დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მწერალი ცირა ყურაშვილი წიგნებს პოლიტიკური ორიენტაციის გამო მოაშორეს?
2012/06/11 13:11:37

მწერალი, ჟურნალისტი, პედაგოგი, რამდენიმე წიგნის ავტორი და სულ ახლახან ლიტერატურული პრემია „საბას“ პროზის ნომინაციაზე წარდგენილი ცირა ყურაშვილი ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს. როგორც თავად ქალბატონი ცირა ამბობს მის გათავისუფლებას სარჩულად პოლიტიკური მოტივი დაედო, რადგან იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეთა რიცხვს მიაკუთვნეს.

„დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი, რადგან ბიბლოთეკაში ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობდა და, სხვადასხვა განყოფილების შეერთების შედეგად, მე უნდა დამეტოვებინა სამსახური,“ - აცხადებს „P.S.“-თან საუბრისას ცირა ყურაშვილი.

მისივე ნაამბობით, დაბეჯითებით ვერ ამბობს, მაგრამ წინა პერიოდშიც იგრძნობოდა მის მიმართ  გარკვეული კონტროლი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით ხდებოდა მისი შემოწმება.

„ვგრძნობდი, როდესაც ადამიანი გამუდმებით გეძებს და გამოწმებს, როცა ირგვლივ იხედები და შენს კოლეგებს შენსავით არ ამოწმებენ, რაღაც მსგავსს ვგრძნობდი“.

ცირა ყურაშვილი წლების მანძილზე სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, მაგრამ, მისი თქმით, „სკოლა ძალიან პოლიტიზირებულია და მე ჩავთვალე, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ჩემი სურვილით წამოვედი სკოლიდან. ბიბლიოთეკაში წელიწადნახევარი ვიმუშავე, მაგრამ ახლა პოლიტიზირება შეეხო ისეთ კულტურულ სფეროსაც, როგორიც არის ბიბლიოთეკა. ძალიან მძაფრად შეეხო, შეეხო იმდენად, რომ ხდება თანამშრომლების კომუნისტური წესით დაბარება, თუნდაც - პრეზიდენტის შესახვედრ ღონისძიებებზე კომუნისტური წესით ჩაწერა: მივლენ თუ არა. თუ არ მივლენ, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.“

სამსახურიდან გათავისუფლებული მწერალი ამბობს, რომ საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია მას არასოდეს ხმამაღლა არ გამოუხატავს, თუმცა არც ისე ყოფილა, რომ ამაზე განსაკუთრებულად დაფარვით ელაპარაკა, ამას იგი სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებდა და მის სამსახურთან არანაირ კავშირში არ იყო. რაც შეეხება მის ქართულ „ოცნებასთან კავშირს“, იგი არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის ოფიციალური წევრი არ არის, უბრალოდ, ერთ-ერთი ლიდერის შესახვედრად ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა, რაც, ადამიანური თვალსაზრისით სწორად მიაჩნია.

„ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ, უბრალოდ, როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოვიდნენ სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად შეცვლიან ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რადგან ეს სიტუაცია არის საშინელი, ეს არის შიშიანობა - როცა დედას ეშინია, რომ შვილს წაართმევენ, როცა სტუდენტს ეშინია, რომ გამოაგდებენ უნივერსიტეტიდან, როცა აბიტურიენტს ეშინია, რომ გამოცდებს არ ჩააბარებინებენ, როცა მოსწავლეს ეშინია, რომ, გამოცდები რომც ჩააბაროს, ატესტატს ვერ მიიღებს, ეს არის ამაზრზენი და ყოველთვის მექნება ამაზე რეაქციები“.

ცირა ყურაშვილი ახლა უკვე აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ აქტიურ თანამშრომლობას, რადგან, როგორც იგი ამბობს, სხვა გზა აღარ დაუტოვეს. როგორც რიგითი ადამიანი, ეცდება, ყველაფერში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

ქალბატონი ცირას აზრით, მისი გათავისუფლების გამო თანამშრომლებისაგან განსაკუთრებული რეაქცია არ ყოფილა, უბრალოდ, ერთადერთი, ვისი კომენტარიც იცის, მისი მეგობარი, მწერალი ნანა გასვიანია. იცის, რომ სხვებიც განიცდიან, თუმცა ამას, ალბათ, ხმამაღლა ვერ ამბობენ, მაგრამ იგი მაინც მადლობელია, თუკი ამას გრძნობენ მაინც.

„თუკი ისინი შინაგანად გრძნობენ ამას და, ვთქვათ, ვერ გამოხატავენ შიშის გამო, მე მათი მადლობელი ვარ, და ვერც გავამტყუნებ და ვერც მოვითხოვ, რომ გმირები იყვნენ. მაგრამ გმირი უნდა იყო მაშინ, როცა არჩევნები მოვა და საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი,“- აღნიშნავს ქალბატონი ცირა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად  ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ნარგიზა ჩოგოვაძეს ვესტუმრეთ. ქალბატონი ნარგიზა ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული ცირა ყურაშვილის გათავისუფლებას არ უდევს, მასთან ერთად ასევე გათავისუფლებულია კიდევ ორი ადამიანი, აქედან ერთი მათგანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია.

„სამწუხაროდ, მარტო ცირა ყურაშვილის გათავისუფლება არ მომხდარა, - განმარტავს ის, - შეიძლება, დამთხვევები არსებობდეს, მაგრამ არანაირად არ არის კავშირში ეს იმასთან, როგორც ცირა ყურაშვილს და კიდევ, შეიძლება, სხვა ვინმეს ჰგონია, იმიტომ, რომ როდესაც განყოფილებები შეერთდა ოპტიმიზაციის მიზნით, ბუნებრივია, ამან გამოიწვია ეს. ჩვენ სხვა თანამშრომლების გათავისუფლებაც მოგვიხდა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სამი თანამშრომელი: ნათია ფანცხავა, ცირა ყურაშვილი და იამზე ბარდაველიძეა გათავისუფლებული. ძალიან ვცდილობთ, რომ კიდევ არ დაუშვათ, არ გაიზარდოს როცხვი იმიტომ, რომ არ მინდა ეს არანაირად. ამ გათავისუფლებული ადამიანებიდან, აღმოჩნდა, რომ ერთი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი თუ აქტივისტი არის, ერთი - კოორდინატორია თურმე „ნაციონალური მოძრაობის“, ახლა სად წავიდე მე? ისევე როგორც ყველას მიმართ, ქალბატონი ცირას მიმართაც ვიყავი დადებითად განწყობილი. ძალიან მძიმეა ხვედრი ხელმძღვანელის. გული მწყდება, მაგრამ რა ვქნა, როგორც ადამიანმა, მითხარით? რა ვქნა, იმისთვის, რომ ის იმის მხარდამჭერი იყო და ის - იმისი, ხომ ვერ ააწყობ ასე სტრუქტურას? ქალბატონ ცირასთან არანაირი პრობლემები არ ყოფილა სამსახურის მხრიდან, პირიქით. არ არის ჩემი ცხოვრების წესი, რომ მე ვიღაცას გული ვატკინო,“- აღნიშნა ქალბატონმა ნარგიზამ ჩვენთან საუბრისას.

ერთ-ერთი დეტალის დასაზუსტებლად ილია ჭვაჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ციცი ჯინჯიხაძეს  დავუკავშირდით. სრულიად შემთხვევით, მან საუბრისას აღნიშნა, რომ იამზე ბარდაველიძე ჩვეულებრივად აგრძელებს სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას და იგი არავის გაუთავისუფლებია! მაშასადამე, როგორც აღმოჩნდა, ერთ დღეში, სხვადასხვა დროს, ბიბლიოთეკის დირექტორი და პრესსამსახური ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ!

ბიბლიოთეკის დირექტორი ასევე ამბობს, რომ კიდევ ერთი განყოფილების გაუქმება იგეგმება, რომელიც სხვადასხვა ბიბლიოთეკასთან, რომელიმე წიგნის არქონის შემთხვევაში, სატელეფონო კავშირს ამყარებს, დღესდღეობით თითქმის უმოქმედოა და სწორედ ამიტომ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დამთხვევაა თუ რეალური განზრახვა, ფაქტია, რომ პოლიტიკური ორიენტაციის გამო დღეისათვის სხვადასხვა უწყებებში უკვე ბევრმა ადამიანმა დატოვა სამსახური.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია