საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება ახლა „ოქროს საწმისში?“
2012/03/26 14:13:47

ორი თვის წინ ჩვენს გაზეთში საქველმოქმედო ფონდ (შპს) „ოქროს საწმისის“ მეანაბრეებსა და მათ ბედზე ვწერდით. წერილს მეანაბრეებისგან გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში გვესტუმრნენ ქალბატონები და იმის შესახებ გვესაუბრნენ, თუ რა ხდება ამჟამად „ოქროს საწმისში“. მათი თქმით, ფონდის გაკოტრების მმართველი დავით სარალიძე სამსახურიდანაა გათავისუფლებული,  „ოქროს საწმისის“ დარჩენილი გასაყიდი ქონება კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაიბარა.

 

ალერა ინჯია, „ოქროს საწმისის“ მეანაბრე: „როგორც გავიგე, ოქროს საწმისის გაკოტრების მმართველი დავით სარალიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მმართველი უკვე აღარ არის.  წესით,   უნდა  წასულიყო და წავიდა კიდეც... ახლა „ოქროს საწმისის“ დარჩენილი ქონება აღსრულების  ეროვნულმა  ბიურომ   გასაყ-იდად უნდა გაიტანოს აუქციონზე და შემოსული თანხა მეანაბრეებს პროპორციულად გაგვინაწილონ. ჩვენი საქმე ჩაბარებული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის მრჩეველს ვასილ ხაჭაპურიძეს. რა ხდება, იცით? მე ვარ მეანაბრეთა კომიტეტის წევრი, ეს კომიტეტი დღეს არის ფაკულტატური ორგანო და დიდი უფლებები არ გააჩნია. საქმე ეხება მეანაბრეების სიის დაზუსტებას. მე მაინტერესებს საბოლოო სია, რომელიც გადაეცა აღსრულების ბიუროს. თავდაპირველად ჩვენ ვიყავით თერჯოლის სასამართლოში, მერე ზესტაფონში გავაგრძელეთ საქმის განხილვა. ზესტაფონში 217 ადამიანი დავრეგისტრირდით და ჩვენი მოთხოვნები დავაფიქსირეთ. ეს იყო 2004 წელს, ხოლო დანარჩენი 1000 კაცი თერჯოლის სასამართლოში დარეგისტრირდა. მოგვიანებით ჩვენი საქმე ზესტაფონის სასამართლოს დაუბრუნდა და კიდევ დაიწყო კრედიტორების აღრიცხვა. ვეჭვობ, რომ ზოგიერთ კრედიტორს მომატებული აქვს ფული, უფრო მეტ პროცენტს ითხოვენ. მინდა გითხრათ, რომ სია გადასამოწმებელია. აღსრულების ბიურომ ერთხელ და სამუდამოდ გამოაქვეყნოს ზუსტი სია და გავიგოთ, ვის რამდენი ლარი გვერგება. ჩვენ აბსოლუტურად დაზარალებულები ვართ, გაყიდული შენობებიდან შემოსული თანხის ნაწილი, დაახლოებით ექვსასი ათასი ლარი, სახელმწიფოს და საგადასახადოს მიაქვს. მინდა ეს კითხვა დავუსვა დღევანდელ ხელისუფლებას: მე რომ შენ ჩემი ფული ჩაგაბარე, ხომ გამოიყენე? ახლა, რატომ უნდა მივიღო ათი და ხუთი პროცენტი, თუნდაც ოცი? გაიყიდა ყადაღადადებული ქონებები ნიკეაზე, ქვიტირში, ხონში - ჩაის ფაბრიკა. ჩვენ რას გვერჩის სახელწიფო? მე და ჩემს დეიდაშვილს 2000 დოლარი გვაქვს ფონდში შეტანილი. 2000 დოლარიდან მაქვს მიღებული 600 დოლარი. ჩემთვის 1 400 დოლარი მილიონია. იქნებ გამირკვიოთ ეს საკითხი, ბოლოსდაბოლოს, როდის დაგვიბრუნებენ დაკარგულ თანხებს? მე რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ დამაზარალა, კეთილი ინებოს და სააკაშვილის მთავრობამ გამოასწოროს.

 

გაზეთი „P.S.“ დაუკავშირდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მრჩეველს ვასილ ხაჭაპურიძეს. მან ინტერვიუზე უარი გვითხრა: „ოქროს საწმისში“ მიმდინარე პროცესები არ მეხება და დეპარტამენტს დაუკავშირდითო. არაერთი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, ტელეფონით დავუკავშირდით აღსრულების ეროვნულ ბიუროს და პრესსამსახურის უფროსს ელექტრონული ფოსტით შეკითხვები გავუგზავნეთ. გთავაზობთ მოწოდებულ პასუხებს, სტილის დაცვით: 

- გვაინტერესებს, საქველმოქმედო ფონდ (შპს) „ოქროს საწმისში ამჟამად რა ხდება?

- ამ ეტაპზე მიმდინარეობს  შპს „ოქროს საწმისის“ გაკოტრების საქმის წარმოება.

- გავრცელებული ინფორმაციით, „ოქროს საწმისის“ გაკოტრების მმართველი დავით სარალიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მისი მმართველობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაიბარა. რატომ გაათავისუფლეს დავით სარალიძე და იგეგმება თუ არა დაზარალებული ადამიანებისთვის დაკარგული თანხების დაბრუნება? 

- საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის (5668-რს) კანონის მე- 4 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე გაკოტრების მმართველი ვალდებული იყო, 2012 წლის 1 თებერვლამდე, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადაეცა მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. აღნიშნული ნორმის საფუძველზე შპს „ოქროს საწმისი“-ს გაკოტრების საქმე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადმოეცა 2012 წლის 23 იანვარს.

- ჩვენ ვესაუბრეთ დაზარალებულ მეანაბრეებს. მათი თქმით, აღსრულების  ეროვნული ბიურო კრედიტორების ზუსტ სიას არ ავრცელებს. გვაინტერესებს, რამდენი ადამიანია დაზარალებული?

- კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს ადგენს  სასამართლო. სასამართლოში შესული განცხადებების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით,  კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში დაფიქსირებულია 1718 კრედიტორი, მათ შორის - შემოსავლების სამსახური.

- როგორც ვიცით, გასაყიდად დარჩენილია სამი ძვირად ღირებული ქონება და გაყიდული ობიექტებიდან შემოსული თნახა უნდა დაურიგდეს კრედიტორებს. კრედიტორებს სრულად დაუბრუნდებათ თანხა, თუ პროპორციულად?

- იმ შემთხვევაში, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ იქნება ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა რეესტრის მიხედვით,  თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

- მეანაბრეების განცხადებით, გაყიდული შენობიდან შემოსული თანხის ნაწილი სახელმწიფოს და საგადსახადოს მიაქვს - დაახლოებით 600 000 ლარი. გვაინტერესებს, რატომ მიაქვს სახელმწიფოს და საგადასახადოს 600 000 ლარი?

- ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილება მოხდება სასამართლოს მიერ დამტკიცებულ კრედიტორთა რეესტრის მიხედვით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრედიტორთა რეესტრში დაფიქსირებულია 1718 კრედიტორი, მათ შორის - შემოსავლების სამსახურიც, რომლის მოთხოვნაც (საგადასახადო დავალიანება) აღიარებულ იქნა სასამართლოს მიერ და ასახულია კრედიტორთა რეესტრში.

...როგორც ვხედავთ, ელექტრონული ფოსტით მიღებული პასუხები საკმაოდ მშრალი, ძუნწი და ზოგადია, ინტერვიუს ტელეფონით წარმოების შესაძლებლობა კი, სამწუხაროდ, არ მოგვეცა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია