დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თუშმა“ 17 წლის შემდეგ მიპოვა!
2010/02/01 12:46:54

„ეს ამბავი ამ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. გავა წლები და ეს ბიჭები ერთმანეთს იქნებ არც შეხვდნენ, მაგრამ მჯერა, რომ თითოეულ მათგანს ემახსოვრება ერთმანეთი. რაკიღა ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს.“

ასე იწყებოდა ჩემი წერილი, რომელიც 1992 წლის 30 დეკემბერს გაზეთ „ქუთაისში“ გამოქვეყნდა. მე იმხანად ამ გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი და ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა დამავალა, რომელიმე დაჭრილთან ინტერვიუ ჩამეწერა.

ავტოქარხნის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ჭრილობებს იშუშებდა ახმეტის რაიონის მკვიდრი, 25 წლის კობა ლაგაზიძე, მას მეტსახელად იმხანად „თუში“ ერქვა. კობა ბარძაყიდან შესული აკს-ის ტყვიით მუცლის არეში იყო დაჭრილი. მაშინ სიტყვაძუნწად მესაუბრა იმაზე, თუ როგორ გადამალა ირაკლი ამირეჯიბის (მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის) ცხედარი. მთხოვდა, იმ ადამიანებზე დამეწერა, ვინც სიცოცხლის ფასი აგრძნობინა.

კობას ქუთაისში ახლობელი და ნათესავი არავინ ჰყავდა. მასზე ყველა ზრუნავდა, არა მხოლოდ მედპერსონალი, არამედ - მათი ოჯახის წევრებიც კი.

ამონარიდი საგაზეთო წერილიდან: „რომელი ერთი დავასახელო: ბორის ჩაკვეტაძე, გიზო დალაქიშვილი, ნოე ჟორჟოლიანი, მარინა, ლეილა, მალვინა, ლიანა - ექთნები. „ქუთაისში ისეთი სითბო და ყურადღება ვიგრძენი, თბილისში რომ გადამიყვანენ, ესენი მომენატრებიან.“

ვიცოდი, რომ თბილისში გადაიყვანდნენ და 6 თვის შემდეგ კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებდნენ.

მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ოთხი თვის შემდეგ, 1993 წლის მარტში, ოჩამჩირეში ისევ შევხვდებოდი ჯარისკაცს, სამახსოვრო ფოტოს გადაღების სურვილით - მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო. მოქმედ ფოტო ატელიეს ვეღარ მივუსწარით. მაშინ მითხრა, რომ ჩემს საგაზეთო წერილს დედამისი სათუთად ინახავდა. მოგვიანებით ჩემი ახლო ნათესავის ოჯახში წავიხემსეთ. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა. თუმცა მე არასოდეს დამვიწყებია იგი. ან კი როგორ დამავიწყდებოდა ბიჭი, რომლის დედამ 1993 წლის მაისში მომწერა: „ქუთაისელებმა გადამირჩინეს შვილი. ამ სიკეთეში შენი ღვაწლიცაა, როგორც ადამიანის, ჟურნალისტის, მეგობრის... ჩემმა შვილმა იცის, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს. საამისოდ მას რწმენას მატებთ თქვენ, შენ და შენი კოლეგები, ლია ხარაბაძევ! ამ მადლს ჩემი შვილი ბრძოლით გადაიხდის. ჩემი ცრემლიანი ბარათი კი დედის გულის ძახილია, პასუხია ჭრილობებიანი ჯარისკაცის დედისა. მინდა ხმამაღლა გითხრა, თქვენნაირი ხალხი როცა ცხოვრობს ამ მეომრების გვერდით, მათი ბრძოლაც ღირს და სიცოცხლეც.“

მერე ამ სტრიქონებმა კიდევ ერთხელ მომცა ძალა იმისათვის, რომ აფხაზეთის ომში ისევ წავსულიყავი.

17 წელი ვეძებდით ერთმანეთს, ვცდილობდით გაგვეგო რაიმე ერთმანეთზე. თუმცა, ამაოდ.

მიმდინარე წლის 12 იანვარი. ჩვეულებისამებ, ჩართული მაქვს „ოდნოკლასნიკების“ საიტი. ვიღაცას ვუნახივარ: კობა ლაგაზიძე, 42 წლის! 

„ჰო, ლია, ზუსტად მიხვდი. ცოცხალი ვარ,“ - მივიღე ჩემი წერილის პასუხად და ავტირდი. რამდენიმე წუთში ტელეფონითაც ვისაუბრეთ. გავიგე, რომ დედა რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილა. გვიან, მაგრამ მაინც ოჯახი შეუქმნია და მარტში მამაც გახდება.

„ყველა ექიმი, სანიტარი და ექთანი მომიკითხე, როცა შეხვდები, კაი?.. შენ თუ გიპოვიდი, უკვე აღარ მეგონა. რამდენი სითბო და სიკეთე მახსოვს შენგან. ლობიო რომ მაჭამე, გახსოვს? ეხლა ვიხსენებ ხოლმე და სიცილით ვკვდები, როგორ გეშინოდა“.

ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს მოსაგონარი და გასახსენებელი.

უფრო მეტიც. მე მადლობელი და მადლიერი ვარ კობა ლაგაზიძისა. რომ არა მისი საოცარი შემართება და თავგანწირვის ჟინი, მე ვერასოდეს გავიპარებოდი სახლიდან ომში, იმ დიდი ტკივილის, სითბოსა და სიყვარულის შესაგრძნობად, რომელსაც, როგორადაც არ უნდა მოინდომო, ვერასოდეს შეიგრძნობ მშვიდობიან ყოველდღიურობაში.

 

ლია ხარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია