დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის უთქმელი სიტყვა
2013/02/08 20:50:23

მას შემდეგ,რაც საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი გამოსვლა პარლამენტში გადაიდო, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გადაწყვიტა, მიემართა საზოგადოებისათვის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ პოლიტპატიმრების სტატუსით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

საჯარო ბიბლიოთეკასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებს. შენობაში არ შეუშვეს თბილისის მერი, გიგი უგულავაც. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს შეხვედრაზე დასასწრებად მოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

პრეზიდენტის გამოსვლა საჯარო ბიბლიოთეკაში, რომელიც 6 საათისთვის იყო დაგეგმილში, ჩაიშალა. აქციის დაშლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ბიბლიოთეკასთან გამოჩნდა შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პროტესტანტებს დაშლისაკენ მოუწოდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი ღარიბაშვილი დაჰპირდა, რომ ყოველი ოპოზიციონერის ცემის თუ შეურაცხყოფის ფაქტი იქნება გამოძიებული.

საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარის შესახებ განსხვავებული კომენტარები კეთდება ოპოზიციისა და უმრავლესობის მხრიდან.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინ და დღეს მე მესმის სახიფათო სიტყვები, რომელიც აშკარად დაგეგმილია. არის საუბარი კონსტიტუციური სივრციდან გასვლაზე, ვითომ პარლამენტის მხრიდან არის ლაპარაკი სამოქალაქო ომზე, არის ლაპარაკი სისხლისღვრაზე. სახიფათო სიტყვებს ხმარობს მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. ზუსტად ამიტომ არის საჭირო მეტი კეთილგონიერება და მეტი სიმშვიდე. უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლება არის სხვა ადამიანების ხელში. ფორმალური ძალაუფლება აქვს დარჩენილი სააკაშვილს და ამას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ. ამ სახიფათო სიტყვების ხმარებას ჩვენი მხრიდან სათანადო კეთილგონიერება სჭირდება და არა ემოციური გაბრაზება.

...დღეს მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას არ აწყობს. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. მე მინდა, გავაკეთო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება. პირველი - სმაართლებრივი მხარე - გუშინ საქართველოს პარლამენტის ბიურომ სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო. ყოველგვარი სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა რაიმე გააკეთა კონსტიტუციის საწინააღმდეგო, უსაფუძვლოა. კონსიტუცია პარალმენტში პრეზიდენტის ყოველწიურ გამოსვლას ითვალისწინებს და ჩვენ ვთქვით, რომ მას ამის საშუალება ექნებოდა. პარლამენტის რეგლამენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის პარალმენტში მოსვლა, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე შედგება. 6 თებერვალს პირველ სხდომაზე გამოსვლა თავად პრეზიდენტმა არ ისურვა, ასე, რომ მისი გამოსვლა 8 თებერვალს შედგებოდა თუ 25 თებერვალს, ამით არც კონსტიტუცია და არც რეგლამენტი არ დაირღვეოდა. უმრავლესობამ გონივრული გადაწვეტილება მიიღო, როდესაც პარლამენტში იმ ფონზე, რა ფონიცაა დღეს შექმნილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და მისი ქმედებების გამო ჩვენ გვინდოდა, რომ დამატებითი გართულებები თავიდან აგვეცილებინა და გვქონოდა დრო იმისთვის, რომ შემდგომი გართულებები თავიდან აგვეცილებინა.“

თინათინ ხიდაშელი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „სამართალდამცველებს ალბათ, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათო. მე არ ვიცი, რას ნიშნავს უფრო აქტიურობა. საქართველოში ვიცით, რომ ხალხს სცემენ ხოლმე. მე მივესლამები იმას, ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს სამართალდამცველებმა მოსახლეობაზე ხელი არ აღმართეს, შუაში დადგნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ იქ განსაკუთრებით მძიმე მოვლენები არ განვითარებულიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ მოსახლეობამ, რომელიც ამ ადამიანების ბოლო ცხრაწლიანი მმართველობით გაბრაზებულია, მათკენ ფიზიკურად გაიწია“.

გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს მდივანი: „ეს არის სამარცხვინო და ამაზრზენი საქციელი. პირველ რიგში, ეს ეხება ხელისუფლებას და სამწუხაროდ, პოლიციის ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა და იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც დაუკვეთა ეს ყველაფერი".

ჩიორა თაქთაშიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი: „დღეს ნათელი გახდა, თუ რაში სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს ათიათასობით კრიმინალის ამნისტიით გარეთ გამოშვება. ის, როდესაც ვერ უპირისპირდება არგუმენტებით „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე ვერ უპირისპირდება პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებთ, მათ გამოუშვეს ციხეებიდან კრიმინალები, ჯერ იმისთვის, რომ ადამიანებს სიცოცხლე გაუმწარონ. ყოველდღე ვხედავთ, რასაც აკეთებენ ქუჩებში. მეორეს მხრივ კრიმინალებით უნდათ გაუსწორდნენ. არავის არ სტკივა სამშობლოს მოღალატე ადამიანის ხელი. ის არის დაცინვა, რაც ღარიბაშვილმა თქვა. დღეს არ არსებობს ქვეყანაში პოლიცია, რომ ჰყავდეს, ქვეყნის პრეზიდნეტი მივიდოდა იქ, სადაც მას სურს, ასევე მათ უნდა უზრუნველყონ ოპოზიციის ქვეყანაში ყოფნა ხელშეშლის გარეშე, მათ უნდა უზრუნველყონ კრიმინალები, რომ ციხეში იყვნენ და არა ქუჩაში. მე დღეს ცხვირში მოხვედრილი ხელი არ მტკივა, მაგრამ იქ დაზარალდნენ საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც შემთხვევით მოხვდნენ. ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა დაასამარეს ქართული პოლიცია, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ვაშენებდით ყველა ერთად“­.

რიჩარდ ნორდანდი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი: „დემოკრატიაში არსებობს საბაზისო პრინციპები: რაც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ მართალი ხარ და უსამართლოდ მოგექცნენ, ძალადობის გამოყენებას გამართლება არ აქვს.ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ დამნაშავეები უნდა წარსდგნენ სამართლის წინაშე.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია