დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა „P.S.“ „ინტრიგან გაზეთად“ შერაცხეს...
2012/07/02 12:33:40

რომელი კანონი დაარღვიეს „ხალხის რჩეულებმა“?

 

ქუთაისის საკრებულოს რიგით 23-ე სხდომაზე, „ხალხის რჩეულებისათვის“ გარკვეულ მედიასაშუალებათა წარმომადგენლები მიუღებელი აღმოვჩნდით. 

სხდომაზე განიხილებოდა საკრებულოს წევრების, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარისათვის საწვავის ლიმიტის გაზრდის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების, მათ შორის - ქალაქის მარტივი ტიპის სპორტული მოედნების რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხები.

სხდომის დაწყებამდე, დარბაზში არ შეუშვეს „მე-9 არხის“ გადამღები ჯგუფი. ამ ინფორმაციის მისაწოდებლად სხდომის დარბაზიდან დროებით გამოვედი და მასალა მობილური ტელეფონით გადავეცი ჩვენი გაზეთის ვებ-გვერდს. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ გარეთ გამოსული, დარბაზში აღარ შემიშვეს.

დაცვის წევრების განცხადებით, საკრებულოს წევრებმა ჩემი იქ არყოფნის განმავლობაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს სხდომაზე აიკრძალა კონკრეტულად ჩემი დაშვება.

 

ჩემსა და დაცვის წევრებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა (ვიდეოზეც არის ასახული):

- მითხარით, რა მიზეზით არ მიშვებთ, ვინ დაგავალათ?

დაცვა: ვინ დამავალა და შიგნით დამავალეს, რომ არ შეგიშვა.

- დამისახელეთ კონკრეტული პიროვნება.

დაცვა: მის მეტი რა არის, როგორ გითხრა?

- რა საბაბით გითხრეს, რატომ არ უნდა შემიშვათ?

დაცვა: ინტრიგანი გაზეთის ინტრიგანი ჟურნალისტი რომ ხარ, იმიტომ.

- საკრებულოს სხდომა ხომ საჯაროა? მაჩვენეთ საბუთი, რომლის მიხედვითაც არ მიშვებთ!

დაცვა: ვიცი, რომ საჯაროა, მაგრამ დამავალეს, რომ არ შეგიშვა და შენ თუ ასრულებ შენს მოვალეობას, მეც ვასრულებ ჩემს მოვალეობას.

დაცვასთან საუბრისას ფოიეში საკრებულოს წევრი გია გოქაძე გამოვიდა.

- ბატონო გია, რა მიზეზით არ უშვებენ გაზეთ „P.S.“-ს საკრებულოს სხდომაზე?

გია გოქაძე: არაფერი ვიცი, ჰკითხე საკრებულოს თავმჯდომარეს.

- შიგნით არ მიშვებენ და როგორ ვკითხო?

გია გოქაძე: მაშინ დაელოდე და მერე შეგიშვებენ.

სხდომის დასრულების შემდეგ მერიის დერეფანში საკრებულოს აპარატის უფროსმა ვანო ჟორჟოლიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„არ ვიცი არაფერი, შენი ამბავი მე არ გამიგია, თორემ აუცილებლად მივცემდი ბრძანებას და შემოგიშვებდნენ. გპირდები, მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება.“

აღნიშნულ ფაქტს კანონდარღვევად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე, მისი განცხადებით, თუ დადასტურდა მსგავსი ქმედება, რაც ინფორმაციის მიღების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,  საკრებულოს სხდომა საჯარო და ღიაა ყველა მოქალაქისათვის და, რასაკვირველია, ჟურნალისტისთვისაც. ჟურნალიტს უფლება აქვს, დაესწროს საკრებულოს სხდომას, მიიღოს ინფორმაცია და გაავრცელოს. ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ზედმეტი ბარიერები საკრებულოს სხდომებზე დასაწრებად, რაც უხეში კანონდარღვევაა. გარკვეული უნდა იქნეს, თუ კონკრეტულად რომელმა თანამდებობის პირმა მოახდინა ინფორმაციის მიღების თავისუფლების შეზღუდვა და უნდა მოხდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა.“

ეს საპარლამენტო ქალაქსა და მეორე დედაქალაქში,  საკრებულოს სხდომაზე, ჟურნალისტების არდაშვების რიგით პირველი შემთხვევაა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია