დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
20 წიგნი, რომელიც მერაბიშვილმა უნდა წაიკითხოს
2013/06/11 13:18:43

 

სურამელის ბლოგის ავტორმა ვანო მერაბიშვილს ის 20 წიგნი შეურჩია, რაც მან ციხეში აუცილებლად უნდა წაიკითხოს
ციხეში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, წიგნები შემომიტანეთო (ალბათ მიხვდა, დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა). შეუსრულეს კიდეც თხოვნა და ანტიკური ისტორია მიართვეს, თუმცა როგორც თავად დაიჩივლა, ის ფურცლები ამოუხიეს, რომელზედაც რუკები იყო დახატული. ეტყობა, სოზარის სტრუქტურას შეეშინდა, ქიჩმაჩი ვანო კართაგენში ან ფინიკიაში არ გაპარვოდათ. თუმცა, ხუმრობა იქეთ და, წიგნების კითხვა ნამდვილად საქებარი საქმეა. მეც, ჩემის მხრივ, მომინდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა და ბატონ ექს-პრემიერს შევურჩიე 20 წიგნი, რომელიც საპატიმროში ყოფნისას უნდა წაიკითხოს. 

1. ნელი ოქროპირიძე - "ფანტაზია და მარჯვე ხელები". ფანტაზია, რომ უკიდეგანო გაქვთ ბატონო ნაც. მოძრაობის გენ. მდივანო, უდავოა (დღემდე ვერ ამომიხსნია, ეს ლევან მაისურაძე საიდან მოიფიქრეთ), ამიტომ ამ ფანტაზიას გასაქანს თუ მისცემთ და ხელებს წაახმართ, ეგებ, როცა ციხიდან გამოხვალთ, რიგიანი ტაბურეტების კეთებაც გქონდეთ ნასწავლი. ხომ იცით, რაიმე ხელობა თუ იცი არსად დაიკარგებიო, უთქვამთ; 

2. ალ. დიუმა - "სამი მუშკეტერი". ეს მაშინ წაიკითხეთ, როცა ნოსტალგია შემოგაწვებათ ხოლმე. ათოსი - მიშა, პორთოსი - გიგი უგულავა, არამისი - გიგა ბოკერია და თქვენ (როგორც შორი გზიდან ჩამოსული) - დ,არტანიანი. 

3. შექსპირი - "ჰამლეტი". იქნებ მიხვდეთ გამოთქმის - "რაღაც დალპა ამ სამეფოში, დანიის პრინცო" - მნიშვნელობას. 9 წელი ლპობის სუნს ვერ გრძნობდით და იქნებ ამის წაკითხვის მერე მაინც იგრძნოთ რამე. 

4. ჟიულ ვერნი - "80 000 კილომეტრი წყალქვეშ". ეს მაშინ წაიკითხეთ, როდესაც პრეზიდენტის ვოიაჟები მოგენატრებათ. ოღონდ წყალქვეშა სამყაროს მაგიერ ზეცა წარმოიდგინეთ და დანარჩენი ფანტაზიის საქმეა (სავარაუდოდ, ამ დროს უკვე წაკითხული გექნებათ, ნელი ოქროპირიძის "ფნტაზია და მარჯვე ხელები" და ეს საქმეს გაგიიოლებთ). 

5. სერვანტესი - "დონ კიხოტი". როდესაც საბოლოო განაჩენს გამოგიტანენ, თქვენი თანაგუნდელები აუცილებლად შეგადარებენ დონ კიხოტს, იტყვიან, ბატონი ვანოც იდეის ერთგული იყო, მაგრამ გულუბრყვილობამ დაღუპაო. ჰოდა, გქონდეთ წაკითხული, რომ მსგავსებები უფრო კარგად გაითავისოთ. 

6. შოთა რუსთაველი - "ვეფხისტყაოსანი" (მხოლოდ ქაჯების ეპიზოდი). ეს მაშინ უნდა წაიკითხოთ, როდესაც თქვენი მშობლიური პარტიის სხდომა მოგენატრებათ ხოლმე 

7. კ. გამსახურდია - "დიდოსტატის მარჯვენა". თქვენ და უტა რაღაცით ჰგავხართ ერთმანეთს, მართალია, იმან სვეტიცხოველი ააშენა, თქვენ კი რაბათი და პატრულის გამჭირვალე შენობები, მაგრამ მსგავსება, ხალხისგან ჯილდოდ 
მიღებულ უმადურობაშია… 

8. ჯორჯ ორუელი - "1984". ეს მაშინ წაიკითხეთ, როდესაც წარსული მოგენატრებათ, ის დრო, როცა "დიდი ძმა" იყავით და ჩვენ ყველამ ვიცოდით რომ "დიდი ძმა" გვითვალთვალებდა. 

9. სტენდალი - "წითელი და შავი". წითელი და ლურჯი, რომ ყოფილიყო აჯობებდა, თუმცა მაინც წაიკითხეთ. დამიჯერეთ, მოგეწონებათ. 

10. ჰემინგუეი - "მშვიდობით, იარაღო!" მოითხოვეთ, ამ წიგნს ა. მეფარიძის სიდიც მოაყოლონ, სადაც მისი უკვდავი ჰიტი "მშვიდობით" იქნება ჩაწერილი. ეს ორივე ერთად გარდასულ დღეების შეცდომებზე დაგაფიქრებთ.

11. გი დე მოპასანი - "ლამაზი მეგობარი". ეს დათა ახალაიას გახსნებისას გადაიკითხეთ ხოლმე. 

12. ჰიუგო - "კაცი, რომელიც იცინის". ამას ჩვენ წავიკითხავთ, როცა ერთ-ერთ შოუში თქვენი გამოსვლა გაგვახსენდება და თუ თქვენც გაგასენდათ ეს შოუ, მაშინ ჰაინრიხ ბიოლის "კლოუნის თვალთახედვას" გირჩევთ. 

13. რადიარდ კიპლინგი - "ჯუნგლის წიგნი". ეს მაშინ, როცა ის კანონები გაგახსენდებათ, რომლითაც ქვეყანას მართავდით, თუმცა, ცოტათი უსამართლობა გამოდის სულმნათი კიპლინგის მიმართ. 

14. სტაინბეკი - "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა". ეს თქვენმა თანაგუნდელებმა წაიკითხონ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. 

15. ალბერ კამიუ - "შავი ჭირი". ეს აჯობებს, მუდამ თავთით გედოთ, როცა შეხედავთ, 2003-2012 წლები თვალწინ დაგიდგებათ. 

16. სულხან-საბა - "სიბრძნე სიცრუისა". სიცრუეში ბადალი არასოდეს გყოლიათ და ახლა იქნებ ცოტა სიბრძნეც შეიმეცნოთ, ურიგო არ იქნება. 

17. სიგრიდ უნსეტი - "ვიკინგები". ეს მაშინ გადაიკითხეთ, როცა ევროპის სახალხო პარტია მხარდაჭერას გამოგიცხადებთ. 

18. კაფკა - "პროცესი". ეს ყველა სასამართლოს წინ იკითხეთ ხოლმე, აქებენ. 

19. მარკესი - "მარტოობის ასი წელი". აურელიანო ბუენდიასგან ბევრი ნიშნით განსხვავდებით, თუმცა, ხიფათი და თავგადასავლები ორივეს გხიბლავთ. ამიტომ ესეც გადაიკითხეთ. მართალია, ლმობიერი სასამართლო გვაქვს, მაგრამ იმისთანებს ამბობენ გარეთ, თქვენ მიერ ჩადენილებზე, რომ შეიძლება სათაურიც სიმბოლური აღმოჩნდეს. 

20. მარიო პიუზო - "ნათლია". როცა ედუარდ შევარდნაძის შეგონებანს ზეპირად დაისწავლით, მაგის მერე ამაზე უკეთეს წიგნს ვერ გირჩევთ. 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წიგნებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ჯერ ეს ჩააბულბულეთ და პირობას გაძლევთ, მალე კიდევ გამოგიგზავნით რჩევებს, რაც მთავარია, ახლა იმდენი თავისუფალი დრო გაქვთ, რომ ბევრს შეშურდება კიდეც.

P.S. ამ ყველაფრის კითხვას რომ მორჩებით, "საქართველოს კონსტიტუციასაც" თუ გადახედავთ, კარგი იქნება, იქნებ მართლა მიხვდეთ - რატომ ხართ იქ, სადაც ხართ.
(გ.გ.)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია