწიფოს კეთილი ნებაა. საეჭვოა, არსებითად შეიცვალოს რამე მანამ, სანამ ქვეყნის სათავეში არ მოვა ეროვნული ხელისუფლება, რომლის ინტერესებშიც იქნება ეროვნული კულტურის, ხელოვნების ხელშეწყობა და არა ბურჭულაძის, ბუღაძისა და სხვათა ნაცოდვილარის უცხოურ ენაზე თარგმნა, როგორც ამას სააკაშვილის კულტურის სამინისტრო იქმოდა.

 _ თქვენს წიგნში საკმაოდ მძაფრადაა გაკრიტიკებული ლიტერტურული კონკურსები. ეს რითაა განპირობებული?

_ ლიტერატურული კონკურსები ხშირ შემთხვევაში იმართება უაღრესად ტენდენციურად. ზოგიერთი კონკურსის ირგვლივ თავი მოიყარეს ერთგვარმა ლიტერატურულმა „ბანდებმა“, რომლის წევრები ხან ჟიურიში სხედან და ხანაც პრიზიორები არიან. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული მაინც პრემია „საბაა“, რომელიც ლიბერალური ელიტისათვის არის შექმნილი და გამუდმებით ერთსა და იმავე ავტორებს აჯილდოებენ. ამ პრემიის შესახებ არაერთი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, სადაც თვალნათლივაა მხილებული ჟიურის წევრების არაპროფესიონალიზმი და აღწერილია არაერთი კურიოზული შემთხვევაც.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია