საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა შესთავაზა “P.S.”-ის ჟურნალისტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ?
2012/05/28 23:30:29

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისს სტუმრობდა, მისი მისია ამჯერად ახალი საავადმყოფოს ლენტის გაჭრა იყო.  საავადმყოფო 100 საწოლზეა გათვლილი და ის კლინიკური (რესპუბლიკური) საავადმყოფოს მახლობლად აშენდა.

პრეზიდენტის ამ მორიგი ვიზიტის  გასაშუქებლად  გაზეთ “P.S.” -ის (“პოსტსკრიპტუმის“) ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძეც იმყოფებოდა. მუშაობის დროს მასთან მოულოდნელად  მივიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ირმა ნადირაშვილი და სხვა  ჟურნალისტების თანდასწრებით დამცინავად მიმართა:  `თქვენ ბრძანდებით `“P.S.” -ის ჟურნალისტი, რაღაცა მოვლენები რომ მოიტყუეთ? ახლაც, ამ წუთებშიც, ხომ არ გცემენ შემთხვევით? თუ გსურს, დაცვის წევრებს ვთხოვ და რამდენიმე დაცვის თანამშრომელს პირადად გამოგიყოფ შენი უსაფრთხოებისთვის. მეშინია, კიდევ არ გცემონ”

მსგავსი ირონიული დამოკიდებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრესსამსახურის მხრიდან  ჩვენი გაზეთის მისამართით პირველი არ არის, თუმცა, ეს არც არის გასაკვირი და ასეთი ფაქტები  გაზეთ “პოსტსკრიპტუმის“  მაღალ დამოუკიდებლობის ხარისხზე უფრო მეტყველებს. რადგან დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ყველა ტელევიზია, ფაქტობრივად, ჯიბეში უზის, რეგიონულ დონეზე გადარჩენილი თავისუფალი სიტყვა ზედმეტად აღიზიანებს.

ირმა ნადირაშვილს კი ალბათ, კარგა ხანია, დაავიწყდა, რომ ოდესღაც თვითონაც თავისუფალი ჟურნალისტიკის წევრად ითვლებოდა  და მაშინდელი ხელისუფლებისგან მსგავს ქმედებებს აპროტესტებდა ხოლმე.

ირაკლი ვაჩიბერაძე კი გაზეთ “პოსტსკრიპტუმის” ის ჟურნალისტია, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ჟურნალისტის მოვალეობა საზოგადოების წინაშე პირნათლად შეასრულოს, როცა კარებიდან გამოაგდებენ, ფანჯრიდან გადაძვრეს და ინფორმაცია მოიპოვოს, რის გამოც, პრეზიდენტის დაცვისგან უხეშობა და ფიზიკური შეურაცხყოფაც უგემია ხოლმე. ამ ფაქტებზე ირაკლის პროკურატურაშიც აქვს საჩივარი შეტანილი, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხი არ ჩანს, და ალბათ, ამ ხელისუფლების პირობებში არც არასოდეს იქნება.

თუმცა, ხომ გაგიგონიათ, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“, ჰოდა, ქალბატონო ირმა, ხელისუფლებაც და თქვენნაირი ნაჟურნალისტარი ჩინოვნიკებიც ბევრი წავა–წამოვა, მაგრამ  გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ და დამოუკიდებელი სიტყვა მუდამ იარსებებს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია