დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანული თოჯინები
2012/07/27 16:58:29

ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ბაბუა გერმანელებმა მოკლეს.

არადა,  ყოველთვის მიყვარდა გერმანული თოჯინები. იმ ასაკშიც კი, როდესაც თოჯინებით ვერთობოდი, ადვილად ვანსხვავებდი, რომ გერმანული დედოფალა გაცილებით სრულყოფილი და დახვეწილი იყო, ვიდრე მისივე მსგავსი - დამზადებული საბჭოთა კავშირში. მიყვარდა და ვინახავდი. რამდენიმე დიდხანს შემომრჩა, მერე ჩემი შვილების თამაშის წესებს ვეღარ გაუძლეს - ერთს ფეხი მოსტყდა, მეორესაც თვალი დაუზიანდა. მენანებოდა, ბოლოს მაინც გადავყარე. ის თოჯინები ჩვენი საბჭოთა წარსულივითაა...

საბჭოთა წარსული, რომელიც თანამედროვეობამ ისე შეცვალა, აღარც კი გვინდა, რომ გვქონდეს. დამოუკიდებლობის მოპოვება, საქართველოს დასავლური ორიენტაცია, სტერეოტიპების მსხვრევა, ერთი შეხედვით, ბანალური ფრაზებია, რომლებიც ბოლო ოცი წელია, გვესმის. თუმცა, თითოეულმა ამ პროცესმა, ტაბუდადებული და დაკარგული რომ გვეგონა, ის ისტორია გააღვიძა.

„სტალინიზმის პერიოდი გაცილებით ადრე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, ვიდრე ლენინის ეპოქა. ამას ხელი შეუწყო ნიკიტა ხრუშოვის მიერ მეოცე ყრილობაზე წაკითხულმა მოხსენებამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტალინის პერიოდში ჩადენილი დანაშაულობების ნაწილი, თუმცა, სიმართლე ნაწილობრივი იყო და ეპოქის შესწავლა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოსთვის ეს პერიოდი ძალიან მძიმეა. ამ ისტორიის შესწავლით საზოგადოებაში ბოლო მოეღება მითებსა და ლეგენდებს კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებაში. შეიცვლება საქართველოსადმი დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობაც, რადგან, როდესაც ქვეყანას და საზოგადოებას საკუთარი ისტორია კარგად აქვს შესწავლილი და გააზრებული, იგი უფრო გახსნილია მსოფლიოსთან საურთიერთოდ,“ - ამბობს დავით ჯიშკარიანი, სტალინის ეპოქის მკვლევარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან.

მსოფლიოსთან გახსნილი ურთიერთობისთვის საქართველომ უკვე დაიწყო ისტორიის გაღვიძება. ასეთ ისტორიებს ყველაზე მეტად, ადამიანების შემდეგ, შენობები ინახავენ. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობაშიც ეწერებიან, ან დროთა განმავლობაში ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევიან. ასეთი შენობა ჩემს ქალაქში სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაა. მას საბჭოთა კავშირთან არამარტო კონკრეტული თარიღი, არამედ სტალინური პერიოდის ერთ-ერთი სასტიკი ეპიზოდი აკავშირებს - მას გერმანელი ტყვეები აშენებდნენ. ადამიანური რესურსების სტალინურ ექსპლუატაციას ის დადებითი შედეგი ჰქონდა, რომ ბევრგან საქართველოში, და მათ შორის ქუთაისშიც, გაჩნდა დახვეწილი ტექნიკით ნაგები არქიტექტურა: ქუთაისის ადმინისტრაციული შენობა, ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ჯავახიშვილის ქუჩაზე და ბევრი სხვა, თითქმის ნახევარი ქალაქი... „გერმანელები საოცრად შრომისმოყვარე ადამიანები იყვნენ, ამავე დროს - კარგი ხელოსნები. მათ შემოიტანეს საწარმოო კულტურა საქართველოში,“ - ამბობს მირიან სტეფანია, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ეთნოლოგიური განყოფილების კურატორი.

ბატონი მირიანი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელი ტყვეების ისტორიების შესწავლა, მუზეუმის ოთხკაციან ჯგუფთან ერთად,  ჯერ კიდევ  90-იან წლებში დაიწყო. კვლევის პროცესში მთავარი პრობლემა, მირიან სტეფანიას თქმით, საარქივო მასალებზე ხელმიუწვდომლობა იყო. „ტყვეების შესახებ დოკუმენტაცია დაცული არის რუსეთის სამხედრო НКВД არქივებში.  გერმანელი ტყვეების  საქმეების დიდი ნაწილი რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ცოტა ხნით ადრე გაიტანა. ამიტომ ძნელი სათქმელია კონკრეტული ციფრი, თუ რამდენი ადამიანი მსახურობდა საქართველოში,“ - ამბობს მირიან სტეფანია. ამას, ალბათ, ვერც საფლავებით მივხვდებით. მარტო ჩვენს რეგიონში ორი ასეთი სასაფლაოა - ერთი ტყიბულში და მეორეც საირმის გზაზე, მაგრამ ეს უკვე დროისგან შეჭმული, ბალახადქცეული და ნახევრად წაშლილი იტორიაა.

თუმცა, ისტორია არ შეიქმნებოდა, ასე მარტივად რომ შეიძლებოდეს ყველაფრის წაშლა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქარხნების უდიდესი ნაწილი, რომლის ინდუსტრიითაც ასე ამაყობდა საბჭოთა კავშირი, სხვა არაფერი იყო, თუ არა დაპყრობილი გერმანიის საბჭოური ნადავლი. იყო ასეთი ქარხანა ქუთაისში და მას ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ერქვა. ქარხანა, რომელმაც ქუთაისს ინდუსტრიის მშენებელი ქალაქის სტატუსი შესძინა. მის აშენებაში არამარტო გერმანელი ტყვეები იღებდნენ მონაწილეობას, არამედ მთლიანი აღჭურვილობაც გერმანიიდან ჩამოტანილი მონაპოვარი იყო. ისტორია, როგორადაც არ უნდა წაეშალათ, რჩებოდა რკინის დანადგარზე ამოტვიფრული წარწერები - გერმანული წარწერები.    

მუზეუმის პროექტმა, გარდა დოკუმენტური მასალებისა, ადამიანური ისტორიების მცირე ნაწილიც შემოინახა, მაგალითად, ტყიბულის ტყვეთა ბანაკის დარაჯის მოგონება, რომელიც გაოცებული იყო გერმანელი პატიმრების სინდისიერებით. დარაჯი იხსენებს, რომ გერმანელები იმდენად ორგანიზებული ხალხი იყო, რომ არასოდეს ჩხუბობდნენ  ერთმანეთში. გარდა ამისა, მათ ძალიან უჭირდათ, რადგან მიზერული იყო ის დღიური საკვები, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ტყვეებისთვის იმეტებდა. მიუხედავად გაჭირვებისა, ისინი არასოდეს ქურდობდნენ.

ისტორიკოსების ვარაუდით, საქართველოში ის ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსული სახელმწიფოსათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ იაპონელები, რუმინელები, უნგრელები, პოლონელები, თუმცა, ჭარბობდნენ გერმანელები. გერმანელებიდან, ძირითადად, სტალინგრადის ბრძოლისას დაცემული პაულიუსის მე-6 არმიის მებრძოლები იყვნენ. იყო საბჭოთა არმიის მიერ დატყვევებული მშვიდობიანი მოსახელეობაც. პირველად მათი სამშობლოში დაბრუნება, მაშინდელი გერმანიის კანცლერის ადენაუერისა და ხრუშჩოვის შეთანხმების საფუძველზე, 1956 წელს განხორციელდა. რეპატრიაცია არ შეხებია საბჭოთა ხელისუფლების მიერ დამნაშავეებად აღიარებულ პატიმრებს.

ფაქტია, იმ პერიოდის საბჭოთა იდეოლოგია გერმანელისგან ქმნიდა მტრის ხატს. „ეს ისტორიულად ცნობილი ამბავია, რომ „საჯარიმო ბატალიონები“გერმანელების სამხედრო ფორმაში გადაცმულები ასრულებდნენ სადამსჯელო მისიებს. ასე იმიტომ აკეთებდნენ, ხალხში გერმანელებისადმი ზიზღი რომ დაენერგათ . გერმანელი ტყვეების ამბავი ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელმაც უკუგება გამოიწვია . როდესაც მტრულად განწყობილმა ადამიანმა დაინახა დახეულ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც სახლს აშენებდა, ამან სიბრალული და პატივისცემა უფრო გააღვივა. რეალურად, გერმანელმა ტყვეებმა საბჭოური სტერეოტიპები დაანგრიეს - მიიჩნევს დავით გეგეჭკორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, ისტორიის სრული პროფესორი.

„საოცრად უყვარდათ ბავშვები,“ - იხსენებს დამირ კუხიანიძე, რომლის ბაბუა საბჭოთა არმიის კაპიტანი იყო და ზედამხედველად მუშაობდა ტყვარჩელის ტყვეთა ბანაკში. დამირი ხშირად დადიოდა ბაბუასთან და შესაბამისად, ხშირად ურთიერთობდა გერმანელ ტყვეებთან. როგორც ის ამბობს: „ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ჩამკიდებდა ტყვე ხელს და მასეირნებდა. ბავშვებთან სეირნობა მათი ყველაზე საყვარელი რიტუალი იყო, ალბათ, ამით ოჯახის ნოსტალგიასაც იკლავდნენ. მე მათგან გერმანული ვისწავლე. ხშირად მიყვებოდნენ გერმანულ ლექსებს. მათგან პირველად მოვისმინე ბურატინოს ზღაპარი.“

ბატონი დამირი გერმანელ ტყვეებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ისტორიას ყვება, თუმცა, ეს ისტორია მხოლოდ გერმანელებს არ ეხებათ: „მახსოვს, 1947 წელი იყო. ქუთაისში, საფიჩხიაზე მატარებლის ლიანდაგთან შეფენილი იყო ხალხი, მე ბებიას ვახლდი და ჩვენც შევჩერდით ლიანდაგთან. ორი ეშელონი მოდიოდა. პირველზე გერმანელი ტყვეები ისხდნენ. მეორე ეშელონი ქართველი ტყვეებით იყო სავსე. ლაინადაგებზე მდგარი ხალხი, მათი ოჯახის წევრები იყვნენ, ისინი ცდილობდნენ ეშელონზე მჯდარ პატიმრებში თავისიანები დაენახეთ. კარგად მახსოვს, მხოლოდ ერთი ხიშტიანი კაცი მოყვებოდა დაცვად, ერთი აიქნია ხელი და ყველა პატიმარმა თავი დახარა. მათი საახეების დანახვა ვერ მოახერხეს ახლობლებმა. ყველა ატირდა, ავტირდი მეც, თუმცა, მაშინ არ ვიცოდი, რატომ ვტიროდი. ახლა ხშირად ვფიქრობ, რა სისასტიკე უნდა ყოფილოყო, იმდენ ხალხს ერთი ხიშტიანი კაცის რომ შეეშინდა.“

გამიხარდა, წყალტუბოში მოხუცებული 72 წლის გერმანელი ჰენრიხ რეზენბაუერი ვნახე. მისი ოჯახი, ალბათ, უფრო იმიტომ გადაურჩა გადასახლებას, რომ ჰენრიხის მამა კომუნისტი იყო და ოდესის პოლიტიკური სკოლა ჰქონდა დამთავრებული, საიდანაც სამუშაოდ წყალტუბოში გაანაწილეს. აქვე გაიცნო მეუღლე და საცხოვრებლადაც საქართველოში დარჩნენ. „პატარები რომ ვიყავით, ყველა „ნემცებს“ გვეძახდა და მრცხვენოდა, ახლა აღარ მრცხვენია თქმა, რომ გერმანელი ვარ,“- გვითხრა ჰენრიხმა. მორცხვობს, რომ აღიაროს, რომ გერმანული იცის, არადა, მისი თაობის ადამიანები იხსენებენ, როგორ კარგად საუბრობდა ჰენრიხი გერმანულად. თუმცა, წამოსვლისას მაინც გამოგვაყოლა გერმანული „chus“.

„ეს იყო საბჭოთა იდეოლოგიის ნაწილი - ჰყოლოდა „მტრის ხატი.“  მოქალაქეების კითხვაზე, რატომ ვერ ვითარდება ქვეყანა, ხელისუფლებას ხომ უნდა ჰქონოდა პასუხი, და ეს პასუხი იყო, გერმანული აგრესია,“  -  ამბობს დავით გეგჭკორი.

უცნაურია, მიუხედავად იდეოლოგიური პოლიტიკისა, განსაკუთრებით საქართველოში, საოცრად პოპულარული იყო გერმანული ენა. ის თითქმის სავალდებული უცხო ენად იყო აღიარებული. ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს: „გერმანული ენისა და კულტურის კარგმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, დიდი რაოდენობით ქართველები გავიდნენ გერმანიაში სასწავლებლად და ემიგრანტად. გერმანია ჩვენთვის უფრო ახლობელი იყო, ვიდრე რუსეთი.“  

მანანა ძნელაძე, წერეთლის უნივერსიტეტის გერმანისტი, რომელიც 30 წელზე მეტია, გერმანულ ენას ასწავლის, ამბობს : „ომში ჯარისკაცი თავის მოვალეობას ასრულებს, სანამ ჰიტლერი მოვიდოდა, გერმანული გოეთესა და შილერის ენა იყო, ამით იყო განპირობებული ამ ენისადმი განსაკუთრებული ინტერესიც.“

დღეს უკვე ღიად და ბევრს საუბრობენ საბჭოთა კავშირისა და გერმანული ნაციზმის მსგავსებაზე. „ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო გარკვეული ნიშნებით ჰგავს ერთმანეთს, მათ შორის, საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანიაც. მასობრივი კონტროლი მედიაზე და ცენზურა; ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც რეჟიმს ახალ ადამიანებს უზრდიან; განსაკუთრებით გაძლიერებული სახელმწიფო უშიშროება, რომელიც ყველგან შეთქმულებსა და მოღალატეებს პოულობს; ძლევამოსილი ლიდერი, რომელიც ყოველთვის მართალია. საზოგადოებაში დანერგილი ტოტალური შიში, რომ მათ უთვალთვალებენ. საზოგადოების დაყოფა „ჩვენიანებად“  და სხვა დანარჩენად, რომელიც არცკი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა არსებობდეს  „მტრის კულტი“, რეჟიმი ყოველთვის ამართლებს მის ქმედებას უსაფრთხოების მიზნით. ესაა ის მცირედი და  ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ამ ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ერთმანეთს ამსგავსებდა.“ - ამბობს დავით ჯიშკარიანი.

ასეთია ჩვენი მძიმე, მაგრამ უტყუარი მემკვიდრეობა. ეს უკვე წარსულია, მაგრამ გვაქვს აწმყო და გვინდა გვქონდეს სრულფასოვანი მომავალი: „ჩვენ, როგორც პატარა სახელმწიფო, არჩევანის წინაშე ვდგავართ - რუსეთი ან დასავლეთი. მე პირადად, როგორც ისტორიკოსი, ვირჩევ დასავლეთს, რადგან დასავლურმა ორიენტაციამ მოიტანა ის, რომ მოდის თაობა, რომელიც არ არის შეზღუდული აზროვნებაში. ევროპასთან ინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, არის უსაფრთხოების გარანტია და მაგალითი იმისა, რომ, თურმე, რა კარგია თავისუფლება,“ - ამბობს დავით გეგეჭკორი.

ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. დედა ორი წლის იყო. მოგვიანებით, როცა ის უკვე სკოლაში შევიდა, მათ ქუჩაზე გამოჩნდნენ გერმანელი ტყვეები, რომლებსაც სააგურე ქარხანაში ამუშავებდნენ. ერთ დღესაც, როცა დედა სკოლიდან ბრუნდებოდა, ნახა, როგორ ესვენა ერთ-ერთი ტყვე სატვირთო მანქანაზე. ის რაღაც უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დედა თურმე ატირდა, მისმა მეგობარმა გოგონამ კი უთხრა, რა გატირებს, ეგენი არ იყვნენ, მამა რომ მოგიკლესო. „იმ გერმანელში მამაჩემი დავინახე - ყვება დედა - მამაც ასე სხვა ქვეყანაში, უმისამართოდ დაიღუპა. ორივენი ომის უნებური მსხვერპლები იყვნენ.“

უმამოდ გატარებული ბავშვობა დედასთვის, მის ასაკშიც კი, ყველაზე ტკივილიანი მოგონებაა. მას მამის სახე არ ახსოვს, ვერც იმ გერმანელი ტყვეების ვიზუალს იხსენებს, მაინცდამაინც, ზედმიწევნით.  მაგრამ კარგად ახსოვს თოჯინები... ხისგან გამოთლილი მექანიკური კაცუნები, გერმანელი ტყვეები ასე რომ ართობდნენ საბჭოელ ბავშვებს...

მაშ, ასე, ჩვენ ვიწყებთ ისტორიების გაცოცხლებას გახსნილი ურთიერთობებისათვის დანარჩენ მსოფლიოსთან, და ამ ისტორიებში ყოველთვის დარჩება მოგონებები თოჯინებზე, როგორც უტყუარი სიმბოლო ომისა და მშვიდობის...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია