დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაუფრთხილებლად გათავისუფლებული თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ
2013/05/27 12:07:29

ანჟელა ორჯონიკიძე: ჩვენ გვყავს იურისტი და, შესაბამისად, კანონის გვერდის ავლა არ მოხდება“

 

ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი, ცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროექტის ფარგლებში, სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. როგორც გათავისუფლებულები   აცხადებენ,   მათ   საავადმყოფოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ისინი 16 მაისს საკონფერენციო დარბაზში დაიბარა და გამოუცხადა, რომ პირველი ივნისისთვის სამსახურები საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პირად საქმეს გაუფუჭებდნენ, რის გამოც სხვა სამსახურშიც ვერ დაიწყებენ მუშაობას. 

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, მათი გათავისუფლება გასულ წელსაც იგეგმებოდა, თუმცა, ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, გათავისუფლების პროცესი დროებით შეჩერდა. თანამშრომლები მათი დათხოვნის მიზეზად სწორედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ისინი იმისათვის გაათავისუფლა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერდნენ მხარს.

ნანული გიორგაძე, ეროვნული სამედიცინო ცენტრის ადვოკატი: „გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის 20 ადამიანი მუშაობდა ყოფილ დედათა და ბავშვთა სამსახურში, რომელიც „ალდაგი ბი სი აის“ კუთვნილმა „ჩემი ოჯახის კლინიკამ“ შეიერთა. ჯერ ერთი, საკითხავია, რატომ გაანადგურეს ასეთი მნიშვნელობის სამსახური, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს წარმატებით ემსახურებოდა! მეორეც - სამშობიარო ისეთი ფაქიზი თემაა, რომ მას აუცილებლად ესაჭიროება ადვოკატი, თუმცა, ჩემს ამჟამინდელ მოვალეობას, საავადმყოფოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არა ადვოკატობა, არამედ მხოლოდ მეთვალყურეობა წარმოადგენს. ისეა ყველაფერი სახეშეცვლილი, რომ აქ თავმოყვარე ადამიანი არც უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ დღეს რა მუშაობს, რომ სხვაგან წავიდე! იძულებულს ხდიან ხალხს, საზღვარგარეთ წავიდნენ. მე, პირადად, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ და ეს სამსახური ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ასე უმიზეზოდ რომ მიშვებენ, ეს სწორი საქციელია ადმინისტრაციის მხრიდან?“

ხათუნა ჩოგოვაძე, ეროვნული სამედიცინო ცენტრის    ეკონომისტი:   „როგორ შეიძლება, ხელშეკრულების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლო თანამშრომლები! ეს არაა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროცესი, უბრალოდ, ხელმძღვანელობას არ მოსწონს ის, რომ ჩვენ მათ ყოველ უსაფუძვლო მოთხოვნას არ ვასრულებთ, რაც გახდა კიდეც ჩვენი გათავისუფლების მიზეზი. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ სამსახური შევინარჩუნოთ. დავუკავშირდით პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას და ჩვენი მდგომარეობის შესახებ ვაცნობეთ, ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ კობა დავითაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ვიბრძოლებთ და ჩვენს უფლებებს ბოლომდე დავიცავთ, ვინაიდან, ჯერ ერთი, რომ გვიყვარს სამსახური, რომელსაც ამდენი წელია ვემსახურებით, და მეორეც, ჩვენ ამ ხელფასზე ვართ დამოკიდებული, ყველა ჩვენგანს ბანკიდან სესხი გვაქვს გამოტანილი და სამსახურის გარეშე როგორ გადავიხდით? ჩვენზეც ხომ უნდა იფიქროს ვინმემ?“

ქეთევან ხუჭუა, ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეკონომისტი: „13 წელია, ამ დაწესებულებაში ვმუშაობ, საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტი ვარ. რასაც აკეთებს „ალდაგი ბი სი აი“, მონაცემები ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად იცის, მაგრამ დროა, უკვე გამოვიდეს სააშკარაოზე მათი ეს ქმედებები და დაესვას ყველაფერს წერტილი. ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა, აი, ამის შესახებ მივმართეთ ეკა ბესელიას და ველოდებით მისგან პასუხს. გვინდა, ვიდრე ხელმძღვანელობა თავის გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს, დავასწროთ და ვაცნობოთ მათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს თანამშრომელთა ასეთი შევიწროება. ჩვენ ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკიდან თვეში საშუალოდ ორმილიონნახევრამდე ლარის შესრულება შედის, საფინანსო სამსახურის უფროსი არ დაინტერესებულა, ვინ აკეთებს ამ სამუშაოს. ნუთუ შეიძლება, რომ არ დაინტერესდეს ადამიანი, ვინ აკეთებს ამ საქმეს? ხდება ისეც, რომ არასამუშაო საათებშიც ვმუშაობთ. ძალიან ძვირადღირებულია აქ მკურნალობა, მაგრამ, ვინაიდან გამოსავალი არ აქვთ პაციენტებს და სხვაგან ვერსად ვერ მიდიან, დღეში მინიმუმ 10 პაციენტი ხელშეკრულებას აფორმებს, რადგან მათ არ აქვთ საშუალება, იყვნენ გადამხდელუნარიანები. მე, პირადად, გახსნის დღიდან ვმუშაობ აქ, თუკი არაკვალიფიციურები ვიყავით, სამი უფროსი გამოვიცვალეთ და რატომ აქამდე არ გაგვიშვა? მაგრამ ახალ ხელმძღვანელობას ჩემი განსხვავებული აზრის და შეწინააღმდეგების გამო  არასოდეს ვჭირდებოდი. როდესაც მოხდება რეფორმა, ერთ სამსახურში ეკონომისტების  და პროგრამების სამსახურები გაგვაერთიანეს, სავარაუდოდ, ათკაციანი შტატით. ამათგან ეკონომისტის განათლება აქვს ოთხს. აქვს თუ არა სამედიცინო განათლების მქონე ადამიანს იმის შესაძლებლობა, იმუშაოს პაციენტის ფინანსურ ანგარიშზე, აკეთოს ჩანართი და კალკულაციები ფინანსური კუთხით და მას, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდეს სტაჟი იმ ოდენობისა, რაც ჩვენ გვაქვს? მე, პირადად, არ ვაპირებ ამ ეტაპზე გაჩერებას, რადაც არ უნდა დამიჯდეს, სტრასბურგამდეც კი ჩავალ, რადგან ჩვენი უფლებები შეილახა; ჩვენ, თავმოყვარე ადამიანები, უთავმოყვარეები გაგვხადა, რადგან 850 კაციან კოლექტივში, გამორჩეულად მოხდა ჩვენი გაშვება. თანამშრომლები  გაოგნებული გვიყურებენ და თვალს ვერ გვისწორებენ.“

რატომ მოხდა თანამშრომელთა დათხოვნა გაუფრთხილებლად, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ფარგლებში რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება და რა დარღვევები აქვს „ალდაგი ბი სი აის“ თანამშრომლებთან ურთიეთობაში? - ამის შესახებ გვესაუბრება ცენტრის ხელმძღვანელი ანჟელა ორჯონიკიძე:  

- დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში თანამშრომლების საერთო რაოდენობა არის 760, საავადმყოფო კი გათვლილია 220 საწოლზე. ეს 760 ადამიანი შედგება, როგორც უმაღლესი სამედიცინო პერსონალის, ანუ ექიმებისგან, საშუალო მედპერსონალის, ანუ მედდების, მედდის თანაშემწეებისა და სანიტრებისგან, ასევე - სამეურნეო-ეკონომიური სამსახურის, ანუ ადმინისტრაციული ნაწილისგან, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პერსონალმა შეუფერხებლად შეასრულოს ეს სამედიცინო საქმიანობა.

ეროვნული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს საქართველოში ერთ-ერთი დიდი სამედიცინო ცენტრის - „ჩემი ოჯახის კლინიკისა“, რომელიც შედგება 33 კლინიკისგან. ეს დიდი ქსელი მუდმივად ზრუნავს იმისთვის, რომ მუდმივად იყოს დახვეწილი ელექტრონული სერვისები, დაინერგოს ახალი პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს საქმის შესრულებას და, შესაბამისად, ერთი და იგივე მოცულობით შესრულებული სამუშაო შეიძლება განხორციელდეს გაცილებით მოკლე დროში - გაცილებით ხარისხიანად, გაცილებით ნაკლები სამუშაო ხელებით. ამას ვაკონკრეტებ ერთმნიშვნელოვნად. თანამშრომლებს ვაცნობეთ, რომ 1 ივნისიდან - ვადაზე ადრე, ხელშეკრულების გასვლამდე გათავისუფლება, არის ზუსტად ამ ცვლილებიდან გამომდინარე, ანუ ქსელში ელექტრონული პროგრამის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა პაციენტების აღრიცხვიანობა, სტატისტიკა. შესაბამისად, ის შემცირება, რომლებიც ამ რეორგანიზაციის ფარგლებში  მოხდა, იყო ერთმნიშვნელოვნად სამეურვეო და ადმინისტრაციული კადრის ხარჯზე, ანუ იქ, სადაც ახალი ნოვაციები დავნერგეთ, რეორგანიზაცია არა მხოლოდ ამ კლინიკაში, არამედ, ზოგადად, მთელ ქსელში მოხდა. ეს ოპტიმიზაცია დასრულებულია და ვინაიდან 760 ადამიანიდან გათავისუფლებულია 28, ეს მნიშვნელოვნად არ შეუშლის ხელს საავადმყოფოს შემდგომ მუშაობას. ერთპიროვნულად ვადასტურებ, რომ ამით ოპტიმიზაცია დასრულებულია. თუკი ვინმემ ადმინისტრაციული გადახრა ჩაიდინა, ანდა არაპროფესიონალიზმის გამო სამედიცინო ლიცენზია შეუჩერდა  და ა.შ. ამ მიზეზით გათავისუფლება არც მომავალში არის გამორიცხული, მაგრამ რეორგანიზაციის ფარგლებში ეს პროცესი დასრულებულია.

- ვინაიდან გათავისუფლება კონტრაქტის დასრულებამდე მოხდა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი კანონის გვერდის ავლით განხორციელდა?

- მოგეხსენებათ, რომ  ვართ დიდი ქსელი, რომელსაც ჰყავს შესაბამისი იურიდიული სამსახური, ის, რა თქმა უნდა, მსგავს საკითხებს არეგულირებს და არ დაუშვებს იმას, რომ კანონიდან გადახრა განხორციელდეს. გიდასტურებთ, რომ ამ თანამშრომლებს ნამდვილად ჰქონდათ 6 თვიანი ხელშეკრულებები გაფორმებული, ასევე გიდასტურებთ იმას, რომ ვადაზე ადრე მოხდა ხელშეკრულებების შეწყვეტა, რომელიც არანაირად არ მოდის შეუსაბამობაში შრომის კოდექსთან, მით უმეტეს, იმ კომპენსაციით, რომელსაც უკეთებს დაწესებულება ამ თანამშრომლებს - ეს არის  ერთი თვის შესაბამისი ხელფასი და გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი კომპენსაცია.

- რამდენადაც ცნობილია, 1ივნისიდან ძალაში შედის ახალი შრომის კოდექსი, რაც დამსაქმებლებს რიგ შეზღუდვებს უწესებს თანამშრომლებთან მიმართებაში. დაჩქარებული წესით გათავისუფლება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ახალი კანონის შემოღებამდე ასწრებთ კადრების შემცირებას?

- ახლა ვარაუდების დონეზე ნუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს ვარაუდი არასწორია.

- საქმის შესახებ უკვე ეცნობათ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, პარლამენტის წევრს კობა დავითაშვილს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, შესაძლებელია თუ არა მათი მითითებების გამო მოხდეს საქმის გადახედვა?

- საქართველოში ამას არეგულირებს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ყველა სხვა პიროვნებას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ საკითხს არეგულირებს სასამართლო.

- თანამშრომლები აცხადებენ, რომ გათავისუფლებული კადრების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. რას უპასუხებთ მათ?

- სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოესი ორი თანამშრომლის (რომლებიც საქმეთა მმართველები არიან) პოლიტიკური მსოფლმხედველობითაც კი არა ვარ დაინტერესებული, არათუ სხვა თანამშრომლებისა! ამ კლინიკაში პოლიტიკური ნიშნით არც ერთი თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციის ხედვა არ არის, პირიქით, მეტს გეტყვით, რომ ამ კლინიკის კედლებს შიგნით პოლიტიკური განცხადებები არ კეთდება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საქმე და  პასუხისმგებლობა - 220 საწოლზე გაშლილი, საქართველოში ერთ-ერთი ძალიან დიდი კლინიკა,  რომელსაც აქვს 90 პროცენტამდე დატვირთვა ყოველდღიურად და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ამ საკითხით ნამდვილად არა ვართ დაინტერესებული. პოლიტიკოსები მიხედავენ პოლიტიკას, სამედიცინო პერსონალი კი - სამედიცინო საკითხს.

- საუბრობენ იმაზეც, რომ კლინიკის ხელმძღვანელობას არ აქვს კარგი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, რაც მათი უფლებების დარღვევაში გამოიხატება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- რას ნიშნავს არაკეთილი დამოკიდებულება? არასამუშაო დღეებში მუშაობა კლინიკის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის არაკეთილ დამოკიდებულებასთან რანაირ კავშირშია, ვერ გეტყვით. ამ ფაქტზე პირადად ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, 760 თანამშრომელთან მაქვს ძალიან კეთილი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. თუ ვინმეს მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან არის რაიმე არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამაზე პასუხს, ალბათ, ის მხარე მოგცემთ,  მაგრამ, თუ ჩემგან გაინტერესებთ კონკრეტულად, უნდა დამისახელოთ ადამიანი და იმ ადამიანზე გიპასუხებთ.

 

***

რამდენად კანონიერია  კონტრაქტის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე თანამშრომელთა გათავისუფლება მხოლოდ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ფარგლებში, ამის გარკვევას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში შევეცადეთ.

„კონკრეტულად ეროვნული სამედიცინო ცენტრის შესახებ ამ დროისათვის ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან  მიმდინარეობს საქმის შესწავლა, ზოგადად კი, საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე „დ“ ქვე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, თავისი ნებით მოშალოს დასაქმებულთან ხელშეკრულება, ამასთან ერთად დასაქმებულს მიეცემა ერთი თვის კომპენსაცია. გარდა ამისა, დამსაქმებელს არავითარი ვალდებულება არ გააჩნია  თანამშრომელთა მიმართ. ამ კუთხით ჩვენ მოქალაქეები ხშირად  მოგვმართავდნენ, ისინი ჩიოდნენ სამსახურიდან ნაადრევად გათავისუფლების გამო. სამწუხაროდ, ერთი პერიოდი, იყო ტენდენცია სასამართლოში - რაკი დამსაქმებელს ჰქონდა უფლება, მოეშალა ხელშეკრულება თავისი ინიციატივით და არ სჭირდებოდა არავითარი დასაბუთება, შესაბამისად, არც საქმის განხილვა მოხდებოდა. ამ კუთხით იცვლება მდგომარეობა და, ახალი კანონით, დასაბუთების გარეშე, დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლა მართლმსაჯულების გვერდის ავლით შეუძლებელი იქნება,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტმა გიორგი ჭიქაბერიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია