დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილთან დახურული შეხვედრის დროს ჟურნალისტი ცემეს
2012/05/03 15:01:09

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას მართავდა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ჟურნალისტი ცემეს.

ადგილობრივი გაზეთის, "P.S."-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ამბობს, რომ ის ოთხმა უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცემა და წაართვეს აპარატურა, რომელიც მოგვიანებით, ასევე, უცნობმა პირმა დაუბრუნა.

"გავიგე, რომ ასეთი დახურული შეხვდრა იმართებოდა და ჩუმად შევედი თეატრში და ფარულად ვიწერდი დიქტოფონზე გამომსვლელების სიტყვებს. აქ იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვები, რომლებიც გამოდიოდნენ სიტყვებით და შეკრებილებს ესაუბრებოდნენ ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე," - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

მისივე თქმით, რამდენიმე წუთში ის დარბაზში მყოფმა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ამოიცნეს:

"საკრებულოს დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ გამომიყვანა გარეთ და თეატრის ფოიეში ეგრევე დამესხა თავს ოთხი ადამიანი და დამიწყეს თავში რტყმევა. მეუბნებოდნენ - შენ იცი, რომ ეს შეხვედრა დახურულია? ამხელა ადამიანი, ვანო მერაბიშვილი ესწრება შეხვედრას და როგორ გაბედე ჩაწერაო. წამართვეს დიქტოფონი, ამ ყვირილის ხმაზე დარბაზიდან გამოვიდა ფოიეში ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე, დავუყვირე: ქეთი, მიშველე, მირტყამენ-მეთქი და ეგრევე უკან შებრუნდა, ვითომ არაფერი დაუნახავს," - ამბობს ვაჩიბერაძე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მის ცემას, ასევე, შეესწრნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები - დავით გოგისვანიძე და კახა ნემსიწვერიძე:

"ნესმიწვერიძემ უთხრა, დაანებეთ თავი, ქუთაისელი ჟურნალისტიაო, მაგრამ მაინც მცემდნენ. მერე ვუთხარი, ასთმა მაქვს და შევწუხდები, გარეთ თუ არ გამიშვებთ მეთქი და ამის მერე გამომაგდეს გარეთ," - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

თავად კახა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ის შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა და მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, როდესაც შეხვედრა დასრულდა, მისი დიქტოფონი უცნობმა პირმა გამოუტანა გარეთ, თუმცა დიქტოფონზე ყველა ჩანაწერი წაშლილია.

ამ წუთებში ოპერის თეატრის წინ, შემთხვევის ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თამთა ბასილაძე:

"ჩვენ ახსნა-განმარტებას ჩამოვართმევთ ირაკლის, შევისწავლით ფაქტს და ამის შემდეგ სახალხო დამცველი შეაფასებს საკითხს," - უთხრა მან "ნეტგაზეთს".

ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა უკვე დატოვა. შეხვედრა ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

გვანცა თოთაძე, ქუთაისი

netgazeti.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია