დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის განცხადება
2012/08/29 22:09:24

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა , გაავრცელა განცხადება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველო–დაღესტნის საზღვართან განვითარდა.

 

„საქართველო - რუსეთის საზღვრის დაღესტან–ჩეჩნეთის მიმართულებაზე გამოჩნდა კარგად შეიარაღებული და როგორც გაირკვა, ძალიან კარგად გაწვრთნილი ჯგუფი. ამ ჯგუფმა განახორციელა საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეების მძევლად აყვანა. ამის პარალელურად, მივიღეთ ზომები, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ამ შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენლებთან, შევთავაზეთ მათ დანებება, რაზეც მივიღეთ რამდენჯერმე უარი. ბოლო მძევლის აყვანის ოპერაციას მოჰყვა სროლები, რაც ერთ–ერთი მათი შეიარაღებული ფორმირების წევრის განადგურებით დამთავრდა და შემდეგ გაგრძელდა შეტაკებები გუშინდელი ღამის განმავლობაში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს შეეწირა 3 ჩვენი მებრძოლი. იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ უპილოტო თვითმფრინავების მიერ წარმოებული დაზვერვის და სხვა მონაცემების შედეგად, ადგილზე შეიარაღებული რაზმის წევრთა აბსოლუტური უმეტესობა განადგურებულია.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მე მინდა განვაცხადო შემდეგი რამ, 90–იან წლებში ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში იყო დიდი არეულობა სწორედ ამ რეგიონებში და ჩვენმა მეზობელმა მოახდინა თავისი არეულობის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე და გადმოიტანა თავისი პრობლემები აქეთ, შემოიყვანა თავისი შეიარაღებული რაზმები აქეთ და ამას მოჰყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალში, აფხაზეთში, პანკისის ხეობაში. ამას მოჰყვა დიდი არეულობა საქართველოში, ამას მოჰყვა უამრავი ადამიანის მსხვერპლი, ადამიანებების გატაცებები და კიდევ ბევრი უარყოფითი მოვლენა, რომელიც თან ახლდა 90–იან წლებში ჩრდილოეთიდან გადმოსული ტალღის ზეგავლენას საქართველოზე. ამ მთებს იქით არის დიდი არეულობა, ამ მთების აქეთ, თუნდაც აქ, ჩვენთან, კახეთში ჩვენ გვაქვს დიდი აღმშენებლობა და დიდი განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დღეს სულ სხვა სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო 90–იან წლებში. ჩვენ, ქართული სახელმწიფო არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა რაიმე ფორმით გადმოედოს და საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან ფუნქციონირებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ამიტომ, მე მინდა მივმართო ასევე ჩვენს მეზობლებს ქედის მეორე მხრიდან ჩვენს ჩრდილოკავკასიელ ძმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მწყობრი ხედვა კავკასიის, როგორც ერთიანი მშვიდობის კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის მქონე ტერიტორიის, ერთი პოლიტიკური და ისტორიული ხვედრის მქონე ხალხის, ამიტომ ჩვენ გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის, ყველანაირი ურთიერთობისთვის მათთან. ჩვენს მეზობლებთან ჩვენ გვაქვს უვიზო მომოსვლის რეჟიმი რუსეთთან და ჩვენ მივესალმებით რუსეთიდან ვიზიტორებს, ტურისტებს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ რაიმე სხვა ფორმით შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებას, შეიარაღებული პირების თარეშს, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ მე მინდა მივმართო თითოეულ მათგანს, ნუ გამოაყენებინებენ თავს ბრმა იარაღად პროვოკაციისთვის ნურავის, ის არასტაბილურობა და არეულობა, რომელიც არის ამ ქედის იქით, დარჩება ამ ქედის იქით და ვერ გადმოვა აქეთ.

ჩვენ გვყვავს კარგად გაწვრთნილი სამართალდამცავი სტრუქტურები, ჩვენ გვყვავს არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მშვიდობიანი განვითარების მონაპოვრები, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ ამ ბოლო დღეების მოვლენებს, მაგრამ ისინი შეეწირნენ იმას, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და საქართველო ვერავინ ვეღარასდროს ვეღარ არიოს. ჩვენ ყველანი, მე, ჩემი მთავრობის წევრები, ის ბიჭები, ვინც იცავენ საქართველოს, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ჯარისკაცები და ჩვენ შევძლებთ საქართველოში შემდგომი მშვიდობის დაცვასაც და საქართველოს განვითარების შეუფერხებელ გაგრძელებასაც.

მინდა ამ მხრივ ყველა დავამშვიდო, ადგილობრივ ხალხს და საერთოდ ჩვენს საზოგადოებას არაფერი არ ემუქრება, რაც შეეხება ამ ხალხს, ვინც პასუხი უნდა აგოს და ვინც ჩაიდინა ჩვენი სპეცრაზმელების მკვლელობა, ისინი, მათი მოქმედებები, ყველა მეთოდის გამოყენებით საქართველოში ბოლომდე იქნება აღკვეთილი და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ არასდროს ასეთი რამე საქართველოში მომავალში ვინმემ არ სცადოს. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი საქართველოში შემდგომ რამე მსგავსის განმეორების ნებისმიერ მსურველთათვის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია