დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს – ს განცხადებით, ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემას ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა
2012/12/17 01:26:16

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა  ბანკქართუსგაკოტრების მიზნით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით.  

შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებით და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში შეთანხმებულად და ორგანიზებულად ჩართული იყო ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. დანაშაულებრივი სქემა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება „ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკი „ქართუს“ გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის იყო ბიძინა ივანიშვილი. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ „ქართუში“, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი „ქართუს“ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. შესაბამისად დაზარალებული რჩებოდა ბანკი „ქართუ“, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათას 363 აშშ დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტები“, - განაცხადა გიორგობიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ფაქტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ ეპიზოდში ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

„2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ აგლაძეს. აღნიშნულმა პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ „ქართუში“. ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის ძმის იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს „პირიმზე“ და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები შპს „ლოგოსი“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“. ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება, რის შემდეგაც მათი ქონება გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში. ჩატარდა ფიქტიური აუქციონი, სადაც არცერთი ქონება არ გაიყიდა და მათი გაყიდვა, პირდაპირი მიყიდვის წესით დაევალა ეკონომიკის სამინისტროს. ამის შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელსაც მას გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ, ოთარ აგლაძემ, დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის შესახებ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო დატოვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია