საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩააბარა თუ არა ეკა ბესელიას ფოთი ბიძინა ივანიშვილმა?
2013/03/14 21:56:56

ჟურნალისტისა და მაჟორიტარი დეპუტატის ურთიერთბრალდებებთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მოქმედმა საინფორმაციო ცენტრების ქსელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

პრემიერმინისტრთან რეგიონული მედიის შეხვედრის დროს ფოთის ინტერნეტგამოცემისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის , TSpress.ge-ს  რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას "შეუზღუდავ ძალაუფლებაზე" და "მისი რეკომენდაციით დანიშნული ხალხის შესახებ" ისაუბრა. 
ჟურნალისტის თქმით, ფოთში ყველაფერს ბესელია აკონტროლებს, მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობებზე ადამიანები და ამას არც თავად დეპუტატი უარყოფს, ერევა ასევე საბიუჯეტო პროცესებში. ელისომ გაახმოვანა ასევე ეკა ბესელიას პირად საუბრებში , ტელეფონზე საუბრისას ნათქვამი ფრაზა, რომ მას ფოთი ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა.
ამ ფრაზამ ბატონი ბიძინას განაწყენება გამოიწვია, თუმცა მისთვის საკმარისი არ არის პირად საუბრებში ნათქვამი, ამიტომ ჟურნალისტს მიმართა, რომ თუ კი მას აქვს ფაქტი, რომელიც ბესელიას განცხადებას დაადასტურებს ფოთის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ის პარტიიდან და გუნდიდან გაირიცხება. 
„თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას ფოთი ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდად გაირიცხება. როგორ შეიძლება ეს? ეს ამაზრზენია, როგორ შეიძლება, მე თავს უფლება მივცე, ბესელიას ეს ვუთხრა და მან ეს თქვას. ეს წარმოუდგენელია. თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, მე აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას როგორც ლიდერი", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

დღესვე ელისო ჯანაშიას ბრალდებებს გამოეხმაურა ქალბატონი ეკა ბესელია, რომელმაც ჟურნალისტის ბრალდებები პირადი განაწყენებით ახსნა და „ფოთის ჩაბარებასთან“ დაკავშირებით, განმარტა, რომ მას და „ქართულ ოცნებას“ ხალხმა მისცა ნდობის მანდატი და ხალხმა ანდოთ ფოთის განვითარება...

მოგვიანებით კი ეკა ბესელიას ბრალდებებთან დაკავშირებით საპროტესტო განცხადება გაავრცელეს საქართველოს რეგიონებში მოქმედმა საინფორმაციო ცენტრების ქსელმა. გთავაზობთ ამ განცხადებას:

 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას დღეს გაკეთებული განცხადებების მიზანი სამეგრელო – ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (tspress.ge) და მისი რედაქტორის ელისო ჯანაშიას საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციაა. მოვუწოდებთ მას, როგორც საჯარო მოხელეს „მოთმინებით მოეკიდოს“ ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკას, მით უფრო რომ კანონმდებლობით თმენის ვალდებულება აკისრია.

ეკა ბესელიამ ელისო ჯანაშიას მისამართით ცრუ ბრალდებები მას შემდეგ გააკეთა, რაც TSpress.ge - ის რედაქტორმა პრემიერ – მინისტრს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე კითხვები დაუსვა დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებით. ელისო ჯანაშიას კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ აპირებდა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა თვითმმართველობის გაჯანსაღებას, როცა დეპუტატი ბესელია უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, მისი რეკომენდაციით  ინიშნებიან თანამდებობის პირები, თავად იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ „ფოთი მას აქვს ჩაბარებული“ და ა.შ.

პრემიერ – მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, რაც „ფოთის ბესელიასთვის ჩაბარებას“ შეეხება, იგი პარტიიდან გაირიცხება. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ელისო ჯანაშიას წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა.

დეპუტატის მტკიცებით, TSpress.ge–ს რედაქტორი მასზე განაწყენებულია, რადგან მის ძმას დასაქმებაზე უარი უთხრა და ასევე, არ დაფინანსდა დედამისის მკურნალობის ხარჯები.

გაურკვეველია, საიდან იცოდა ეკა ბესელიამ ბიუჯეტის ჯანდაცვის მუხლიდან ელისო ჯანაშიას დედის მკურნალობის ხარჯების დამტკიცებასთან დაკავშირებული დეტალები, როდესაც თავად განმცხადებლისთვის უცნობი იყო დაფინანსების შესახებ საბოლოო ოფიციალური პასუხი. ელისო ჯანაშიას დედა საქართველოს მოქალაქეა და მან მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მართლაც სთხოვა ფოთის მერიას ან/და ჯანდაცვის სამინისტროს, რისი კანონიერი უფლებაც აქვს.

საინფორმაციო ცენტრები მოუწოდებენ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს შეწყვიტოს მსგავსი ფაქტებით სპეკულირება, რადგან სინამდვილეში, ეკა ბესელიამ, TSpress.ge–ზე კრიტიკული სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, ელისო ჯანაშიას პირადად შესთავაზა თავისი პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელობა და ძმის დასაქმება, რაზედაც უარი მიიღო.

TSpress.ge დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და ხელს უწყობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი (www.ick.ge)

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.icmm.ge)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (www.qartli.ge)

სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.tspress.ge)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია