საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შესაძლოა ბაგრატის ტაძარი მსოფლიოს ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ
2013/01/09 22:45:07

შესაძლოა  ბაგრატის ტაძარი მსოფლიოს ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ – ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOC) წევრის, ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი. ასევე– კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიასა და მისი მოადგილის, მარინა მიზანდარის კომენტარები, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხელოვნებათმცოდნე, ექსპერტი მანანა სურამელაშვილი გელათის ნომინაციაში ბაგრატის ტაძრის შესვლას საეჭვოდ მიიჩნევს.  ქალბატონი მანანას თქმით, "იუნესკოს" მიერ მსოფლიო ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის შესაძლო ამოღების შესახებ ექსპერტები ადრეც საუბრობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები არ შეესაბამება ძეგლის დაცვის ფუძემდებლურ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, ექსპერტის თქმით, ცხადი იყო, რომ საფრთხე შეექმნებოდა ტაძრის მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში ყოფნას. 
"ვფიქრობდით, რომ ასეც მოხდებოდა. რადგან თავის დროზე გელათი და ბაგრატი ერთ ნომინაციაში იყო წარდგენილი, ამიტომ შეიცვლება ნომინაცია და გელათი წარდგება ცალკე, რადგან იქ არ განხორციელებულა შეუსაბამო ჩარევები. ვფიქრობ, ბაგრატის საკითხი ჩვენთვის არასასურველად დასრულდება და მას ამოიღებენ სიიდან. ეს მოხდება თებერვალში, "იუნესკოს" კომიტეტის სესიაზე. მანამდე ჩვენმა მხარემ ახალი ნომინაციის გაკეთება და გელათის წარდგენა უნდა მოასწროს, რომ მასაც არ შეექმნას საფრთხე", - აღნიშნა სურამელაშვილმა. 
მისივე თქმით, გელათი და ბაგრატი ძალიან დიდი მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებული და ამდენად საეჭვოა, რომ გელათის ნომინაციაში ბაგრატის ტაძარიც შეიტანონ. 
"მთლიანად ქუთაისთან ერთად იქნება შეტანილი? ეს როგორ უნდა მოხდეს, ვერ გეტყვით. მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. არასდროს არ დაუძახიათ საწინააღმდეგო აზრის მქონე ექსპერტებისთვის აზრთა გაზიარების მიზნით. არ გაუმართავთ ასეთი შეხვედრები", - აცხადებს სურამელაშვილი.
მისივე განცხადებით, კულტურის სამინისტროს ახალი შემადგენლობა ახლა ცდილობს გაერკვეს დაშვებულ შეცდომებში და გამოსავალი მოძებნოს. 
ექსპერტი იმედოვნებს, რომ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და არ დაზარალდება ის ძეგლები, რომელთა გადარჩენა მინიმალური დანაკარგებით შეიძლება. 
"ასეთი დიდი დანაკარგების მქონე ძეგლზე არ ხდება სრული რეკონსტრუქცია. ეს ეწინააღმდეგება ძეგლთა დაცვის პრინციპებს. ბაგრატის ორიგინალიც ძალიან უხეშად იყო ჩართული სარეკონსტრუქციო პროცესში. საზოგადოებას განუცხადეს, რომ ეს ჩარევები ტაძრის დანგრევისგან გადარჩენისთვის აუცილებელი იყო. ეს ასე არ იყო. მისი შენარჩუნებითვის სულ სხვა მოქმედებები უნდა ჩატარებელიყო. საბოლოო ჯამში შეუქცევადი ჩარევები განხორციელდა, რომელსაც უკან ვეღარ მოვაბრუნებთ. აი, ეს არის მთავარი დარღვევა", - აღნიშნა მანანა სურამელაშვილმა.
ბაგრატის ტაძარმა შესაძლოა, "იუნესკოს" მფარველობა დაკარგოს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორ ფრანჩესკო ბანდარინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარიც ესწრებოდა. 
როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, ძეგლების რესტავრაციას მეტი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ხშირად მათთვის ფუნქციის დაბრუნება საფრთხეებს უკავშირდება. 
"რესტავრაციის შედეგად ხდება ძეგლის მფარველობის დაკარგვის საფრთხე "იუნესკოში". დაახლოებით რაღაც მსგავსი ხდება ბაგრატის ტაძართან მიმართებაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან კომიტეტის სხდომა 1-ელ თებერვალს არის დაგეგმილი. არ ვიცი, რამდენად მოვასწრებთ საბუთების მომზადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შენარჩუნდეს ბაგრატი, როგორც ძეგლი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ამაზეც ვისაუბრეთ. თუ საბუთების მომზადება ვერ მოვასწარით, ვთხოვთ, ეს საკითხი გადადონ", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ. 
მინისტრის მოადგილის განმარტებით კი, "იუნესკოს" მფარველობაში ბაგრატის შესანარჩუნებლად კომპრომისულ ფორმას ეძებენ. 
"გვთავაზობენ, მოიძებნოს კომპრომისული ფორმა ძეგლის სტატუსის შესანარჩუნებლად. "იუნესკოს" ექნება მცდელობა, რომ ელეგანტური ფორმით მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც ბაგრატი შესულია არქეოლოგიური ძეგლის სტატუსით. შეეცდებიან, გაკეთდეს ისე, რომ ბაგრატზე მახვილი აღარ დაისვას და ძეგლის სტატუსი გელათმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ იტვირთოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბაგრატიც იქნება მოქცეული. ბაგრატი იქნება როგორც ამ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ძეგლთაგანი და არა როგორც ბაგრატი თავისთავად, რადგან "იუნესკოს" ნორმებს დღევანდელი ბაგრატი აღარ შეესაბამება და ის ასეთი სახით კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვეღარ დარჩება", - აღნიშნა მარინა მიზანდარმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2270
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია