საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობა: “ სახალხო დამცველი რუსეთის დამცველად მოგვევლინა“
2013/04/01 23:42:18

სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშს საქართველოს პარლამენტშიც გამოეხმაურნენ. უმრავლესობისა და უმცირესობის შეფასებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

უმცირესობა უჩა ნანუაშვილს რუსეთის მსგავს რიტორიკაში დებს ბრალს, ისინი მის ანგარიშს გაუგებარს, დაუსაბუთებულსა და უარგუმენტოს უწოდებენ. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ისინი ამ ანგარიშს ყურადღებით გაეცნობიან და ყველა რეკომენდაციას აუცილებლად გაითვალსიწინებენ.

 

უმცირესობის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, მისთვის ომბუდსმენის ანგარიში მოულოდნელი „სიურპირზებით“ იყო სავსე. ის ნანუაშვილს მოუწოდებს, რომ გამოვიდეს 1-ელ ოქტომბრამდე არსებული რეალობიდან და გაანალიზოს, რომ ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე უკვე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და არა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ომბუდსმენმა დანაშაულად ჩათვალა. ძალიან სამწუხაროა, რომ მისი ანგარიში ერთიერთში ემთხვევა რუსეთის რიტორიკას, რომ საქართველოში თითქოს რაღაც ტერორისტული დაჯგუფებები არსებობს. ეს არის სიცრუე და ეს რომ სიცრუეა, ამის მოწმე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მთელი საერთაშორისო საზოგადოებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ძალიან საკვირველია, რომ სახალხო დამცველი ამას დანაშაულად თვლის. ეს ანგარიში სიურპრიზებით სავსეა, მისი ეს მოხსენება ძალიან განსხვავდება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნისგან. სადაც აღნიშნულია, რომ რომ მედია იყო პლურალისტული და მრავალფეროვანი, განსაკუთრებით აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მედიამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს“. - აღნიშნა მინაშვილმა.

უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით საყვარელიძემ განსაკუთრებული ყურადღება ომბუდსმენის ანგარიშში მოხსენიებულ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე გაამახვილა.

„სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველი მის ფუნქციას მისი ამ ნაშრომით ნამდვილად არ პასუხობს. მე აქამდე ის მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამცველი მეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა რუსეთის დამცველადაც მოგვევლინა. რუსეთი წლების განმავლობაში გვიკიჟინებდა, რომ საქართველო იყო ჩეჩენი ბოევიკების პოლიგონი, სახალოხო დამცველიც მის ოფიციალურ დასკვნაში იგივეს ამბობს. დასკვნა გააკეთოს ხალხმა და ამომრჩეველმა“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მისთვის ლაფანყურის სპეცოპერაციასთან გაჟღერებული ინფორმაცია შემზარავი იყო. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავეების დასახელებაზე თავს იკავებს. 

„რაღაც ეჭვები ლაფანყურთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გვქონდა, მაგრამ ის რაც წავიკითხე, სრულიად შემზარავია. სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, ყველა საქმე უნდა იყოს გამოძიებული და გაანალიზებული და მერე უკვე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მაგრამ, ჩემი მხრიდან იმის თქმა, დამნაშავე არის თუ არა ვინმე, არ იქნება სწორი, გამომდინარე იქედან, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს და ასევე, გამოძიების დეტალებიც მაინტერესებს.“ - განაცხადა დოლიძემ.

ეკა ბესელიას თქმით კი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილი ყველა საკითხი, წინა თუ ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც 2012 წელსს და წინასაარჩევნო პერიოდს ეხება. ანგარიშის ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ლაფანყურთან დაკავშირებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები, სახალხო დამცველი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ჩვენი კომიტეტი განიხილავს სახალხო დამცველის ანგარიშს და ამის შემდეგ ის სხდომაზე იქნება წარდგენილი. ანგარიშში არსებული არცერთი ფაქტი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. მე მახსოვს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ომბუდსმენს ნახევრად ცარიელ დარბაზში უსმენდნენ, ჩვენ ამ პრაქტიკას შევცვლით. მსჯელობის შედეგად გადავწყვეტთ, ლაფანყურთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თუ სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

 

ინფორმაციისთვის: სახალხო დამცველმა დღეს მედიის წარმომადგენლებს 2012 წლის ანგარიში გააცნო.  ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, უჩა ნანუაშვილის თქმით,  სახალხო დამცველმა შეისწავლა ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, კონფიდენციალური წყაროებისაგან და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, ზემოხსენებული ფაქტების შესწავლის მიზნით.

ამასთან, ნანუაშვილის ინფორმაციით, ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში იკვეთება სერიოზული დარღვევები, მათ შორის ორი ქართველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ინსტრუქტორები იყვნენ.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდა შსს–ს მინისტრის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და შსს–ს მაღალჩინოსნებს- სანდრო ამირიძეს და ზურა მაისურაძეს.

“ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყაროებმა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა. 120 ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა გასული წლის გაზაფხულზე, ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან, ხდებოდა თბილისში სპეციალურად მათთვის ბინების დაქირავება, ამ ჯგუფის აღჭურვა, მომზადება და მათი გამოყენება. ამ ადამიანების სურვილი იყო გადასულიყვნენ ჩეჩნეთში” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ე.წ. “კორიდორს” ჰპირდებოდნენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია