საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
2013/01/22 16:02:22

2012 წელს 1 ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულებით, არჩევნების გზით, შეიცვალა ხელისუფლება, რის შედეგადაც მივიღეთ ახალი პოლიტიკური რეალობა.

საერთაშორისო საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებისადმი. დასავლელი პარტნიორების მოლოდინია, რომ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რაც არჩევნების დღის შედეგმა დააფიქსირა, არ გახდება „დემოკრატიული პროგრესის ერთი დღე“ და მას თანმიმდევრული დემოკრატიული ნაბიჯები მოყვება, როგორც ახალი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციაში გადასული ყოფილი უმრავლესობის მხრიდანაც.

აქვე, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა. მოსახლეობა, რომელმაც გამოიჩინა სიბრძნე და საკუთარი აქტიურობით არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ქვეყანაში, დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილების ისტორიულ მოვლენას დაუდო საფუძველი. ამ ცვლილებების ერთ-ერთი განმაპირობებელი, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის განცდა იყო და სავსებით ლეგიტიმურია ამ საზოგადოების მოთხოვნა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

არჩევნების შემდგომ განვლილი ოთხი თვის ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სახეზეა პოლიტიკურ ძალთა შორის კოჰაბიტაციის პრობლემა. თანაარსებობისა და განვითარებაზე ორიენტაციის ნაცვლად, მხოლოდ „სამართლიანობის აღდგენის“ საზოგადოებრივი დაკვეთის რეალიზაციას ვხედავთ. იკვეთება თვითმმართველობების საქმიანობაში ხელის შეშლის საშიში ტენდეცია, უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე სახელმწიფო ინსტიტუტების არაერთგვაროვანი რეაგირება, ჩნდება კითხვები საკადრო პოლიტიკის სამართლიანობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

შეიძლება ითქვას, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის საქმიანობა ბევრ სფეროში იყო აღიარებული, როგორც წარმატებული და სამაგალითო რეგიონისთვის, ვერ მოახერხა საჯარო უწყებების საქმიანობის პოლიტიკური პარტიის საქმიანობისგან გამიჯვნა, დემოკრატიის გაძლიერება, არ გახსნა კარი სამოქალაქო მონაწილეობისთვის და საზოგადოებისგან იზოლირება მოახდინა. ამან გამოიწვია სისტემური ხარვეზების წარმოშობა, რისი გამოხატულებებიც იყო მაგალითად: მართლმსაჯულების შერჩევითობა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება, გაუმჭვირვალობა და სხვა.

ამ ხარვეზების შედეგია რეალობა, რომლის მიხედვითაც, „სამართლიანობის აღდგენის“ პირობებში, კანონის წინაშე მოუწევთ წარდგომა ათასობით ადამიანს, რომლებიც ამ ხარვეზების მქონე სისტემში მუშაობდნენ ან კავშირი ქონდათ მასთან. კერძოდ: სავარაუდოდ, ყველა გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსების ნაწილი, მინისტრები და მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსების ნაწილი, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პატრულის თანამშრომლების ნაწილი, სკოლების და ბაღების დირექტორები, მასწავლებლების ნაწილი, ბიზნესების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსდებოდნენ და ა.შ.

ამ პირობებში უმჯობესია, რომ ხელისუფლებამ აქცენტი სისტემური პრობლემების ანალიზზე გააკეთოს. ამ ეტაპების გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმ პირების დაკავებას, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი, პოლიტიკური შურისძიების ინტერპრეტაცია ეძლევა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სისტემური ანალიზის გარეშე, ახალ ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს შერჩევითი მართლმსაჯულება. საზოგადოების ინტერესი კი, სწორედ არასამართლიანი სისტემის არსებობის პრევენციაა და არა მხოლოდ ამ სისტემაზე მომუშავე ცალკეული პიროვნების დასჯა.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებს, თვითმმართველობებზე ზეწოლასა და უმცირესობების უფლებების დაუცველობას, უნდა ითქვას, რომ უმთავრესი პრობლემა საქართველოს მოსახლეობის მზაობის ნაკლებობაა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ ცალკეული კანონდარღვევის გამოვლენის მოთხოვნაზე, არამედ გაანალიზოს, თუ რას წარმოადგენდა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ძირითად პრობლემას და როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების პრევენცია.

საქართველოს უახლესი ისტორიის არცერთ ეტაპს და მნიშვნელოვან მოვლენას ანალიზი, საზოგადოებრივი შეფასება და კონსენსუსი არ მოყოლია: საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება და სამოქალაქო შეუწყნარებლობა; სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო დაპირისპირება, მათ შორის სამეგრელოში განვითარებული მოვლენები; ომები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი; „ვარდების რევოლუცია“.

სწორედ კონსენსუსის და ანალიზის არ არსებობის გამო, ყველა მოვლენა სრულდებოდა ერთი ჯგუფის მეორეზე დროებით „გაბატონებით“ და პირველის მარგინალიზაციით. შესაბამისად, არ დარჩა 4 მილიონიან საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც მენტალურად მაინც არ ყოფილიყო „ბატონიც“ და „მარგინალიზებულიც“. და არსებობს საფრთხე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი ასევე ერთ-ერთ მორიგ „მოუნელებელ“ ფურცლად იქცეს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, ეს წრე არ სრულდება.

იმისთვის, რომ საქართველომ, საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად, შეძლოს კანონის უზენაესობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ეფექტიანი რეფორმების განხორციელება;

• იმისათვის, რომ საქართველომ, საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად, უპასუხოს საგარეო გამოწვევებს და განაგრძოს სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ;

• იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, განვითარებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ ჩამოვშორდეთ საბჭოთა მენტალიტეტს;

• იმისათვის, რომ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე ჩვენივე თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი, აქვს სახელმწიფოებრიობის იდეა, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება;

• იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს მომავალზე ორინეტირებული და არცერთ ხელისუფლებას არ მიცეს წარსული შეცდომების გამეორების უფლება;

გვსურს მოგიწოდოთ:                                                                          

1. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი საზოგადოებასთან, თუ რა გზებითაა შესაძლებელი ქვეყნის მომავალი განვითარება. ამ მიზნით, მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე რეფორმების კონცებციების შემუშავებაში. ასევე, მოსახლეობის ინფორმირება არსებული ხედვების შესახებ;

2. შეიქმნას კომისია/სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს „სამართლიანობის აღდგენის“ პლათფორმას. კომისიამ/სამუშაო ჯგუფმა განსაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მოხდება „სამართლიანობის აღდგენა“ და რომელთა გამოყენება გამორიცხავს დაკავებულთა მიმართ პოლიტიკური დევნის ეჭვის წარმოშობას;

3. შეწყდეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ხელის შეშლა და შეიქმნას მედიაციის ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლის ცალკეულ შემთხვევებს და უზრუნველყოფს ინტერესთა ჯგუფების ჩართვით პრობლემების მოგვარებას;

4. შეიქმნას ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება პროფესიონალურ და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილებაზე;

5. უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა მათი ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ტიპის განსხვავებულების მიუხედავად.

ჩვენ გვესმის, რომ იმ კითხვების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებიდან, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან ისმის, არ გაჩენილა არც არჩევნების და არც ვარდების რევოლუციის შედგომ და მას უფრო ღრმა ისტორია გააჩნია.

შესაბამისად, ჩვენი მოწოდებაა, როგორც ხელისფლების, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საერთო ძალისხმევით მოვახეხოთ პოლიტიკური სტაბილურობის, საქართველოს განვითარებისა და დასავლური გეზის უზრუნველყოფა.

ამისათვის, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წრამომადგენლები, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. აქტიურად ჩავერთოთ დისკუსიაში, შემოგთავაზოთ ჩვენი გამოცდილება და ექსპერტიზა, ვიმუშაოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსტრუქციულ რეჟიმში, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდეს.

 

 

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრები:

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“
2. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
3. სასწავლო საინფორმაციო ცენტრი „ქართლი 21“ (ხაშური)
4. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
5. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი (ხარაგაული)
6. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხაშურის რაიონული კომიტეტი (ხაშური)
7. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
8. ასოციაცია ბილიკი (გორი)
9. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი (მცხეთა)
10. მეგობრობის ხიდი ქართლოსი (გორი)
11. ა/ო სტეფანწმიდა (სტეფანწმინდა)
12. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
13. უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)
14. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
15. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
16. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი (ბოლნისი)
17. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)
18. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
19. გორის ინვალიდთა კლუბი (გორი)
20. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
21. მედია და საზოგადოება (ფოთი)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია