დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლოპოტის სპეცოპერაცია დასრულდა
2012/08/31 01:53:00

ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია და მათი ნაწილი ჩრდილო-კავკასიელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ დივერსანტთა ჯუფი 20 კაცისაგან შედგება და შეიარაღებული ჯგუფის დაჭრილი წევრების ძებნა ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ლოპოტის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად, თუმა გარდაცვლილთა არც რელიგიური მრწამსი და არც  ეთნიკური კუთვნილება არ არის დაკონკრეტებული.

რუსული საიტის lenta.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 29 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის ფაქტები არ ფიქსირდება, თუმცა ასევე  რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც დაღესტნის ძალოვან უწყებაში მყოფ წყაროს ეყრდნობა, ამბობს რომ საქართველოში  სპეცოპერაცია ტარდება იმ დანაშაულებრივი ბანდ-დაჯგუფების მიმართ, რომელიც იძებნება დაღესტნის ძალოვანი სტრუქტურის მიერ. როგორც „რია ნოვოსტის“ წყარო აცხადებს, ჯგუფის წევრები სწორედ რომ რუსეთიდან გადმოვიდნენ მეზობელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ასევე, საუბარი იყო ვერსიაზე, რომ სპეცოპერაცია მოჯაჰედების წინააღმდეგ ჩატარდა. 29 აგვისტოს განცხადება გაავრცელა ე.წ. „დაღესტანის ვილაიეთის“ ხელმძღვანელობამ, რომელიც ადასტურებს, რომ  ბრძოლა მიმდინარეობს „იმარატ კავკაზის“ შეიარაღებული ძალების მოჯაჰედებთან.

„ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი მოძმე მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის ჩატარებას არ აპირებდნენ, ეს არ იყო მათ გეგმაში, თორემ ადვილად მოახერხებდნენ. ასევე, მოჯაჰედებს არ აუყვანიათ მძევლები და ეს ქართული მხარის ცილისწამება და ტყუილია“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასასრულს მიუახლოვდა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას ხელისუფლებამ ჯერ-ჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, თვითონ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბადებს კიდევ უამრავ კითხვას.

„ხელისუფლებამ შეძლებისდაგვარად საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა გახადოს მათი გვარები, წარმომავლობა. ცნობილი გახდეს, ვინ იყვნენ, საიდან იყვნენ შემოსული და რა ძალა იყო...  თვითონ ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს ეს - მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას,  თუნდაც იმისათვის რომ ბევრი ვერსია, მათ შორის ზიგიერთი წარმოუდგენელი ვერსია არ გავრცელდეს. ხალხმა რომ იცოდეს, უბრალოდ, რა მოხდა“ - ამბობს ირაკლი ალადაშვილი. ექსპერტის აზრით, თუკი ინფორმაციის ნაკლებობა იქნება, კიდევ იმდენი ჭორი და ვერსია გავრელდება, ეს თვითონ ხელისუფლების ინტერესებშიც არ შედის.

„შეტაკება იქნებოდა... მგონია, რომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ასეთ საკითხებში ბოლომდე დადასტურებით ლაპარაკი რთულია, რადგან ცოტაა ინფორმაცია. როდესაც ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღების საშუალება იქნება, ანალიზის მეტი საშუალება იარსებებს. ასე, მარჩიელობა გამოვა. უკვე გავიდა ის ძირითადი ვადა (და თვითონ შს სამინისტროც აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია), როდესაც სახელისუფლებო სტრუქტურებმა უკვე ნათელი უნდა გახადონ, რა ხდებოდა, როგორ დაიწყო ეს, ვინ არიან დაღუპულები, რაც არ უნდა მძიმე სანახავი იყოს, აჩვენონ მათი სურათები, რა შეიარაღება ჰქონდათ, სად მიდიოდნენ და ა.შ.“, - ამბობს „არსენალის“ მთავარი რედაქტორი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია