საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლები უნდა დაისაჯონ
2013/05/06 18:44:33

 ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას გმობენ.


"გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს. ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ, თავად ჟურნალისტის თქმით, ვიდეოს ინტერნეტში განთავსება უკავშირდება მის მიერ კორუფციული გარიგების გამოვლენის გეგმას ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისივე მტკიცებით, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებელნი სწორედ ეს პირები არიან.
ჩნდება ეჭვი, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ გაატარა ეფექტური ქმედებები არც ძველი კადრების განადგურებისა და დაცვის და არც მანკიერი პრაქტიკის სრულად აღმოფხვრის მიმართულებით. აუცილებელია დადგინდეს, თუ როდის არის აღნიშნული ფარული ჩანაწერი გაკეთებული, ვის ჰქონდა წვდომა მასალებზე და როგორ მოხდა ამ კადრების განთავსება ინტერნეტში.
აღნიშნულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება. იქიდან გამომდინარე, რომ კადრები ელექტრონულ სივრცეში აიტვირთა, გამოძიებას არ უნდა გაუძნელდეს გავრცელების პირველადი წყაროს დადგენა. მიუხედავად იმისა, თუ დროის რა პერიოდშია შექმნილი აღნიშნული მასალა, ყველა პირი, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უწყობდა ვიდეოჩანაწერის შექმნას და შემდგომში მის გასაჯაროებას, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს",-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)";
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMჩ); "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია