საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კობა დავითაშვილმა უმრავლესობა დატოვა და საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში ჩაერთო
2013/08/02 12:56:22

სასამართლოს მიერ ახალაიას გამართლება უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა კობა დავითაშვილისთვის, რომ უმრავლესობა დაეტოვებინა. ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმას აპირებს.

ხალხის პარტიის ლიდერმა, კობა დავითაშვილმა ახლახანს ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას,  ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე სისტემატური უთანხმოებების გამო. 

უთანხმოების გადაწყვეტას კი ანდობს ქართველ ხალხს უახლოეს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც გეგმავს  „ქართული ოცნების“  მიერ გატარებული კურსისაგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას. 

 

psnews.ge  გთავაზოთ კობა დავითაშვილის მიმართვას კოლეგებისა და საზოგადოებისა მიმართ.

 

"ძვირფასო მეგობრებო, ახალაიას გამართლების გამოცხადება და შემდგომ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები, რომ თითქოს ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ზეიმი და გამარჯვება,– ასეთი მესიჯი და ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ასახავს ეს მესიჯი, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება. სასამართლო დამოუკიდებელია კანონისაგან და თავისუფალია სინდისისაგან. ის დამოკიდებულია იმ დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, და თურმე კიდევ უნდა დავპირდეთ, რომ ასეთი "დამოუკიდებლობა" შენარჩუნდება. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

 

მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხისა, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას, ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე და ამ კურსის ისეთი თვალსაჩინო მაგალითებისა, როგორიცაა უარის თქმა ნაფიც მსაჯულთა სავალდებულობაზე და საერთო სასამართლოების კანონში გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ იუსტიციის საბჭოს სამარცხვინო არჩევნები და კუბლაშვილის მოადგილის ვოიაჟი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ევროპის სახალხო პარტიის შეკრებაზე, რასაც სათანადო შეფასება არ მივეცით, არ დავფიქრდით კურსის გადასინჯვის აუცილებლობაზე და აი შედეგიც, დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოყვება მერაბიშვილის გამართლება და სხვა ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება. ჩემთვის ასევე ძალიან სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცა კი ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების რიგითი და ყველაზე დაუცველი წარმომადგენლების ინტერესებს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, სასაკლაოების მეპატრონეთა, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეებისა და ბანკების ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი. ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო თქვენი აზრით ზედმეტი და ჩემი აზრით აუცილებელი კომენტარებისაგან და შესაბამისი გადაწყვეტილებებისაგან, კერძოდ, ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე, მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისაგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას. 

 

დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას და თითეულ თქვენგანს იმ ერთობლივი ბრძოლისათვის, რომელიც პირველი ოქტომბრის გამარჯვებით დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვეყოფა პოლიტიკური კულტურა, რომ ვიკამათოთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისე, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთის პატივისცემა, რა პატივისცემასაც გულწრფელად განვიცდი თითეული თქვენგანის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ თანამებრძოლთა მიმართ. ჩემი ამოცანაა არა თქვენი გულისტკენა, არამედ მცდარი კურსის გადასინჯვის აუცილებლობაში თქვენი დარწმუნება. დანარჩენი დაე ამომრჩეველმა განსაჯოს", - განაცხადა დავითაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია