საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მგრძნობიარე“ თემები ქართულ პოლიტიკაში
2013/02/18 12:41:38

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარ მოვლენებს შეუძლია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას შეუშალოს ხელი - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დასამტკიცებლად ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს იშველიებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 8 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგად, საქართველომ მიაღწია იმას,  რომ  წელს  უნდა დადებულიყო  ასოცირების   ხელშეკრულება  ვილნიუსში, თუმცა, ევროპის სახალხო პარტიის განცხადების თანახმად, ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ამ შეთანხმების გაფორმება  დარტყმის ქვეშ დააყენა. ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში კი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი შეხლა-შემოხლა იგულისხმება, რომლის დროსაც ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სცემეს. არეულობის პროვოცირებაში კი „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საშუალებას მისცემს საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

„თუ ჩვენ ევროპამ გვკრა ხელი, მაშინ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის და მაშინ ჩვენი დეკლარაციებიც ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. უნდა გამოვფხიზლდეთ და არ უნდა ვიძახოთ, ვინ არიან ეს პარტიები. ეს არის ის პარტია, რომელსაც მართლა შეუძლია ამის დაბლოკვა. უნდა გამოვიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ თუ რაღაცებია გამოსასწორებელი, ახლა უნდა დავსხდეთ ყველანი ერთად და გამოვასწოროთ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დასრულებამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს.

 „არ შეიძლება ქვეყანას ისეთი საფრთხე შევუქმნათ დღეს, რომ მერე ამ მატარებელმა ჩაიაროს და შემდეგმა მატარებელმა მრავალი წელი აღარ ჩამოიაროს ჩვენთვის. მე ვარ ამით შეშფოთებული. მე მზად ვარ, მთავრობას ველაპარაკო ამ თემებზე. ეს არის ძალიან დიდი და პრობლემური ამბავი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყვეს. თორემ, საბოლოო ჯამში, წააგებს საქართველო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვიქტორ დოლიძის თქმით კი, ის გუშინ პირისპირ შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის კომიტეტის თანათავმჯდომარეს გუნარ ჰოკმარკს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ხელს არ შეუშლის. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება საქართველოში 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის შეშფოთებას იზიარებს.

„გასაგებია ის ურთიერთობები რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის სახალხო პარტიასთან აქვს, ამიტომ მათ განცხადებას გაგებით ვეკიდებით, აბსოლუტურად ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რაც 8 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მათ აქვთ, მათ კონსტრუქციული პოზიცია აქვთ და ხელისუფლებას ნამდვილად არ მოსწონს ის, რაც 8 თებერვალს მოხდა. მომავალში, ალბათ, ასეთი ქმედებები უფრო მეტი სერიოზულობით უნდა აღიკვეთოს,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

„ევროპელი პოლიტიკოსები, ჯამში, ისეთივე პოლიტიკოსები არიან, როგორიც ქართველები. სახალხო პარტია ეს არის პოლიტიკური გაერთიანება,  რომლის  წევრიც   არის    „ნაციონალური  მოძრაობა“.   ამიტომ ნუ გიკვირთ, რომ თავიანთი წევრი პარტიის მიმართ ხანდახან არცთუ მთლად ობიექტურ შეფასებებს აკეთებენ,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების კრიტიკულ გამონათქვამებზე. მისივე თქმით, ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეთანხმება, რომ პროტესტის თავისუფლება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირთან მთავრდება.

„მე ევროპელ კოლეგებს მივმართე, რომ ჩვენს მიმართ ტონი არ შეამსუბუქონ. ყველას მივმართე, რომ სტანდარტები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, ვალერი გელაშვილის დამტვრეული ძვლები და ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირის ამბავი ერთნაირად უნდა იყოს გამოძიებული,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროკავშირთან დაახლოების კრიტერიუმები უფრო და უფრო რთულდება... 

შვედი ევროპარლამენტარი, გუნარ ჰოკმარკი ამბობს, რომ  ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც არსებობს ნება იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს  იმ კრიტერიუმებს მიაღწიოს, რომელიც აუცილებელია სამომავლოდ, რათა ქვეყანა ევროპას დაუახლოვდეს.

„ეს კრიტერიუმები უფრო და უფრო რთულდება და უფრო მაღალი ხდება ქვეყნებისათვის იმის მიხედვით, თუ რამდენად უახლოვდებიან და რამდენად მჭიდრო ხდება მათი თანამშრომლობა ევროკავშირთან. რაც უფრო ახლოს იქნებით ევროკავშირთან, უფრო გართულდება პრინციპები და კრიტერიუმები, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ეს კრიტერიუმები კი 100 პროცენტით უნდა შესრულდეს,“ - განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა.

ევროპარლამენტარ კრჟიშტოფ ლისეკის განცხადებით კი, ევროპელი ლიდერები არ დათანხმდებიან ისეთი ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, სადაც პოლიტიკურ მხარეებს შორის ასეთი კონფლიქტი არსებობს.

„ახლა ჩვენ ვართ ისეთი სიტუაციის პირისპირ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ლიდერები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ორივე მხრიდან მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა, თუმცა პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული, რაც ქართველი ხალხისთვის და ქვეყნისთვის მნიშვენელოვანი იქნება. ევროპელი ლიდერები არ დაეთანხმებიან ისეთი ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, სადაც პოლიტიკურ მხარეებს შორის ასეთი კონფლიქტი არსებობს,“ - განაცხადა კრჟიშტოფ ლისეკმა.

„ლისეკმა ისიც თქმა, რომ პოლონეთმა აღნიშნული გზა გაიარა, როდესაც ამ ქვეყანაში კოჰაბიტაციის პრობლემა არსებობდა. ეს არის ჩვეულებრივი ტრანსფორმაცია ერთი  სიბრტყიდან  მეორეში,  რასაც,  ალბათ, დრო დასჭირდება. არც არავის მოსწონს ძალადობრივი ქმედებები, რომელიც არის ყოფილი ხელისულების მიერ განხორციელებული. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის პოლიტიკური წარსული, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს   და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, ის სიძულვილი, რომელიც მათ დათესეს ქართულ საზოგადოებაში, ასე ადვილად ვერ გაქრება,“ - აღნიშნა ლისეკის განცხადების კომენტირებისას ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, მათმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა პროცესებმა დიალოგის მაგიდასთან გადაინაცვლოს და არა ქუჩაში.

„ასოცირების ხელშეკრულებაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული და ეს უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში მოლაპარაკებების ბოლო ორი რაუნდის დროს განსაკუთრებით გამოიხატა. ძალიან ბევრი საკითხი, რომლებზეც წინა მოლაპარაკებებზე დიდი დრო დაიხარჯა, სწორედ ამ ბოლო ორ რაუნდზე შეთანხმდა. იმედია, რომ ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილ დროში ასოცირების ხელშეკრულებაზე საბოლოო შეთანხმება მოხდება,“ - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ასეთ საკითხებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ.

„ეს მგრძნობიარე თემაა და ამის პოლიტიკური თუ პიარ-მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია. ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და არც ამჟამად ოდნავი მინიშნებაც კი არ გვქონია. ასეთი თემებით თამაში მიუღებელია,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია