დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების სერია ქუთაისში გაგრძელდა
2013/02/18 12:43:46

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვამ თბილისის შემდეგ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში გადაინაცვლა. ამჯერად მოპასუხის როლში ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აღმოჩნდნენ.

 

ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი პროკურატურამ საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის შესახებ მოწმის სტატუსით დაკითხა. პროგრამის მიზანს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა და ბაზის შექმნა წარმოადგენდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 5 240 880 ლარი არამიზნობრივად არის დახარჯული. გამომძიებლები ყოფილ მაღალჩინოსნებს სწორედ ამ საქმის ირგვლივ უსვამდნენ შეკითხვებს.

დღის მთავარი გმირების გამოჩენამდე ქუთაისის პროკურატურასთან უმცირესობის სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. პირველი პოლიტიკური შეფასებებიც სწორედ მათ გააკეთეს.

ქუთაისის ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის განცხადებით, პროკურატურის ბრალდებები არასერიოზულია: „ვერავინ დაამტკიცებს, რომ ადამიანები დასაქმების პროგრამის ფარგლებში არ მუშაობდნენ და ისე იღებდნენ ხელფასს“.

ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად უმცირესობის წევრი პარლამენტში, გიორგი თევდორაძე კი თვლის, რომ არსებული ვითარების შეფასება ძალიან მარტივია. „შეუირაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ რეპრესიებთან. ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის მთავარი სამიზნე ობიექტები არიან ჩვენი პარტიის ლიდერები და, მათ შორის - პარტიის გენერალური მდივანი. მართლაც აბსურდული, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ხდება ბატონი ვანო მერაბიშვილის დაბარება დაკითხვაზე. თუ რა გავრცობა ექნება ყველაფერ ამას, მე არ ვიცი, მაგრამ ცხადია, რომ ეს არის ხელისუფლების წარმოდგენა კოჰაბიტაციაზე და, ზოგადად, საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებზე,“ - განაცხადა თევდორაძემ.

თანაგუნდელების მხარდასაჭერად პროკურატურასთან იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძეც გამოჩნდა.

„ცოტა არ იყოს, ირონიულიც გახდა ეს პროკურატურაში დაბარებები. ხელისუფლება, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნით, დევნის იმ ადამიანებს, რომლებიც ასაქმებდნენ ადამიანებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნამდვილად ვასაქმებდით ხალხს. ჩვენ ამის არ გვრცხვენია და მომავალშიც, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, კიდევ დავასაქმებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ხალხის პირობები იყოს უკეთესი“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ზუსტად 12:00 საათზე გამოცხადდა. დაკითხვაზე შესვლამდე მან  განაცხადა: „მე მადლობას ვუხდი ყველა აგენტს. სამუშაო იყო ძალიან მასშტაბური, 600000 ოჯახში იყო დასაქმების აგენტი მისული და იწერდა დასაქმების მსურველთა მონაცემებს, არავითარი პოლიტიკური ანკეტების შევსება არ ხდებოდა. ასეთი ცოცხალი ტყუილებით ახალი ხელისუფლება ფონს ვერ გავა.“ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრისა და ამჟამად კახეთის გუბერნატორის დაკითხვა სამსაათნახევარი მიმდინარეობდა. პროკურატურიდან გამოსულ ჭიაბერაშვილს, როგორც მოსალოდნელი იყო, შეხედულებები არ შეუცვლია. მან ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული დაკითხვების სერია პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. „მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო, ჩემთვის ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გამოძიება ბევრ პოლიტიკურ კითხვას აჩენს. ხელისუფლებას ვურჩევ, აბსურდული დაკითხვების ნაცვლად, დაასრულოს ჩვენს მიერ დაწყებული დასაქმების ბაზის გაკეთება და მოქალაქეების დასაქმება რეალურად დაიწყონ. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული გამოძიების ფარგლებში კიდევ არაერთხელ დამიბარონ პროკურატურაში,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვის პარალელურად პროკურატურასთან პოლიტიკური ტემპერატურა მატულობდა. ტემპერატურამ უმაღლეს მაჩვენებელს 16:00 საათისთვის მიაღწია, რადგან სწორედ ამ დროს ელოდებოდნენ ვანო მერაბიშვილის გამოჩენას. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად მოსულები შემდეგი შინაარსის პოსტერებით იყვნენ შეიარაღებულები: „არა - პოლიტიკურ ძალადობას“, „ვგმობ ძალადობას“, „ხელები შორს ვანოსგან“. აქციაზე, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლების გარდა, პარტიის მხარდამჭერები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც იმყოფებოდა.

„ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია შემდეგია: ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას და ვეწინააღმდეგები დიქტატურის დამყარების მცდელობას. აქ მოსული ადამიანები ყოფილი მაღალჩინოსნების მასიურ დაკითხვებს ვეწინააღმდეგებით,“ - განაცხადა ელისო კეთილაძემ (არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“).

ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, თვითონვე გამოთქვა სურვილი, რომ პროკურატურაში სოციალური აგენტების ნაცვლად ის დაეკითხათ.

„პროგრამა, რომლის საშუალებითაც 6 000-მდე სამუშაოს მაძიებელი გამოიკითხა, დასრულდა და ხალხი არჩევნების შემდეგ დასაქმებას ელოდება, მაგრამ სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს. ამის ნაცვლად, ჩვენს მიერ მოწყობილ თბილ კაბინეტებში საკუთარი ოჯახის წევრებს ასაქმებენ,“ - განაცხადა მერაბიშვილმა. ყოფილი პრემიერის დაკითხვა შედარებით ცოტა ხანი - 2 საათი მიმდინარეობდა. მან პროკურატურა ჭიაბერაშილზე უფრო პომპეზურად, შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციების ფონზე დატოვა.

„მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ სოციალურ აგენტს, რომლებიც უკვე დაკითხეს და, რომლებსაც, მომავალში დაკითხავენ. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ სამუშაოსათვის, რაც მათ გასწიეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაახლოებით, 2 ათასამდე ის აგენტი დაკითხეს, რომლებიც სამსახურის მაძიებელთა პროგრამაში იყვნენ ჩართულები. აგენტები 6 ათასზე მეტ ოჯახში იყვნენ და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბაზა შეადგინეს. ეს მთავრობა არ ფიქრობს ხალხის დასაქმებაზე. იმედი მაქვს, ქვეყნის ხელისუფლებაში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხს დაასაქმებს და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყანას არ გადააყოლებს,“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოს მაძიებელთა პროგრამის ფარგლებში შტატგარეშედ საქართველოს ყველა რეგიონში დამატებით კონტრაქტები 21 837 პირს გაუფორმდა. მათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით მათ არავინ დაუსაქმებიათ და, ამ მხრივ, რაიმე სახის საქმიანობაც არ გაუწევიათ. მიუხედავათ ამისა, მათ ხელფასის სახით, 240 ლარი მაინც აიღეს.

ყოფილი მაღალჩინოსნები პროკურატურის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და მეტიც, არასერიოზულად აფასებენ. თუმცა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებულ კიდევ არაერთ მაღალჩინოსანს დაკითხავს.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია