საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კაცი, რომელმაც „ლიხნის წერილს“ ხელი არ მოაწერა
2010/09/13 14:05:09

მამის ნებიერა

დავიბადე ოქროსფერი შემოდგომის ერთ დღეს. როგორც კი დედასთან მივუყვანივართ, მას მაშინვე შეუნიშნავს მამა-შვილის საოცარი მსგავსება და მეუღლისთვის წერილი უფრენია, რომ მისი პატარა გოგონა წყლის წვეთივით ჰგავდა. პასუხსაც არ დაუგვიანებია: სახელთან ერთად მამიკოს ჩემთვის საქართველოს საამაყო მეფე-ქალის თამარის სახელი უბოძებია.

ჩემი გამოყვანის პირველი წუთებიდან 1995 წლის ავბედით 26 ივლისამდე (მისი გარდაცვალების დღე!) მამის ნებიერა ვიყავი. საოცარ მსგავსებას ხედავდნენ ჩვენს შორის, გარეგნობიდან დაწყებული სულიერებით დამთავრებული, ამიტომაც მის მეგობრებს ჩემთვის „პატარა ოთარი“ შეურქმევიათ.

მამას ცხოვრებაში ფართო ასპარეზი და მაღალი იერარქიული წოდებანი ხვდა წილად. ამაში თუ არა, ხალხში ისეთივე სიყვარული დამემსახურებინოს, რაც მან მოახერხა თავის ხანმოკლე, მაგრამ საოცრად ლამაზ ცხოვრებაში!

თავის ქებაში ნუ ჩამომართმევ, მკითხველო, მამის ნაადრევმა სიკვდილმა ბევრს დასწყვიტა გული, თითქმის ყველა საოცარი სითბოთი იხსსენიებს მასთან გატარებულ  წუთებს, საათებს, თან სევდანარევად დასძენენ, როგორ დააკლდათ მათ და სამშობლოს მამაჩემი - ოთარ ზუხბაია, მაგრამ ყველაზე მეტად მე დავზარალდი, რადგან იგი ჯერ მე მეკუთვნოდა, მერე კი - სამსახურს, მეგობრებსა და სამშობლოს.

მამამ პატარაობიდანვე წიგნების, სამშობლოსა და ხალხის სიყვარული ჩამინერგა. თუ თავისუფალ დროს მოიხელთებდა (რაც მისთვის საოცარ დეფიციტს წარმოადენდა), ჩვენი გვარის, წინაპრების, აფხაზეთის, განსაკუთრებით კი სამურზაყანოს ისტორიას მიყვებოდა. ყოველთვის უნიკალური წიგნებით მამარაგებდა, დროის სიმცირის მიუხედავად, მამა წიგნით ან კროსვორდებით ხელში ხშირად მინახავს, ასეთიც ჩამრჩა სამუდამოდ მეხსიერებაში. დედ-მამა წიგნებზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე მსჯელობდა ხოლმე. და ბედნიერება იყო, როცა მათ ვუსმენდი.

მამიკოს ერთ-ერთი დაწინაურებისას მე ჯერ კიდევ სულ პატარა გოგო ვყოფილვარ, ეს 1976 წელი იყო, მაშინ კი ზუსტად 2 წლის და 10 თვის გახლდით. მე და დედიკო იალტაში ვისვენებდით. მამამ ერთ-ერთი მორიგი მოკითხვისას საყვარელ მეუღლეს ახარა, რომ იგი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი დიდი განყოფილების გამგის მოადგილედ დაუნიშნავთ. დედას ირგვლივ არავინ ჰყავდა, რომ მიეხარებინა, თავისი პატარა გოგონას გარდა... მაშინდელი ჩვენი დიალოგი კი დღემდე ანეკდოტად დადის ნათესაობასა, თუ ჩემი მშობლების მეგობრების წრეში:

 - დედიკო, დედიკო, შენი მამიკო დიდი კაცია.

 - პატალა კაცი?

 - არა, დიდი კაცია.

 - ლა ქია ჩემს მამიკოს? - მეგონა, მამა გამომიცვალეს.

 

აფხაზეთში გატარებული დაუვიწყარი თერთმეტი წელიწადი

მამა ფიზიკურად დიდი კაცი იყო. ახალგაზრდობაში სპორტსმენი გახლდათ, საოცრად თბილი, მოსი-ყვარულე, უაღრესად თავმდაბალი, კაცთმოყვარე, პრინციპული, თავისი საქმის პროფესიონალი, სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი .რა თქმა უნდა - ინტერნაციონალისტი, ამას მისი მეგობრების ფართო წრე მოწმობს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც.

თამამად შეიძლება ვთქვა, რომ მამაჩემი პირველი იყო, ვინც დაგმო აფხაზური სეპარატიზმი გასული საუკუნის 80-იან წლებში. მან ხელი არ მოაწერა ლიხნის გახმაურებულ წერილს. თუ იქ რა მოხდა, ყველამ კარგად უწყის და აქ ჩემი კომენტარი ზედმეტადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს ნაბიჯი ოთარ ზუხბაიამ თამამად, უშიშრად გადადგა. მისთვის უცხო და მიუღებელი იყო, რადგანაც დედის რძესთან ერთად შესისხლხორცებული ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა სიყვარული. მამისნაირი კაცისათვის გაუგებარი იყო, თუ როგორ შეეძლოთ აფხაზ სეპარატისტებს, გაეკეთებინათ ასეთი რამ, ჩვენ ხომ ყველაზე მახლობელი  ერები ვართ მსოფლიოში! ძუძუმტეობის ადათი არსად იციან ისე, როგორც ჩვენში, ეს ადათი წლებს კი არა, საუკუნეებს ითვლის. ერთიანი საქართველოს მეფენი ხომ იწერებოდნენ: მეფე აფხაზთა, ქართთა, რანთა და კახთა. ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ყოველივე ეს, თავისი სამუდამო განსასვენებელი ბედიის მონასტერში, აფხაზეთში ჰპოვა. მაგრამ, სამწუხაროდ, აბრსკილის შთამომავალთ კაენისათვის მიეყიდნათ სული და მოძმე, მონათესავე ერი აბელივით გაეწირათ.

აფხაზურ-ქართული ლამაზი ურთიერთობის დასტური ხელთა მაქვს მამასა და იმჟამინდელი აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის, აწ განსვენებულ ბატონ ბორის ადლეიბას მეგობრობის მაგალითზე.

აფხაზეთში დაუვიწყარი თერთმეტი წელიწადი გავატარე, სკოლაშიც იქ შევედი, უამრავი მეგობარი შევიძინე - სხვადასხვა ერის წარმომადგენელი. მამას ძალიან იშვიათად ვხედავდი, სულ მენატრებოდა მასთან ურთიერთობა. სუნთქვაშეკრული ველოდებოდი, თუ როდის გამონახავდა მცირე დროს, რომ საინტერესო რამ მოეთხრო, ან მორიგი ახალი ზღაპარი წაეკითხა ჩემთვის. თუ ადრე დაბრუნდებოდა სამსახურიდან, რაც ძალზე იშვიათად ხდებოდა, სასეირნოდ მივყავდი ხოლმე სუფთა ჰაერზე. ჩემთან იცლებოდა, მიჰყვებოდა საინტერესო ამბებს, ან კიდევ გულში დიდხანს მიკრავდა მონატრებული.

ადრე ვწვებოდი, თვალებდაჭყეტილი ველოდი მამიკოს დაბრუნებას. როგორც კი მანქანა გაჩერდებოდა, თავს სიხარულით წამოვყოფდი. მამას მოსამსახურე მანქანების ხმა თითქოს შესისხლხორცებული მქონდა, ის ხმაური დღესაც ჩამესმის ყურში. მართლაც, მამიკო შინ ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა, რაც არ უნდა  ყოფილიყო, გულგრილად ვერ აუვლიდა ჩემს საძინებელს, რომ არ ჩაეკრა გულში თავისი ნებიერა.

პატარაობიდანვე თავმდაბლად მზრდიდნენ ჩემი მშობლები. ახლაც მახსოვს დედის ბრძნული, საკმაოდ რეალური შეგონებები: „დღეს შეიძლება მამაშენი დიდი კაცია, მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ ცხოვრება კალეიდოსკოპურად იცვლება, დედიკო! შეიძლება მოვიდეს დრო და ის ჩვეულებრივი ინჟინერი იყოს.“ რითაც შემეძლო, მეც ვთავმდაბლობდი ჩემს ტოლებში, არასდროს მიამაყია, რომ გამორჩეული ოჯახის შვილი ვიყავი, როგორც ამას ბევრი აკეთებდა და გაღიზიანებასაც იწვევდა ხალხში.

ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი, როცა სამივენი დასასვენებლად მივდიოდით. მამას გვერდიდან არ ვშორდებოდი, მოსვენებას არ ვაძლევდი. მამას  ისტორიულ  ადგილებში  დავყავდი,  საბავშვო  ატრაქციონებზე... ვცდილობდი, ის 24 დღე მაქსიმალურად ჩემს განკარგულებაში მყოლოდა. დედა ყოველივე ამას გაგებით ეკიდებოდა, იცოდა, თუ როგორ მენატრებოდა მამიკოსთან ყოფნა. სრული ბედნიერებით კი მაშინ მევსებოდა გული, როცა ჩვენ, სამივენი, სპექტაკლს ვესწრებოდით, ან რომელიმე ეგზოტიკურ გამოფენას, მუზეუმს ვესტუმრებოდით.

როცა მამა თვითონ მივლინებაში მიდიოდა, თითქმის ყოველდღე გვირეკავდა, მე და დედიკო კი ამ პერიოდში სულ დღეების თვლაში ვიყავით. მისი ჩამოსვლის დღე რომ დადგებოდა, ნამდვილი ზეიმი მაშინ გვქონდა: მე ნამცხვარს ვუცხობდი, დედიკო კი მის ყველაზე საყვარელ კერძებს ამზადებდა. ვამაყობ, რომ ნამდვილად იდეალურ ოჯახში გავიზარდე, სადაც მშობლები პატივისცემით ეკიდებოდნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

 

იდილიის რღვევა

ჯერკიდევ სულ პატარამ, 7-8 წლის გოგონამ გამოვცადე შიში მამის დაკარგვისა.

იქნებ ეს სულაც წინათგრძნობა იყო? - ოღონდ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი - რომ ადრე გამომეცლებოდა საყვარელი მშობელი ხელიდან. ერთხელ მამიკომ ზღვაზე წამიყვანა. სტიქიონი საშინლად ღელავდა, თითქოს დედამიწას ჩაყლაპვას უპირებდა. მე კი იქვე, ნაპირზე ვიჯექი და უშიშრად მოცურავე მამას გავყურებდი. უცებ თვალდახელშუა დავკარგე, გამიქრა. მთელ ხმაზე მოვრთე ტირილი, მამიკო, მამიკოს ძახილით ავიკელი იქაურობა, თუმცა ირგვლივ ჩვენს მეტი არავინ იყო. მაგრამ დახეთ საოცრებას! გამოჩნდა ისევ ჩემი მამიკო! აკანკალებულს რომ მომკრა თვალი გამოვარდა ნაპირზე, უხმოდ ჩამიკრა გულში და თვალებით მომიხადა ბოდიში.

სოხუმიდან თბილისში რომ დავბრუნდით საცხოვრებლად, თითქოს შვებით ამოვისუნთქე: მამიკოს უფრო თავისუფალი დრო ექნებოდა თავისთვის და ჩვენთვისაც.

მართალია, ოჯახში მეტ დროს ატარებდა, მაგრამ მისმა ჯანმრთელობამ საგრძნობლად შერყევა დაიწყო. პირველი გულის შეტევა რომ მოუვიდა, მაშინ 14 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი, როცა ეს ბრგე ვაჟკაცი ჩემს თვალწინ მოცელილივით დაეცა. უამრავი ექიმი დაეხვია, მდგომარეობაც ცოტათი გამოსწორდა. იმ ავბედით 26 ივლისამდე სულ რაღაც ოთხი წელი რჩებოდა. მე შეშინებული და აფორიაქებული, ჩემს ოთახში გავუყვანივარ რომელიღაც ნათესავს, ჩამძინებოდა კიდეც.

შედარებით უკეთ რომ გახდა, ჩემთან შემოვიდა, გვერდზე მომიწვა, მომხვია თავისი თბილი ხელები, ჩამიხუტა შეშინებული პირმშო და შემდეგი სიტყვები მითხრა: „შეგაშინე, მამიკო?“ თურმე ეს შიში დასაწყისი ყოფილა იმ ყველაფრისა, რასაც შემდგომში მიმზადებდა განგება, მაგრამ იმჯერად გადავრჩით. ისევ ერთად ვიყავით მე, დედა და მამა.

 მისი მდგომარეობა მეტად სავალალო აღმოჩნდა. ცნობილმა კარდიოლოგმა, ბატონმა ნოდარ ემხვარმა, ურჩია, სასწრაფოდ გულის ოპერაცია გაეკეთებინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ნოდარს, რომ მამიკოს სიცოცხლე კიდევ სამი წლით მაჩუქა. 1992 წელს მონაკოში, მართალია, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ დაგვიანებული იყო, შესაფერისი შედეგი ვერ გამოიღო. 

ამასობაში აფხაზეთიც დავკარგეთ, რამაც საბოლოოდ ბოლო მოუღო მის ჯანმრთელობას. ვინც მამაჩემს კარგად იცნობდა, ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მისი ფიზიკური მონაცემების პატრონს, როგორ შეიძლებოდა სუსტი გული ჰქონოდა! მაგრამ მშობლიური მიწა-წყლის დაკარგვა მისთვის ყველაფრის ტოლფასი იყო. გულთან ახლოს მიიტანა უსახლკაროდ დარჩენილი თანაკუთხელთა ბედი, რითაც შეეძლო, ხელს უმართავდა თუ ანუგეშებდა მათ.

 

უმამოდ

 

შენ დღეს 60 წელი უნდა შეგსრულებოდა...  

თხუთმეტი წელი გავიდა, რაც დაგკარგე, მამიკო, თხუთმეტი გაუსაძლისი წელიწადი! ვინ იცის, რამდენჯერ ინათა მზემ ჩემში და იწვიმეს ცხარე ცრემლებმა.

ორი რაღაცის ღრმად მწამს: სანამ შენი წმინდა სული უფლისაკენ ამაღლდებოდა, შენმა მფარველმა ანგელოზებმა უთუოდ აფხაზეთისაკენ გაგიტაცეს, უკანასკნელად მოავლე, ალბათ, თვალი აოხრებულ ქვეყნიერების  სამოთხეს,  კიდევ  ერთხელ  გაწყდა იქ დაბრუნების სიმი.

ესეც იცოდე და მე ამას აუცილებლად შეგისრულებ: თუ ბიჭის დედობა მაღირსა უფალმა, შენს სახელს - ოთარს დავარქმევ, შენსავით დიდსა და სახელოვანს.

 

 თამრი ზუხბაია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია