დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გზა დავულოცოთ პროფესიონალებს!
2013/02/18 12:34:37

ვისი იდეა იყო, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელიც არსებობის 43-ე წელს ითვლის, გამხდარიყო ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და მუსიკალური დარბაზი? ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო, პოლიტიკური ნიშნით ორი წლის განმავლობაში თეატრიდან გაშვებული იყო რამდენიმე პროფესიონალი თანამშრომელი. რომ არა ახალი მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, დღეს ისინი თეატრში არ იქნებოდნენ დაბრუნებულნი.

დიდი გულისტკივილით მინდა გავაჟღერო და გავაცნო დღევანდელ საზოგადოებას ოპერის თეატრის წარსული და აწმყო. სამწუხაროდ, თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ნაკლებად აფასებს, როგორც წარსულის მონაპოვარს, ასევე - მის თაობას.

ქუთაისის ოპერის თეატრი შეიქმნა სახალხო ოპერის ბაზაზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო მუსიკალური სასწავლებლის კადრებით. შემდგომ კი გახდა ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელსაც მიენიჭა მელიტონ ბალანჩივაძის სახელი. მისი სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი დამაარსებელი, წლების განმავლობაში მუსიკალური ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი, მრავალი საოპერო და საბალეტო სპექტაკლის დამდგმელი გახლდათ მამაჩემი - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თეიმურაზ კობახიძე.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაიხსნა 1969 წლის 27 დეკემბერს, ზ. ფალიაშვილის უკვდავი ნაწარმოებით „აბესალომ და ეთერი“. მას მოჰყვა ყოველ წელიწადს დადგმული უამრავი სპექტაკლი: მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, თაქთაქიშვილის „მინდია“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“, ზ. ფალიაშვილის „დაისი“, მ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“, დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“, გ. ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“, ს. რახმანინოვის „ალეკო“, ჯ.   ვერდის  „რიგოლეტო“,    „ტრავიატა“,  „ტრუბადური“, ჯ. პუჩინის „ტოსკა“, ჯ. როსინის  „ჯამბაზები“,  ჟ.  ოფენბახის  „პერიკოლა“, შ. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“, საბავშვო ოპერები: ვ. გოკიელის „წითელქუდა და ბროლის ქოში“, ა. ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები“, ბალეტები: ბ. ასაფიევის „ბაღჩისარაის შადრევანი“, ლ. ჰერტელის „ბებია და შვილიშვილი“, ი. შტრაუსის „ცისფერ დუნაისთან“, ა. ბალანჩივაძის „მთების გული“, ი. მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი“, შ. დავიდოვის „ზვიადაური“, ს. ცინცაძის „პოემა“, ლ. მინკუსის „დონ-კიხოტი (გრან-პა), ბიზე-შჩედრინის „კარმენ-სუიტა“, ჯ. გერშვინის საფერტეპიანო კონცერტის „ცისფერი რაფსოდია“-ს საბალეტო ვერსია, სადაც საფორტეპიანო პარტიას ვასრულებდი თქვენი მონა-მორჩილი. სპექტაკლები მიდიოდა სრული ანშლაგით. ეს იყო მონაწილეთა და დირიჟორების დამსახურება.

უდიდესი პატივისცემით მინდა გავიხსენო მომღერლები: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა და პეტრე ამირანაშვილები, ნოდარ ანდღულაძე, შოთა კიკნაძე, ცისანა ტატიშვილი, ლამარა ჭყონია, გაიანე დოლიძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, პაატა ბურჭულაძე;

დირიჟორები: ოდისეი დიმიტრიადი, გივი აზმაიფარაშვილი, ზაქარია ხუროძე, ავთანდილ მამაცაშვილი, რევაზ ტაკიძე, რევაზ ხურცილავა, ირაკლი ჭიაურელი, ტარიელ დუგლაძე, თამაზ ჯაფარიძე, თენგიზ ჭუმბურიძე. სპექტაკლებს დგამდნენ: დოდო ალექსიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, გურამ მელივა, გივი გაჩეჩილაძე, ჯემალ ანჯაფარიძე, ვარლამ ნიკოლაძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე. საბალეტო სპექტაკლებს დგამდნენ და რეპეტიტორები იყვნენ: ანზორ მაჭარაძე, ანზორ სირბილაძე, ელგუჯა გუმბერიძე, ლევ მხითარიანი, ზურაბ კიკალეიშვილი, ბექარ მონავარდისაშვილი, ალეკო ჭიჭინაძე. სპექტაკლებს აფორმებდნენ მხატვრები: ივანე ასკურავა, შალვა ჩიქოვანი, კარლო კუკულაძე, თემურ არსენიძე, ნოდარ გაფრინდაშვილი.

როგორც ვიცით, ოპერის თეატრში ძირითადი ბირთვი გუნდი და ორკესტრია. გაზეთის ერთ სტატიაში ყველა მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელია. დიდი პატივისცემით მინდა აღვნიშნო ყოველი მათგანი, საბალეტო დასის ჩათვლით, რომლებიც იმ წლებში ძალიან ცუდ პირობებში და მცირე ანაზღაურებით მუშაობდნენ. რომ არა მათი მაღალი პროფესიონალიზმი და თეატრისადმი უსაზღვრო სიყვარული, ზემოთხსენებულ ოპერებსა და ბალეტებს წარმატება არ ექნებოდათ. ეს იყო წარსულში.

თეატრში, რატომღაც, ბოლო ადგილზე მოიაზრება კონცერტმაისტერი. მართალია, მათი სამუშაო კულისებს მიღმაა, მაგრამ რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც სოლისტებთან, გუნდთან და მოცეკვავეებთან მუშაობენ მცირე ანაზღაურებით, ორკესტრთან შეერთებისას სინთეზს ვერ შექმნიან.

საოპერო თეატრს წლების განმავლობაში ჰყავდა მოკარნახე. დღევანდელი ხელმძღვანელების აზრით, მოკარნახე საჭირო არაა, რადგან ევროპულ თეატრებში ასეა. გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც ვედრებით ევროპულ თეატრებს, უნდა გავითვალისწინოთ მათი შემოქმედებითი დონე და ანაზღაურება, გვქონდეს ტიტრები.

რაც შეეხება რეპერტუარს - დამეთანხმებით, მ. ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში, პირველ რიგში, უნდა იდგმებოდეს მისი ოპერა „დარეჯან ცბიერი“ და ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. თუმცაღა, ეს ოპერები იდგმებოდა და უნდა შეენარჩუნებინათ. უცხოელებს ყოველთვის მოსწონდათ ჩვენი ეროვნული კულტურა, რომელიც გაჯერებული იყო ქართული სულისკვეთებით და ტრადიციებით.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა გარემონტებულია, არ შეესაბამება ოპერის სტანდარტებს. სოლისტ-მომღერლებს უწევთ პატარა ოთახში ერთ სარკესთან გრიმის გაკეთება. ინსტრუმენტი უვარგისია, რაც ხელს უშლის მომღერალს სუფთა ინტონაციის გაჟღერებაში. გუნდს აქვს ერთი ოთახი, სადაც არც სარკეებია, არც მაგიდები და არც საკიდები. თეატრის მუზეუმი მოუწყობელია. ის მასალები, რომლებიც თეატრის ისტორიას წარმოადგენენ, ზოგი განადგურებულია, ზოგიც მიგდებული. თეატრის სანოტო ბიბლიოთეკა უჰაერო ოთახშია, რაც იწვევს ნოტების დაობებას.

იბადება კითხვა: როდესაც წარსულში თეატრს ჰქონდა ბევრად ნაკლები დაფინანსება და სპექტაკლების რაოდენობა იყო მრავალი, შემოქმედებითი დონე - მაღალი, ამჟამად კი დაფინანსება მკვეთრად მომატებულია, რატომაა სპექტაკლების რაოდენობა მწირი?

ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, საოპერო თეატრის დღევანდელი დასი, რომელიც ახალგაზრდებითაც არის დაკომპლექტებული, მომავლის იმედით სულდგმულობს. პატივს ვცემ მათ შემართებას, ერთგულებას და თეატრისადმი სიყვარულს.

იმედს ვიტოვებ და სურვილი მაქვს, თეატრში იყოს ჯანსაღი და შემოქმედებითი ატმოსფერო. თეატრი არის შემოქმედთა სულიერი ტაძარი და მას უნდა მართავდნენ პროფესიონალი, ავტორიტეტის მქონე ადამიანები.

 

მედეა კობახიძე-ასათიანი,
თეატრის კონცერტმაისტერი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია