საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირმა ინაშვილი - მასალა ადრე რომ გამომექვეყნებინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი
2012/09/21 15:11:47

ურნალისტი ირმა ინაშვილი განმარტებას აკეთებს, რომელიც "ინტერპრესნიუსით" გავრცელდა და მას უცვლელად გთავაზობთ:


„ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანები და, რაც უფრო გასაკვირია, ჟურნალისტები მეკითხებიან,- რატომ არ გამოვაქვეყნე ჩემს ხელთარსებული ვიდემასალა უფრო ადრე: ივნისში, ივლისსა, თუ აგვისტოში. ამ კითხვას არაერთგზის ვუპასუხე, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავაკეთო შესაბამისი განმარტება.

ვიდეოკადრები მე ივნისის დასაწყისში მოვიპოვე. ცხადია, ჯერ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს კადრები არა იმიტირებული, არამედ ნამდვილი იყო. საქართველოში ამას ვერ გავაკეთებდი. ინფორმაციას რომ გაეჟონა, ალბათ, ხვდებით, რომ უკვე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, ხოლო ციხეებში წამების ფაქტები გაათმაგდებოდა და ამ ვიდეოს შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა... აუცილებელი იყო ვიდეომასალის ბრიუსელში გადაგზავნა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა და ისმინება... მუდმივი თვალთვალისა და მუქარის ობიექტი ვარ, რაზეც არაერთგზის განმიცხადებია, შესაბამისად, მე ამ ვიდეოკადრებს საზღვარზე ვერ გადავიტანდი. უნდა მომეძებნა სანდო ადამიანი, რომელიც არც პოლიტიკასთან და არც "ობიექტივთან" კავშირში არ იყო. მაგალითად, მეცნიერი, რომელიც დიდიხნის წინ დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე მიემგზავრებოდა. ასეთი კაცის მოძებნას გარკვეული დრო დასჭირდა. ალბათ, გესმით, რომ ორ დღეში ეს ვერ მოხერხდა. მოხერხდა ორ კვირაში, მაგრამ ეს კაცი მიდიოდა არა ბრიუსელში, არამედ სულ სხვა, შორეულ ქვეყანაში, სადაც ვიდეომასალა ჩაიტანა. შემდეგ იქ, იმ ქვეყანაში ( არა ორ დღეში) მოიძებნა სხვა სანდო ადამიანი, რომელსაც ვიდეომასალა გადაეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც ევროპის სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდა, სადაც მას უკვე მე დავხვდი. გამოვართვი ვიდეომასალა და ბრიუსელში (კიდევ ერთი ქვეყნის გავლით) ჩავიტანე. ცხადია, ზუსტ მარშრუტს არ ვასახელებ. ვხსნი ზოგად აზრს, რომ ამ მასალების ჩატანას ბრიუსელში თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებთან დაკავშირებას, ვიდეოკადრების ექსპერტიზას და მის არაფალსიფიცირებულობაში დარწმუნებას, ასევე, დასჭირდა დრო და ესეც ვერ მოხერხდებოდა ორ დღეში. ამასობაში, ბრიუსელში დამოუკიდებლად ჩავიდა ლადო ბედუკაძე და დაუკავშირდა გიორგი ფოფხაძეს, ანუ ახლა არსებობდა მოწმეც. ბედუკაძის დაკავშირებას ევროჩინოვნიკებთან, მისთვის ადვოკატის აყვანას, ევროსტრუქტურებში შეხვედრების ორგანიზებას, სადაც ის ადასტურებდა ზემოხსენებული მასალის ავტორობას, მასალაში ასახული შემაძრწუნებელი ფაქტების განხილვასა და ევროსტრუქტურების პოზიციის ჩამოყალიბებას, დაეთმო მთელი დანარჩენი დრო, სექტემბრის შუა რიცხვებამდე. ამასთან, მუდმივად განიხილებოდა ბედუკაძის მეუღლისა და შვილების უსაფრთხოების საკითხი. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჟურნალისტი მოვალეა ინფორმაცია ისე გაავრცელოს, რომ ადამიანთა უსაფრთხოება და სიცოცხლე დაცული იყოს.

ბედუკაძის, ანუ მთავარი მოწმის, ასევე, მისი ადვოკატისა და ევროჩინოვნიკების თანხმობით, 20 სექტემბრისთვის დაიგეგმა პრესკონფერენცია. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციამ გაჟონა და 18 სექტემბერს ხელისუფლებამ დაიწყო მოქმედება. ჩვენც ადეკვატურად ვიმოქმედეთ. ყველაფერი დანარჩენი საზოგადოებამ იცის.

როცა საქმეში ჩაუხედავი ადამიანები მეკითხებიან, - მასალა ადრე რატომ არ გამოქვეყნდაო, - ეს (ასე თუ ისე) გასაგებია, მაგრამ როცა პროფესიონალი ჟურნალისტები უკმაყოფილო ტონით მეკითხებიან ამას, - ეს ჩემს გაოცებას იწვევს. ვპასუხობ: ასე რომ არ მემოქმედა, დღეს არც მე ვიქნებოდი ცოცხალი, სავარაუდოდ, არც ბედუკაძე-ფოფხაძე და ბლადაძე და ციხეში წამებები გაათმაგდებოდა.

ახლა მინდა მათ ვუპასუხო, ვინც მეუბნება, - ორი თვის წინ რომ გამოქვეყნებულიყო მასალა, შესაძლოა, ნაკლები ხალხი მომკვდარიყოო. თქვე დალოცვილებო, ნახევარი წელია ჩვენს საიტზე ვიდეომამხილებელი მასალები დევს, თითქოსდა ტუბერკულოზით გარდაცვლილ პატიმრებზე, რომლებსაც წამების უტყუარი ნიშნები აქვთ. ჩვენს ეთერში ეს ვიდეომასალა მრავალჯერაა ნაჩვენები. შარშანდელი წლიდან ღიად ვსაუბრობ, რომ მამაკაცებს ციხეებში ხელკეტებით აუპატიურებენ... ექვსი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ დღეს მიტინგებს ვაწყობდით პატიმრების მხარდასაჭერად, შარშანდელი წლიდან ვითხოვთ ფართო ამნისტიის გამოცხადებას... კვირაში ხუთჯერ, ჩვენს ეთერში ერთი საათი ეთმობა პატიმრებს, ნახევარი ევროპა მოვიარე პატიმრების წამების ფაქტებზე საუბრით... თუ პატიმრების ბედი გაღელვებდათ, ამ პროცესებში რატომ არ ჩაერთეთ?! რაო, ნახევარი წლის წინ "ობიექტივის" საიტზე რომ დავდეთ ვიდეომასალა, ნაწამები პატიმრების შესახებ, მაშინ ამან არ აღგაშფოთათ, ახლა აღშფოთდით?!
უსამართლო კრიტიკოსებს ვურჩევ, - შური საკუთარ გულში ჩააქრონ, სულელური კითხვების დასმას თავი დაანებონ და ერთხელ მაინც იფიქრონ ხალხსა და სამშობლოზე", - ნათქვამია განცხადებაში. 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია