დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილის „კოჰაბიტაცია“ პოლიტიკურ ძალასთან საკმაოდ რთულია
2013/02/18 12:39:01

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სიტუაციის განმუხტვა და საქმიანი მოლაპარაკებები იყო, თუმცა საქმიანი შეხვედრის ამსახველი  პრესკონფერენცია პრეზიდენტმა პოლიტიკურ შოუდ აქცია.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმცირესობის ლიდერმა  მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, თუმცა, ნაცვლად ერთობლივი განცხადების გაკეთებისა, ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს პოლიტიკური სატელევიზიო დებატები გამოუვიდათ.  პრესკონფერენციაზე აშკარად გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალასთან კოჰაბიტაცია საკმაოდ რთულია.

 

რას ითხოვს უმცირესობა 

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „საპარლამენტო უმცირესობა სამ საკითხს აყენებს - პარლამენტის ქუთაისში დატოვებას, ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციურად დაფიქსირებას  და პრეზიდენტის პირდაპირი  წესით არჩევას.“ აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა  ხაზი იმას, რომ პრემიერი ვალდებულია,  პრეზიდენტთან მივიდეს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ასეც იქნება.

„კეთილი ინებოს და ჩაერთოს დიალოგში, მე არ ვამბობ, რომ თქვენ არ უნდა მოსულიყავით, თქვენც უნდა მოსულიყავით და ყველა, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს,“ - მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

„საფრანგეთის კონსტიტუციით, რომელიც ჩვენს ვითარებას ძალიან ჰგავს, პრემიერი ვალდებულია, კვირაში ერთხელ მივიდეს პრეზიდენტთან, მით უმეტეს, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არის საგანგებო ვითარება. ადამიანებს, რომლებსაც თქვენ, შეიძლება, პოლიტპატიმრებად მიიჩნევთ,  მე ვთვლი კრიმინალებად. მე მაქვს უფლება, ჩემი განმარტებები გავაკეთო. 200 პოლიტიკოსი არაა საქართველოში, არათუ 200 პოლიტპატიმარი. მათ მოაწყვეს საპარლამენტო ოპოზიციის ცემა-ტყეპა. მე დღეს მოვისმინე საოცარი განცხადება, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა  უზრუნველეყო წესრიგი. დამისახელე ერთი ქვეყანა, სადაც ქუჩაში წესრიგს ამყარებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური!“ - კიდევ ერთხელ შეახსენა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას, რომ კონსტიტუციით პრემიერი ივანიშვილი მის წინაშე არის ანგარიშვალდებული.

„დღევანდელი შეხვედრა საქმიანი იყო. ჩვენ ცხადია, არ გვისაუბრია იმაზე, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა. ჩვენ, ცხადია, ამაზე ვერ ვთანხმდებით და ვერც შევთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ აქტით, რომელსაც ხელი მოვაწერე, თავისუფლება სწორედ პოლიტიკურმა დევნილებმა მიიღეს. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო მე არ დამინახავს. იქ იყო შეკრებილი ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, რომლის დროსაც მათ კანონი დაარღვიეს და ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს. რაზეც ვთანხმდებით, არის ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანას არავითარ შემთხევაში არ წაადგება ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს იგი დაგეგმილი, პროვოცირებული თუ ყურადღება ვერმიქცეული,  ამიტომ სწორია პოლტიკური პროცესის პარლამენტში გადატანა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ეს დიალოგი უპერსპექტივო არ არის. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით,   „არის თემები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობასთან ვერასდროს შევთანხმდებით“.

„ჩემი შეფასებითაც, შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის შემოღება, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს ზეწოლისგან დაიცავს... არც უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ ერთსაათიან შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდებოდა. ჩემი შეფასებით, იყო საქმიანი შეხვედრა და პროცესი გრძელდება,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შეფასებით,  პრეზიდენტის  და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აქცენტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვაჭრობაზე აკეთებს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისათვის მიუღებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, „პრესკონფერენციის პირობებში მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად სხვანაირად იქცევა და ცდილობს, საზოგადოების ნაცვლად, გიგი უგულავას და ჩიორა თაქთაქიშვილის გულები მოიგოს“.

„პრესკონფერენციის პირობებში, სააკაშვილი აბსოლუტურად სხვანაირად იქცევა, ცდილობს, საზოგადოების გული კი არ მოიგოს, არამედ მოიგოს გიგი უგულავას, ჩიორა თაქთაქიშვილის გული, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. მე მიმაჩნია, პირადად, რომ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. საქართველოს ისტორიაში კოჰაბიტაცია სიტყვად არ უნდა დარჩეს,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ იგი არასტაბილური პოლიტიკური პარტნიორია.

„წინა დღით მისი რიტორიკა და ტონი რადიკალურად განსხვავებული იყო გუშინდელისგან.  ის საუბრობდა იმ თემებზე, რომელიც ტელე-დებატების თემაა, ან მოლაპარაკებების. მიუხედავად ამისა, უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რომ პარლამენტის და პრეზიდენტის უფლებებთან დაკავშირებით კონსტიტუციური ხარვეზები გამოსწორდეს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად კარგად ვნახეთ ადამიანი, რომელიც შეხვედრის გარდა ყველა თემაზე საუბრობდა და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადეკვატურად პასუხობდა ყველა შეკითხვას. ამ შეხვედრას შეფასება არ სჭირდება, ქართველმა ხალხმა ხშირად უნდა ნახოს ის, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება კარგად დაინახოს,“ - განაცხადა პარლამენტარმა თინათინ ხიდაშელმა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენციის შეფასებისას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია