საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
2013/04/01 23:32:03

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ მთავარი თემა გახდა. უმცირესობის განცხადებით, ისინი ამ ფორმით კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ მრავალი საკომიტეტო მოსმენისა და განხილვის შემდეგ ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ჩადებულია მისაღებად გამზადებულ კანონპროექტში.

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, „საერთო სასამართლოების“ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობასთან პოზიციების შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

როგორც ხმალაძე განმარტავს, შეთანხმების მიღწევა ვერც მთავრობას, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს შორის მოხერხდა. ხმალაძის განცხადებით, უმცირესობა სასამართლოსთან მიღწეული შეთანხმების გაუქმებასაც ცდილობდა.


ვახტანგ ხმალაძის თქმით, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრის არჩევის წესი იწვევს. საბჭოს ექვსივე წევრი ორი მესამედის უმრავლესობით აირჩევა. მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ადგილები ვაკანტური დარჩება და კანდიდატების ხელახალი წარდგენა–არჩევა ორი თვის შემდეგ გაიმართება.
იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი უმცირესობის კიდევ ერთ პრეტენზიას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტის ახალი ვერსიის ამოქმედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. 


„საბჭოს არც ერთ წევრს არ უწყდება უფლებამოსილება კანონის ამოქმედებისთანავე. კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ პარლამენტმა და მოსამართლეთა კონფერენციამ წევრები ახალი წესის შესაბამისად უნდა აირჩიონ. თუ მოსამრთლეთ კონფერენცია საბჭოს ძველ წევრებს აირჩევს, საბჭოში ისინიც მოხვდებიან. ყველა კანდიდატი, რომელსაც კენჭი ეყრება, არაპოლიტიკური ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი,“ – ამბობს ხმალაძე.

ჟურნალისტების შეკითხვას კი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უმცირესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ხმალაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „არაფერიც არ მოხდება. კანონპროექტი „საერთო სასამართლოების“ შესახებ პლენარულ სხდომაზე მაინც გავა და მას მაინც მივიღებთ.“

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტში ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა გათვალისწინებულია.

„უკვე არ დარჩა არცერთი პუნქტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიისა, რომელიც არ არის გათვალისწინებული. პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია ჩვენს პროექტში სრულყოფილად არის გადმოტანილი. თუ ამაზეც ნაციონალურ მოძრაობას აქვს პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ, ეს უკვე არასერიოზულ ხასიათს ატარებს, რადგან ამდენი კომპრომატისა და ამდენი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, ამ ყველაფერზე საუბარი არასერიოზულია. მე არ მესმის, უბრალოდ, რა უნდა გააპროტესტოს უმცირესობამ. მე უფრო ის მაფიქრებს, მივიღოთ ისეთი კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც შექმნის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების რეალურ შესაძლებლობას.“ - აღნიშნა ბესელიამ.

უმცირესობის წარმომადგენლების ყველა ბრალდება კი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება:

 დავით ბაქრაძის თქმით, უმრავლესობა არსებული კანონპროექტით მარტივად შეძლებს საკუთარი გავლენის განხორციელებას სასამართლოზე. აკაკი მინაშვილის განცხადებით კი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის უბრალო უმრავლესობით არჩევა  ნიშნავს, რომ ეს ორი პირი აპრიორი უმრავლესობის წარმომადგენელი და მათი პოლიტიკის გამტარებელი იქნება.

წესით, კანონპროექტი „საერთო სასამართლოების“ შესახებ 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე უკვე მესამე მოსმენით უნდა განხილულიყო. თუმცა, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ მოითხოვა, რომ კანონპროექტი დაბრუნდეს და პლენარულ სხდომაზე კვლავ მეორე მოსმენით განიხილოს. აღნიშნულის  მიზეზად უმრავლესობა ოპოზიციისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებასა და შეაბამისად, კანონპროექტის ცვლილებას ასახელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია