დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური დევნა თუ კადრების ოპტიმიზაცია ქუთაისის მერიაში?
2013/06/19 22:36:01

ქუთაისის მერიაში კადრების რეორგანიზაცია  უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მერიის თანამშრომლებმა, დიდი ხანია, იცოდნენ სამსახურებიდან მათი მოსალოდნელი გაშვების შესახებ,  დღეს ადგილობრივი თვითთმართველობის და მუნიციპალიტეტების რამდენიმე ერთეულმა თანამშრომლმა, მერიის წინ ფორმალური გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  ახალი მერი მერიის თანამშრომლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით უშვებს.

ამირან ძოწენიძე, ქუთაისის ვიცე-მერი: „ახალი მმართველობისგან კარგს არაფერს ველოდებით, რადგან ქუთაისის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ხდება, ეს პროცესი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია  რომ არაა, ძალიან მალე გახდება ცხადი. ამატებენ ახალ სამსახურებს, სადაც მათთვის კეთილსაიმედო ადამიანებს  და იმ პირებს ნიშნავენ, რომელთანაც ვალში არიან.  ბატონმა მერმა, რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის და საკრებულოს უკვე ყოფილმა, გაქცეულმა „ნაციონალებმა“ გააკეთეს, თავს მაინც ვერ დაიძვრენს, რადგან ბრძანებებზე მისი ხელმოწერაა. ეს არის პოლიტიკური დევნა. ერთდერთი, ვისაც ეს დევნა არ შეეხო, არის თენგო თოფურიძე, რადგანაც დამსახურებები აქვს ახალი ხელმძღვანელობის წინაშე. „პატრიოტების“ ინიციატივით, გაუშვებენ მხოლოდ იმ ნაციონალებს, რომლებიც ერთგულნი დარჩენ საკუთარი პრინციპების და სამსახურებზე არ გაყიდეს საკუთარი მეგობრები. სამწუხაროა, რომ ღალატი და მეგობრების გაყიდვა ფასობს და საზოგადოება ამას მშვიდად იღებს.“

გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებულ შემოთავაზებას დათანხმდება და ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას მიიღებს.

მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის, ანდრო მაღლაკელიძეს განცხადებით, კი დიმიტრი კოპალიანი თვალდახუჭული აწერს ხელს გათავისუფლების ბრძანებებს, რადგან არც ერთ თანამშრომელს არ იცნობს და არც მათი პროფესიონალიზმის შესახებ აქვს ინფორმაცია.  ე.წ. რეორგანიზაცია კი მხოლოდ ერთი ადამიანის, გოჩა თევდორაძის დამსახურებაა და მის ქმედებას კანონიერებასთან კავშირი არ აქვს.

დღეს გათავისუფლებულთა სიაში მოხვდნენ შესყიდვების სამსახურის უფროსი ანდრო მაღლაკელიძე,  ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზაზა სულაძე, სამხედრო საქალაქო  სამსახურის უფროსი გიგა ზაუტაშვილი და საბინაო სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია.

ხვარეშიამ, როგორც მედიასთან განაცხადა, თავად მივიდა ბრძანების წამოსაღებად და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ნაკლებად დარჩება პროფეზიონალი კადრები, და სავარაუდოდ თანამდებობას მერიაში დასაქმებულთა 80 პროცენტი დატოვებს. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ სამსახურების უფროსებმა თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრების ბრალდებებს არ უპასუხა დიმიტრი კოპალიანმა, თუმცა ოპონენტებს გამოეხმაურა მერიის ადმინისტრაციის უფროსი თენგო თოფურიძე: „17 მაისს გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესი, რის შესახებაც ეცნობა ყველა თანამშრომელს. მერიაში 800 ადამიანი მუშაობს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მათი რაოდენობა უმნიშვნელოდ 10-15 პროცენტით შევამცირეთ. ეს ყველაფერი კანონიერად მოხდება. პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არაა. მე არასოდეს ვყოფილვარ იმ გუნდის წევრი, რომლის წევრებიც მოღალატეს მიწოდებენ და საერთოდ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მე ყოველთვის საჯარო მოხელე ვიყავი. ეს ადამიანები წინა წლებში თვითონ იყვნენ რეორგანიზაციის დამწყებნი და არ მახსოვს, რომელიმე მათგანი დაჩაგრული ადამიანის ადვოკატი  ყოფილიყო.“

თოფურიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ვიცე-მერის პოსტზე მისი დანიშვნის საკითხს. შეგახსენებთ, რომ ვიცე-მერების პოსტზე თენგო თოფურიძე, კოტე ლომიძე და გია შარაბიძე მოიაზრებიან.

თენგო თოფურიძისგან განსხვავებით, რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესს პოლიტიკურს უწოდებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

„ახალ მერს უნდა, რომ ახალი გუნდი ჰყავდეს, ეს ასეა ყველგან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუკი ვინმე თვლის, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, დიახ, ეს პილიტიკური პროცესია.  სამსახურს ვერ შეინარჩუნებენ ის ადამიანები, რომლებიც 17 აპრილის აქციისათვის ხალხს აგროვებდნენ და მერიაში ზონდერსაქმიანობას ეწეოდნენ. მათ აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს და კანონის ფარგლებში გაარკვიონ, სამსახურიდან მათი გაშვება რამდენად სამართლიანად მოხდა.“

„ნაციონალებისგან“ განსხვავებით, მერიაში მიმდინარე გათავისუფლებებს დადებითად აფასებენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც დღეს მერიის თანამშრომელთა აქციის პარალელურად, ადმინისტრაციული შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და მთავარ პროკურორს უსუსური უწოდეს.  „ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ახალ მერს და მიგვაჩნია, რომ სამსახურების თანამშრომლები სამართლიანად თავისუფლდებიან. რადგან ისინი მონაწილეობდნენ გაყალბებებსა და კორუფციაში.  უსუსურია პროკურატურა და არჩილ კბილაშვილი, რომ „ნაციონალებს“ ამდენს აბლატავებენ.  მიგვაჩნია, რომ მერიაში 800 უსაქმური არ უნდა იყოს,  ისინი 10 მილიონს ხარჯავენ ხელფასებისა და პრემიის სახით, მაშინ როდესაც ადამიანები შიმშილობენ“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

აღსანიშნავია, რომ მერიაში გათავისუფლებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, ახალი კადრები კონკურსის წესით დაინიშნებიან, თუმცა უკვე გახდა ცნობილი, რამდენიმე პიროვნების ვინაობა, რომელთაც სამსახურების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება უშუალოდ „ქართული ოცნებისგან“ მიიღეს. რაც დაანონსებულ კონკურსს ეჭვქვეშ აყენებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია