საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ვალოდიას დუქანში“ ჟურნალისტებს ახარისხებენ
2012/06/27 15:48:21

დღეს, საკრებულოს რიგით 23-ე სხდომაზე,  საკრებულოს დეპუტატებისათვის გაზეთ „P.S.“-ის(„პოსტსკრიპტუმის“) ჟურნალისტი მიუღებელი აღმოჩნდა.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დარბაზში არ შეუშვეს „მე-9 არხის“ გადამღები ჯგუფი. ამ ინფორმაციის გადასაცემად საკრებულოს სხდომის დარბაზიდან დროებით გამოვედი და მასალა ოპერატიულად გადავეცი ჩვენი გაზეთის ვებ-გვერდს. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ინფორმაციის გადასაცემად გარეთ გამოსული დარბაზში აღარ შემიშვეს.

დაცვის წევრების განცხადებით, საკრებულოს წევრებმა, ჩემი იქ არყოფნის განმავლობაში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულად ჩემი დაშვება საკრებულოს სხდომაზე აიკრძალა.

 

- მითხარით, რა მიზეზით არ მიშვებთ, ვინ დაგავალათ? 

დაცვა: ვინ დამავალა და შიგნით დამავალეს, რომ არ შეგიშვა.

- დამისახელეთ, ვინ დაგავალათ, კონკრეტული პიროვნება. 

დაცვა: მის მეტი რა არის, როგორ გითხრა?

- რა საბაბი გითხრეს, რატომ არ უნდა შემიშვათ? 

დაცვა: ინტრიგანი გაზეთის ინტრიგანი ჟურნალისტი რომ ხარ, იმიტომ.

- საკრებულოს სხდომა ხომ არის საჯარო? მაჩვენეთ საბუთი, რომლის მიხედვითაც არ მიშვებთ! 

დაცვა: ვიცი, რომ საჯაროა, მაგრამ დამავალეს, რომ არ შეგიშვა და შენ თუ ასრულებ შენს მოვალეობას, მეც ვასრულებ ჩემს მოვალეობას.

 

დაცვასთან საუბრისას ფოიეში საკრებულოს წევრი გია გოქაძე გამოვიდა.

- ბატონო გია, რა მიზეზით არ უშვებენ გაზეთ „P.S.“-ს საკრებულოს სხდომაზე?

გია გოქაძე: არაფერი ვიცი, ჰკითხე საკრებულოს თავმჯდომარეს.

- შიგნით არ მიშვებენ და როგორ ვკითხო?

გია გოქაძე: მაშინ დაელოდე და მერე შეგიშვებენ.

 

სხდომის დასრულების  შემდეგ კი მერიის დერეფანში საკრებულოს აპარატის უფროსმა ასეთი კომენტარი გააკეთა.

„არ ვიცი არაფერი, შენი ამბავი მე არ გამიგია, თორემ აუცილებლად მივცემდი ბრძანებას და შემოგიშვებდნენ. შეიძლება ტელეჟურნალიტი ეგონეთ და იმისათვის დაგბლოკეს. გპირდები, მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება,“ - გვითხრა საკრებულოს აპარატის უფროსმა ვანო ჟორჟოლიანმა.

 

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა, ამ ბოლო დროს, ნამდვილად ემსგავსება „ვალოდიას დუქანს“, სადაც მათთვის სასურველ და შერჩეულ ჟურნალისტებს უშვებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია