დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მიიჩნევენ აფხაზები ალასანიას და ივანიშვილს „პრაგმატულ თანამოაზრეებად“
2012/06/26 14:03:16

 „საქართველოსთან დიალოგისთვის ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები გვჭირდება, როგორებიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია არიან,“ - ასეთია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას პოზიცია, რომელიც მან იტალიურ ჟურნალ Limes-სთან ინტერვიუში გაახმოვანა. ჩირიკბას შეხედულება უკვე რუსულ მედიაშიც გავრცელდა. 

ჩირიკბა არ მალავს, რომ აფხაზები ღია დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში.
„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის გარდა, სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში, ყველანაირი შესაძლებლობა იქნებოდა, მიგვეღწია შეთანხმებისთვის.
ჩვენ გვჭირდება უფრო პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ან ოლიგარქი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ ახლახან მოვიდა პოლიტიკაში და, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 2012 დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებში. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატულიც, რომელიც გაიგებს, როგორი გამოსავალია მომგებიანი ყველასთვის“, - განმარტავს ჩირიკბა.

როგორც როგორც for.ge იუწყება, ამ განცხადებას „ქართულ ოცნების“ მხრიდან უმალვე მოჰყვა რეაქცია.  for.ge -ს ცნობით, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი აცხადებს, რომ  „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კონფლიქტურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგი. მეტიც, აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებლად შედგება, თუმცა, ეს დიალოგი საბოლოო მიზნად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას გაითვალისწინებს.“

„საუბარი, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან აუცილებლად შედგება, საბოლოო მიზნად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის შენარჩუნებას გაითვალისწინებს“, - ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი აფხაზეთში.

როგორ უნდა გაიგოს აფხაზების წინადადება ქართულმა მხარემ? რატომ გამოარჩიეს აფხაზებმა მაინცდამაინც ივანიშვილი და ალასანია? რა შეიცვალა აფხაზების მენტალობაში საქართველოსთან მიმართებით? ხომ არ ფიქრობს ჩირიკბა, ალასანიას დახმარებით, უშუალოდ ივანიშვილზე გასვლას?! ამ შეკითხვებთან დაკავშირებით For.ge პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა. 

ვებგვერდის ინფორმაციით, ექსპერტი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას მართლაც შეუძლიათ აფხაზებთან მოლაპარაკებების გამართვა.

„წამოვლენ თუ არა აფხაზები საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაზე, ამასთან დაკავშირებით გია ხუხაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„დღეს ისინი იმიტომ კი არ არიან რუსეთზე ორიენტირებულნი, რომ რუსები უყვართ, არამედ იმიტომ, რომ მუდმივად აკეთებენ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი საქართველოს მხარესაა და არა რუსეთის მხარეს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აფხაზებს აძლევს უარეს არჩევანს, ჩვენ კი, შესაძლოა, მათ არა იდეალურ, მაგრამ უკეთეს არჩევანს მივცემთ, ვიდრე რუსებისგან იღებენ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.“

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი პირადად იცნობს ვიაჩესლავ ჩირიკბას და, იქაური სიტუაციიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ჩირიკბა ამ განცხადებას ირაკლი ალასანიასთან კარგი დამოკიდებულების გამო აკეთებს.

„სწორედ ამას ვუკავშირებ, რომ ჩირიკბასა და აფხაზეთის ხელმძღვანელობის იმ წრეებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე მუშაობენ, ალასანია მისაღები პიროვნებაა, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, რევოლუციის შემდგომ, ძალიან ხშირი და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა, მაშინ არ მოხერხდა მოლაპარაკება, რადგან ქართული მხარის მხრიდან პოლიტიკა შეიცვალა და ამ პოლიტიკაში ირაკლი ალასანია უკვე აღარ ჯდებოდა. ეს პოლიტიკა დიალოგზე აღარ იყო ორიენტირებული. მოგვიანებით სიტუაცია გაიყინა და ამ თაობის პირობებში, უკვე სხვა ჩანაფიქრი იყო, სადაც ალასანიას გეგმები არ ჯდებოდა. ამიტომაც მოუხდა მას წასვლა და ყველაფერი შეიცვალა. თუმცა ახლა, ვინაიდან ალასანია ბიძინა ივანიშვილის კოალიციაშია და არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, აფხაზების მხრიდან ასეთი განცხადება კოალიციისადმი გარკვეული ნდობის გამოვლინებაა. მათ შორის, ეს არის ნდობის გამოცხადება ალასანიასადმი, რომელსაც ისინი კარგად იცნობენ,“ - ამბობს გოგი ხუციშვილი.

შეკითხვაზე, აფხაზებს ხომ არ სურთ, ალასანიას მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილამდე გავიდნენ, გოგი ხუციშვილი პასუხობს: მათ პრობლემა არ ექნებოდათ, პირდაპირ ივანიშვილამდე გასულიყვნენ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ იმ გზას, რომელიც ჰქონდა მთავრობას და, რომელსაც ალასანია ახორციელებდა, უფრო დაუჭერენ მხარს, ვიდრე იმ ხაზს, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, გაყინულ ურთიერთობას ნიშნავს.

რაც შეეხება მაია ფანჯიკიძის განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, აფხაზები ამისთვის არ იბრძვიან და ეს ვარიანტი მათთვის მიუღებელია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვინაიდან მოლაპარაკებები მაინც მოსალოდნელია, ურჩევნიათ, საქმე დაიჭირონ ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ალასანიაა, ვიდრე - დღევანდელ ხელისუფლებასთან.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ჩირიკბას წინადადებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, აშკარაა, აფხაზებს უფრო ესმით ივანიშვილის პოზიციების, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას.

ბვერი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფხაზებთან ურთიერთობა პირდაპირ პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკებებით არ უნდა დაიწყოს, საჭიროა ჯერ ეკონომიკური და სოციალური პროექტებით მათი დაინტერესება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1893
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია