დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის კოლორიტები
„სამი ოთარი“ ქალაქის გულში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2009/07/27 12:36:32

უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისს სამი ოთარის, ქალაქის კოლორიტების: ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლები ამშვენებს. სამწუხაროდ, მათი ვინაობა დღეს ძალიან ცოტამ თუ იცის. არადა, იყო დრო, როცა ქუთაისური კოლორიტი, პირველ რიგში, სწორედ ამ სამ ადამიანთან ასოცირდებოდა.

 

განსაკუთრებული სილამაზე, საოცარი ეშხი, სიდარბაისლე, სიკეთე და ხალასი იუმორი - ეს სამი ოთარის საერთო თვისებებია. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ამბობენ, როცა სამივე ერთად ქუთაისის ქუჩებში სეირნობდა, გამვლელებს, და განსაკუთრებით - ქალბატონებს, თვალი მათზე რჩებოდათ.

 

„მეობა“ - ასე ეძახდნენ ოთარ სულაბერიძეს. აკი თავადაც ამბობდა, ყველას თავისი მეობა აქვსო, ამ მეობით უნდა შეფასდეს და დაფასდესო ადამიანი. ოთარ სულაბერიძის პიროვნების დასახასიათებლად, მისი ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდის მოყვანაც კი კმარა: უსახლკაროდ დარჩენილ „მეობას“, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მთავრობამ ბინა აჩუქა. ოთარს ამ ბინაში ერთი დღეც კი არ გაუტარებია: მან თავისი ბინის გასაღები მისთვის სრულიად უცხო, მრავალშვილიან, ქვრივ ქალბატონს აჩუქა.

ცნობილი მეწარმე და საზოგადოება    „ქუთაისელის“ დარბაზის წევრი ბატონი არჩილ მურღულია თავის წიგნში „მე თვითონ“ იგონებს: ოთარ სულაბერიძის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. ვის არ ნახავდით აქ, საქართველოს რომელი კუთხიდან არ იყვნენ ჩამოსული სტუმრები - თბილისიდან, ბათუმიდან, სოხუმიდან, ფოთიდან. ჩამოვიდნენ გამოჩენილი სპორტსმენები, მწერლები, სამეურნეო-პარტიული მუშაკები, თეატრის, კინოს მოღვაწენი, უბრალოდ მეგობრები. მისი დაკრძალვა - ეს იყო არნახული მასშტაბის სამგლოვიარო პროცესია. ჭირის სუფრა რესტორან   „თეთრ ქვებში“ გაიწყო. ეკრანზე აჩვენებდნენ მისი ცხოვრების ეპიზოდებს. ბევრი ცრემლი და მოფერება წაყვა ჩვენს საყვარელ „მეობას“.

ქუთაისის ცენტრში, წერეთლის და პუშკინის ქუჩის გადაკვეთასთან დგას ქვაში გამოკვეთილი მზეჭაბუკის სახება.

როცა მისი მეგობრები, თაყვანისმცემლები, ახლობლები მიუახლოვდებიან მას, გულში იმეორებენ მისი მეგობრის ოთარ მამფორიას უკვე დაზეპირებულ ლექსს:

და გაჰყურებენ შენ მშობლიურ ქალაქს,

სადაც შენი სიჭაბუკე შფოთავს.

მოვდივართ და გესალმებით კვლავაც, -

გამარჯობა, საყვარელო ოთარ!

„მამფორიზმები“ - ასე ეძახიან ცნობილი პოეტისა და მწერლის, ოთარ მამფორიას ფრთიან და ენაკვიმატურ გამონათქვამებს. ის თითქოს არისტოკრატად იყო დაბადებული. სამ ოთარს ოთარ მამფორიას ნათესავი ანა თორთლაძე იხსენებს: - ოთარ მამფორია მამას დეიდაშვილი იყო. რომ არა ნათესაური კავშირი, დარწმუნებული ვარ, მაინც კარგი მეგობრები იქნებოდნენ. ოთარი შესანიშნავად იცნობდა ადამიანს, ამიტომაც იყო კარგი პოეტი. პოეზია ფილოსოფიაა. თუ არ იცი ადამიანის ფსიქოლოგია, კარგი პოეტი ვერ იქნები.“

ოთარ ქორქია უდიდესი კალათბურთელი იყო. „ერთი ქორქიასნაირი კალათბურთელი კიდევ რომ მყავდეს, ამერიკასაც კი მოვუგებდიო,“ - თქვა ერთ-ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა.

„ძალიან ცოცხალი, საინტერესო, კაცური, ზოგჯერ „ძველბიჭურებიც“ იყვნენ და ამავე დროს  მათზე კეთილი, თბილი და მოსიყვარულე, ძნელია, სხვა გეპოვა ქუთაისში,“ - ამბობს ანა თორთლაძე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ძალიან ცოტას თუ სმენია სამი ოთარის შესახებ. ჩვენ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ. პარკთან, სადაც სამი ოთარის ძეგლი დგას, რიგით ადამიანებს გავესაუბრეთ. გამოვკითხეთ ყველა თაობის ოცდაათამდე ადამიანი. გვსურდა, გაგვეგო, იცოდნენ თუ არა, ვისი ძეგლები იდგა ამ პარკში და, საერთოდ, რა სმენოდათ სამი ოთარის შესახებ. შედეგები სავალალოა! გამოკითხულთაგან მხოლოდ ოთხმა იცოდა მათზე. დანარჩენთაგან, ნაწილმა, ძეგლი გალაკტიონს შეადარა, ნაწილმა კი - ლადო ასათიანს. ერთმა ისიც კი შემოგვჩივლა, ძეგლებს ისე სწრაფად უცვლიან ადგილმდებარეობას, რომ ვეღარ ვიმახსოვრებთ, სად რა დგასო.

ამ ძეგლების დადგმის ინიციატორი საზოგადოება „ქუთაისელია“.

ჩვენ მის პრეზიდენტს, ბატონ ლევან სვანაძეს ვესაუბრეთ:

- ის, რომ დღეს ქუთაისში არ იციან ამ სამი ოთარის შესახებ, სოციალური პრობლემებით არის განპირობებული. ადამიანი მხოლოდ თვითგადარჩენასა და ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრობს და ყველაფერი დანარჩენი განზე რჩება. სულიერება მეორე პლანზე გადავიდა.

- როგორ გაჩნდა სამი ოთარის ძეგლის დადგმისა და პარკის გახსნის იდეა? 

- სამ ოთარს შორის ამ ქვეყნიდან პირველი ოთარ სულაბერიძე წავიდა. ის წყალტუბოს გზაზე, ერთ ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. ხშირად დავდიოდი მის საფლავზე და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ქუთაისელებმა სათანადო პატივი ვერ მივაგეთ ამ უდიდესი ადამიანის ხსოვნას. მალევე საზოგადოება „ქუთაისელში“ გაჩნდა იდეა „მეობის“ ძეგლის დადგმის შესახებ. იდეა სისრულეში მოვიყვანეთ.

„მეობას“ გარდაცვალებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, გარდაიცვალნენ ოთარ ქორქია და ოთარ მამფორია. ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მათი მეგობრობა და საერთო სახელი გახდა ის, რითაც სამი ოთარი სიმბოლურად გაერთიანდა და ქალაქში მათი ძეგლები გვერდიგვერდ დაიდგა.          

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ გადავწყვიტეთ  ამ წერილის დაწერა. განსაკუთრებული მიზეზი არ გვაქვს. უბრალოდ, კმაყოფილნი ვიქნებით, თუკი ამ სტატიით ახალგაზრდა თაობის ნაწილი გაიცნობს, ნაწილს კი გაახსენდება სამი ოთარი და მათი ძეგლების გვერდით ჩავლისას ჟურნალისტის კითხვაზე „ვინ?!“ - არ დაიბნევა და პასუხი ყოველთვის ექნება.

ნათია მაჭარაშვილი, ნათია დავლაშერიძე, სალომე აჩბა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია